კომენტარი

ჰომოფობია ომბუდსმენობის კანდიდატების დისკუსიაში

5 ნოემბერი, 2012 • 2316
ჰომოფობია ომბუდსმენობის კანდიდატების დისკუსიაში

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ომბუდსმენობის კანდიდატებისა და მათი მომხრეების მიერ წარმართულმა კამპანიამ კიდევ უფრო ცხადი გახადა საზოგადოებაში არსებული ფუნდამენტური განსხვავებები, რაც ადამიანის უფლებების კონცეპტსა და მასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულ ტერმინებში ჩადებულ შინაარსებს უკავშირდება. აღმოჩნდა, რომ დემოკრატია ნაწილს ესმის როგორც უმრავლესობის დიქტატი, ზოგს პირიქით – უმრავლესობის ძალაუფლების შეზღუდვა. ზოგი, დისიდენტური წარსულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებებს ძირითადად პოლიტპატიმრების კონტექსტში განსაზღვრავს, ზოგისათვის ადამიანის უფლებათა უნივერსალურობა და საყოველთაობა  დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, ზოგსაც დეპუტატობა და სახალხო დამცველობა ერევა ერთმანეთში და თვლის, რომ მხარდამჭერთა რაოდენობა უპირობო უპირატესობას ანიჭებს სახალხო დამცველის თანამდებობის დასაკავებლად.

საზოგადოების მოლოდინებიც ამის შესაბამისად არის გადანაწილებული. იმის გარდა, რომ ჩვენი მომავალი სახალხო დამცველი პრინციპული და პოლიტიკურად არაანგაჟირებული უნდა იყოს და ყველას უფლებებს უნდა იცავდეს, სხვა კრიტერიუმებზე ვერც კი შევთანხმდით.  თუმცა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, აღმოჩნდა, რომ არც ”ყველაში” ვდებთ ერთსა და იმავე აზრს და უფლებების დაცვაც სხვადასხვაგვარად გვესმის.

და მაინც, ზემოთ მოყვანილი ფუნდამენტური განსხვავებების მიუხედავად, კანდიდატების მოწონება/არმოწონებაში, ისევე როგორც 4 წლის წინ, განმსაზღვრელი მაინც ლგბტ ჯგუფების მიმართ დამოკიდებულება აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ლია მუხაშავრიამ ბოლო კვირაში ამ თვალსაზრისით უმრავლესობის განწყობების გათვალისწინებით გაცილებით მიუღებელი პოზიცია დააფიქსირა ერთსქესიან ქორწინებებთან დაკავშირებით, საზოგადოების ჰომოფობი ნაწილისათვის მაინც თამარ გურჩიანის კანდიდატურა აღმოჩნდა უფრო ”საშიში”, რომელიც თავიდანვე მშვიდად პასუხობდა ჟურნალისტთა ”ჩამჭრელ” შეკითხვებს, რომ ის არ ყოფდა საზოგადოებას პირველ და მეორეხარისხოვან ადამიანებად. მეორე მხრივ, დიმიტრი ლორთქიფანიძისათვის სწორედ დეკლარირებული ჰომოფობია გახდა  მთავარი ბარიერი (უკვე მეორეჯერ) ომბუდსმენის პოსტის დასაკავებლად.   

საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიის მაღალი ფონის მიუხედავად, ვფიქრობ, ჰომოსექსუალობის თემის ომბუდსმენობის კანდიდატების შერჩევის პროცესის საკვანძო საკითხად  ქცევა მაინც დიმიტრი ლორთქიფანიძის მონაწილეობას უკავშირდება. ამაში მხოლოდ ჰომოსექსუალთა მისამართით გაკეთებულ ოდიოზურ განცხადებებს არ ვგულისხმობ. პარლამენტს მიღმა დარჩენილი პოლიტიკოსის გადაწყვეტილებამ, გამხდარიყო ხალხის რჩეული ამჯერად სახალხო დამცველის თანამდებობაზე, მთლიანად შეცვალა ეს პროცესი და პროცესი აგრესიული წინასაარჩევნო კამპანიის ერთგვარ გაგრძელებად აქცია. ქართულ პოლიტიკაში ელექტორატის მობილიზაციის მეთოდების აგრესიულმა სტილმა, რომელიც ძირითადად ოპონენტისაგან მტრის ხატის შექმნასა და სოციალური ფობიების გაღვივებაში გამოიხატება, ამჯერად ომბუდსმენობის კანდიდატებთან მოწყობილ სატელევიზო თოქ-შოუებსა თუ სხვა საჯარო სივრცეში გამართულ შეხვედრებში გადმოინაცვლა.

ქართველი პოლიტიკოსების ერთი ნაწილისათვის დამახასიათებელ ჩვევას, ყვირილით გადაფაროს არგუმენტების არქონა ან  რიხითა და აპლომბით ილაპარაკონ სისულელეები ისეთ საკითხებზეც კი, რომელზე წარმოდგენაც კი არა აქვთ (მაგალითისთვის შეგიძლიათ იხილოთ დიმიტრი ლორთქიფანიძის წიაღსვლები ”ერთსქესიანი ქორწინებიდან გამომდინარე მამათმავლობის”, ჰერმაფროდიტების ჰომოსექსუალობაზე, როგორც ნაკლზე, ტრანსგენდერობაზე, როგორც ”ჰომოსექსუალობის ჩანართის” თაობაზე გადაცემა ”აქცენტებში”.#), გარკვეულწილად გავლენა სხვა კანდიდატების რიტორიკაზეც მოახდინა (ვგულისხმობ ჰაინრიხ ბიოლის ფონდში 24 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთი კანდიდატის მიერ გაკეთებულ პოპულისტურ და, ჩემი აზრით, უპასუხსმგებლო განცხადება-დაპირებებს პატიმართა მიმართ, რაც სცილდება სახალხო დამცველის კომპეტენციას).

მედიაში ჰომოფობიური სიძულვილის ენის კვლევის ათწლიანი გამოცდილება და მონიტორინგის პროცესში მოგროვილი მასალა მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჰომსექსუალობის საკითხი უკიდურესად პოლიტიზებულია ჩვენს ქვეყანაში. ჰომოფობიის პირველი პიკი მედიაში 1998-2003 წლებში შეინიშნება და მოქალაქეთა კავშირში განხეთქილების პარალელურად უფრო და უფრო გაძლიერდა. ქართულ პოლიტიკაში ლიბერალური დისკურსის შემოტანასთან ერთად, ჰომოსექსუალობის თემას პოლიტიკური დატვირთვა მიეცა. სექსუალური ორიენტაცია, აღმსარებლობასა და ეთნიკურ მიკუთვნებულობასთან ერთად, პოლიტიკური ოპონენტის „დისკრედიტირების“ ყველაზე გავრცელებული მეთოდი გახდა.

საბჭოური მითის გაცოცხლებამ ჰომოსექსუალობის დასავლური „წარმომავლობის“ შესახებ შესაძლებელი გახადა ჰომოსექსუალობის კონცეპტის ხელოვნური „მიბმა“ დასავლურ, ლიბერალურ ღირებულებებთან და იმ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელიც სწორედ ამ ფასეულობებზე აპელირებდა ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში. ჰომოსექსუალობის წარმოჩენამ, როგორც საფრთხისა, რომელიც „გადაგვარებით ემუქრება ქართველ ერს“, და „ეწინააღმდეგება ქართულ ტრადიციებსა და მართლმადიდებლობას“, პოლიტიკური კონტექსტი შეიძინა.

მიუხედავად იმისა, რომ პრეტენზიას სწორედ იმ პოზიციის დასაკავებლად აცხადებს, რომელიც დასავლური სამყაროსა და ლიბერალური ღირებულებების პირმშოდ შეიძლება ჩავთვალოთ, ყოფილი პარლამენტარი ინერციით სწორედ ამავე დისკურსში ცდილობდა  არა მხოლოდ ოპონენტის, არამედ ზოგადად უფლებადამცველი ორგანიზაციების დისკრედიტაციას, რომლებიც თამარ გურჩიანის კანდიდატურას უჭერდნენ მხარს. უმოქმედობასა და მიკერძოებულობაში დადანაშაულების  გარდა, პარლამენტარმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ უნდობლობის მიზეზად ”უცხო ქვეყნის ბიუჯეტიდან” დაფინანსება დაასახელა: ”რაც შეეხება ნდობას არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომელთა ბიუჯეტები ივსება უცხო ქვეყნის ბიუჯეტებიდან, გარკვეულ კონტროლს საჭიროებს საზოგადოების მხრიდან.”

