კომენტარი

ელენე ხოშტარია: პრემიერის სირბილე რუსეთის მიმართ არაადეკვატურია

31 მაისი, 2013 • 2628
ელენე ხოშტარია: პრემიერის სირბილე რუსეთის მიმართ არაადეკვატურია

რამდენად ადეკვატურია რეაქცია საოკუპაციო საზღვარზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და რა ნაბიჯების გადადგმა შეეძლო ქართულ მხარეს?

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ახლა არ არის იმის დრო, რომ ჩვენ, შიგნით დავკავდეთ ერთმანეთისთვის რაღაცების დაბრალებით, ეს არის დრო, როცა ყველა უნდა იყოს კონსოლიდირებული. მითუმეტეს არ არის სწორი ვისაუბროთ, რომ ქართული მხარის პოლიტიკამ მოიტანა ის რაც მოხდა. მაგრამ რა თქმა უნდა იქიდან გამომდინარე, რომ ეს საკითხი ეხება ჩვენს მომავალს, ჩვენს უსაფრთხოებას და ჩვენს სახელმწიფოებრიობას ის, თუ როგორ ირეაგირებს ქართული მხარე ამაზე უნდა ვიკამათოთ, რადგან ამაზეა დამოკიდებული როგორ განვითარდება მოვლენები.

ელენე ხოშტარია/ფოტო: რადიო თავისუფლება
ელენე ხოშტარია/ფოტო: რადიო თავისუფლება

ჩემი აზრით ერთადერთი ჩვენი ხსნა არის დასავლეთზე აქცენტის გაკეთება, დასავლეთის მხარდაჭერის მოპოვება ამ კონკრეტულ სიტუაციაში. ეს ასე იყო და ასე დარჩება იქიდან გამომდინარე რომ ვართ პატარა ქვეყანა, რუსეთი კი არის უზარმაზარი და არ სცემს პატივს არც საერთაშორისო სამართალს და არც თამაშის წესებს. აქედან გამომდინარე ჩვენი მიზნები, ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული პირველ რიგში ამ მხარდაჭერის კონსოლიდაციისკენ.

ქართული მხარე უნდა იყოს ადეკვატური თავის პოლიტიკურ ქმედებებში. არავითარ შემთხვევაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სტილი უნდა იყოს აგრესიული, ეს არაფერს არ მოიტანს, მაგრამ უნდა გადადგას ნაბიჯები, რომელიც მიანიშნებს რუსეთს, რომ ასეთი თამაშის წესები საქართველოსთვის მიუღებელია. ჩვენ გვინდა სიტუაციის დარეგულირება, მაგრამ არა ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე, ამ კონკრეტული გზავნილის ტრანსლირება პრაქტიკაში მე მეჩვენება იმით, რომ მაგალითად აბაშიძე–კარასინის შეხვედრა უნდა გადაიდოს როგორც მინიმუმ ამ საკითხის ჟენევაში განხილვამდე. ეს იქნება მიმანიშნებელი იმისა, რომ ჩვენ გვინდა ლაპარაკი, მაგრამ ამ ლაპარაკში სავაჭრო თემა ვერ იქნება ჩვენი ტერიტორია.

იყო თუ არა საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება ადეკვატური?

ჯერჯერობით მე არ მინახავს იმ სიმწვავის და იმ მასშტაბის განცხადებები დასავლეთიდან, რომელიც აუცილებელია ამ სიტუაციის ჩასაცხრობად. მე არ ვიცი რას აკეთებს მთავრობა შიგნით, კულუარებში, მაგრამ მე მგონია და ვურჩევდი მთავრობას, რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში მიმართონ არა რუტინულ, არამედ განსაკუთრებული განგაშის ზომებს საერთაშორისო საზოგადოებასთან მიმართებაში, დახურულ, ღია, მრავალმხრივ თუ ორმხრივ მოლაპარაკებებს.

დღევანდელი მთავრობა მთელი ამ თვეების განმავლობაში, რაღაც მომენტებში ზედმეტადაც კი, დათბობის და შერბილების პოლიტიკას აწარმოებდა რუსეთთან. თუ ამ მთავრობასთანაც რუსეთი ასეთ აგრესიულ და დაგეგმილად დესტრუქციულ ზომებს მიმართავს საერთაშორისო საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, რომ ეს არის ძალიან საშიში ყველასთვის და ამას ვერავინ ვერ აღუდგება წინ, გარდა მათი კონსოლიდირებული რეაქციისა.

რა ქმედებებს შეიძლება ველოდოთ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან?

მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა იყოს მაღალი დონის და ამის ძალიან ბევრი საშუალება არსებობს, მათ შორის განცხადებები, სატელეფონო საუბრები, კონკრეტული ზეწოლა რუსეთზე. ამ ზეწოლის ხარისხს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

განცხადება, რომელიც ამერიკის სახლმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა გააკეთა იყო ჟურნალისტის კითხვაზე პასუხი, ასეთი განცხადებები აბსოლუტურად არ არის საკმარისი ამ სიტუაციაში, უნდა კეთდებოდეს პროაქტიული მაღალი დონის განცხადებები, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიუღებელია ასეთი მცოცავი ოკუპაცია.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ამ ფაქტს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვეს და რატომ არ კეთდება მათი მხრიდან რადიკალურ განცხადებები?

გუშინდელი პრემიერის განცხადების მერე მე მეჩვენება, რომ ჩვენ ადეკვატურობას ამ სიტუაციაში ვკარგავთ. გუშინ გაკეთდა კარასინის განცხადება, ეს იყო პასუხი ქართული ხელისუფლების მცდელობაზე, რომ რუსეთი გავყოთ კარგად და ცუდად. გამოვიდა კარასინი და პირდაპირ თქვა, არ არსებობს კარგი და ცუდი რუსეთი, ისინი არიან რუსული ხელისუფლება, რომლის მითითებითაც მიმდინარეობს ეს პროცესი. მეორე რაც თქვა კარასინმა, არის ის, რომ  5 ივნისს ეს საკითხი არ იქნება განხილული, ანუ მათ საერთოდ არც მიაჩნიათ, რომ ამაზე უნდა იყოს ლაპარაკი. ამის შემდეგ გამოდის პრემიერ–მინისტრი და ამბობს ზუსტად კარასინის საპირისპიროდ, რომ ეს იყო გაუგებრობა და არა მიმართული კრემლის პოლიტიკა და მეორე, პრემიერი ამბობს არაადეკვატურს რეალობიდან, რომ 5 ივნისს ჩვენ ამას გავარკვევთ, მაშინ როცა მეორე მხარეს დეკლარირებული აქვს რომ არაფერს არ გაარკვევს და დეკლარირებული აქვს, რომ ეს მისი პოლიტიკაა. ამ სიტუაციაში ეს უკვე არის სირბილის ის ხარისხი, რომელიც რეალობას ამახინჯებს და არასწორია.

ამას გარდა არაადეკვატურობისა მოყვება ერთი შედეგი, რომ ვერანაირი მწვავე საერთაშორისო რეაგირება ვერ იქნება  თუკი შენ თვითონ ამბობ, რომ ეს არის გაუგებრობა და არა კრემლის მიზანმიმართული პროვოკაცია და ქმედება. ეს გარდა იმისა, რომ რუსეთთან დაგვაზიანებს, რადგან რუსეთს ეგონება, რომ ეს მისაღებია ქართული მხარისთვის, გარდა ამისა ჩვენ ვერ მოვახდენთ საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებას და შესაბამისად შეიძლება ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი