ძვირფასო რექტორო,
ჩვენთვის, როგორც თელაველებისთვის, თელავის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისა თუ ლექტორ-მასწავლებლებისათვის, ძალიან ძვირფასია ის, რასაც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰქვია და გვეამაყება, რომ საუნივერსიტეტო ქალაქში ვცხოვრობთ, სადაც არ განვიცდით არც საღი საზოგადოებრივი აზრის და არც მარადიული ფასეულობების დეფიციტს.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამომავლო განვითარებისთვის, მისი პრესტიჟის შენარჩუნებისათვის რეგიონსა და ქვეყანაში მნიშვნელოვანია მენეჯმენტი ორიენტირებული იყოს საზოგადოებისათვის და, კერძოდ, უნივერსიტეტთან დაკავშირებული ადამიანებისათვის ღირებული და გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაზე.
ჩვენ, როგორც თანაქალაქელები მოგმართავთ თხოვნით, ნუ გაუშვებთ NIMD-ის დემოკრატიის სკოლას უნივერსიტეტიდან.
უნივერსიტეტის სივრცეში ოპერირება ცენტრს აძლევს შესაძლებლობას მაქსიმალურად დადებითი ეფექტი ჰქონდეს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს უნივერსიტეტის საქმიანობაში სტუდენტების სამოქალაქო განათლებისა და ზოგადი განვითარების კუთხით, რაც ცენტრის სხვა სივრცეში გადასვლის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, მაგრამ დაიკარგება პარტნიორობისა და სინერჯის შეგრძნება, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთდორულად შექმნეს NIMD-მა და თელავის უნივერსიტეტმა.
ყველა მონაცემებით თელავის დემოკრატიის სკოლა წარმატებული პროექტია და პროფესიული განვითარების შესძლებლობებს იძლევა თელაველებისთვის. ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ დემოკრატიის სკოლის არსებობა უნივერსიტეტის შენობაში ხელს არ უშლის უნივერსიტეტს, შეასრულოს სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები და ასევე არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის „საქართველოს კანონთან უმაღლესი განათლების შესახებ“. ამ სკოლის არსებობა არ აფერხებს უნივერსიტეტის აკრედიტაციის პროცესს.
დემოკრატიის სკოლის გაძევებით თესაუ უარს ეუბნება საკუთარ სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალს და ამ ქალაქის თუ თელავის მუნიციპალიტეტის მომიჯნავე მუნიციპალიტეტების მოქალაქეებს არაჩვეულებრივ შესაძლებლობებზე განახორციელონ საინტერესო ინიციატივები, გააღრმავონ კავშირები, მოუსმინონ მოწინავე ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტს. ეს თავის მხრივ საუკეთესო საშუალებაა ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებისათვის გააღრმავოს ურთიერთობა აკადემიურ წრეებთან, რათა შექმნან პროგრესული და მდგრადი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის უმნიშვნელოვანესი სოციალური კაპიტალი.
გთხოვთ, გააგრძელოთ თანამშრომლობის მემორანდუმი NIMD-თან და საშუალება მოგვცეთ ვიამაყოთ თქვენით.
პატივისცემით,
NIMD თელავის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეუთოს და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით ორგანიზებას უწევს დემოკრატიის სკოლებს საქართველოს ოთხ რეგიონში. დემოკრატიის სკოლები თავს უყრის სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების, მედიის, ადგილობრივი თვითმმართველობის და უნივერსიტეტების წარმომადგენლებს,რაც მათ აძლევს შესაძლებლობას გაიარონ სიღრმისეული წვრთნა თანამედროვე უნარებსა და დემოკრატიული საზოგადოების, დემოკრატიული მმართველობის და ლიდერობის საკითხებში. მონაწილეები ასევე სარგებლობენ მათთვის შექმნილი მცირე გრანტების პროგრამით და საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობით.
თელავის დემოკრატიის სკოლა 2011 წლიდან განთავსებულია ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში, რომელიც მასპინძლობს როგორც დემოკრატიის სკოლის ტრენინგებს, ასევე უნივერსიტეტის ლექციებს, სტუდენტებს და პროფესორ მასწავლებლებს უქმნის საუკეთესო სასწავლო გარემოს. პროგრამაში ჩართულნი არიან საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტები, განათლების სამინისტრო, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, რაც უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ- მასწავლებლებს საშუალებას აძლევს გაიღრმაონ პროფესიული კავშირები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან. „ნიმდი“ ხშირად მასპინძლობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებს და დისკუსიებს, რაც დამატებით შესაძლებლობებს იძლევა უნივერიტეტისთვის. პროგრამის ფარგლებში კახეთში გადამზადებულ იქნა 100-ზე მეტი ადამიანი, აქედან -32 სტუდენტი და 15 უნივერსიტეტის თანამშრომელი.