პარლამენტარისა და მისი მხარდაჭერების თავის მართლება, რომ ლორთქიფანიძის განცხადებები ჰომოფობიური არაა, კახა კუკავას განცხადება, რომ ”თავისუფალი საქართველოს” წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლს ქსენოფობიური შინაარსი არ ჰქონდა, ახლად არჩეული პარლამენტარის ბოდიში ქსენოფობიურ გამონათქვამებზე და სხვა და სხვა, იმაზე მიგვანიშნებს, რომ ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა გააცნობიერა, რომ ქსენოფობიური განცხადებების გაკეთება პოლიტიკურ მეინსტრიმში მოხვედრის გარანტი არაა და მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ საჯარო გამოსვლებს.

კამპანიის განმავლობაში არაერთგზის გაეცა პასუხი მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხსაც, რაც ”ჰომოსექსუალობის პროპაგანდას” უკავშირდება.

კვლევები, რომებიც ლგბტ ჯგუფის/საკითხების მიმართ დამოკიდებულებას სწავლობენ სხვადასხვა ქვეყნებში, ნათლად აჩვენებს განსხვავებათა ფართო სპექტრს.

ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევებმა# აჩვენა, რომ ეს განსხვავებულობა ორ მნიშვნელოვან ასპექტს ეფუძნება. პირველი ასპექტი უკავშირდება ეროვნულ, რელიგიურ და ტრადიციულ ფასეულობებს გენდერის, სექსუალობისა და ოჯახის საკითხებთან მიმართებაში. მეორე ასპექტი საჯარო და პრივატული სფეროს განსხვავებულ აღქმასა და, შესაბამისად, ლგბტ ჯგუფის ხილვადობას უკავშირდება#. საჯარო სივრცეში ლგბტ ადამიანების გამოჩენა ავტომატურად აღიქმება როგორც „ჰომოსექსუალობის პროპაგანდა“.  საჯარო სივრცის პურიფიკაცია ლგბტ ადამიანებისაგან დღემდე რჩება ერთ–ერთ მთავარ მობილიზაციურ სტრატეგიად, რომელსაც აქტიურად მიმართავენ როგორც რელიგიური ორგანიზაციების, ისე, ცალკეული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები#.

ზოგიერთი უფლებადამცველის ხმამაღალ განცხადებებს ”ჰომოსექსუალობის პროპაგანდასთან” დაკავშირებით მედიაში მწვავე დებატები მოჰყვა#. ბევრისაგან განსხვავებით, მოულოდნელობის განცდა ნამდვილად არ მქონია. საბჭოთა რეჟიმთან მებრძოლი დისიდენტური საქმიანობა 80–იანი წლების ბოლოს რატომღაც ავტომატურად გადაითარგმნა როგორც ადამიანის უფლებების დაცვა. გამოცდილებამ კი სხვა სურათი გვაჩვენა – იშვიათი გამონაკლისების გარდა, ზოგი ანტისემიტი აღმოჩნდა, ზოგი ნაციონალისტი და ზოგიც სექსისტი. ამით სულ არ მინდა დავაკნინო ან ეჭვქვეშ დავაყენო ამ ადამიანების სიმამაცე და შეუპოვრობა. ვისაც საბჭოთა რეჟიმში ცხოვრებამ მოუწია, კარგად იცის, თუ რას ნიშნავს ტოტალიტარულ სახელმწიფო მანქანასთან დაპირისპირება. არც მათი მხარდაჭერების გულწრფელობაში მეპარება ეჭვი. პოლიტპატიმრების თემა არც პოსტ-საბჭოთა პერიოდში გამხდარა ნაკლებ აქტუალური. თუმცა მათი ნაწილი არათუ ჩარჩა ამ დისკურსში, არამედ, როგორც ზემოთ ავღნიშნე, ნორმად თვლის ცალკეული ჯგუფების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებასა და ადამიანების შეურაცხყოფას. რეალურად კი, როგორც სტაჟიან უფლებადამცველებს, კარგად უნდა ესმოდეთ, რომ დაუშვებელია ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის გამართლება საზოგადოებრივ მორალზე, კულტურაზე ან ტრადიციებზე აპელირებით.

ამ მხრივ მისასალმებელია, რომ კამპანიის განმავლობაში ლგბტ ჯგუფის საკითხებზე მსჯელობისას რამდენჯერმე გაჟღერდა, რომ სექსუალური ორიენტაცია ადამიანის იდენტობის ისეთივე შემადგენელი ნაწილია, როგორც სქესი, ეთნიკური მიკუთვნებულობა ან ასაკი და სიტყვათშეთანხმება ”ჰომოსექსუალობის პროპაგანდა” დამატებით ახსნა-განმარტებებს მოითხოვს. ოღონდ არა ”მსოფლიოში აღიარებული ფსიქოლოგის” პოლ კემერონის სიტყვებზე დაყრდნობით, რომლის ციტირებაც ასე უყვარს ყოფილ პარლამენტარს. ცოტა მეტი ინტერესი რომ გამოეჩინა ამ ადამიანის პროფესიონალიზმის და იდეების მიმართ, ადვილად აღმოაჩენდა, რომ კემერონი ”ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ” 30 წლის წინ გარიცხა თავისი რიგებიდან, ”ამერიკის სოციოლოგთა ასოციაციამ” და ”კანადის ფსიქოლოგთა ასოციაციამ” კი მას კვლევების შედეგების გაყალბება წაუყენა ბრალად. გარდა ამისა, კრიტიკის საგანი გახდა კემერონის წიგნი – ”სექსუალური გრადუალიზმი”, რომელშიც ”მსოფლიოში აღიარებული ფსიქოლოგი” მშობლებსა და რელიგიურ ლიდერებს არწმუნებს, ბავშვების ჰომოსექსუალად ჩამოყალიბების პრევენციისათვის მოზარდები ადრეულ ასაკშივე ჩართონ ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებში. საფეხურებისა და სავარჯიშოების აღწერით თავს აღარ შეგაწყენთ, პორნოგრაფიის პორპაგანდაში რომ არ დამდონ ბრალი.  


 

ცხადია, ყველაფერს აქვს თავისი პლიუსები და მინუსები. კანდიდატების მონაწილეობამ საჯარო დებატებსა და სხვადასხვა ტელე თუ რადიოგადაცემებში საშუალება მოგვცა შეგვეფასებინა კონკრეტული კანდიდატები. მეორე მხრივ კი ვთვლი, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დამკვიდრებული ბრძოლის მეთოდების გამოყენებამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს და იმ საკითხის წინ წამოწევამ, რომელთან დაკავშირებითაც როგორც კანდიდატებს, ისე საზოგადოებას რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ, გარკვეულწილად გვაზარალა კიდეც, რადგან სხვა დანარჩენმა საკითხებმა უკანა პლანზე გადაინაცვლა (ამაში დიდი წვლილი ჩვენს ანგაჟირებულ და სანახაობაზე ორიენტირებულ მედიასაც მიუძღვის). ორპოლუსიან საზოგადოებაში კი ადამიანი ვერასოდეს იქცევა მთავარ ღირებულებად.

ჯერი ახლა ახლად არჩეულ პარლამენტზეა. ვნახოთ, რა ფასეულობები აღმოჩნდება მათთვის მთავარი, არა დეკლარირების, არამედ კონკრეტული ნაბიჯების დონეზე.

ეკა აღდგომელაშვილი
ეკა აღდგომელაშვილი

ავტორის შესახებ:

ეკა აღდგომელაშვილი არის უფლებადამცველი, გენდერის ექსპერტი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ხელმძღვანელი

მასალების გადაბეჭდვის წესი