ქუჩაში მორბენალი გაავებული მღვდლების ვიდეოკადრების ყურებისას უნებურად გამახსენდა ბავშვობაში წაკითხული პაუსტოვსკის ავტობიოგრაფიული რომანი, სადაც ის 1919 წლის კიევის პოგრომს აღწერს. მართლაც 17 მაისის მოვლენები იყო ნამდვილი პოგრომი, როდესაც სიძულვილით გონებადაბინდული და სისხლმოწყურებული მართლმადიდებლები გინებითა და ყიჟინით დარბოდნენ ქუჩებში და ყველგან ეძებდნენ მსხვერპლს. კიევშიც ხომ ჩვენი ერთმორწმუნე უფროსი ძმები სდევნიდნენ ასე ებრაელებს და სადაც მიაგნებდნენ, იქვე კლავდნენ. ყვითელ ავტობუსებსა თუ სამარშრუტო ტაქსებს გარშემოხვეული ადამიანების შეშლილი სახეების დანახვისას გაუთვითცნობიერებელი ადამიანი ვერაფრით მიხვდებოდა, რომ ესენი ღრმადმორწმუნე მართლმადიდებლები არიან და ცდილობენ უფალს ასიამოვნონ. მღვდლებმა და მრევლმა მსხვერპლი რომ ვერ ნახეს, ქაშვეთის ეკლესიის ეზოში ერთმანეთს დაერივნენ, რათა სისხლისა და ძალადობის წყურვილი როგორმე დაეკმაყოფილებინათ. მსხვერპლიც მათიანი იყო და ამის დასამტკიცებლად ჰომოსექსუალებს აგინებდა და პირჯვარსაც მართლმადიდებლურად იწერდა, მაგრამ ეკლესიის გაავებულ მრევლს ეს არგუმენტები არ აკმაყოფილებდა და გამეტებით ურტამდა ამ ადამიანს. რამდენიმე პიროვნება ცდილობდა დაეცვა ეს ახალგაზრდა და გაჰყვიროდა: „მამაო, არ დაარტყა!“.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სწორედ ეს ფრაზა – „მამაო, არ დაარტყა!“ – არის ეპიტაფია, რომელიც საქართველოს ეკლესიის საფლავის ქვაზეა ამოკვეთილი.
შევყურებდი მართლმადიდებელ მღვდლებს, თუ როგორ იმუქრებოდნენ და იგინებოდნენ, როგორ იქნევდნენ სკამს თუ მუშტებს, როგორ აშინებდნენ
ჟურნალისტ გოგონებს და ვფიქრობდი, თუ რამხელა სიძულვილი ბუდობს მათ გულებში. იმ ადამიანების გულებში, რომელთა უმრავლესობასთან ახალგაზრდობიდან ვმეგობრობდი, რომლებთან ერთადაც ვმსახურებდი, ჯერ როგორც სტიქაროსანი, შემდეგ კი დიაკონი და მღვდელი; რომლებიც ჩემი სტუდენტები იყვნენ სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, როდესაც მე იქ ვასწავლიდი და პრორექტორი ვიყავი. მაგრამ, ღმრეთო ჩემო, 17 მაისს სასულიერო აკადემიის თითქმის მთელი პედაგოგი მღვდლები: ლიტურგიკის პედაგოგი დეკანოზი ბიძინა გუნია, საეკლესიო სამართლის პედაგოგი მღვდელი ლონგინოზ სუარიშვილი, ახლანდელ პრორექტორ დეკანოზ ბესარიონ ცინცაძის თამადობით წინ მიუძღდნენ თავის გავეშებულ მრევლს. იქ მყოფი მღვდლების უმრავლესობა უკვე მრავალი წელია სასულიერო პირია, თითქმის ყოველდღიურად ატარებს საეკლესიო რიტუალებს, ლოცულობს, კითხულობს სახარებას და არა მარტო არანაირი კავშირი არა აქვს ქრისტიანობასთან, არამედ ჩამოყალიბდა როგორც საზოგადოებისათვის საშიში პიროვნება. ვუსმენდი სასულიერო აკადემიის სულიერ მოძღვარს, დეკანოზ შალვა კეკელიას, რომელიც სადისტური სიამოვნებით ყვებოდა, თუ როგორ დაწვა ღმერთმა სოდომში უდანაშაულო ქალები და ბავშვები: დიახ, ის ქალები და ბავშვები უდანაშაულოები იყვნენო, გვიცხადებდა მამა შალვა, მაგრამ ღმერთმა ისინი მაინც დაწვა, რათა ყველასთვის დაენახვებინა თავისი რისხვა სოდომში მყოფი ჰომოსექსუალების მიმართო.
1984 წელს, როდესაც მე სტიქარი შევიმოსე სიონის ტაძარში, ეს ჩემთვის რელიგიურ აქტთან ერთად ანტისაბჭოთა და, გნებავთ, პატრიოტული ნაბიჯი იყო. სტიქაროსნობა ჩემთვის აგრეთვე ნიშნავდა საბჭოთა რეჟიმისაგან თავისუფლად ყოფნის სურვილის საჯაროდ გამოხატვას. როგორ წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ სტიქარი რელიგიურ-კომკავშირული ექსტრემისტების უნიფორმა გახდებოდა.
17 მაისს საბოლოოდ განადგურდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. მაგრამ მისი მესვეურები, ცხადია, ამას ვერ ამჩნევენ, პირიქით, კმაყოფილნი და გაამაყებულნი არიან, უფრო მეტიც, დარბევის შემდეგ გახარებული წავიდნენ სამების საპატრიარქო ტაძარში და ახლა უკვე სამადლობელი ლოცვით ასიამოვნეს თავიანთ ღმერთს, რომელიც იესო ქრისტე ნამდვილად არ არის, არამედ ვიღაც სხვაა.
შეცდომა იქნება იმის ფიქრი, რომ მღვდლებისა და მრევლის გააფთრება მხოლოდ ლგბტ ადამიანებისადმი არის მიმართული. ეს უზარმაზარი „ღვთისნიერი“ სიძულვილი წალეკავს ყველას, ვინც კი თვალში არ მოუვათ ქართველ მამაოებს. საგულისხმოა, თუ როგორ ცდილობდა ეპისკოპოსი იაკობ იაკობაშვილი თავის გამოსვლებში ლგბტ ადამიანებისადმი პოლიტიკური იარლიყის მიწებებას: ეგენი სააკაშვილის აგენტები არიანო. ფაქტიურად ამითვე ხსნიდა ამ ვეებერთელა სიძულვილს დეკანოზი ალექსანდრე გალდავა გადაცემა „პოლიტმეტრში“: ამ ცხრა წლის განმავლობაში სააკაშვილის მთავრობის მიერ გაუბედურებულ ხალხს დიდი აგრესია დაუგროვდა და ახლა ამათზე იყარეს ჯავრიო. ორივენი კი ერთხმაში გალობდნენ: ძალადობა ცუდია, მაგრამ უნდა გაგვიგოთ, ჩვენც ხომ ადამიანები ვართო.
თუ კათოლიკოს-პატრიარქს უნდა რაიმე ოდნავი სიკეთე მაინც გაუკეთოს საქართველოს ეკლესიას, მაშინ უნდა გადადგეს. მოწვეულ უნდა იქნას სინოდის საგანგებო სხდომა, რომელიც განკვეთავს ეპისკოპოს იაკობ იაკობაშვილს, დარბევაში მონაწილე მღვდლებს, 17 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სირცხვილის დღედ გამოაცხადებს და ბოდიშს მოუხდის ლგბტ ადამიანებს და მთელ საზოგადოებას.
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, არც ის აპირებს რაიმე ქმედითი ზომების მიღებას. პირიქით, თავისი სიბნელით გამორჩეულმა დავით საგანელიძემ მხარიც კი დაუჭირა გავეშებულ მართლმადიდებლებს. „უფრო დემოკრატებად“ ცნობილი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენლის უმარილო და უკბილო სიტყვები კი რეალური შედეგის მომასწავებელი არ არის, რადგან რამდენიმე მოძალადე საერო პირი დროებით რომც დააკავონ, ეს, ცხადია, პრობლემას ვერ გადაჭრის; აუცილებელია, რომ დაისაჯონ სასულიერო პირები. მათ დასჯას კი ხელისუფლება ვერ გაბედავს, რადგან თვლის, რომ საპატრიარქოს ექსტრემიზმით ჩვენი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა კმაყოფილია. უმრავლესობასთან ურთიერთობის გაფუჭება კი არცერთ ხელისუფლებას არ სურს. შედეგად კი მივიღეთ ფაქტიურად თეოკრატიული რევოლუცია. დღეიდან უარესი მოხდება, რადგან სრული დაუსჯელობით გაზულუქებული მღვდლები, მომავალში უფალს რომ ასიამომვნონ, ადამიანებსაც დახოცავენ.
ბასილ კობახიძე
19 მაისი 2013