კომენტარი

‘პრემიერის ოჯახმა უნდა განიხილოს პოლიტიკასა და კუთვნილ მედიას შორის გამყოფი ზოლის მოდელები’

6 დეკემბერი, 2012 • 1106
‘პრემიერის ოჯახმა უნდა განიხილოს პოლიტიკასა და კუთვნილ მედიას შორის გამყოფი ზოლის მოდელები’

“არჩევნების შემდეგ საქართველოს ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა “მეცხრე არხის” გასხვისებასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გააკეთა. თუმცა კითხვებს ბადებს ბოლო პერიოდში “მეცხრე არხის” ირგვლივ განვითარებული მოვლენები. კერძოდ, საუბარია ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან კახა ბექაურის მოულოდნელ წასვლაზე, რომელიც სხვადასხვა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატად მოიაზრება.

 

კახა ბექაურის “მეცხრე არხიდან” წამოსვლამ 13 ჟურნალისტის, მათ შორის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თამარ რუხაძის მიერ მაუწყებლის დატოვება გამოიწვია. კახა ბექაურის ნაცვლად მაუწყებლის დირექტორად  ლუბა ელიაშვილი დაინიშნა, რომლის მეუღლე, შალვა შავგულიძე, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი და პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. სამწუხაროდ, “მეცხრე არხის” საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შექმნის დღიდან “მეცხრე არხის” გარშემო მიმდინარე მოვლენებზე და არხის პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე არც ერთხელ არ დაუფიქსირებია საჯაროდ საკუთარი პოზიცია,” – ნათქვამია განცხადებაში.

 

ორგანიზაციის მოსაზრებით, ინფორმაცია არხის რეორგანიზაციაზე საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს:

 

“ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია მედიასაშუალებების პოლიტიკისგან დამოუკიდებლად არსებობის აუცილებლობაზე. საჯარო მოხელეების, პოლიტიკოსების თუ მათთან ასოცირებული პირების მიერ არ უნდა ხდებოდეს მედიის საქმიანობაში პირდაპირი თუ ირიბი ჩარევა. ტელეკომპანია “მეცხრე არხის” რეორგანიზაციისა და სხვა ცვლილებების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. “მეცხრე არხმა” უნდა უზრუნველყოს ტელევიზიის ფინანსური შემოსავლების საჯაროობა. არხზე მომუშავე ჟურნალისტების უფლებები და სარედაქციო დამოუკიდებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული.”

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს”  განცხადების თანახმად, პრემიერმა პოლიტიკასა და კუთვნილ მედიასაშუალებებს შორის გამყოფი ზოლის მოდელები უნდა მოიფიქროს:

 

“პრემიერ-მინისტრის ოჯახმა უნდა განიხილოს პოლიტიკასა და მათ კუთვნილ მედიასაშუალებებს შორის (ინფო 9, ინფო ტვ და ტელეკომპანია თრიალეთში არსებული წილების ჩათვლით) გამყოფი ზოლის შექმნის მოდელები. ერთ-ერთ გზად, შესაძლოა, განიხილებოდეს კომპანიათა გასხვისება ან შემოწირულობის განხორციელება, რომელსაც შემდეგ დამოუკიდებელი გუნდი გაუწევდა მენეჯმენტს. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭომ კი, თავის მხრივ, ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, უზრუნველეყო მეცხრე არხის პოლიტიკური დამოუკიდებლობა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი