კომენტარი

გიორგი ტუღუში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების პროექტს ეწინააღმდეგება

29 იანვარი, 2013 • 1110
გიორგი ტუღუში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების პროექტს ეწინააღმდეგება

“ბატონო დავით,

 

ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან და, ზოგადად, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საკითხებთან დაკავშირებული კანონმდებლობისა თუ  საკანონმდებლო რეფორმების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენს. ჩვენი მიზანია აღნიშნულ პროცესებში ჩართულ ყველა ძირითად დაინტერესებულ მხარეს, ისევე როგორც ფართო საზოგადოებას, გავუზიაროთ ანალიზის შედეგად მომზადებული დასკვნები და შევთავაზოთ ჩვენი ხედვა ამა თუ იმ პრობლემატურ საკითხთან დაკავშირებით. 

 

ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებულია საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. მიგვაჩნია, რომ ხსენებული ცვლილება უარყოფით გავლენას მოახდენს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოს კანონმდებლობაში არსებულ მდგომარეობაზე და გაზრდის  საქმის სამართლიანი განხილვის უფლების ხელყოფის საფრთხეს. ამავდროულად, ცვლილებათა ნაწილი შესაძლებელია დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცეს მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებისათვის.

 

შესაბამისად, მოგმართავთ წერილით, რათა კანონპროექტის განხილვის პროცესში გაითვალისწინოთ ჩვენი ხედვა და ყურადღება გაამახვილოთ იმ რისკებზე, რომლებიც წარმოიშვება ხსენებული ცვლილებით.

 

როგორც მოგეხსენებათ, წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 226-ე მუხლის პირველი ნაწილი ყალიბდება შემდეგი რედაქციით:

 

„თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებული შუამდგომლობს, რომ საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე. ასეთი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში ბრალდებულმა უნდა დაასაბუთოს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩატარება არსებითად დაარღვევს ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს უფლებას და უარი გამოხატავს მის თავისუფალ ნებას. შუამდგომლობის მოსმენის შემდეგ მოსამართლე ვალდებულია განუმარტოს ბრალდებულს უარის სამართლებრივი შედეგები. თუ ასეთი განმარტების მოსმენის შემდეგ ბრალდებული კვლავ მხარს უჭერს შუამდგომლობას, პროკურორი ეთანხმება შუამდგომლობას და საქმის განმხილველი მოსამართლე შუამდგომლობას დასაბუთებულად მიიჩნევს, მოსამართლე დააკმაყოფილებს შუამდგომლობას და მიიღებს განჩინებას, რომ საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე. თუ პროკურორი არ ეთანხმება შუამდგომლობას, მოსამართლე განჩინებით უარს იტყვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.“

 

წარმოდგენილი დებულება შინაარსით გარკვეულწილად მსგავსია კოდექსის ჯერ კიდევ მოქმედი 226-ე მუხლის პირველი ნაწილისა, თუმცა, მათ შორის არის პრინციპული განსხვავებანი, კერძოდ:

 

  • დაცვის მხარის უფლება უარი თქვას ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის განხილვაზე

 

მოქმედი ნორმა დეკლარაციულად აღიარებს ბრალდებულის უფლებას, უარი თქვას ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის განხილვაზე. თუმცა, ამავე დებულების მომდევნო წინადადება აზუსტებს გარემოებებს, თუ როდის აქვს მხარეს (ამ მიზნებისათვის დაცვის მხარეს) უფლება დააყენოს მსგავსი შუამდგომლობა. კერძოდ, როდესაც ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის განხილვა არსებითად დაარღვევს ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მოქმედი ნორმითვე აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილების უფლებამოსილება სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

 

წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, განსხვავებით მოქმედი ნორმისგან, მსგავსი შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა, თუ მას ეთანხმება ბრალდების მხარე (პროკურორი). შესაბამისად, შემოთავაზებული რედაქციის თანახმად, თუ ბრალდებული საფუძვლიანად მიუთითებს მისი უფლების დარღვევის საფრთხეზე, სასამართლოს არ აქვს უფლება შუამდგომლობის დაკმაყოფილებით თავიდან აიცილოს შესაძლო უფლებადარღვევა, თუ მასზე თანხმობას არ განაცხადებს პროკურორი.

 

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებულია  საქმის სამართლიანი განხილვის უფლება. ხსენებული უფლება განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლითა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლით.  უფლებით სარგებლობის სათანადო გარანტიები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელებისას რეგლამენტირებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. ცხადია, რომ ყველა პირს, რომელსაც ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს ისარგებლოს ამ უფლებითა და გარანტიებით. 

 

ქართულ სამართლებრივ სისტემაში ერთადერთი ორგანო, რომელსაც მართლმსაჯულების განხორციელებისას შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად, თავად სასამართლოა. აღნიშნული თვალნათლივ  ვლინდება თუნდაც მოსამართლეთა მიერ საქმეთა აცილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამდგენ ნორმებში. სწორედ სასამართლოა ის ორგანო, რომელსაც შეუძლია კანონით დადგენილ ფარგლებში საკუთარ თავს გაუწიოს კონტროლი და გადაწყვიტოს, შეძლებს თუ არა საქმის განხილვისას იყოს მიუკერძოებელი. 

 

წარმოდგენილი კანონპროექტი კი ამ მიდგომას პრაქტიკულად ცვლის. როგორც აღვნიშნეთ, ცვლილების თანახმად, თუ ბრალდებული სასამართლოს წინაშე არგუმენტირებულად დასაბუთებს, რომ მის მიმართ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის განხილვის შემთხვევაში, არსებითად დაირღვევა ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს უფლება, პროკურორის თანხმობის გარეშე სასამართლო ვერ შეძლებს ამ ტიპის დარღვევის თავიდან აცილებას. ეს სხვა არაფერია, თუ არა პროკურორისათვის ლეგიტიმური შესაძლებლობის მინიჭება, თავად გადაწყვიტოს ის საკითხი, რომელიც კონსტიტუციურად სასამართლო ხელისუფლების შტოს კომპეტენციას განეკუთვნება. 

 

საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.“

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ზოგადი დებულებანი, საქმეთა განხილვისას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის უზრუნველსაყოფად,  ითვალისწინებს ვალდებულებას, რომ სასამართლო სხდომაში ორივე მხარის მონაწილეობის შემთხვევაში, ერთი მხარის შუამდგომლობასთან ან საჩივართან დაკავშირებით სასამართლომ მოისმინოს მეორე მხარის აზრიც.

 

მნიშვნელოვანია, რომ საპროცესო კოდექსი შუამდგომლობის განხილვისას უთითებს მეორე მხარის მონაწილეობის გარანტიაზე, რაც შემოიფარგლება აზრის (პოზიციის) გამოხატვით. სწორედ ეს განაპირობებს პროცესის მხარეთა თანასწორობასაც და იძლევა საშუალებას შეჯიბრებითობის უზრუნველსაყოფად. თუ შუამდგომლობის დაკმაყოფილებას აუცილებლად ესაჭიროება მეორე მხარის თანხმობა, მაშინ აზრს კარგავს ასეთი შუამდგომლობის დასაბუთებულობის მოთხოვნაც, რადგან ეს წინააღმდეგობაში მოვა მოსამართლის, როგორც  არბიტრის ფუნქციასთან. ამავდროულად, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“ სასამართლო სწორედ როგორც არბიტრი, ისე გვევლინება და ის მხარეთა პოზიციების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების შედეგად იღებს გადაწყვეტილებას, რაც სრულ შესაბამისობაში მოდის მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციურ პრინციპთან. 

 

შეჯიბრებითი პროცესის პირობებში, ბუნებრივია, ბრალმდებლის ინტერესში შედის ბრალდებულის მსჯავრდება. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული შესაძლოა არგუმენტირებულად თვლიდეს, რომ მისი მსჯავრდება გარდაუვალი იქნება ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმის განხილვის შემთხვევაში, რაც განპირობებული იქნება სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულვებელყოფით, შუამდგომლობაზე თანხმობის განცხადება, შესაძლებელია მაინც არ იყოს პროკურორის ინტერესში.

 

ასევე, აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის ავტორის მიერ განმარტებით ბარათში მითითებულია: „…მართებულია (რომ) ბრალდებულის ასეთი შინაარსის შუამდგომლობა იყოს დასაბუთებული და იმავდროულად აღნიშნულ პროცედურებში ჩართულ იქნეს ასევე პროკურორი.“ გულწრფელად გვინდა მივიჩნიოთ, რომ კანონპროექტის ავტორს ხსენებული დასაბუთების დროს მხედველობიდან გამორჩა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ორი  მნიშვნელოვანი დებულება:

 

1. შუამდგომლობის დასაბუთებულობის საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმად: „…შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს, მასში კონკრეტულად უნდა იყოს გადმოცემული ჯერ მოთხოვნა და შემდეგ მოთხოვნის არგუმენტაცია და იგი უნდა ეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ საკითხებთან.“ 

 

2. ხსენებული შუამდგომლობის განხილვაში პროკურორის მონაწილეობა იმთავითვე გარანტირებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

 

  • ბრალდების მხარის უფლება უარი თქვას ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქმის განხილვაზე.

 

განსხვავებით კანონპროექტისაგან, მოქმედი ნორმა იძლევა შესაძლებლობას, მხარის (ამ მიზნებისათვის დიდი ალბათობით ბრალდების მხარის) შუამდგომლობის საფუძველზე, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე მოხდეს საქმის განხილვა, თუ დანაშაულის სიმძიმიდან ან ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ნაფიც მსაჯულთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან სხვაგვარად არსებითად იქნეს ხელყოფილი მათი ხელშეუხებლობა. მსგავს შემთხვევებს ალბათ ლოგიკურად უნდა მივაკუთვნოთ საქმეები, როდესაც განიხილება კრიმინალური ავტორიტეტების ან/და ორგანიზებული ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულები, როდესაც არსებობს საფრთხე, რომ ნაფიცი მსაჯულების სიცოცხლე, ჯანმრთელობა ან სხვაგვარი ხელშეუვალობა იქნება ხელყოფილი. ბრალდების მხარის ინტერესს ბუნებრივია უნდა წარმოადგენდეს ის, რომ ხსენებული საფრთხის გათვალისწინებით, დამნაშავემ თავიდან არ აიცილოს მოსალოდნელი პასუხისმგებლობა. 

 

წარმოდგენილი კანონპროექტი აღარ ითვალისწინებს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვის მსგავს შემთხვევას. შესაბამისად, უნდა მივიჩნიოთ, რომ ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, მიუხედავად ხსენებული გარემოებებისა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ნაფიც მსაჯულთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან სხვაგვარ ხელშეუვალობას, საქმეს მაინც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს.

 

მიგვაჩნია, რომ ვინაიდან აღნიშნული ცვლილება შესაძლებელია დაბრკოლებად იქცეს მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებისათვის, ხსენებული საფუძვლების არსებობისას და დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, შესაძლებელი უნდა იყოს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვა. შესაბამისად ვთვლით, რომ ცვლილებები არ უნდა შეეხოს არც ხსენებული ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმას (ნორმის ნაწილს).

 

ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, არამართებულად მიგვაჩნია საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ წარმოდგენილი ცვლილების განხორციელება, რადგანაც არსებული პროექტი ერთი მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციური მნიშვნელობის დებულებებთან, რაც წარმოშობს რისკს, რომ ბრალდებულს სასამართლოსაგან დამოუკიდებლად წაერთვას საქმის ობიექტური და სამართლიანი განხილვის უფლება და მეორე მხრივ, ცვლილება შეიძლება ხელშემშლელ ფაქტორად იქცეს ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის.

 

იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი არგუმენტები და  პოზიციები გახდება საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან სათანადო მსჯელობისა და განხილვის საგანი. გვჯერა, რომ ამ სახის თანამშრომლობა და აზრთა უერთიერთგაცვლა სამომავლოდაც შედეგიანი იქნება როგორც კანონშემოქმედებითი პროცესისათვის, ისე სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოების შორის დიალოგის წახალისებისა და განმტკიცებისათვის. “

მასალების გადაბეჭდვის წესი