კომენტარი

საქართველოს ევანგელურ- ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ციხისძირის ინციდენტზე

17 აპრილი, 2013 • 1510
საქართველოს ევანგელურ- ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ციხისძირის ინციდენტზე

“ჩემს სამშობლოში ადამიანების ღირსება შელახეს იმის გამო, რომ გულზე ჯვარი არ ეკეთათ, დაამცირეს იმის გამო, რომ მუსლიმები არიან, სიკვდილით დაემუქრნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს იმის გამო, რომ მათ მოძალადეებისთვის მოსაწონი რელიგიის დამადასტურებელი “საბუთი” არ აღმოაჩნდათ, ანდა ამ რელიგიას არ მიაკუთვნებდნენ თავს.

 

 ის, რასაც ჩვენ ახლა, 14 აპრილის, ციხისძირის ინციდენტს ვუწოდებთ, სინამდვილეში წარმოადგენს სიმპტომს ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების მძიმე სნეულებისა, რომლითაც ჩვენ კარგა ხანია დაავადმყოფებულები ვართ. იმ პოლიციელი ბიჭების სამსახურიდან დათხოვა, რომლებიც ამ ‘ინციდენტში’ იყვნენ გარეულები, ამ სნეულების წამლად ვერ გამოდგება. მე კარგად მესმის, რომ ამას ვერც ჩემი და ვერც ჩემი რელიგიური კოლეგების განცხადებები ვერ უშველის. საჭიროა საყოველთაო ძალისხმევა, რელიგიური და პოლიტიკური ნების გამოვლინება, რათა ეს მახინჯი მოვლენა უკურნებელ სენად არ გვექცეს.

 

მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი
მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი

ის, რაც ციხისძირში მოხდა აპრილის თვეში, და რაც მანამდე ხდებოდა, ამაში ჩვენ ყველანი ვართ დამნაშავე, ერი და ბერი.

 

დამნაშავე ვართ იმაში, რომ როცა სხვადასხვა მიმდინარეობის დევნასა და შევიწროებაზე ან ბეჯითად ვდუმდით, ანდა თანაგრძნობას ვუცხადებდით არა დევნილებს, არამედ მდევნელებს.

 

დამნშავე ვართ იმაში, რომ ჩვენს სარწმუბოებას ვნერგავდით როგორც იდეოლოგიას და მას საბჭოური იდეოლოგიის ადგილას ვანაცვლებდით. ამით ჩვენ ვღალატობდით პირველ რიგში ჩვენს სარწმუნოებას.

 

დამნაშავე ვართ იმაში, რომ ადამიანს ვაფასებდით არა მისი ღირსების, არამედ მისი ეთნო-რელიგიური კუთვნილების მიხედით.

 

დამნაშავენი ვართ იმაში, რომ ხელს ვუწყობდით ჩვენი აჭარელი ძმებისა და დებისაგან რელიგიური ნიშნით გამიჯვნას. მათ ხან ‘თათრებს’ ვუწდებდით და ხანაც, თურქეთის ხელისუფლებასთან საუბარში, მათ მძევლებლად მოვიაზრებდით.

 

დამნაშავენი ვართ იმაში, რომ ჩვენივე ქვეყნის მოქალაქეების ეთნონიმებს სალანძღავ სიტყვებად ვხმარობდით. ამით ჩვენ ძირს ვუთხრიდით ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და მის მომავალს. იმის მაგივრად, რომ საქართველოს ეროვნული ნარატივი გაგვეფართოებინა და მასში კომფორტულად მოგვექცია ყველა, ვინც ჩვენი ქვეყნის შვილია, ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების განურჩევლად, ჩვენ ეს ნარატივი ისე დავავიწროვეთ, რომ მასში ადგილი აღარ დავუტოვეთ სხვადასხვა თემებსა და ჯგუფებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის საგანძურს წარმოადგენენ. სადღა გვახსოვს ჩვენ სულმნათი რუსთველის დაკვირვება, რომ მრავალფეროვნება ღვთის საჩუქარია. “ჩვენ კაცთა მოგვცა სამყარო, გვაქვს უთვალავის ფერითა.”

 

როგორც ქრისტიანს, მე მჯერა განახლებისა და გამოსყიდვისა. მჯერა, რომ ყოველთვის შეიძლება უკუღმა დატრიალებული ჩარხი წაყმა შემობრინდეს. დიდმარხვის ლიტურგიული ჟამი საამისოდ მისწრებას წარმოადგენს. იქნებ შევძლოთ აზრი შევიცვალოთ. იქნებ შევძლოთ სიძულვილის ნაცვლად სიყვარულს, პატიებას და ადამიანის უპირობოდ დაფასებას მოვცეთ გასაქანი.

 

მე პატიებას ვთხოვ ჩვენს მუსლიმ დებსა და ძმებს იმ შეურაცხყოფისათვის, რაც მათ მიაყენეს ქრისტიანობის სახელით.

მე მჯერა მათი სულგრძელებისა და იმედი მაქვს მათი შენდობისა.

 

იმ ადამიანებთან სოლიდარობის ნიშნად, ვისი ღირსებაც შეურაცხყვეს ჯვრის უტარებლობის გამო, მე უარს ვამბობ ჯვრის ტარებაზე მთელი დიდმარხვის პერიოდში.

 

ამავდროულად, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მოვუწოდებ ხმა აღიმაღლონ ჩვენში გაბატონებული სიბნელის წინააღმდეგ. იქნებ დრო მოვიდა, ყველამ ვიფიქროთ ისეთი ეროვნული ნარატივის ჩამოყალიბებაზე, რომელშიც თითოეული ჩვენი მოქალაქის ღირსება უპირობოდ და თანასწორად იქნება დაცული.”

მასალების გადაბეჭდვის წესი