კომენტარი

“არ არის გამორიცხული კონფლიქტის გამწვავება”

4 ივნისი, 2013 • 1216
“არ არის გამორიცხული კონფლიქტის გამწვავება”

ბატონო გიორგი, იმ ფონზე, როცა ახალი მთავრობა საუბრობს რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგის დაწყების მცდელობაზე, როგორ ფიქრობთ, რა მიზანს ემსახურება ოკუპირებულ რეგიონში “საზღვრის” გადმოწევა სწორედ ახლა?

 

ეს არის გამაოგნებელი ნაბიჯი, რომელიც ქმნის ქართველ ხალხში ისეთ განწყობას, რომ რუსეთთან ლაპარაკს საერთოდ აზრი არ აქვს. ახლა რაც მოხდა, ეს არ არის უბრალოდ ცარიელ ტერიტორიაზე გავლება მავთულხლართის. იქ ცხოვრობს ხალხი, მავთულხლართი გადის ადამიანების ეზოებზე, საძოვრებზე. ხალხი არის დაზარალებული. თავისთავად ეს ქცევა უკვე ეწინააღმდეგება იმას, რომ რუსეთი იყოს დაინტერესებული საქართველოსთან დიალოგით.

 

როგორ შეაფასებდით საქართველოს მთავრობის რეაქციას და გაკეთებულ კომენტარებს მომხდართან დაკავშირებით. თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატური რეაქცია ჰქონდა მთავრობას? როგორ აფასებთ ქართული დიპლომატიის მუშაობას ამ პერიოდში?

 

კი, ადეკვატური რეაქცია ჰქონდა. ამ შემთხვევაში მეტის გაკეთება ძნელი იყო. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა სადაზვერვო, რაღაც სხვა მონაცემების მოძიება და წინასწარ მომზადება. თითქმის არ ხდება ისე, რომ წინასწარ ინფორმაცია იყოს და მოხდეს დროული რეაგირება, ანუ პრევენცია მოვლენების. ფაქტზე რეაგირება ყოველთვის ძნელია. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააგზავნა საპროტესტო ნოტა და ელოდებიან პასუხს, პასუხი არ მოდის. ამასობაში მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი გამოდის და ამბობს, რომ სრულიად გეგმიური პროცესია, ჩვეულებრივი ამბავია საზღვრის დაზუსტებაო, ეს აბსოლუტურად არ უკავშირდება იმას, რასაც აბაშიძესთან ვლაპარაკობთ და ამიტომ ნუ აურევთ ამ ორ პროცესს, ეს არის სხვადასხვა რაღაცაო. შემთხვევით ასეთი რამ არ ხდება. 

 

ამასთან ონიშენკო გამოდის და ამბობს, უკეთესი იქნებოდა საქართველომ ყურძენი გამოგვიგზავნოს და ღვინო ჩვენთან გაკეთდეს, იმიტომ, რომ აფუჭებენ საქართველოში ღვინოს დამზადების დროსო. ეს მას შემდეგ, რაც ლიცენზია უკვე გაცემულია ქართულ ღვინოზე, რომ ის აკმაყოფილებს სტანდარტებს და შეიძლება რუსულ ბაზარზე გაიყიდოს. ეს შემთხვევითია? რაღაც მცდელობა ხომ
არ არის, რომ დაბრკოლება შეექმნას დიალოგის დაწყებულ პროცესს?!

 

ვის სჭირდება ის, რაც ბოლო დღეებში მოხდა?! ეს თუ სჭირდება პუტინს იმისათვის, რომ გააჩეროს საქართველო-რუსეთის დაწყებული დიალოგი, ეს უფრო ადვილად გაკეთდებოდა. ნებისმიერ მომენტში ამას გააუქმებდნენ. მაგრამ ეს ხდება, ასე ვთქვათ, რაღაც გარკვეული სტრუქტურების და ისტებლიშმენტის იმ ნაწილის მიერ, რომელსაც უნდა გაართულოს და შეუქმნას გაუვალი პირობები საქართველო-რუსეთის დიალოგს.

 

მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ რუსი ოკუპანტების ქმედება შეფასდა როგორც „გარკვეული ძალების მიერ ხელშეშლა რუსულ-ქართული დიალოგისა“. ვინ შეიძლება იყვნენ ეს ძალები?

 

მე არ გამოვრიცხავ ამ შესაძლებლობას. სოხუმშიც, ცხინვალშიც და მოსკოვშიც არსებობს ძალები, რომლებსაც კარიერაც და ბევრი ფულიც აქვთ გაკეთებული ზუსტად ამ კონფლიქტზე, ჩაკეტილობასა და ომზე. როგორ გგონიათ, ახლა სხვა პერსპექტივას ესენი მიესალმებიან? კონფლიქტის მოგვარება, კონტაქტების გააქტიურება, შერიგება, ზუსტად მაგათ არ აწყობთ. ეს ძალები, რა თქმა უნდა, ამას აკეთებენ რუსეთის მხრიდან ზოგადად დაფიქსირებული პოზიციის ფარგლებში, რომ უნდა დაფიქსირდეს საზღვრები, რომ საზღვარი უნდა დაემსგავსოს სახელმწიფოთა შორის საზღვარს. ეს მაინცადამაინც დღეს რომ მოხდა, შემთხვევითია?! ორიდან ერთია – ან ეს კეთდება რუსეთის უმაღლესი ხელისუფლებიდან, იმ მიზნით, რომ ქართველ ხალხში აბსოლუტურად წაშალოს ნებისმიერი იმედი იმისა, რომ რუსეთთან შესაძლებელია საქმის დაჭერა, ან ეს ხდება სწორედ გარკვეული ჯგუფების თაოსნობით, რომ როგორმე გაართულონ ეს პროცესი.

 

ანუ თქვენ ამბობთ, რომ ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერის გარეშე რუსეთში რომელიმე ძალას აქვს შესაძლებლობა კონფლიქტურ რეგიონში მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს?

 

გოგი ხუციშვილი – კონფლიქტოლოგი
გოგი ხუციშვილი – კონფლიქტოლოგი

კი, ჩემი აზრით, შესაძლებელია. ე.წ. საზღვრის გასწორების პროცესი ახლა არ დაწყებულა. ეს დაიწყო 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც გამოაცხადეს, რომ აღიარეს ეს რესპუბლიკები. ანუ ეს არის ზოგადი პროცესი, რომელიც დაწყებულია ადრე. ერთადერთი, ლაპარაკია იმაზე, რომ ვის და რატომ დასჭირდა ამ ე.წ. “ინციდენტის” გაღვივება.

 

როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია თუ არა კონფლიქტის გამწვავება? საქართველო-რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების ისტორიიდან გამომდინარე, რას უნდა ველოდოთ რუსეთის მხრიდან?

 

არ არის გამორიცხული კონფლიქტის გამწვავება, მაგრამ მე უფრო მგონია, ეს რაღაც ძალის დემონსტრირებაა, რუსეთის სტილში გაკეთებული დამამცირებელი ნაბიჯი საქართველოს მიმართ. ჩვენთვის, როგორც საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის, უნდა იყოს გამამხნევებელი ეს პროცესი. ჩვენ ილუზიები არ უნდა გვქონდეს, რომ რუსეთი ადვილად შეიცვლის პოზიციებს. სააკაშვილის მთავრობის პოზიცია იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენ რუსეთს არ უნდა ველაპარაკოთ და უნდა გვქონდეს გაწყვეტილი ურთიერთობები – ეს არაა სწორი. ამ დროს მშვენივრად შემოუშვეს ქართულ ბაზარზე რუსული კომპანიები და ფულს აკეთებინებდნენ. მე ვფიქრობ, რომ პირიქით, რაც უნდა ხდებოდეს, არ უნდა გაწყდეს საუბარი. უნდა ელაპარაკო. მხოლოდ საუბრის შედეგად შესაძლებელია რამეს მიაღწიო, სხვა ყველანაირი მცდელობა წინა მთავრობის დროს გამოყენებული იყო. ამიტომაც ახალმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ დაიწყოს დიალოგი, იმიტომ, რომ გვქონდეს ალტერნატივა. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ არც ამან არ იმუშაოს.

 

რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ იმისათვის, რომ გამოვიდეს ამ სიტუაციიდან?

 

გამოსავალი არსებობს იმაში, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ მხარდაჭერა საერთაშორისო დონეზე. ევროკავშირმა უნდა განიხილოს ეს თემა. ისინი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ და ამიტომ საზღვარზე ვერ ილაპარაკებენ. ერთადერთი კუთხე, რომლითაც შეიძლება ჩვენ ავალაპარაკოთ საერთაშორისო საზოგადოება დიცში და დვანში მიმდინარე მოვლენებზე, ეს არის ჰუმანიტარული მხარე, ანუ ადამიანის უფლებები ირღვევა, იქ ხალხი ჩავარდა მძიმე მდგომარეობაში. ცალ-ცალკე საქართველოსაც და რუსეთის ფედერაციასაც ხელი აქვთ მოწერილი საერთაშორისო კონვენციებზე ადამიანის უფლებათა შესახებ. აი, ეს არის ზუსტად ის მხარე, საიდანაც საერთაშორისო ორგანიზაციები შეიძლება მიუდგნენ ამ საკითხს.

 

საერთაშორისო მხარდაჭერა რამდენად აქვს დღეს საქართველოს?

 

საერთაშორისო დონეზე დიპლომატიური მუშაობა შეიძლებოდა უფრო ეფექტურად წარმართულიყო. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც ჩანს, საერთაშორისო დონეზე ვერ ახერხებს მობილიზება გააკეთოს ისე, როგორც საჭიროა. ამას ხელი შეუშალა იმ ფაქტორმაც, რომ ელჩები დიდი ხანი არ იყვნენ და ზოგიერთ ქვეყანაში დღესაც არ არიან. პრაქტიკულად პარალიზებული იყო საქართველოს საელჩოები მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს გაცილებით წინდახედულად უნდა ემუშავა.

 

როგორ შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ სიტუაციიდან?

 

რუსეთს უნდა საქართველო შეეგუოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გათიშულ, გამოყოფილ მდგომარეობას საქართველოდან. რუსეთს უნდა, ისინი აკონტროლებდნენ ამ სიტუაციას და ჰქონდეთ თბილისის მახლობლად სამხედრო ბაზა. მათ აქვთ წარმოდგენილი, რომ საქართველო ამას უნდა ეგუებოდეს, თუმცა საქართველო ამას ვერ შეეგუება. რაც შეეხება ბერკეტებს, სააკაშვილის ხელისუფლება წლების მანძილზე გვატყუებდა, რომ საერთაშორისო ბერკეტები გვქონდა, ეს იყო ბლეფი. სწორედ ამიტომ ახალი ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ არსებობდეს სამუშაო ჯგუფები, კონტაქტები რუსეთთან. აბაშიძე-კარასინის ფორმატი ამას არ ყოფნის, აქ უნდა იყოს სხვა, უფრო ქმედითი ფორმატები.

 

მაშინ, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ საზღვრები იცვლება, თავდაცვის მინისტრი შვებულებაში მიდის. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?

 

მარტო ესაა?! გადავხედოთ სხვადასხვა სამინისტროებს, უწყებებს, რა რეაგირება აქვთ ამ მოვლენებზე. ბევრი კითხვა ისმება. არაადეკვატური რამ ხდება, რასაც ახლა ხედავ და არ იცი როგორ შეაფასო. მათ შორის თავდაცვის მინისტრის არყოფნაც უცნაურად გამოიყურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი