კომენტარი

მუხაშავრია: სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს გამოძიება იმ ფაქტებზე, რაზეც სახალხო დამცველი მიუთითებს

12 აპრილი, 2013 • 1266
მუხაშავრია: სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს გამოძიება იმ ფაქტებზე, რაზეც სახალხო დამცველი მიუთითებს

ქალბატონი ლია, როგორ შეაფასებთ საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის პირველ ანგარიშს?

 

მიმაჩნია, რომ ვინც კი გვყოლია სახალხო დამცველი, მათ შორის უჩა ნანუაშვილის ანგარიში ჯერ ერთი ყველაზე უფრო ვრცელია,
770 გვერდი არავის დაუწერია და მეორეც – ყველაზე უფრო კვალიფიციურია, იმიტომ, რომ უჩა ნანუაშვილი მანამდე, ვიდრე სახალხო დამცველი გახდებოდა, იყო ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო უფლებადამცველი, რომელიც კვალიციფიური იყო ანგარიშების მომზადებასა და შედგენაში. ამიტომ, ჩემი აზრით, მან თავისი კვალიფიკაცია ამ სფეროში სრულად გამოავლინა ის, რომ ვიღაცას აქვს კითხვები და ჩემი აზრით, შეუფერებელი კომენტარები, ეს საქმეს არ ცვლის, იმიტომ, რომ ეს არის კვალიფიციური, დეტალური ანგარიში, რაც არის მისასალმებელი და პოზიტიური.

 

თქვენი აზრით, რა ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს სახალხო დამცველის ანგარიშს?

 

მე ვფიქრობ, რომ სუსტი მხარეა ის, რომ ვერ მოასწრო სახალხო დამცველმა ყველა საკითხი მოეცვა სათანადოდ, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ის, რაც მან ანგარიშში ასახა, ნამდვილად სრულყოფილია. თუმცა მე ვისურვებდი, რომ რეკომენდაციები კი არა, უფრო მკაფიო მოთხოვნები ყოფილიყო ჩამოყალიბებული, უფრო მეტად კონკრეტული და სპეციფიკური, იმიტომ, რომ მას ამ ზღვა მასალის დამუშავებისას უფრო მეტის მოთხოვნა შეუძლია შესაბამისი სტრუქტურებისგან.

 

რით განსხვავდება ეს ანგარიში წინა სახალხო დამცველების ანგარიშებისაგან, გარდა იმისა, რომ უფრო ვრცელია?

 

რა თქმა უნდა, ახლა ტუღუშის პოსტფაქტუმ კრიტიკა არ არის, ასე ვთქვათ “ხერხულიანი” საქმე, მაგრამ, ვნახეთ, რომ ტუღუში ბევრს არბილებდა და რეალისტურ ფერებში არ ხატავდა ფაქტებს და მოვლენებს. მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მძაფრი შეიძლება იყოს სურათი, განსაკუთრებით სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, რა კეთდება არჩევნების შემდგომ, როცა უჩა ნანუაშვილს ექნება შესაძლებლობა, უფრო მეტი დრო დაუთმოს ამ სამუშაოს, რომელსაც ახლახან შეუდგა.

 

ვფიქრობ, რომ მაქსიმალური კრიტიკა მხოლოდ წაადგება საქმეს, რადგან საზოგადოებას აქვს იმედგაცრუება და ვიდრე ეს იმედგაცრუება, ასე ვთქვათ, არ არის საბოლოო დასკვნა, უპრიანი იქნება, რომ სახალხო დამცველმა მიაქციოს ხელისუფლების ყურადღება იმაზე, რაც საზოგადოების დიდ მოლოდინს უკავშირდება და სამწუხაროდ შესაბამისი ორგანოები: პროკურატურა, მართლმსაჯულების სისტემა, ვერ აღმოჩნდნენ მზად, რომ საზოგადოების მოლოდინი სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, გაემართლებინათ.

 

ლია მუხაშავრია/ფოტო: რადიო თავისუფლება
ლია მუხაშავრია/ფოტო: რადიო თავისუფლება

ფიქრობთ, რომ ანგარიშში შესული საკითხები სრულყოფილად არის წარმოჩენილი?

 

რა თქმა უნდა, შეიძლებოდა უკეთესად ყოფილიყო, განსაკუთრებით რეკომენდაციების ნაწილი, მაგრამ მეტი დრო მას არ ჰქონდა, მან იმ დროში, რაც ამ თანამდებობაზეა, მაქსიმუმის გაკეთება შეძლო.

 

მე პრინციპში მიკერძოებული ვარ, რადგან, ასე ვთქვათ, სოლიდარობის განცდა მაქვს მისი, როგორც ჩემი კოლეგის მიმართ, მაგრამ ვფიქრობ, რომ სულიად სრულყოფილი ანგარიშია. აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ნაწილი ყველაზე უფრო გაბედული ნაბიჯია მისი ანგარიშიდან, რადგან ამ თემაზე საუბარს ბევრი ვერც კი გაბედავს.

 

რომელია პირველი რიგის საკითხი ანგარიშიდან, რომელსაც შესაბამისი ორგანოების მხრიდან უნდა მოჰყვეს სწრაფი რეაგირება?

 

გამოძიების პრობლემა კვლავინდებურად გვაქვს ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობ, რომ გამოძიება სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს იმ ფაქტების გასაანალიზებლად და საბოლოოდ დასადგენად, რაზედაც სახალხო დამცველი მიუთითებს. პირველი რიგისაა სიცოცხლის უფლების საკითხები, სადაც არის ასახული, მაგალითად, ლაფანყური და სხვა ქეისები, რომელიც მას აქვს მოყვანილი, ყველა შემთხვევაში თავდაპირველი გამოძიება ამ კუთხით უნდა ჩატარდეს.

 

ანგარიშის იმ ნაწილმა, რომელიც პენიტენციალურ სისტემას ეხება, დაიმსახურა ყოფილი სახალხო დამცველის და მოქმედი სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის კრიტიკა, რამდენად ადეკვატური იყო ეს კრიტიკა?

 

თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ სახალხო დამცველს შეეძლო უფრო მკაცრი ყოფილიყო. პენიტენციალურ სისტემასთან დაკავშირებით გამოძიება კვლავინდებურად ჭიანურდება და სრულად არ არის გამოძიებული ის ფაქტები, როცა პატიმრები გარდაიცვალნენ ციხეში და ოჯახებმა და სახელმწიფომ ვერ გაარკვიეს მათი გარდაცვალების მიზეზი.

 

რაც შეეხება სუბარის კრიტიკას, მე გაოცებული ვარ, რომ მასში მუნდირის ღირსებამ უფრო გადაწონა, ვიდრე სრულიად ახლო წარსულში სახალხო დამცველისა.

 

ანგარიშს დაუსაბუთებელს უწოდებს საპარლამენტო უმცირესობა, რომელიც უჩა ნანუაშვილს “რუსეთის მსგავს რიტორიკაში” სდებს ბრალს, განსაკუთრებით ლაფანყურის თემასთან მიმართებაში. რამდენად ობიექტურია უმცირესობის კრიტიკა?

 

რუსული კვალი აქ ყველაზე ნაკლებად შეიძლება ვიპოვოთ. ჯერ გამოიძიოს ხელისუფლებამ ეს საკითხი და შემდეგ თქვან, რომ ეს იყო დაუსაბუთებელი და არაკომპეტენტური. მათ არ გამოიძიეს ეს საკითხი და ახლა ვისაც ევალება, გამოიძიოს და მაშინ კითხვები არ იქნება და საზოგადოება დაინახავს, ეს კომენტარები რამდენად სამართლიანი იყო.

 

გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ ახალი ხელისუფლება გაითვალისწინებს სახალხო დამცველის იმ რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს, რომლებიც მათი ხელისუფლებაში ყოფნისას მომხდარ ფაქტებს უკავშირდება?

 

თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ რეკომენდაციებს, ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვე ვართ ის საზოგადოება, რომელსაც აქვს მკაფიო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და იცის დემოკრატიული პროცესებით და წესით როგორ შეცვალოს ხელისუფლება. მათი მოქმედებები გვიჩვენებს, ვის დავუჭიროთ მხარი არჩევნებზე და თუ ისინი ადექვატურად არ იმოქმედებენ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებები შეიცვლებიან.

 

ანგარიშიდან გამომდინარე, რომელი მიმართულებით არის ყველაზე ცუდი მდგომარეობა ქვეყანაში?

 

ცუდია, რომ არ შემიძლია ვთქვა, სად არის უკეთესობა და სად – უარესი, ყველა მიმართულებით ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი