კომენტარი

ჟურნალისტები შს სამინისტროს ტყუილის შესახებ

9 აპრილი, 2013 • 1852
ჟურნალისტები შს სამინისტროს ტყუილის შესახებ




ნათია როყვა, მე-9 არხის კორესპონდენტი ბათუმში

 

ნათია როყვა
ნათია როყვა

2 აპრილს ირაკლი ღარიბაშვილის რესტორნიდან გამოსვლას ხუთი საათის განმავლობაში ველოდით მე, ანუ „მე-9 არხის“, ტელეკომპანიების – „მაესტროს“, „იმედის“, „პირველი არხის“, „ტელეარხი 25“-ის, „ბათუმელებისა“ და „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტები. ჩვენთან ერთად არ იყო „რუსთავი 2“…

 

დიახ, სწორედ მიხვდით – იმაზე ვაპირებ მოყოლას, თუ როგორ მოგვატყუა პოლიციამ 2 აპრილს.


როცა ამ ამბავს ვიხსენებ, დაახლოებით ისეთი შეგრძნება მაქვს, როგორიც 2012 წელს, წინასაარჩევნოდ ბეშუმში, პრეზიდენტის დაცვამ ხელები რომ გადაგვიგრიხა მე და ჩემს ოპერატორს, მხოლოდ ჩვენ ორს.

 

მაშინ დახმარება პრეზიდენტს ვთხოვე. მან – პროვოკატორი ხარო.

 

სანამ 2 აპრილზე გადავალ, ცოტას საიასა და აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის 28 მარტის ინციდენტზე მოვყვები. ამ ამბავზე დილით საიას იურისტმა დამირეკა. ადგილზე ათ წუთში მივედი. სამმართველოს უფროსს ვკითხე, რა მოხდა-მეთქი. საიამ პროვოკაცია მოაწყოო. მერე საიას მოვუსმინე, ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ვალერი თელიამ სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყო. მერე ყველანი პოლიციაში წავედით – ჟურნალისტები, საია და პოლიციის უფროსი.

 


პირველი კომენტარი გამომძიებელ-ინსპექტორმა, ახალგაზრდა გოგონამ გააკეთა და ჯარიმის ქვითარი დამანახა – საიას მძღოლისთვის სიმთვრალის გამო გამოწერილი. არ უჩვენებიათ ის ქვითარი, რითაც დადასტურდებოდა შს სამინისტროს განცხადება, თითქოს პოლიციის უფროსიც დააჯარიმეს. მაშინ ეგ ამბავი არავის უხსენებია. არც მე მიკითხავს – ვერ წარმოვიდგენდი პოლიციის შეფს მართვის მოწმობა თუ არ ექნებოდა. 

 

ამ დროს დერეფანში გამოვიდა ვალერი თელია. მითხრა, რომ ამბავი კოლეგებთან შემეძლო გადამემოწმებინა – სამმართველოს უფროსი მომიყვა, რომ ინციდენტის დროს მანქანაში „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფი ჰყავდა, `მინისტერიალის გასაშუქებლად რედისონში მიმყავდაო“. ვკითხე – თქვენ რატომ მიგყავდათ ჟურნალისტები გადაღებაზე-მეთქი. ჩემი მეგობრები არიან, დილით თბილისიდან ჩამოვიდნენო. არც ეს კომენტარი ჩამიწერია. მაშინ რატომღაც უმნიშვნელოდ ჩავთვალე.

 

არადა, რამდენიმე დღეში შს სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ვალერია თელია ინციდენტის დროს ოპერატიული დავალების შესასრულებლად მიდიოდა. თუ ასეა, მაშინ რატომ გაჩერდა პოლიციის უფროსი ინციდენტის ადგილზე 2 საათს ან რატომ ისხდნენ მის მანქანაში ჟურნალისტები?

 

ორი ვერსია მაქვს. პირველი – მომატყუა სამმართველოს უფროსმა, ანუ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები მის მანქანაში არ ყოფილან. მეორე – მოიტყუა შს სამინისტრომ, თელია ოპერატიულ საქმეზე კი არ მიდიოდა, მინისტერიალზე ჟურნალისტები მიჰყავდა. არა, კიდევ მაქვს ერთი ვერსია: ზუსტად იმ დღეს, როცა საიას მძღოლსა და თელიას შორის ინციდენტი მოხდა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ბათუმიდან ექსკლუზივი ჰქონდა ტრეფიკინგის საქმეზე, რომელშიც მთავარი გმირი ვალერი თელია იყო.

 

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ამან „ენვერის“ საქმე და მსგავსი ექსკლუზივები გამახსენა. მერე, მთელი კვირის განმავლობაში რაც ხდებოდა, ყველამ ვნახეთ – იცით თუ როგორ მოგვატყუა შს სამინისტრომ. თუ არ იცით, აქვე წერენ ჩემი კოლეგები და ალბათ წაიკითხავთ.

 

2 აპრილიდან კი მხოლოდ ფინალს მოვყვები – 16:30 საათზე დამირეკეს, მინისტრი, თელია და არჩილ ხაბაძე რესტორანში სადილობენო.

 

ოთხ საათზე მეტ ხანს ველოდეთ მათ „აჭარულ სახლთან“. ამასობაში ძალიან შეგვცივდა, მოგვშივდა კიდეც. არა და არ გამოდიოდნენ რესტორნიდან. 21:30 საათზე წასვლა გადავწყვიტეთ. ჩვენმა მძღოლმა მანქანაც კი დაქოქა. ამ დროს „იმედის“ ჟურნალისტი მოვიდა და მითხრა – მინისტრი განცხადების გასაკეთებლად გამოდისო… დაცვამ ისიც კი გაგვაფრთხილა, ორი კითხვის მეტი არ დაგვესვა… ცხადია, თელიასთან დაკავშირებით შს სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე გვინდოდა გვეკითხა.

 

მინისტრის დაცვა სანამ ამ დეტალებს გვითანხმებდა, მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უკანა კარებიდან გავიდნენ.

 

ვერაფრით ვხვდები, რატომ მოგვატყუეს. დავიჯერო, შს მინისტრი ჩვენ გაგვექცა?!

 

უკაცრავად

ირმა ზოიძე, „ტელეარხ 25“-ის ჟურნალისტი

 

თითქმის ერთი წელია მასალის მოსამზადებლად აღარ გავდივარ ტელევიზიიდან, რადგან სტუდიური სამუშაო მაქვს. თუმცა 2 აპრილს განსაკუთრებული დღე იყო. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პოლიციის შენობასთან ელოდნენ. გადავწყვიტე პროტესტს შევერთებოდი.


ირმა ზოიძე
ირმა ზოიძე

 

პირველი პოლიციელი იმ დღეს თავის თანამშრომლებს შეხვდა, მაგრამ მთავარ შესასვლელთან მის მომლოდინეებს ის არ გვინახავს.

 

ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ „აჭარულ სახლში“ დაემალა ჟურნალისტებს. მან რესტორანში 5 საათი ისე გაატარა და უკვე შებინდებულზე ისე დატოვა იქაურობა, რომ მისი ნახვა ვერც იქ მოხერხდა. ღარიბაშვილისა და მისი თანმხლები პირების სადილობას რესტორნის დაკეტვა მოჰყვა.

 

მისი ლოდინით დაქანცულ ჟურნალისტებს ისევ ცალმხრივად მოუვიდა პასუხი _ შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ არსაიდან არ გაპარულა. ვერ ვხვდები, საჯარო პირმა, რომელმაც იცის, რომ ჟურნალისტები ელოდებიან საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გასაცემად, რატომ უნდა უგულებელყოს ისინი.

 

ლოდინთან ერთად მერეოდა ბრაზი.

 

როცა მინისტრი კითხვებს არ პასუხობს, მართლაც დიდი პრობლემაა, თუმცა კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, როცა გაიგებ ამ ჩინოვნიკის დამოკიდებულებას მედიის მიმართ. ღარიბაშვილმა, ორი დღის დაგვიანებით, თავის გამოხმაურებაში რესტორანთან მომლოდინე და შემდეგ მოტყუებულ ჟურნალისტებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას ისინი არ მიუწვევია და ამიტომაც არ გასცა პასუხი.

 

უკაცრავად? – ვის აქვს მოლოდინი, რომ ჟურნალისტი მხოლოდ მაშინ მივა გადაწყვეტილების მიმღებ პირთან, როცა ის დაუძახებს; დაუსვამს კითხვებს, რომელიც მას სურს და შეუთანხმებს თემას? როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა მინისტრი ცალ კარში აპირებს თამაშს, თუმცა ეგ უკვე გავიარეთ. შედეგი ცნობილია.

 

მინდა ვიფიქრო, რომ ხელისუფალი არ დაუშვებს საზოგადოება, მედია და ჩინოვნიკი ერთმანეთის საპირისპირო მხარეს აღმოჩნდნენ.

 

ეს იყო დღის საუკეთესო დასასრული

თეონა ბაკურიძე, მე-9 არხის კორესპონდენტი ბათუმში

 

ეს იყო ე.წ. „გადაღება“, რომელზეც „მეცხრე არხის“ ბათუმის ბიუროს ორივე ჟურნალისტი მივედით. ნათია როყვა თემას აშუქებდა, მე კი, უბრალოდ, მაინტერესებდა…

 

თეონა ბაკურიძე
თეონა ბაკურიძე

2 აპრილის საღამო მართლაც საინტერესო გამოდგა. ირაკლი ღარიბაშვილმა, ნინო გიორგობიანმა, დაცვისა და რესტორნის თანამშრომლებმა მასტერ-კლასი ჩაგვიტარეს. შს მინისტრს „აჭარულ სახლთან“ 17:00 საათიდან ველოდით. რომ მივედით, რესტორანში პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკებით საკვები პროდუქტები შეიტანეს.

 

ჟურნალისტები თავიდანვე ვხვდებოდით, რომ მინისტრს ამაოდ ველოდით, შესაბამისად, წამოსვლას ყოველი საათის მიწურულს ვგეგმავდით. მაგრამ… რაღაც გვაჩერებდა.. გვინდოდა გვენახა, როგორ ჩაივლიდა კამერასთან ღარიბაშვილი და როგორ გვეტყოდა – „კომენტარს არ ვაკეთებ!“ ჩვენ ეს გვინდოდა, ნინო გიორგობიანს, ანუ ამ სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს კი, სწორედ ეს არ უნდოდა.

 

18:00 საათზე შენობაში 20 ლიტრი ღვინო შეიტანეს. რამდენიმე ჟურნალისტი რესტორანში ავედით… დარბაზში დავსხედით… მიმტანი მალევე მოვიდა და გვთხოვა „კუპეში“ გადავსულიყავით. ვუთხარი არ მინდა კუპეში, მენეჯერს დაუძახე-მეთქი. მენეჯერი ადგილზე არ იყო. გვერდით „კუპედან“ „…ჯოს“, „…ჯოს“, „..ჯოს“ – ისმოდა. მთელი დარბაზი დაცვის თანამშრომლებით იყო სავსე.

 

აღარ გავჩერდით, ავდექით და წამოვედით.

 

ორი საათის შემდეგ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა შენობაში შესვლა კიდევ ერთხელ სცადა. უთხრეს დაკეტილიაო. 21:00 საათზე „აჭარულ სახლში“ ხილი მიიტანეს… ჩვენი მთავარი საინფორმაციო გამოშვება დაიწყო… კიდევ ერთხელ გადავწყვიტეთ წამოსვლა, მაგრამ ამ დროს დაცვის თანამშრომელი მოვიდა.

 

არასდროს დამავიწყდება – დაცვის თანამშრომლის დამაჯერებელი სიტყვები, ხმა და გამომეტყველება (ტყუილს გულუბრყვილოდ არ ველოდი).

 

კარგად მახსოვს შსს პრესსამსახურის ოპერატორი, რომელიც რაღაც ზღაპრებს გვიყვებოდა, გვართობდა… დაცვამ რესტორნის კართან დაგვაყენა. ვერ დავივიწყებ მის სიტყვებს – „მოემზადეთ, რამდენიმე წუთში ჩამოვა“ (დარწმუნებული ვარ გიორგობიანი სპეციალურად დადგა ისეთ ადგილას, სადაც ჩვენ დავინახავდით, ეს იმისთვის, რომ ეჭვი არ შეგვეტანა ღარიბაშვილის დაანონსებული განცხადების რეალურობაში).

 

ვერ დავივიწყებ – ოპერატორების მზადებას, ჟურნალისტების მინისტრის ჩასაწერად მომზადებულ, ჩართულ მიკროფონს და პოზიციას.

 

ვაცნობიერებ – როგორ დაგვცინოდნენ დაცვის თანამშრომლები, ნინო გიორგობიანი და ირაკლი ღარიბაშვილი.

 

ვერ წარმოვიდგენდი – მინისტრისგან მსგავს საქციელს. ვინ გარბოდა, ვინ კამერაზე ხელს გვაფარებდა, ვინ შენობასთან არ გვიშვებდა, მაგრამ არავის მოსვლია თავში აზრად ჟურნალისტების ასე სამარცხვინოდ მოტყუება.

 

2 აპრილს შს მინისტრს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, 2 საათი, ჟურნალისტებთან ერთად კი დაახლოებით 5 საათი ველოდი. ბატონი ღარიბაშვილი სამმართველოს ხელმძღვანელს მაშინ შეხვდა, როცა შენობის გარეთ საია და სხვა არასამთავრობოები აქციას მართავდნენ. მესამე და მეოთხე სექტორის წარმომადგენლები ღარიბაშვილთან შეხვედრას ჯამში 7 საათს ამაოდ ველოდით.

 

შსს-მ საუკეთესო მასტერ-კლასი ჩაგვიტარა.

 

ეს იყო დღე, რომელიც ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება.

 

იმ დღეს გავბრაზდი, თუმცა ახლა არაფერს ვნანობ. ვხვდები, რომ ღარიბაშვილის გაპარვა იმ დღის საუკეთესო დასასრული იყო.

 

ჩემი დაბადების დღე სატელევიზიო გადაცემას ჰგავდა

ნინო ხოზრევანიძე, სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი ბათუმში

 

დაბადების დღე მქონდა 2 აპრილს. ასე „ორიგინალურად“ არასდროს აღმინიშნავს. 4-5 საათი ზღვასთან ახლოს, ქარსა და წვიმაში ერთი კომენტარის ლოდინში გავატარეთ იუბილარმაც და იუბილეს აღნიშვნის მსურველებმაც.

 

ნინო ხოზრევანიძე
ნინო ხოზრევანიძე

„აჭარულ სახლთან“ რაც მოხდა, წინა წერილებითაც გაიგებდით. მას შემდეგ, რაც ოპერატორებმა და ჟურნალისტებმა ტერიტორია დავტოვეთ და 23:00 საათზე „ლაუნჯში“ შევიკრიბეთ, „დღის თემა“ კვლავ აქტუალური იყო: „არჩევნების შემდეგ პირველად მოხდა ისე, რომ კომენტარი ვერ ჩავწერეთ“… „სტაიანშიკმა“ რომ გვითხრა თქვენი მინისტრი უკვე წავიდაო?“… „თითქმის ხუთი საათი ველოდეთ და ასე როგორ გაგვაცურეს“…

 

ჩვენი მხრიდან საყვედურ-პრეტენზიები შს სამინისტროს პრესსამსახურის, ნინო გიორგობიანის მისამართითაც იყო, რომელიც „აჭარულ სახლში“ დღის მოვლენებს „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვებით ეცნობოდა. ჟურნალისტების კითხვაზე – „წამოსვლას რომ ვაპირებდით, დაცვამ რატომ გვითხრა, მინისტრი მოკლე კომენტარს გააკეთებს და მოემზადეთო?“ – გიორგობიანის პასუხი იყო: „არ ვიცი, რომელმა დაცვამ გითხრათ, მინისტრი კომენტარის გაკეთებას არ აპირებდა, არავის დაუბარებია რესტორანში ჟურნალისტები“.

 

ალკოჰოლმაც ვერ გაანელა 5-საათიანი ლოდინით გამოწვეული „ტკივილი“. ხმაურის და მუსიკის ფონზე ხშირად გაიგონებდით, „თელია“… „ღარიბაშვილი“… „გიორგობიანი“…

 

ჩემი დაბადების დღე სატელევიზიო გადაცემას ჰგავდა, სადაც სტუმრებს დღის თემის შესაჯამებლად იწვევენ.

 

ვინ რა არ იცის შს სამინისტროში

 

სოფო ჟღენტი 
„მაესტროს“ კორესპონდენტი აჭარაში 

 

წლების წინ პიარკომუიკაციის კურსი გავიარე, შესაბამისად, პიარსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის შესახებ რაღაც გამიგია. მათ შორის ის, რომ პიარსაქმიანობის განხორციელებისთვის სამი ძირითადი მიმართულება არსებობს:  1. კეთილგანწყობის მისაღწევად აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა. 2. რეპუტაციის შენარჩუნებაზე ზრუნვა და 3. შიდაორგანიზაციული ურთიერთკავშირი. 

 

 

სოფო ჟღენტი
სოფო ჟღენტი

მოკლედ, ეს არის მარტივი სქემა, როგორ უნდა მუშაობდეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. 

 

სულ რაღაც ერთი კვირის წინ საქართველოს ყველაზე რეიტინგული სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა,  თავისი პროფესიონალიზმით კოლეგების აღფრთოვანება მოახერხა, ხოლო პრაქტიკული პიარის ფუძემდებლის – ედუარდ ბერნეიზეს „პიარ სპეციალისტებისთვის  პირადი თვისებები“ თავდაყირა დაყენება.    

 

ამ ამბის ქრონოლოგია ასე გამოიყურება: 

 

აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსის, ვალერი თელიასა და საიას მძღოლს შორის მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოების ნაწილი მინისტრისგან განმარტებებს ერთი კვირის განმავლობაში მოითხოვდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ზუგდიდიდან უთხრა ხალხს, რომ შს სამინისტროს თანამშრომელი პოლიციის მუნდირის მცველია, ხოლო დავა – გაზვიადებული.  

 

 

აჭარაში ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტებები არც არასამთავრობო ორგანიზაციებთან გააკეთა და არც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კითხვები კი ბევრი იყო. 

 

არასამთავრობოებთან არა, მაგრამ ბათუმში ჩამოსული მინისტრი თანამშრომლებთან შესახვედრად რესტორან „აჭარულ სახლში“ წავიდა. ჟურნალისტებიც, კითხვების დასასმელად, რესტორნის გასწვრივ, ტროტუარებზე დავბინავდით.

 

 

რესტორანთან შეკრებილ ჟურნალისტებთან შს სამინისტროს პიარი ნინო გიორგობიანი რესტორანში შესვლამდე მოვიდა. გვითხრა, რომ მინისტრი კითხვებს აღარ უპასუხებს. იქვე დაგვარიგა, რომ არაკორექტული იყო კითხვებზე პასუხების მისაღებად რესტორანთან ყოფნა, სადაც მინისტრი ვახშმობს. მოკლედ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ამ შეგონებით დაგვტოვა, რესტორანში შევიდა და მას შემდეგ, მიუხედავად რესტორნის გარეთ 5-საათიანი ლოდინისა, არ შეგვხმიანებია.

 

გიორგობიანმა ჩვენი „კეთილგანწყობის“ მოსაპოვებლად აშკარად იზრუნა. შსს მინისტრი და მისი პიარი უფრო შორსაც წავიდნენ – 5-სათიანი ლოდინის შემდეგ ჟურნალისტები მოგვატყუეს. საბოლოოდ ამბავი იმით დასრულდა, რომ მინისტრი მალულად, ისე რომ კამერებს არ დაეფიქსირებინა, მეორე გასასვლელიდან გავიდა.

გიორგობიანის პროფესიონალიზმმა ამ სიტუაციაშიც პიკს მიაღწია. რესტორნის ფოიეში ზურგით დადგა და ჟურნალისტებს კიდევ ერთი ტყუილი უთხრა. თქვა, რომ არ იცნობდა ღარიბაშვილის პირად დაცვას. არც ის იცოდა, იქ რატომ შეგვკრიბა მან და არც ის, მინისტრი რესტორანში იმყოფებოდა თუ არა.

 

 

არ მინდა გეგონოთ, რომ ამ საწყალ ამბავში მოქმედი გმირი გიორგობიანია. უბრალოდ, ვფიქრობ, მთავარი ყველგან და ყველაფერში პროფესიონალიზმია, რისი ნაკლებობაც საკუთარ თავზე „აჭარულ სახლთან“ გამოვცადე. გიორგობიანმა არ იცის პიარი, აჭარის სამმართველოს უფროსმა – წესები, როგორ უნდა დააჯარიმოს მოქალაქე იმ შემთხვევაში, თუ ის საგზაო წესებს არღვევს, საქართველოს შს მინისტრმა კი – ის, რომ კითხვებს, რომელიც მის უწყებასთან მიმართებაში საზოგადოებას უჩნდება, პასუხები სჭირდება. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი