კომენტარი

ზვიად ქორიძე: ვიდეო–აუდიო ჩანაწერები უნდა განადგურდეს

6 ივნისი, 2013 • 1187
ზვიად ქორიძე: ვიდეო–აუდიო ჩანაწერები უნდა განადგურდეს

როგორ მიგაჩნიათ, უნდა განადგურდეს თუ არა ფარული ჩანაწერები და რა არგუმენტები არსებობს ამასთან დაკავშირებით?

 

რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ეს ვიდეო–აუდიოჩანაწერები უნდა განადგურდეს, იგი ცალკეულმა თანამდებობის პირებმა ან თავად შეასრულეს უკანონოდ, ან სხვას შეასრულებინეს ასევე უკანონოდ და საკმაოდ დიდი მასალა დააგროვეს. როდესაც არსებობს ამდენი უკანონო მასალა, მით უმეტეს, თუ ის შეიცავს პირადი ცხოვრების ამსახველ ელემენტებს, ის უპირობოდ უნდა განადგურდეს, ამას ითხოვს ჩვენი კანონმდებლობა, ამას ითხოვს ჩვენი კონსტიტუცია, ამას ითხოვს საერთაშორისო ვალდებულებები, რომელიც აქვს საქართველოს აღებული, რადგან პირადი ცხოვრება არის აბსოლუტურად ხელშეუხებელი და არ შეიძლება ის ვიღაცამ ასე უდიერად გამოიყენოს და შემდგომ გადაღებული მასალები დააგროვოს.

 

რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ ამ მასალის დაარქივება?

 

ზვიად ქორიძე
ზვიად ქორიძე

ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ეს არის არქივი, ეს არ არის არქივი და არ შეიძლება იყოს არქივი. დოკუმენტი რომ გახდეს საარქივო რარიტეტი, ამას სჭირდება მთელი პროცედურების გავლა. საარქივო მასალები შეიძლება 50, 70 წლის შემდეგ გაიხსნას, მაგრამ რას ვეუბნებით ჩვენ შემდგომ თაობებს:, რას ვაარქივებდით? რატომ ვაარქივებდით იმას, რაც აჩვენებს, რომ სახელმწიფოს სახელით მოქმედი მთავრობა ადგა და უხეშად და ურცხვად შეიჭრა მოქალაქეების პირად ცხოვრებაში. ამას ვეუბნებით და ამას ვუნახავთ ჩვენ შთამომავლობას? ეს მასალა მეტნაკლებად გაასაჯაროვეს ცალკეულმა პირებმა და საჯარო დაწესებულებებმა.

 

უნდა შეინახოს თუ არა ეს მასალა კონკრეტული საქმეების გამოძიების დასრულებამდე?

 

რატომ შეიძლება ეს იყოს გამოყენებული რაიმე ტიპის მტკიცებულებად? ერთი ადამიანის პირადი ინფორმაციის ამსახველი კადრი გადაიღო კონკრეტულმა პირმა, თუ ასი ადამიანის, მნიშვნელობა არ აქვს. მან დაარღვია ისეთი ფუნდამენტური უფლება, როგორიც არის ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება. შეინახონ ერთი მასალა, რომელიც არ განადგურდება, რატომ არის აუცილებელი, რომ შეინახონ ყველა და დადონ, როგორც უპირობო დოკუმენტი?

 

თუმცა ხომ არის შესაძლებელი, რომ ეს აუდიო–ვიდეოჩანაწერები მხოლოდ ერთ ადამიანს არ გაეკეთებინა?

 

ფაქტია, რომ ჯერჯერობით ამ კადრების გადაღება უკავშირდება იმ რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს, რომლებიც დღეს იმალებიან. თუმცა ამ შემთხვევაში მე მიმაჩნია, რომ დღეს საქართველოს მთავრობას პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მისაღები, ყოფილი ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები თავად იმიტომ კი არ იღებდნენ ამ მასალებს, ან ავალებდნენ ქვეშევრდომებს ამის გაკეთებას, რომ დამსხდარიყვნენ და ეყურებინათ ერთად. ეს იყო პოლიტიკური ბრძოლის იარაღი. თუ ამ იარაღს შეინახავს ახალი ხელისუფლება, გარწმუნებთ, რომ ის ამ ცდუნებას ვერ გაუძლებს და თავადაც გამოიყენებს პოლიტიკური ბრძოლისთვის. მას ეშინია, რომ მის ოპონენტებს, ანუ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, აქვთ ასევე დოკუმენტები.

 

ეს არის მასალები, რომელიც, როდესაც საცავში დევს, აუცილებლად არის მაცდუნებელი. აუცილებლად წაცდება ვინმეს ხელი, ისევე, როგორც წაცდა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს. სად გვაქვს ჩვენ გარანტია, რომ ამ მასალას ასევე ვიღაც არ გამოიყენებს თავისი პირადი მოსაზრებებით? ამისგან ჩვენ არ ვართ დაცული.

 

როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლება შეცვალოს ხელისუფლებამ საკუთარი გადაწყვეტილება მასალების განადგურებასთან დაკავშირებით?

 

მე არ ვიცი, რა მოხდა ამ დღეებში. ჩემთვის ძალიან დამაიმედებელი და მნიშვნელოვანი იყო ის განცხადება, რაც გააკეთა პრემიერმა 29 აპრილს კონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და დიპლომატებთან ერთად. მან განაცხადა, რომ მაქსიმუმ ორ თვეში ეს მასალა განადგურდებოდა და მაშინ, როცა ორი თვე უნდა გავიდეს, რამდენიმე დღით ადრე ვიგებთ, რომ ეს აღარ უნდა განადგურდეს.

 

ასევე იმედისმომცემი იყო ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ბრიუსელში, სადაც მან დეტალურად აღწერა, თუ როგორ უნდა იმოქმედოს მთავრობამ, როგორ უნდა გაანადგუროს ეს დოკუმენტები და მოახდინოს იმ ადამიანების ამნისტირება, ვინც ნებით თუ უნებლიედ ინახავს მსგავს ჩანაწერებს. უცბად ის თბილისში ამბობს აბსოლუტურად სხვა რამეს. ძნელი სათქმელია, რა მოხდა, რა ბრუნი გააკეთა მთავრობამ, მაგრამ ჩემთვის პირადად ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია. მე მიმაჩნია, რომ ამ მემკვიდრეობისგან, მე ვიტყოდი, რომ მყრალი მემკვიდრეობისგან, რომელიც მიიღო ახალმა მთავრობამ წინა ხელისუფლებისგან, ის უნდა გათავისუფლდეს, რადგან ამით ის შეძლებს, რომ ჩვენი საზოგადოება გაათავისუფლოს “საბჭოთა კავშირისგან”, რომელსაც ვებრძვით და რომელსაც ვერ ვამარცხებთ.

 

თუ მოისმინეთ ხელისუფლებისგან არგუმენტები, თუ რატომ შეიძლება თქვან უარი ფარული ჩანაწერების განადგურებაზე?

 

ხელისუფლების მხრიდან ერთადერთი არგუმენტი იყო ის, რომ არიან ცალკეული ექსპერტები, რომლებიც სხვა მოსაზრებაზე დგანან. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კონკრეტული ექსპერტი დასახელდა, ეს არის კახა კახიშვილი, სხვა არ დაუსახელებიათ. ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანა, რომ ის ამ ექსპერტებთან განაგრძობს კონსულტაციებს, მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, თავად პრემიერ–მინისტრი და დეპუტატები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში და მოუსმენენ არა მხოლოდ იმ ექსპერტებს ან ექსპერტს, რომელიც წინააღმდეგია ამ დოკუმენტის განადგურების, არამედ შეხვდებიან და მოისმენენ მათ პოზიციასაც, ვინც მხარს უჭერს ამ დოკუმენტების განადგურებას და მეტიც, მხარს უჭერს ქვეყანაში ნორმალური გარემოს შექმნას იმისათვის, რომ პერსონალური ინფორმაცია და ადამიანის პირადი ცხოვრება იყოს მაქსიმალურად დაცული.

მასალების გადაბეჭდვის წესი