კომენტარი

რელიგიური ფანატიზმის და ობსკურანტიზმის ლეგიტიმაცია და ზეიმი საქართველოში

20 მაისი, 2013 • 2304
რელიგიური ფანატიზმის და ობსკურანტიზმის ლეგიტიმაცია და ზეიმი საქართველოში

ამ შემთხვევაში გამონაკლისი არც საქართველო აღმოჩნდა და ამა წლის 17 მაისის ფაქტმა ნათელჰყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობების მიმართ. როდესაც საუბარი სექსუალურ უმცირესობებს ეხება, ჩვენთვის, როგორც ქრისტიანებისთვის, მნიშვნელოვანია პასუხი წმიდა წერილში, ბიბლიაში ვეძებოთ. აუცილებელია თეოლოგიური პოზიციებიდან  განვილიხოთ ბიბლიის ის ადგილები, სადაც კონკრეტული საუბარი, შეფასება და ანალიზი ზოგადად სექსუალობას ეხება. ბიბლია არის წიგნი, სადაც ადვილად შესაძლებელია მოცემული კითხვის შესახებ ორი ურთიერთგამომრიცხავი პასუხი აღმოაჩინო. გარდა ამისა, მნიშველოვანია გათვალისწინება იმ ფაქტორების, თუ ბიბლიის ესა თუ ის ტექსტი რა კულტურაში, დროში და ვითარებაში იწერებოდა, რა ტიპის საზოგადოების აზროვნების ადამიანები ქმნიდნენ მას. ამდენად, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ დრო და კულტურული ელემენტები იმ პერიოდისა, როდესაც მოსე თავის ხუთწიგნეულს წერდა, ან ახალი აღთქმის წიგნები იწერებოდა. ეს გახლავთ ის საკითხები, რომელთა შესახებაც ეკლესიის წევრი ქრისტიანები დაინტერსებულნი უნდა იყვნენ, რომ გამოიძიონ, შეისწავლონ და ნათელი საღვთისმეტყველო ცოდნა მიიღონ.

 

ჩვენთვის, როგორც ქრისტიანებისთვის, ცალსახად დაგმობილია ყოველგვარი ძალადობა, განხორციელებული ნებისმიერი მოვლენის მიმართ. 17 მაისის მოვლენებმა ნათელყო მრავალწლიანი პრობლემა, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სავალალოდ ფაშისტურ ორგანიზაციად ჩამოაყალიბა. 17 მაისს მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ოფიციალურად, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, საქართველოს მართმადიებელი ეკლესიის სახით გვაქვს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, რომელთათვისაც ქრისტიანობა ძალადობასთან, შუღლთან, მტრობასთან, სიძულვილთან და იმ აგრესიასთან იგივდება, რომელივ არა მარტო 17 მაისს გამოვლინდა, არამედ უკვე ათწლეულების განმავლობაში გამოიხატებოდა როგორც სექსუალურ, ისე რელიგიურ და სხვა უმცირესობების მიმართ.

 

რა არის მიზეზი მოცემული პრობლემის და ვინ არის პასუხისმგებელი ამ ანტიქრისტიანული და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებების? უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად აქვს ეკლესიის ხელმძღვანელს გააზრებული და გათავისებული საკუთარი მსახურების პასუხისმგებლობა. ეპისკოპოსის საღვთისმეტყველო ცოდნის ხარისხით და იმით, თუ როგორ პიროვნებებს აკურთხებს იგი მღვდლებად, განისაზღვრება ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის ხარისხი მოცემულ დროსა და სივრცეში. დღეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში შექმნილი ვითარება, რაც სხვადასხვა ტიპის მანკიერებების სახით ვლინდება, სხვა არაფერია, თუ არა უკვე ათწლეულების მანძილზე ეპისკოპოსთა მოღვაწეობის შედეგად (გამონაკლისს მხოლოდ რამდენიმე მღვდელმთავარი წარმოადგენს, ვინც, სამწუხაროდ, სდუმს) შექმნილი კატასტროფული მდგომარეობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში.

 

საქართველოში მრავალი წლების განმავლობაში არ არსებობდა საღვთისმეტყველო ცოდნის მიღების შესაძლებლობა და სურვილიც კი. მოგეხსენებათ, თუ ვინმე საქართველოს ეკლესიაში, მისი დაარსებიდან დღემდე, რაიმე საღვთისმეტყველო ცოდნით გამოირჩეოდა და  პროდუქტიულ თეოლოგად მოიაზრებოდა, მათი დიდი უმრავლესობა სწორედაც რომ ქვეყნის გარეთ, საზღვარგარეთულ სამონასტრო თუ თეოლოგიურ ცენტრებში იღებდნენ განათლებას. ეს დასტურია იმისა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პერიოდულად ღია იყო სხვა ქვეყნების საღვთისმეტყველო კულტურისა და გამოცდილებისათვის. ის, რომ დღეს საღვთისმეტყველო ცოდნის ხარისხი ჩვენს ეკლესიაში და მის იერარქიაში ასე  დაკნინდა, გამოწვეულია ეკლესიის ჩაკეტილობით და იზოლაციონიზმით. ჩვენი ეკლესია ცდილობს ყველა თანამედროვე გამოწვევას, სხვა ეკლესიების გამოცდილების გაზიარების არგათვალისწინების გარეშე გასცეს პასუხი. ეკლესიის მღვდელმთავართა და მღვდელთა დიდმა ნაწილმა აბსოლუტურად უგულებელყო წმიდა წერილი, იესო ქრისტეს სწავლება, წმიდა მამათა შრომები, რაც ეკლესიის ეკლესიად შედგენის წინა პირობას წარმოადგენს. ის შედეგები, რასაც დღეს ვხედავთ, ლოგიკური პასუხია იმ პროცესის, თუ რა საეკლესიო, საღვთისმეტყველო კურსით მოქმედებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკვე ბოლო 35 წლის განმავლობაში. მაშინ, როდესაც მღვდელმთავართა უმრავლესობას არანაირი საღვთისმეტყველო განათლება არ გააჩნია, არ იცნობენ წმ. წერილს, მის განმარტებებს, არ სურთ გაიზიარონ იმ სხვა ეკლესიების გამოცდილება,  რომელთაც თეოლოგიური ტრადიციის წყვეტა არ განუცდიათ.

 

დაბოლოს, ძნელია, როგორც თეოლოგი, დიალოგში შეხვიდე და საერთო ენა მოძებნო ისეთ იერარქთან, რომელსაც საღვთისმეტყველო ცოდნა არ გააჩნია. ამდენად სამწუხაროა ის ფაქტი, არ არსებობს აგრეთვე არანაირი მოტივაცია და სურვილი ხელი შეეწყოს თეოლოგიური განათლების მიღებას. გულდასაწყვეტია აგრეთვე ის, ახალგაზრდა მღვდელმთავრებიც კი არ უწყობენ ხელს ახალგაზრდებს, რომ მათ მართლმადიდებლური ტრადიციის ქვეყნებში მაინც მიიღონ საღვთისმეტყველო განათლება. ამგვარი პასიურობის შედეგად კი მივიღეთ ფუნდამენტალიზმის, რელიგიური ფანატიზმის, ობსკურანტიზმის საბოლოო ოფიციალური ლეგიტიმაცია და ზეიმი საქართველოს როგორც საეკლესიო, ისე საერო სივრცეში.

 

უკვე რამდენიმე დღე გავიდა იმ სიძულვილის, ანტიქრისტიანული ქმედების გამოვლენის შემდეგ, რასაც 17 მაისს ჰქონდა ადგილი. ვფიქრობდი, იქნებ ერთმა მღვდელმთავარმა ოდნავ მაინც გამოხატოს ნამდვილი ქრისტიანული პოზიცია მომხდართან დაკავშირებით, მაგრამ არა. ეს შეუძლბელი აღმოჩნდა რამდენიმე გამონაკლისის გარდა (ვგულისხმობ რამდენიმე მღვდელს). ამდენად, ნუ გვექნება იმედი და ილუზია იმისა, რომ ეკლესიის შიგნით არსებობს რაიმე სამღვდელო ან სამღვდელმთავრო ჯგუფი, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს გავლენის ქვეშ არ იმყოფება. ყველა იერარქი თავისი დუმილით ეთანხმება მომხდარს. შეუძლებელია მღვდელმთავარს ჰქონდეს საპატრიარქოს ადმინისტრაციის შიში და მხოლოდ ამის გამო ვერ გაბედოს სიმართლის თქმა. ის ან ეთანხმება საპატრიარქოს პოზიციას და გულწრფელად სჯერა მომხდარის აუცილებლობის, ან ხვდება რა მომხდარის ველურობას, სდუმს მხლოდ იმის გამო, რომ პრივილეგიები არ დაკარგოს. ორივე შემთხვევა უბედურებაა.

 

საქათველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის ინტელექტუალური ნაწილის პასუხისმგებლობაა ის აგრესია, რაც 17 მაისს განხორციელდა უდანაშაულო ადამიანებზე. პატრიარქ ილია მეორის დანაშაულია ის, რომ მან არ აუხსნა სამღვდელოებას და მრევლს, რომ 17 მაისი არის ჰომოფობიის წინააღმდეგობის საერთაშორისო დღე, მან კი ეს აქცია გეი-აღღლუმს გაუიგივა, რაც სინამდვილეში ტყუილია.

 

გივი ლომიძე
გივი ლომიძე

მართალია, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს, მაგრამ ეს არის ქვეყანა, სადაც ყოველგვარი ქრისტინული ღირებულებები განდევნილი და იგნორირებულია. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ქრისტიანობა და ნამდვილი ქრისტიანული ღირებეულებები საქართველოში ჯერ არსობრივად არც ქადაგებულა. ის ქვეყანა, სადაც არ არის დაცული კონსტიტუციური ნორმები და რომელშიც არის დიდი გავლენის მქონე, თეოლოგიისაგან განძარცული, აგრესიული ეკლესია, შეუძლებელია განვითარდეს და იქცეს ნორმალურ სახელმწიფოდ. დღეს ჩვენი პასიურობა დანაშაულის ტოლფასი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი