არასამთავრობო ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა პარლამენტს სახალხო დამცველის პოსტზე თამარ გურჩიანის კანდიდატურის განხილვის თხოვნით ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მიმართა. მესამე სექტორის ნაწილმა ლია მუხაშავარიას კანდიდატურის განხილვა მოითხოვა, ნაწილმა – უჩა ნანუაშვილის, ასევე – ნათია იმნაძის, გელა ნიკოლაიშვილისა და დიმიტრი ლორთქიფანიძის.
საბოლოო ჯამში, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ ისინი განიხილავდნენ ერთადერთ კანდიდატურას და ეს გახლდათ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ყოფილი თანამშრომელი ნინა ხატისკაცი.
თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრის დროს ბიძინა ივანიშვილმა პირობა მისცა მესამე სექტორის წარმომადგენლებს, რომ პარლამენტის კომიტეტებში მოუსმენდნენ სხვა კანდიდატებსაც, რის შემდეგ გადაწყვეტილება ამ მიმართულებით უმრავლესობის წევრებმაც შეცვალეს.
„არასამთავრობო სექტორი ერთ კანდიდატზე კი არა, ორზე და სამზეც ვერ შეჯერდა, ამიტომ სრულიად გასაგები არის, რომ ჩვენ უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება,“ – აცხადებს დავით ბერძენიშვილი.
პარლამენტის ვიცე სპიკერის მანანა კობახიძის თქმით, დეპუტატებს არ უნდა წაერთვათ კანდიდატის დასახელების უფლება:
„გადაწყვეტილების მიღების პროცესში მესამე სექტორის მონაწილეობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ვერ მოვისმინე სერიოზული არგუმენტები, რატომ არ შეიძლება ხატისკაცი იყოს სახალხო დამცველი, ან რატომ არის ის მიუღებელი?!“
გუშინ, 8 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობა ნინა ხატისკაცს შეხვდა და მისგან სამოქმედო გეგმა და ხედვები მოისმინა. პარლამენტის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა:
„მოსმენის შედეგად მე არა მგონია, შეიცვალოს ის გადაწყვეტილება, რომ უმრავლესობას ჰყავს თავისი კანდიდატი“.