კომენტარი

ორჰან ფამუქი ტაქსიმის მოედანზე მიმდინარე პროტესტის შესახებ

6 ივნისი, 2013 • 2369
ორჰან ფამუქი ტაქსიმის მოედანზე მიმდინარე პროტესტის შესახებ

მოგონებები სახალხო მოედანზე

ორჰან ფამუქი
ორჰან ფამუქი

იმ მამაცი ადამიანების უკეთ გასაგებად, რომლებიც სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე მიმდინარე კვირას ქუჩაში გამოვიდნენ და ცრემლსადენი გაზით დახუთულები იბრძვიან პოლიციის წინააღმდეგ, მინდა ერთი ისტორია გაგიზიაროთ, რომელიც პირადად მე გადამხდა.

 

ჩემს მემუარულ წიგნში “სტამბული” მე აღვწერ, როგორ ცხოვრობდა მთელი ჩემი ოჯახი ფამუქების საცხოვრებელში, ნიშანთაშში. ამ შენობის წინ 50 წლის წაბლის ხე იდგა, რომელიც, საბედნიეროდ, კვლავ იქ დგას. 1957 წელს ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა, იმისათვის, რომ გზა გაეფართოებინა, ხის მოჭრა გადაწყვიტა. თავხედმა ბიუროკრატებმა და ავტორიტარულმა გუბერნატორებმა სამეზობლოს წინააღმდეგობას ყურადღება არ მიაქციეს. როდესაც დადგა დრო, როცა ხე უნდა მოეჭრათ, ჩვენმა ოჯახმა მთელი დღე და ღამე ქუჩაში გაატარა, ხეს მორიგეობით ვდარაჯობდით. ამით ჩვენ არა მარტო ხე გადავარჩინეთ, არამედ დაგვრჩა მოგონება, რომელსაც ყველა სიამოვნებით იხსენებს და რომელიც ყველას გვაერთიანებს.


დღეს სტამბოლის ტაქსიმის მოედანი ის წაბლის ხეა. მე სტამბოლში სამოცი წელია ვცხოვრობ და ვერ წარმომიდგენია არსებობდეს ქალაქის თუნდაც ერთი ბინადარი, რომელსაც ერთი მოგონება მაინც არ აკავშირებს ტაქსიმის მოედანთან.


1930–იან წლებში ძველი სამხედრო ბარაკები, რომლის სავაჭრო ცენტრად გადაქცევაც ახლა სახელმწიფომ განიზრახა, მოიცავდა პატარა საფეხბურთო მოედანს, რომელიც ოფიციალურ მატჩებს მასპინძლობდა. ცნობილი კლუბი Taksim Gazino, რომელიც 40–იან და 50–იან წლებში სტამბოლის ღამის ცხოვრების ცენტრად ითვლებოდა, გეზის პარკის კუთხეში მდებარეობდა. მოგვიანებით შენობები დაანგრიეს, ხეები მოჭრეს და ახალი ხეები დარგეს, პარკის ამ მხარეს სავაჭრო მაღაზიების რიგი და სტამბოლის ყველაზე ცნობილი არტ–გალერეა აშენდა. 60–იან წლებში მე ვოცნებობდი გავმხდარიყავი მხატვარი და ჩემი ნამუშევრები ამ გალერეაში გამოეფინათ. 70–იან წლებში პარკი იქცა დროებით თავშესაფრად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მემარცხენე სავაჭრო კავშირის წევრებისთვის, რომლებიც ენთუზიაზმით აღნიშნავდნენ შრომის საერთაშორისო დღეს, ამ შეკრებების მონაწილე მეც ვიყავი(1977 წელს 42 ადამიანი გარდაიცვალა პროვოცირებლი ძალადობისა და ქაოსის დროს, რომელიც ამ ადგილზე მოხდა). ახალგაზრდობაში მე ცნობისმოყვარეობით და ამავე დროს, დიდი სიამოვნებით ვაკვირდებოდი მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს, მემარჯვენეებს და მემარცხენეებს, ნაციონალებს, კონსერვატორებს, სოციალისტებს და სოციალ–დემოკრატებს, რომლებიც ტაქსიმის მოედანზე მსვლელობებს მართავდნენ.


მიმდინარე წელს სახელმწიფომ სკვერში შრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნა აკრძალა. სტამბულში ყველამ იცოდა, რომ ეს ყველაფერი ბარაკების დანგრევით და ქალაქის ერთადერთ გამწვანებულ ადგილზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობით შეიძლება დასრულებულიყო. ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელება, როგორიც იმ სკვერის და პარკის დანგრევაა, რომელსაც მილიონობით ადამიანის მოგონებები უკავშირდება, თანაც ისე, რომ ამ ადამიანებს აზრიც კი არ ჰკითხეს, ერდოღანის ადმინისტრაციის უდიდესი შეცდომა იყო. ასეთი უგრძნობი დამოკიდებულება მთავრობის მხრიდან ავტორიტარიზმისკენ სწრაფვაზე მეტყველებს(თურქეთში ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობა დღევანდელი მონაცემებით ბევრად უარესია, ვიდრე ბოლო ათწლეულების მანძილზე). მაგრამ, ამავე დროს, მე ვივსები ნდობით, როდესაც ვუყურებ ამ ხალხს, რომელიც არ აპირებს დათმოს ტაქსიმის მოედანზე პოლიტიკური დემონსტრაციების ჩატარების უფლება, არ აპირებს უბრძოლველად დათმოს საკუთარი მოგონებები.


ორჰან ფამუქი არის თურქი პოსტმოდერნისტი მწერალი–ნოველისტი, თურქეთის პირველი მოქალაქე, რომელიც 2006 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ლიტერატურის დარგში. ფამუქი რვა ნოველის ავტორია, მისი ერთ–ერთი ცნობილი ნამუშევარია მემუარული წიგნი “სტამბოლი”, ასევე, მწერლის ბოლო რომანი “უმანკოების მუზეუმი”, რომელიც 2008 წელს გამოიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი