კომენტარი

8 მარტი და ქალთა უფლებები – ინტერვიუ თამთა მელაშვილთან

8 მარტი, 2013 • • 2611
8 მარტი და ქალთა უფლებები – ინტერვიუ თამთა მელაშვილთან

თქვენი აზრით, არის თუ არ დღეს საქართველოში 8 მარტი გააზრებული იმ მნიშვნელობით, რის გამოც ის

თამთა მელაშვილი
თამთა მელაშვილი

გამოცხადდა ქალთა საერთაშორისო დღედ? თქვენ რა ტენდენციებს ხედავთ ამ კუთხით?

 

მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ახლა ხდება 8 მარტის გადააზრება იმიტომ, რომ აქამდეც მიიჩნეოდა და დღესაც ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს არის საბჭოთა დღესასწაული. ჩვენ, ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი ასე არ ვფიქრობთ, რადგან 8 მარტი საერთაშორისო დღეა და მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. ჩვენ წელს ეს დღე არატრადიციულად აღვნიშნეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გვქონდა სარვამარტო ფემინისტური მარში. ამ დღეს ასეთი მარშით აღნიშნავენ აშშ–სა და ევროპაში, იქ, სადაც ქალთა უფლებების დაცვა აქტუალურია. ჩვენ მსვლელობა დავიწყეთ დღეს პუშკინის სკვერიდან და დავასრულეთ ფილარმონიასთან.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი ქალთა საერთაშიროსო დღე ქალთა უფლებების დაცვისთვის?

 

 მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ხდება ხაზგასმა იმისა, რომ არსებობს უთანასწორობა სქესებს შორის და ეს არის დღე, როცა ყურადღება უნდა გაამახვილო ქალთა უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე. ჩემთვის პირადად ეს არ არის დღესასწაული, როცა მამაკაცები ყვავილებს და შოკოლადს ჩუქნიან ქალებს და ფსევდოკომფორტს უქმნიან. ჩემთვის ეს არის დღესასწაული, როცა ჩვენ აღვინშნავთ ქალთა უფლებების დღეს.

 

ფემინისტურ მოძრაობას, რომელიც ბოლო დროს საქართველოში გააქტიურდა, ხშირად ირონიულად, არასერიოზულად აღიქვამენ. რა არის ამის მიზეზი?

 

საბოლოო ჯამში, ეს მთლად კარგი არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე მოსალოდნელი რეაქციაა საზოგადოების მხრიდან, იმიტომ, რომ ქალთა მოძრაობა ყოველთვის არის ასოცირებული უცხოელ დონორებთან. ჩვენ, ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი, ვართ არაფორმალური გაერთიანება, დონორი არ გვყავს და გვაერთიანებს საერთო, ფემინისტური ღირებულებები. ჩვენს ღირებულებებს სხვადასხვანაირად გამოვხატავთ – პროტესტებით, დემონსტრაციებით, ფლეშმობებით და ა.შ.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს ყველა მოქალაქე სქესის მიხედვით თანასწორია, პრაქტიკაში პრობლემები მაინც არსებობს. თქვენ სად ხედავთ პრობლემას? სად აქვთ ქალებს ყველაზე დიდი გამოწვევა უფლებების დაცვის კუთხით?

 

კარგია, რომ კანონით ყველა თანასწორია, თუმცა, ცალკეა რეალური ცხოვრება, სადაც ქალებს ტრადიციებისგან თავს აქვთ მოხვეული სტერეოტიპები. მათ რეალურ ცხოვრებაში შეზღუდული აქვთ არჩევანის უფლება.

 

რაში გამოიხატება არჩევანის შეზღუდვა? ქალების ნაწილი მიიჩნევს, რომ მათთვის არ არის დისკრიმინაციული ის, რასაც ფემინისტები მიიჩნევენ უფლებების დარღვევად. რა არის ამის მიზეზი?

 

ეს იმის ბრალია, რომ სისტემა თანაბრად მოქმედებს როგორც მამაკაცზე, ისე ქალზე. ბევრი ქალი, სამწუხაროდ, არის კულტურისგან რეპრესირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ პატრიარქალური სისტემა ბავშვობიდანვე გინერგავს რაღაც ღირებულებებს და, შესაბამისად, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ უჩნდებათ არც კითხვა, არც პროტესტი. შესაბამისად, ამ ყველაფერს იღებს და ითავისებს. არსებობენ ასეთი ქალებიც. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ამიტომაა საჭირო ხმამაღლა ფიქრი, რაღაცების ანალიზი, მნიშვნელოვანი საკითხების საჯარო დებატებში შემოტანა, რომ ქალები და არა მარტო ისინი დაფიქრდნენ.

 

ფილმი, რომლის პრეზენტაციაც დღეს იმართება “არტ ავენიუში” და რომლის სცენარისტიც თქვენ ხართ, რით არის საინტერესო და გამორჩეული?

 

ეს ფილმი, პირველ რიგში, გამორჩულია იმიტომ, რომ არის სამ ქართველ ქალზე – ბარბარე ჯორჯაძეზე, ეკატერინე გაბაშვილსა და კატო მიქელაძეზე. პირველ ორს ქართული საზოგადოება ასე თუ ისე იცნობს. ბარბარე ჯორჯაძეს იცნობენ მისი კულინარიული წიგნით, ეკატერინე გაბაშვილს იცნობენ როგორც საბავშვო მწერალს, კატო მიქელაძე კი საერთოდ უცნობია. ეს სამი ქალი, როდესაც მოღვაწეობდა მე–19 საუკუნეში და მე–20 საუკუნის დასაწყისში, თავისი ღირებულებით, ფილოსოფიით, საქმიანობით, იყო გამოხატულად ფემინისტი. ჩვენ ამ ფილმში სწორედ ამას ვუსვამთ ხაზს, რომ ისინი იყვნენ ფემინისტები და ჯერ კიდევ მაშინ ლაპარაკობდნენ იმაზე, რასაც მათი თანამედროვე ადამიანები საუბრობდნენ და მოითხოვდნენ აშშ–სა და ევროპაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი