“მოგმართავთ თქვენ, ვისაც კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში ჯერ კიდევ გაქვთ საშუალება ამ ქალაქის მაცხოვრებლებს შეუნარჩუნოთ თბილისისთვის უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ობიექტი – შოთა რუსთაველის გამზირის #29-ში მდებარე ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ფილიალის შენობა ე.წ. იმელი. იგი ცნობილი რუსი არქიტექტორის, ალექსეი შჩუსევის პროექტით 1933-1938 წლებში აშენდა. საქართველოს და კერძოდ თბილისის ისტორიისა და კულტურისათვის ამ ნაგებობის მნიშვნელობა საყოველთაოდ არის ცნობილი. ის სტალინური პერიოდის არქიტექტურის უნიკალური, უმაღლესი ხარისხის ნიმუშია.
შენობას ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 1986 წელს, როცა საქართველოში პირველად მოხდა უძრავი ძეგლების აღრიცხვა. სამწუხაროდ, კულტურის სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის მოხელეთა გადაწყვეტილებით, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 01 ოქტომბრის 3/181 ბრძანების საფუძველზე, “კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ” კანონის უხეში დარღვევით, “იმელის” შენობა ამოღებულ იქნა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლთა ნუსხიდან.
სტატუსის მოხსნით შესაძლებელი გახდა ნაგებობის გაყიდვა, რამაც დიდწილად განსაზღვრა ამ ობიექტის ბედი. შეიძლება ითქვას, ინვესტორი შეცდომაში იქნა შეყვანილი. მას არ განუმარტეს არც ობიექტის ისტორიული-არქიტექტურული ღირებულება და არც ის, რომ აღნიშნული ობიექტი მდებარეობს თბილისის ისტორიული განაშენიანების მკაცრი დაცვის ზონაში, სადაც დაუშვებელი და მიუღებელია მაღალსართულიანი მშენებლობები. დღიდან გაყიდვისა ორგანიზაცია “ტფილისის ჰამქარი” და თბილისის მოსახლეობა სხვადასხვა ფორმით აპროტესტებს აღნიშნულ ობიექტზე მიმდინარე უკანონო ქმედებებს.
ჩვენი ორგანიზაციისა და საზოგადოების დიდი პროტესტის მუხედავად, უნებართვოდ მოხდა “იმელის” მარცხენა ფლიგელის დემონტაჟი. მოიხსნა სახურავის დიდი ნაწილი და ატმოსფერული ნალექი დაუბრკოლებლად აღწევს შენობაში, რაც საფრთხეს უქმნის ნაგებობის მდგრადობას. განადგურებულია სართულშუა გადახურვები, მზიდი კედლები, სააქტო დარბაზი, შენობის უნიკალური ინტერიერი, მოხსნილია კარ-ფანჯარა… კულტურული მემკვიდრეობის შესანიშნავი ნიმუში მიზანმიმართულად ნადგურდება!
განადგურდა “იმელის” მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი თაბუკაშვილის 48.
არსებულ სიტუაციას ამძიმებს ის ფაქტიც, რომ 2012 წლის ოქტომბრის თვეში თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივ მეთოდოლოგიურ საბჭოზე დამტკიცდა “დაბი ჯგუფის” მფლობელობაში არსებული, “იმელის” მიმდებარე მიწის ნაკვეთზე (თაბუკაშვილის ქუჩის მომიჯნავედ) 134-მეტრიანი სასტუმრო “მილენიუმის” პროექტი. პროექტით გათვალისწინებული ობიექტის მშენებლობა აღნიშნულ ტერიტორიაზე დაუშვებელი და კანონსაწინააღმდეგოა, რადგან ტერიტორია შედის თბილისის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში.
კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, აღნიშნულ ზონაში “საპროექტო ობიექტის კონფიგურაცია, პროპორციები და გეგმარებითი სტრუქტურა უნდა შეესაბამებოდეს საპროექტო ტერიტორიის ირგვლივ ისტორიულად ჩამოყალიბებულ ტიპს. შენობა არ უნდა უპირისპირდებოდეს ისტორიული განაშენიანების იერსახეს, მორფოლოგიასა და მასშტაბს, ლანდშაფტურ გარემოს.
ჩვენ სრულად ვიაზრებთ შექმნილი ვითარების სირთულეს, მაგრამ ამავდროულად კარგად გვესმის, თუ რამხელა ზიანს მიაყენებს ქალაქის ისტორიასა და სივრცით-მოცულობით სტრუქტურას “იმელის” შენობის განადგურება და მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალსართულიანი ობიექტის მშენებლობა. ჩვენ მივესალმებით “დაბი ჯგუფის” მიერ გამოხატულ ინტერესს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი და უდიდესი ისტორიულ-კულტურული ღირებულების მქონე დედაქალაქის მიმართ, მაგრამ გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ მათ, რომ შეძენილი ტერიტორია მდებარეობს თბილისის ისტორიული განაშენიანების ზონაში, რომლის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ურბანული ქსოვილი ნამდვილად იმსახურებს პატივისცემასა და სათანადო მოპყრობას, რაც, სამწუხაროდ, სრულებით არ ჩანს, არც წლების განმავლობაში კომპანიის მიერ “იმელის” მიმართ განხორციელებულ ქმედებებში და არც “იმელის” ეზოში დაგეგმილი სასტუმრო “მილენიუმის” დამტკიცებულ პროექტში.
მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, კომპანიას აქვს საშუალება, გამოიჩინოთ კეთილი ნება და საქართველოსთან ურთიერთობა დაიწყოთ მისი კულტურული მემკვიდრეობის აღდგენითა და შენარჩუნებით და არა ნგრევით!
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია და კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ გვავალდებულებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანება და დამცავი ზონების რეგლამენტის უგულვებელყოფა კი მკაცრად ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ჩვენ სახელმწიფოსგან მოვითხოვთ აღნიშნული კანონმდებლობის დაცვას, ინვესტორს კი, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობისა და კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემას.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მოგმართავთ: “დაბი ჯგუფის” წარმომადგენლებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვისა მინისტრს, ქ. თბილისის მერს, მონახოთ არსებული მძიმე ვითარებიდან გამოსავალი, რომლის დროსაც არ დაირღვევა არც ინვესტორის უფლებები და არც თბილისი დაკარგავს ღირებულ ობიექტს”.