კომენტარი

უფლებადამცველის თქმით, პოლიციამ არ დაიცვა მუსლიმთა უფლებები სამთაწყაროში

4 ივნისი, 2013 • 1182
უფლებადამცველის თქმით, პოლიციამ არ დაიცვა მუსლიმთა უფლებები სამთაწყაროში

გიორგი, თქვენ იყავით დედოფლისწყაროს სოფელ სამთაწყაროში, როდესაც მუსლიმებს ხელი შეეშალათ ლოცვაში. რა მოხდა იქ რეალურად?

 

მე ვიყავი 31 მაისს სამთაწყაროში. როგორც ჩვენ გვქონდა ინფორმაცია მიღებული, 24 მაისს, პარასკევს, პირველად შეეცადნენ ლოცვის გამართვას, ამისთვის სპეციალურად შეძენილ სახლში. ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომლებიც თავს მიაკუთვნებენ ქრისტიანულ, მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს, ხელი შეუშალეს: როგორც ჩემი ინფორმაციითაა ცნობილი, შეცვივდნენ იქ, გამოყარეს ნივთები, მათ შორის ხალიჩა, რომელზეც იმუხლებიან მუსლიმები ლოცვიის დროს და არ მისცეს ლოცვის საშუალება. აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდა ადგილობრივი მუსლიმებისგან მუფტს, მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარეს და ჩვენც გვთხოვეს ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც აქტიურად ვიყავით ჩართული ნიგვზიანის და წინწყაროს ინციდენტების დროს. ადგილზე ჩავედით ჩვენ – ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” წარმომადგენლები, ასევე, სახალხო დამცველის აპარატის, საია-ს და EMC-ის წარმომადგენლები, ერთობლივად შევეცადეთ გვენახა ეს სურათი.

 

სოფელში შესასვლელი გზა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ იყო გადაკეტილი, რაც შეუძლებელს ხდიდა გზის გახსნას. მათი რაოდენობა არ იყო დიდი, მიზანმიმართულად გადაკეტეს. ჩამსვლელ პირებს – ესენი იყვნენ მუფტი, მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე და რამდენიმე სასულიერო პირი – ჩაუკეტეს გზა. ადგილობრივებმა მათ მიაყენეს ფიზიკური შურაცხყოფა, ცემეს, შეყარეს მიკროავტობუსში და მოსთხოვეს დაეტოვებინათ ტერიტორია. იძახდნენ, რომ ჩვენ ვართ პროვოკატორები და იქ ლოცვა არავის უნდა. აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. შესაბამისად, ხულიგნობის ნიშნებს შეიცავდა ეს ქმედება.

 

პოლიციის როლი შემოიფარგლებოდა იმით, რომ ჰქონდათ ცოცხალი კედელი აღმართული აქციის მონაწილეებსა და მუსლიმებს შორის, თუმცა რამდენიმე აქციის მონაწილე გადმოსული იყო მეორე მხარეს და ინდივიდუალურ რეჟიმში ცდილობდა საქმეების “გარჩევას” მუსულმებისთვის და სთხოვდნენ დაეტოვებინათ ტერიტორია, ეძახდნენ პროვოკატორებს. გინება ისმოდა, რაც პოლიციის მიერ არ იყო აღკვეთილი, ისევე, როგორც გზა არ იყო გათავისუფლებული, ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად.

 

ჩვენ ვნახეთ, რომ ერთ-ერთი მამაკაცი პოლიციის ჯგუფს ხელმძღვანელობდა, თუმცა ვინაობა არ გაამხილა. მან მიიყვანა ტარიელ ნაკაიძე (ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე) მანქანაში და უთხრა, რომ თქვენ ხართ პროვოკატორები და დატოვეთ ტერიტორია. მსგავსი განყწობა ჰქონდა გამგებელსაც – ირაკლი შიოლაშვილს და დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარეს. ისინი აცხადებდნენ, რომ ხალხის ნება არის უზენაესი და არ აინტერესებთ კანონმდებლობა და მისი მოთხოვნები. ამბობდნენ, რომ თუ ხალხი არ იტყვის აშენდეს იქ სალოცავი, ჩვენ ამ უფლებას არ მივცემთ.

 

საბოლოოდ, ხელისუფლებამ არ აღკვეთა ის დაბრკოლებები, რომელიც ლოცვისთვის შეუქმნეს კერძო პირებმა კერძო პირებს. ჩვენ ვიცით, რომ სისხლის სამართლის კოდექსით, დანაშაულია პირისათვის რელიგიური რიტუალის აღსრულებაში ხელის შეშლა, რასაც ადგილი ჰქონდა.

 

რას ამბობდა ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა?

 

გიორგი მშვენიერაძე
გიორგი მშვენიერაძე

მე ადგილობრივ მოსახლეობამდე მისვლის საშუალება არ მომეცა. ადგილობრივები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარეს და ეუბნებოდნენ, რომ ისინი საფრთხის ქვეშ არიან და ვერ შეასრულებდნენ ერთობლივ ლოცვას.

 

როგორ ხედავთ სახელმწიფოს როლს ამ ვითარებაში?

ადამიანის უფლებათა სტანდარტი სახელწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, აღკვეთოს კერძო პირთა მიერ მეორე კერძო პირთა რწმენის თავისუფლებაში ჩარევა. ისინი ამას ახორციელებდნენ საკუთარ ჭერქვეშ. მათ ამის სრული უფლება გააჩნდათ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ.

 

მხოლოდ პოლიციური სტრუქტურებია, ვისაც შეუძლია აღკვეთოს მსგავსი ქმედებები?  

 

კანონდარღვევაზე რეაგირების პირველადი ვალდებულება ეკუთვნის შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელსაც, მართალია, მობილიზებული ჰყავდა პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი, მაგრამ ისინი არ რეაგირებდნენ. უფრო მეტიც, ისინი გარკვეულწილად თანაუგრძნობდნენ უმრავლესობას. იმიტომ, რომ როცა პროვოკატორებს ეძახი ადამიანებს, რომლებიც სალოცავად მიდიოდნენ და აიძულებ, რომ წავიდნენ, სხვა არაფერია, თუ არა უმრავლესობის არაპირდაპირი მხარდაჭერის აღმოჩენა.

 

ჩემთვის არასასიამოვნო იყო გამგებლის პოზიცია. პოლიტიკოსის მხრიდან ამის წახალისება არ არის სწორი. პირიქით, მან უნდა აუხსნას მოსახლეობას, რომ ეს არის არასწორი და რელიგიური უმცირესობების რწმენის უფლებაში არ უნდა ჩაერიონ. გარდა ამისა, საკრებულოს თავმჯდომარემ ისიც კი არ იცოდა, რომ ასეთი ტიპის შენობაში ლოცვას ნებართვა არ ჭირდება სახელმწიფოს მხრიდან.

 

რაც შეეხება სხვა უწყებების როლს, როგორც ვიცი, ჰქონდა მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარეს საუბარი მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან. მან მხარდაჭერა გამოუცხადა ტელეფონით საუბრის დროს ტარიელ ნაკაიძეს და მომავალ პარასკევს, იმედს ვიტოვებთ, რომ მთავრობის დონეზე იქნება კომუნიკაცია, რეინტეგრაციის სამინისტროსა და შსს-ს შორის და მოჰყვება ადეკვატური რეაგირება. დასჯილი იქნებიან ის პირები, რომლებმაც კანონი დაარღვიეს, მათ შორის რეაგირება იქნება ადმინისტრაციულ სამართლადარღვევაზე, როდესაც გზა გადაკეტეს და არ მისცეს ლოცვის საშუალება მუსლიმებს.

 

ზოგადად თუ შევაფასებთ სიტუაციას, ვნახეთ, რა მოხდა ნიგვზიანში, რა მოხდა წინწყაროში, რა რეაგირება ჰქონდა სახლემწიფოს ორივე შემთხვევაში. სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტმა მომრიგებლის როლი არჩია და შეეცადა საპატრიარქოსა და მულისმებს შორის სიტუაციის დარეგულებაში გადაეყვანა პროცესი. აქ არ გვაქვს პრობლემა საპატრიაქროსა და მუსლიმებს შორის ურთიერთობაში. პრობლემა არის კონკრეტულ დამნაშავეებში, რომლებმაც კანონი დაარღვიეს და არ მისცეს ლოცვის საშუალება. ურთიერთობების ამ ჭრილში გადაყვანა კი  არასამართლიანია.

 

სისხლის სამართლის კოდექსში არსებული მუხლი, რომელიც დამამძიმებელ გარემოებად თვლის სხვადასხვა ტიპის ნიადაგზე, მათ შორის რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს, არასდროს ყოფილა გამოყენებული ბოლო პერიოდში. რა არის ამის მიზეზი?

ეს მუხლი ერთი წლის წინ შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში. სასჯელის დანიშვნის წესი, ასეთი მუხლი გვაქვს და მასში არის ჩამატებული მესამე პრიმა ნაწილად და აღნიშნული მუხლის იდეა იმაშია, რომ თუკი რომელიმე კონკრეტული დანაშაული დამამძიმებელ ან მაკვალიფიცირებელ გარემოებად არ ითვალისწინებს ამ ტიპის დანაშაულს, ანუ ნიშნად თავად არ აქვს მუხლში, რომ ეს მოხდა რელიგიურ თუ ეთნიკურ ნიადაგზე, მაშინ მოქმედებს ეს მუხლი. მაგალითად, თუკი სადმე აღიძვრება მუხლი ხულიგნობით, მაშინ იქნება ხულიგნობა და დაემატება ხსენებული მუხლი. აქვე არის მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ვნახოთ საბრალდებო დასკვნაში რა იწერება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი