კომენტარი

თამარ გურჩიანი: მსგავსი ქმედებები თეოკრატიისკენ წაგვიყვანს

20 მაისი, 2013 • • 1431
თამარ გურჩიანი: მსგავსი ქმედებები თეოკრატიისკენ წაგვიყვანს

ქალბატონო თამარ, როგორ შეაფასებთ 17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენების შედეგს, რისი მანიშნებელია სასულიერო

თამარ გურჩიანი/ფოტო: რადიო თავისუფლება
თამარ გურჩიანი/ფოტო: რადიო თავისუფლება

პირების მონაწილეობით აქცია, რომელიც გამოცხადებული იყო როგორც მშვიდობიანი, თუმცა საბოლოოდ, ათასობით ადამიანი ცდილობდა 40-მდე ადამიანზე ძალადობას?

– 17 მაისს ჰომოფობიის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღის აღმნიშვნელ მოქალაქეებს ჰქონდათ უფლება ესარგებლათ შეკრებისა და მანიფესტაციების, ასევე, გამოხატვის თავისუფლებით. “იდენტობამ” და “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” გააფრთხილეს თბილისის მერია კანონით დადგენილი წესით და შს სამინისტროსაც სრული ინფორმაცია ჰქონდა აქციის თაობაზე. როგორც ჩემთვის ცნობილია, შსს-მ ყველა პირობა მისცა აქციის მონაწილეებს, რომ უსაფრთხოება იქნებოდა გარანტირებული, მაგრამ ეს პირობები დაცული არ ყოფილა. გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა არ არის ერთი ჯგუფის ავტობუსებში განთავსება და გადაყვანა უსაფრთხო ადგილას. გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა იქნებოდა ის, რომ შსს-ს სწორად განეჭვრიტა კონტრაქციის ორგანიზატორთა გეგმა და მათი აქციის მასშტაბი. პოლიცია მომზადებული და სათანადოდ აღჭურვილი უნდა ყოფილიყო, მინიმუმ ფარებით და ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობით, რომ საჭიროების შემთხვევაში აქციის მონაწილეებისთვის დაშლისკენ მაინც მოეწოდებინა. ისეთი სპეციალური საშუალება, როგორიცაა წყლის ჭავლი, ასევე უნდა ყოფილიყო მომზადებული, რათა სიტუაციის ესკალაციის პირობებში ძალადობა თავიდან აერიდებინათ. პოლიციას არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცა აქციის მონაწილეებისთვის კორდონის გარღვევის საშუალება, თუმცა შიშველი ხელებით უფრო მეტს მაინც ვერ გააკეთებდა. ამას მარტივად შეიძლება ვუწოდოთ მოუმზადებლობა და საფრთხის მასშტაბურობის ვერ განჭვრეტა. მე როგორც მოქალაქეს, არ მაინტერესებს რა იყო შსს-ს ჩანაფიქრი, მე მაინტერესებს შედეგი, შედეგად კი ვხედავთ, რომ პოლიციამ ვერ დაიცვა ლგბტ უფლებების მხარდამჭერი მოქალაქეების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება. პოლიციამ ამ ადამიანების უსაფრთხოება დაიცვა მათივე სხვა უფლებების დარღვევის ხარჯზე.

 

ამ აქციას წინ უძღოდა პატრიარქის განცხადება, სადაც ის ხელისუფლებას ფაქტობრივად მოუწოდებდა კონსტიტუციური უფლების _ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ. მეორე დღეს კი გაიმართა მრავალათასიანი აქცია, სადაც ისმოდა მუქარა სასულიერო პირების მხრიდან პოლიციის მიმართ: “თუ ამ აქციას დაუშვებთ, სისხლი დაიღვრება…” რამდენად საშიშია ეს ფაქტორი?

 

– ამ ყველაფერზე ძალიან მაღალი მორალური პასუხისმგებლობა ცალსახად ეკისრება საქართველოს საპატრიარქოს და პირადად მის უწმინდესობას. მისი განცხადებით, მან ხელყო საქართველოს კონსტიტუცია, სადაც წერია, რომ არავის არ სჭირდება ნებართვა ღია ცის ქვეშ უიარაღოდ შესაკრებად. მან ამ განცხადებით მოუწოდა და წააქეზა მრევლი იმისაკენ, რომ უზენაესი კონსტიტუციური პრინციპის, თანასწორობის წინააღმდეგ გაელაშქრა და ძალადობრივ პროცესებში ჩართულიყო. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, მისი უწმინდესობის პირადი, მორალური პასუხისმგებლობაა ის, რაც მოხდა.

 

მრავალათასიანი აქციის სათავეში იყვნენ სასულიერო პირები, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ უმცირესობის დევნაში, ვიდეოკადრებშიც ჩანს, როგორც იგინებიან სასულიერო პირები და არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს. უნდა დადგეს თუ არა ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი და თუ არ დადგა, ნიშნავს ეს იმას, რომ ანაფორა იმუნიტეტია და სასულიერო პირები არ აგებენ დანაშაულის შემთხვევაში პასუხს?

 

– დაწყებული უმაღლესი რანგის სასულიერო პირების გამონათქვამებით, დასრულებული უშუალოდ მიტინგში მონაწილე სასულიერო პირების მოქმედებებით, სრულ შოკში ვარ. და როგორც ქრისტიანი, აბსოლუტურ სასოწარკვეთილებაში ჩამაგდო ამ ფაქტებმა. მათ პირდაპირ მოუწოდეს და წააქეზეს მრევლი და სხვა თანამოაზრეები და ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ ძალადობრივ აქტებში. ჩემი თვალით გავეცანი ფოტო-ვიდეომტკიცებულებებს იმის შესახებ, თუ როგორ ამტვრევდნენ სამარშრუტო ტაქსებს, რითიც პოლიცია ლგბტ უფლებების მხარდამჭერი მოქალაქეების ევაკუაციას ახდენდა. აღარაფერს ვამბობ გინებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, რომლის მოსმენა მათი მხრიდან განსაკუთრებული საშინელება იყო. ყველა ადამიანი, ვისაც გავესაუბრე და ვინც იყო იმ ჯგუფში, რომელიც პოლიციამ გაიყვანა, თავს გრძნობდა აბსოლუტურად უსუსურად და ჰქონდა იმის შეგრძნება, რომ მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა იდგა რეალური საფრთხის ქვეშ.

 

ამ დღეებში არაერთხელ შეფასდა ეკლესიის ქმედება, როგორც შანტაჟი ხელისუფლების მიმართ, თქვენ როგორ შეაფასებთ ამას?

 

– ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ აბორტების აკრძალვის თემა ამითი დაიწყო ყველაფერი. ეს მოითხოვა კათოლიკოს-პატრიარქმა სააღდგომო ეპისტოლეში, რასაც ადეკვატური პასუხი გასცა როგორც საქართველოს პრემიერმა, ასევე იუსტიციის მინისტრმა და სხვებმა. მათ ჯანსაღი პოზიცია ჰქონდათ 17 მაისს გასამართ ღონისძიებასთან დაკავშირებითაც. აღსანიშნავია, რომ ზუსტად იგივე მოხდა პოლონეთში. როცა კათოლიკური ეკლესიის მიერ მხარდაჭერილი პარტია მოვიდა ხელისუფლების სათავეში, კათოლიკურმა ეკლესიამ მოითხოვა ხარკი და ხარკი, რომელიც გადაიხადა სახელმწიფომ, იყო აბორტების აკრძალვა, რისი ნეგატიური შედეგებიც უკვე იწვნია პოლონეთმა. იგივე ხდება ამჟამად საქართველოშიც. ეკლესიამ საკმაოდ დიდი როლი შეასრულა საარჩევნო პროცესებში. ეკლესიის დამსახურება იყო ის, რომ ელექტორატი მობილიზებული იყო არჩევნებზე და იბრძოდა საკუთარი ხმების დასაცავად. ეს ყველაფერი თავისთავად დადებითი მოვლენა იყო მანამ, სანამ ეკლესიამ დივიდენდების ძიება დაიწყო. დივიდენდების მოთხოვნა დაიწყო აბორტების აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო ცვლილების მოთხოვნით და გაგრძელდა იმით, რომ მათ სურთ არანაირი განსხვავებული ადამიანი არ გაჭაჭანდეს საჯარო სივრცეში. საჯარო სივრცის სრული ოკუპაცია, აი ეს არის მართლმადიდებლური ეკლესიის განზრახვა. შემდეგი ნაბიჯები შეიძლება იყოს უფრო მძიმე და თუ არსებობს სეკულარიზმის რაიმე ნიშანწყალი ამ სახელმწიფოში, თანდათან მოისპობა და საბოლოოდ თეოკრატიულ სახელმწიფოს მივიღებთ.

 

გახშირდა ანტიდასავლური განცხადებები ეკლესიის მხრიდან, როგორ შეიძლება აისახოს ეს ქვეყნის მომავალზე?

 

– საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ჰომოსექსუალობის პროპაგანდის აკრძალვას გულისხმობს და უკვე მრავალჯერ არის გახმოვანებული სხვადასხვა ჯგუფის მიერ საქართველოში, უკვე მიღებულია რუსეთსა და უკრაინაში. სამწუხაროდ, ცივილიზებული მსოფლიოსთვის მიუღებელი ბევრი ასეთი მაგალითი აქვს ეკლესიას რუსეთიდან და თუ მათი თავზე მოხვევის ნება მივეცით, ყოველგვარი იმედი და ოცნება ევროპასა და დასავლეთზე უნდა დავივიწყოთ. პირადად ჩემთვის ანტიდასავლური განცხადებები, სამწუხაროდ, გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ პრორუსულ ორიენტაციას მოასწავებს.

 

ბოლო ორი დღეა საუბრობენ საქართველოს ირანიზაციაზე, ანუ როგორ გადაიქცა ირანი თეოკრატიულ სახელმწიფოდ. დღეს რამდენად რეალურია ეს საფრთხე საქართველოში?

 

– მსგავსი ქმედებები თეოკრატიისკენ წაგვიყვანს და ჩვენი სახელმწიფო უმალ ახლო-აღმოსავლეთის რომელიმე ტირანული ქვეყანა გახდება, ვიდრე რომელიმე დასავლური ქვეყანა. ყველგან, სადაც რელიგიამ გააკეთა მთლიანი საზოგადოებრივი სივრცის ოკუპაცია, იქ ადგილი აღარ დარჩა ადამიანის ინდივიდუალური თავისუფლებისა და თანასწორობისათვის. სამწუხაროდ, ძალიან ცუდი პერსპექტივა გველის და ამიტომაც, ახლა არის გადამწყვეტი ბრძოლა იმისათვის, რომ სახელმწიფო და კონსტიტუცია დადგეს რელიგიაზე მაღლა.

 

როგორი უნდა იყოს ხელისუფლების პოზიცია? ორი დღე გავიდა, თუმცა რომელიმე კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის დაყენების შესახებ არ გვაქვს ინფორმაცია. როგორ ფიქრობთ, ეშინია ხელისუფლებას ისეთი ძლიერი რელიგიური ინსტიტუტის წევრების დაკავება, როგორიც ეკლესიაა?

 

– მე არ ვიტყოდი, რომ ხელისუფლებას ეკლესიის ეშინია, მაგრამ ის უდავოდ სიფრთხილით ეკიდება მას. სახელმწიფოს ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული ამოცანა უდგას წინ. სიფრთხილე კარგია, მაგრამ კომპრომისი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ადამიანის უფლებები. თუ ჩვენ სიმშვიდეს და სტაბილურობას ადამიანის უფლებები შევწირეთ მსხვერპლად, ვერასოდეს მივალთ სტაბილურობამდეც კი. დღეს შეიძლება ვინმეს ეს კომპრომისი ჰგონია სტაბილურობის გარანტი, მაგრამ 17 მაისის მოვლენებზე არაადეკვატური რეაგირება ეჭვქვეშ დააყენებს და მთლიანად ამოაყირავებს ქართული სახელმწიფოებრიობის იდეას. სახელმწიფო უნდა იყოს ფრთხილად, მაგრამ არ უნდა დაიშანტაჟოს თავი და უნდა მოახერხოს ბალანსის შენარჩუნება და გააგებინოს ეკლესიას, რომ კონსტიტუცია ყველაფერზე მაღლა დგას.

 

რა ტიპის მოქმედება შეიძლება იყოს ხელისუფლების მხრიდან ამ ძალადობის შემხვედრი ნაბიჯი, საკმარისია სიტყვიერი განცხადებები, თუ საკანონმდებლო დონეზეც უნდა მოხდეს სახელმწიფოს და ეკლესიის დისტანცირება?

 

– რადიკალურ ცვლილებებზე საუბარი, ჩემი აზრით, ნაადრევია. ეკლესიამ ამ ხნის მანძილზე ბევრი პრივილეგია მიიღო, ფინანსდებოდა ბიუჯეტიდან, სარგებლობდა საგადასახადო შეღავათებით და ა.შ. ის მიჩვეულია ასეთ მოპყრობას და ამიტომ უცებ რაიმე დრამატული ცვლილების განხორციელება სერიოზული ტაქტიკური შეცდომა იქნება. მაგრამ 17-მა მაისმა დასაბამი დაუდო ზუსტად იმას, რომ ეკლესია გახდა საზოგადოების დისკუსიის და კრიტიკის საგანი და შეიძლება ეს ცალსახად შეფასდეს, როგორც პოზიტიური მოვლენა. გაჩნდა კითხვები, არის თუ არა მორალური კრიზისი ეკლესიის წიაღში და ვფიქრობ, რომ ცალსახად არის, რადგან არ შეიძლება რელიგიური ლიდერი ქუჩაში გამოდიოდეს და ძალადობდეს.

შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია კონსტიტუციური შეთანხმების გადახედვის საკითხის დაყენება და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის “ყრუ კედლის” აღმართვის ანუ მათი სრული გამიჯვნის შესახებ მსჯელობა.

 

პარლამენტის წევრ დავით საგანელიძის განცხადებაზეც მინდა გკითხოთ, მან ფაქტობრივად დაიჭირა მოძალადე მხარის პოზიცია. როგორი შეიძლება იყოს ხელისუფლების რეაქცია?

 

– დავით საგანელიძე არის პარლამენტის წევრი და მას აქვს გამოხატვის თავისუფლების უფლება. მისი ეს თავისუფლება პოლიტიკური დებატების თავისუფლების უფრო მაღალი სტანდარტით არის დაცული, რადგან ხალხის მიერ პირდაპირ არჩეულ საკანონმდებლო ხელისუფლებას წარმოადგენს. ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრი ქვეყნის დირექტორი არ არის, რომ ყველა მათ გამოსვლაზე გაკიცხოს დეპუტატები. ყველა თავისი სინდისის წინაშე არის პასუხისმგებელი. თუმცა, ძალიან სამარცხვინოა, რომ პარლამენტში ჩვენ მიერ არჩეული წევრები, არ იცნობენ ისეთ ფუნდამენტურ ცნებებსაც კი, როგორც არის ადამიანების თანასწორობა კანონის წინაშე. და, რა თქმა უნდა, ძალადობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიწყნარონ, მით უმეტეს, მაღალი ტრიბუნიდან.

 

რაც შეეხება საზოგადოების პოზიციას, ერთადერთი, ვისი იმედიც მაქვს, რომ შეუძლია ამ პროცესებზე ზემოქმედება, არის საზოგადოება. ჩვენი პასუხისმგებლობა არის ის, რომ დღეს არ დავუშვათ გარიგება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის და მოვითხოვოთ მათი დისტანცირება. საზოგადოებამ არ უნდა შეიწყნაროს არც ერთი ძალადობრივი ფაქტი და ყოველ მათგანზე უნდა მოითხოვოს სათანადო რეაგირება.

მასალების გადაბეჭდვის წესი