კომენტარი

ღია წერილი საქართველოს პარლამენტს ქუთაისში პარლამენტის დატოვების შესახებ

9 ნოემბერი, 2012 • 1236
ღია წერილი საქართველოს პარლამენტს ქუთაისში პარლამენტის დატოვების შესახებ

ქუთაისი შეიცვალა, ბატონებო!

ქუთაისზე საუბრისას, რატომღაც ამ ქვეყანაში თავს აღარავინ იწუხებს, იყოს გულწრფელი. უშურველად მიმოფანტავენ ხოლმე მაღალფარდოვან სიტყვებს, პატიოსნად მოიხდიან ვალს ამ ქალაქის წარსული დიდების წინაშე და მორჩა, კარგად იყავით! ეს სახელი ტოტალურ მეტაფორად არის ქცეული, როდესაც ამბობენ – „ქუთაისი“, ქართველის წარმოსახვაში თითქოს ირთვება ერთგვარი სამგანზომილებიანი გამოსახულება. ცოცხალი ქუთაისელი ეს არის ავსა და კარგზე თავისებური შეხედულების მქონე მოძველბიჭო ელემენტი; ქალაქის შინაარსი თავმოყრილია უცნაურ ძეგლებში, იუმორითა და კეთილშობილებით სავსე მათ სახეებში; ხოლო მის მთელს ღირებულებასა და მნიშვნელობას გამოხატავს ლეგენდა, თუ როგორ გადაარჩინა მან ერთ დროს საქართველოს მომაკვდავი დედაქალაქი. ქუთაისი შეიცვალა, ბატონებო, ეს ის ქალაქი აღარ არის, თქვენ რომ იცნობდით და ამის დანახვა თუ გინდათ, უნდა გაიხსენოთ ის თითქმის ორასი ათასი ადამიანი, ამ ქალაქის ყოველდღიურ მტვერში რომ მიიკვლევს გზას მომავლისაკენ. მათ დღეს ეგზოტიკური, მაგრამ სრულიად გამოუსადეგარი ნივთებივით ექცევიან, რომელთაც ვერაფრით სახლში ადგილი ვერ მოუძებნეს.

ქუთაისი ეძებს საკუთარ თავს!

ორი სიტყვით: ქუთაისი სრულიად დამოუკიდებელი ქალაქია, ის არ არის პროვინცია, არ აკოპირებს სასიცოცხლო ინტერესებსა და სხვისი ცხოვრებითაც არასოდეს უცხოვრია. ამიტომ აქვს მას ასეთი განუმეორებელი ენერგეტიკა. ის მყარად დგას საკუთარ ფესვებზე, საკუთარ გმირებზე, ძეგლებზე, კერპებზე, ღირებულებებზე, რომლებიც მისთვის არც თუ იშვიათად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ზოგადქართული ყოფიერება და ცხოვრების წესი. მეოცე საუკუნის დასაწყისში მან მართაც დიდი როლი ითამაშა ქართული კულტურის ჩამოყალიბებაში, ქალაქის სახეც ამ პერიოდში გამოიკვეთა, შეიძინა რა თავდაჯერება და ერთგვარი ისტორიული ფუნქციაც. თუმცა, გასაბჭოების შემდეგ ინდუსტრიულ ცენტრად მისი გადაქცევის მცდელობამ, ის უცნაურ სიმბიოზად გადააქცია, ერთმანეთში აირივნენ კლასიკური და ავანგარდისტული გმირები. ქუთაისი, ასე ვთქვათ, თავის ფესვებიანად გასცდა ლოკალურ ნაციონალურ ჩარჩოებს. საბჭოეთის დაშლის შემდეგ, მან ინდუსტრიული როლიც დაკარგა და კულტურულიც, მას ხელთავიდან მოუხდა საარსებო ფუნქციის ძიება. თბილისმა ერთპიროვნულად მიითვისა ყველა ისტორიული ფუნქცია და ერთადერთ დომინანტ ქალაქად იქცა საქართველოში და ამაში ლომის წილი ზუსტად პოლიტიკურ სტრუქტურებს მიუძღვით. მოკლედ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ვერაფრით ქუთაისმა საკუთარი თავი ვეღარ იპოვა, ამ დანიშნულების გარეშე კი მას თითქოს მომავალი არ უწერია. ამიტომაც იყო, რომ პარლამენტის იდეას ის ასე თავგანწირვით ჩაებღაუჭა, როგორც გადარჩენის ერთადერთ შანსს. 

იზოლაცია რომელიც უნდა დასრულდეს!

აქ საქმე იმაში არ არის, თუ რას დახარჯავს ან რამდენს იშოვის ეს ქალაქი ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში. მთავარი პრობლემა ფსიქოლოგიურია. ახალი ამბავი არ არის, რომ ქუთაისი (იმერეთის რეგიონი და ზოგადად დასავლეთ საქართველო) ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური საბადოა. თუმცა ის ახლა საკუთარი თავის მხოლოდ აჩრდილია. შესაძლოა ის კარგი მაყურებელიც არის, კარგი შემფასებელიც, მაგრამ არა შემოქმედი და მწარმოებელი. იმიტომ კი არა, რომ ამ ქალაქში აღარ დადიან დიდი ადამიანები, უბრალოდ ისინი გულგატეხილნი იკეტებიან თავიანთ ოთახებში და სინანულით ადევნებენ თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ცისფერი ეკრანებიდან მომზირალ ბედნიერ მქადაგებლებს. ამ ადამიანების ხმა ვერ აღწევს ერის ყურამდე და თავს სულაც არ მიიჩნევენ ქართული სახელმწიფოსა და კულტურული სივრცის სრულფასოვან წევრებად. პირიქით, უჩნდებათ ამ სივრცისათვის დამახასიათებელი ღირებულებებისადმი დაპირისპირების სურვილი. ე. წ. იზოლაციონიზმი მათში აყალიბებს რადიკალურ განწყობებს, არიან სრული მარგინალიზაციისაკენ მიდრეკილნი. აქ ყველაზე პოპულარულ ესთეტიკურ ემოციებს ისევ მიწისქვეშეთიდან ამოძახილები გამოხატავენ, საიდანაც ხშირად შემოგესმებათ გამონათქვამები: „თბილისური სნობიზმი“, „თბილისური პროვინციალიზმი“ და ა. შ.

უფსკრული რომელიც ღრმავდება!

სხვათა შორის, ე. წ. აფხაზური საკითხის მკვლევარმა ისტორიკოსებმა თითქოს ახლა მიაგნეს ამ დამანგრეველი პრობლემის სათავეს, თუმცა ქუთაისში ამის შესახებ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რადგან ეს პრობლემა ჩვენთვისაც ორგანულია, რა მწარე მოსასმენიც არ უნდა იყოს ეს. ჩვენ ვთვლით, რომ აფხაზური პრობლემა ჩვენს შორის კულტურული უფსკრულის გაჩენამ, ისტორიულმა გაუცხოებამ წარმოშვა, რაც სწორედ ზემოთ ნახსენებმა იზოლაციონიზმმა განაპირობა. ქართულმა ისტორიოგრაფიამ და შემდგომ ქართულმა ე. წ. მეცნიერულ-ეზოთერულმა ნაციონალიზმმა ყველაფერი გააკეთა, რომ სრულიად წაეშალა ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე ამ ხალხის უდიდესი დამსახურება, საქართველოს გაერთიანებისა და სახელმწიფოდ ქცევის საქმეში, რამაც ადგილი და მოტივაცია აღარ დავუტოვა ამ ხალხს მომავალ ქართულ სახელმწიფოში. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს უფსკრული ისევ არ გაჩნდება ჩვენს შორის, ძალიანაც ცდება. ეს უფსკრული ყველგან შეიძლება გაჩნდეს, საკუთარ ოჯახში და საკუთარ თავშიც კი. გვქონდეს ეს მხედველობაში.

ქუთაისის გადარჩენის სარგებელი და ღირებულება

დაფიქრდით, ქართულ სახელმწიფოს მთელი საქართველო აშენებს და დაუშვებელია ამ სივრცეში არსებობდეს ისეთი ტოტალური კულტურული და პოლიტიკური იერარქია, როგორიც ახლა არსებობს. ქუთაისს უნდა მიეცეს შანსი, იგრძნოს ჩართულობა ქართული სახელმწიფოებრიობის შენების საქმეში. ეს ჩართულობა ხელს შეუწყობს საერთო ეროვნული ცნობიერების მობილიზებას. არა მარტო ქუთაისი, მთელი დასავლეთ საქართველო აღმოჩნდება ქართული პოლიტიკისა და კულტურის მოქმედების ეპიცენტრში და მათი საზოგადოებრივი მოღვაწეობის მოტივაცია, ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში ჩართულობის ხარისხი მაქსიმალურად გაიზრდება. და ამისათვის ღირს მართლაც დაღლა, ღირს თბილისიდან ქუთაისისკენ შეუსვენებელი სირბილი. ჩვენ არ გვაქვს უფლება ეს რესურსი გამოუყენებელი დავტოვოთ. დღეს გვეუბნებიან თითქოს საქართველოს მსგავს ღარიბ ქვეყანას არა აქვს ისეთი ფუფუნების უფლება, რომ პარლამენტს მისცეს ქუთაისში ფუნქციონირების საშუალება (სულ რამდენიმე ათეული ათასი ლარის გამო), ჩვენ კი ვამბობთ, რომ საქართველოს მსგავს ღარიბ ქვეყანას, რომელიც უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, არ აქვს ისეთი ფუფუნების უფლება, რომ სრულიად გამოუყენებელი და კონსერვირებული დატოვოს ამ ხალხის ინტელექტუალური რესურსი. 

კონსტიტუცია… რომელიც ყველაფერზე მეტია!

და კიდევ: პატივი ეცით კონსტიტუციას, რადგან მხოლოდ ის წარმოადგენს დღეს ჩვენი ერთიანობისა და თანამშრომლობის საფუძველს და არა გაუთავებელი, დამღლელი და არაფრისმომცემი ექსკურსიები ისტორიულ წარსულში. კონსტიტუციაზე ძალადობა კი არ ჭრის პრობლემებს, ამრავლებს მათ. საიდანღაც მისი პატივისცემა უნდა დაიწყოს და ყველაზე მყარ საწყისად ამისათვის სწორედ უმართებულო კანონთან ჩვენი დამოკიდებულების გამოვლენა შეიძლება იქცეს. რა თქმა უნდა, ცუდი კანონებით ცხოვრებისკენ არ მოგიწოდებთ. მოვიყვანთ ერთი მეტყველ მაგალითს ქართული ლიტერატურიდან. ერთხელ ერთმა მეფემ დაინახა როგორ მოათრევდა ერთი კაცი უზარმაზარ ლოდს ქალაქის ცენტრში. შეეცოდა მეფეს კაცი და უბრძანა, დადე მანდ მაგ ქვაო, კაცმაც დადო ქვა. მეფე მალე მოკვდა, ქალაქის ცენტრში წამომართულმა ამ უზარმაზარმა ლოდმა კი უამრავი ხიფათი შეამთხვია მის მცხოვრებლებს, რომლებმაც ბოლოსდაბოლოს ~მიმართეს თხოვნით მეფეს, რომ მამამისის მიერ დაუფიქრებლად და უმიზნოდ დატოვებული ეს ლოდი აეღოთ იმ ადგილიდან. მაგრამ მეფემ სიტყვის (იგ. კანონის) პატივისცემის სახელით უარი თქვა მის აღებაზე, და ასე იქცა უბრალო ლოდი კანონის ქვად. ეს მეტაფორა იმ აზრს ასიმბოლოებს, რომ შესაძლოა ქუთაისში პარლამენტის გადმოტანის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად იქნა მიღებული, რაც ყოვლად დაუშვებელია ნორმალური საზოგადოებისთვის, ამგვარი საკითხების გადაწყვეტას ხანგრძლივი გამოკითხვები და დისკუსიები უნდა უძღოდეს წინ, მაგრამ ეს უკვე კანონია, ეს კონსტიტუციის ნაწილია და ვაქციოთ ეს მოვლენა კანონზე ხელშეუხებლობის სიმბოლოდ. 

დაეხმარეთ ქუთაისს – ეს თქვენია ვალია ბატონებო!!!

მოკლედ, ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ, არასოდეს გავჩუმებულვართ და არავისთვის მოგვიხრია ქედი, გარდა ჭეშმარიტებისა. და ახლა ეს თავისუფალი ადამიანები გთხოვთ თქვენ, კანონშემოქმედთ – დატოვეთ პარლამენტი ქუთაისში! ყბადაღებული თემა, თითქოს ქუთაისმა და ზოგადად დასავლეთ საქართველომ გადაუსხა სისხლი თბილისს, მწარე სინამდვილეა წარსულიდან ადევნებული, ახლა სისხლგამოცლილია ეს ქალაქი და მას დახმარება სჭირდება. დაეხმარეთ მას და დარწმუნებული იყავით, რომ ამაგს ის ასმაგად გადაიხდის. მას საკუთარი პოტენციის გამოვლენის რეალური შანსი სჭირდება და არა თვალებში ნაცრის შეყრა, თითქოს ის როდესმე საუნივერსიტეტო ქალაქად იქცევა. ხოლო რაც შეეხება, 
კომუნალური პირობების სავალალო მდგომარეობისათვის ხაზგასმას, რაც ყოველთვის აწუხებდა ამ ქალაქს, არც მეტი არც ნაკლები, ცინიზმია. ამ ქვეყანას არაფერში სჭირდება ისეთი პარლამენტი, რომელიც პრობლემებს გაურბის. პრობლემებს კი არ უნდა გაექცეთ, ისინი უნდა გადაჭრათ ბატონო პარლამენტარებო.

P.S. ამ წერილის ავტორები არ აპირებენ შემოიფარგლონ საკუთარი შეხედულებების დაფიქსირების მხოლოდ ამ ფორმით და მზად არიან, ნებისმიერი ფორმატის ფარგლებში განაგრძონ დისკუსიები. ეს ბრძოლის დასაწყისია, ვიწყებთ ხელმოწერებისა და თანამოაზრეების შეგროვებას, იმედია პატივს სცემთ ჩვენს აზრსა და სწორად იქნება გაგებული ამ წერილში წარმოდგენილი ყოველი სიტყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი