კომენტარი

გიორგი ბარათაშვილი: პროდაქშენის კუთხით უნდა გადავიდეთ გარე წარმოებაზე

21 დეკემბერი, 2012 • • 1142
გიორგი ბარათაშვილი: პროდაქშენის კუთხით უნდა გადავიდეთ გარე წარმოებაზე

თქვენ იყავით არხის დირექტორის მოადგილე, მაშინ, როდესაც პრობლემები იყო არხზე, იგივე ფინანსებთან დაკავშირებით, იგივე საზოგადოების ნდობასთან დაკავშირებით, როგორ ხედავთ არხის განვითარებას მოცემული რეალობის ფონზე?

მთავარია, მოგვარდეს ფინანსური პრობლემები. სხვადასხვა წლებში დაგროვილი დავალიანება ძალიან დიდია. მთავარია, გაიწმინდოს მაუწყებელი ამ ძალიან დიდი დავალიანებისგან. აქ არის ვალდებულება კომერციული ბანკების, სახელმწიფოს წინაშე და ეს ძალიან დიდი თანხებია. ბევრია გასაკეთებელია იმისთვის, რომ 2013 წელი გახდეს ფინანსური კრიზისის მოგვარების წესი.

რის გაკეთებას გეგმავთ?

მოლაპარაკებებია დასაწყები ფინანსთა სამინისტროსთან. მე ტექნიკური დირექტორი ვიყავი და არ ვიხედებოდი ფინანსურ საკითხებში. დანარჩენს უკვე დრო გვანახებს. ჩემი ხედვა ის არის, რომ უნდა გადავიდეთ გარე წარმოებაზე. მე დიდი ხანია ამას ვამბობ, რომ გარე წარმოება არის მნიშვნელოვანი. კერძო სტუდიებს მივცემთ შესაძლებლობას თავისი პროდუქცია წარმოადგინონ. ჩემი ხედვა ესაა, რომ რაც კი არის პროდაქშენის კუთხით, გავიდეს გარეთ.

გიორგი ბარათაშვილი
გიორგი ბარათაშვილი

ანუ რას გულისხმობთ, ყველა გადაცემა, საინფორმაციო გამოშვებების გარდა?

კი, ყველა თოქშოუ, საინფორმაციო გამოშვების და დილის გარდა. პრიორიტეტებში იქნება ის, რომ მჭიდროდ ვიმუშავოთ შემოსავლების სამსახურთან, აუდიტის სამსახურთან, რომ მოხდეს მაუწყებლის შემოწმება. არ მოხდეს ისე, რომ ვიღაცის შეცდომის გამო ვალები დაგროვდეს.

თქვენ წლების მანძილზე ამ არხზე მუშაობთ, თუმცა თქვენი მიმართულება არის ტექნიკური. როგორ ფიქრობთ, ამ არხზე მთავარი საჭიროება არის ის, რომ ტექნიკურ სფეროში გამოცდილი ადამიანი იყოს ხელმძღვანელი?

ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მე ჩემს თავს ვხედავ როგორც მენეჯერს, მე ვიცი ტელევიზია, 21 წელია ტელევიზიაში ვმუშაობ, საინფორმაციოს მთავარი რეჟისორიც ვიყავი. ერთადერთი რაც არ გამიკეთებია, ჟურნალისტად არ მიმუშავია, ოპერატორიდან დაწყებული ყველა სტრუქტურაში მაქვს ნამუშევარი.

არხის საინფორმაციო გამოშვება ავიღოთ, მაგალითად, თუ გაკმაყოფილებთ?

საინფორმაციო გამოშვებაში ჩემთვის მთავარი კრიტერიუმია დაბალანსებული და ობიექტური.

არის ასეთი დღეს?

მოდი, თავი დავანებოთ, რა არის დღეს. მე არ ვყოფილვარ საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი.

თუმცა 21 წელია ტელევიზიაში მუშაობთ.

თუ დავინიშნე, მერე ვილაპარაკოთ ამაზე. ჩემი კრიტერიუმი ის იქნება, რომ საინფორმაციო იყოს ობიექტური, მე ამას გავაკეთებ, თუ მომცემენ საშუალებას.

რა საშუალებებს გამოიყენებთ?

ძალიან ბევრი საშუალებაა, მონიტორინგის, ტრენინგების. განვიხილოთ მისი მუშაობა ამ მონიტორინგის შედეგებით, თუ როგორი იქნება და მერე მივიღოთ რაღაც გადაწყვეტილებები.

უკანასკნელი წლების მანძილზე არაერთი ტრენინგი ჩატარებულა ამ არხზე ჟურნალისტებისთვის. იგივეს გაკეთებით, რა შეიცვლება?

სიახლე ერთ და ორ დღეში ვერ იქნება. საინფორმაციო სამსახურის მთავარი პრიორიტეტი რა არის? ის, რომ თქვას ფაქტი და ა.შ. ხომ? სიახლე საინფორმაციო სამსახურში, რას გულისხმობთ?

საზოგადოების გარკვეულ ნაწილს არ აკმაყოფილებს საინფორმაციო გამოშვების ხარისხი.

მე მესმის და შევეცდები, რომ მაუწყებელი იყოს მიუკერძოებელი. და არ იქნება ის, რაც ხალხს არ უნდა.

2013 წლის პრიორიტეტები უკვე განსაზღვრულია. თქვენ რა ფორმით გამოაცხადებთ ტენდერებს ამ გადაცემებზე?

შეიქმნება პროდიუსერთა, სამხატვრო საბჭოს მსგავსი, რომელიც ბორდის პრიორიტეტებზე განსაზღვარავს გადაცემებს და შემდეგ სხვადასხვა სტუდიები მიიღებენ მონაწილეობას და ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს.

რაც შეეხება პოლიტიკურ შოუებს?

კონკრეტულ წამყვანებზეა დამოკიდებული პოლიტიკური შოუების ხარისხი.

კარგით, მაშინ ვისაუბროთ თქვენს მიმართულებაზე, ტექნიკურ მხარეზე, მაუწყებლის ვიზუალსა და მაუწყებლობის ხარისხზე.

2015 წელს უნდა გადავიდეთ ციფრულ მაუწყებლობაზე, ციფრული მაუწყებლობა თავისთავად გამოასწორებს ხარისხს. თუმცა ხარისხი, საკაბელო ტელევიზიებს თუ შეხედავთ, ძალიან კარგია. მე ვამბობ ვიზუალურ ხარისხზე, რომელიც ტელევიზიიდან მოდის.

ჭანტურიას წასვლის ერთ-ერთ მიზეზად ის დასახელდა, რომ ვერ აიღებდა პასუხისმგებლობას თანამშრომლების გათავისუფლებაზე, თქვენ თუ გიფიქრიათ ამ თემაზე და თქვენ თუ აიღებთ პასუხისმგებლობას არხიდან თანაშმრომლების დათხოვნაზე.

დიახ, ეს აუცილებელია, არხის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე.

მასალების გადაბეჭდვის წესი