კომენტარი

ახალი რეალობა

8 ოქტომბერი, 2012 • 1210
ახალი რეალობა

შორს ვარ იმ აზრიდან, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, როგორც ამას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ცდილობენ  დაგვაჯერონ. მმართველი გუნდი კი დამარცხდა, მაგრამ არჩევნების წინ შექმნილ მდგომარეობას მათ მიერ აღებული ხმების რაოდენობას თუ შევადარებთ, აშკარაა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებისა და გაყალბების მეთოდების გამოყენებით მოახერხეს მაქსიმალური შედეგის ჩვენება. მმართველმა გუნდმა არჩევნები საკმაოდ რაციონალურ გათვლებზე დაყრდნობით ჩაატარა. მართალია, მან უმრავლესობა დაკარგა, მაგრამ ე.წ. „ზომიერი გაყალბების“ შედეგად შეინარჩუნა დეპუტატთა არცთუ მცირე რაოდენობა პარლამენტში, შექმნა არჩევნების სამართლიანად ჩატარების ილუზია და მსოფლიოს თვალში წარმოჩინდა, როგორც პირველი ქართული ხელისუფლება, რომელმაც ძალაუფლება არჩევნების გზით დათმო.

 

რაც შეეხება “ქართულ ოცნებას”,  მათ საკმაოდ რთულ ვითარებაში მოახერხეს გამარჯვება, მაგრამ წარმატების შედეგად თითქოსდა მოდუნებულებს ხელისუფლებამ რამდენიმე რეგიონში ხელიდან გამოსტაცა მაჟორიტართა მანდატი. ერთწლიანი შთამბეჭდავი ბრძოლის შემდეგ არჩევნების დღეს პირველი დიდი შეცდომა, რაც ოპოზიციამ დაუშვა, გამარჯვებისადმი ემოციური მიდგომა იყო. მაშინ, როცა თბილისში “ოცნების” მხარდამჭერები გამარჯვებას ზეიმობდნენ, რეგიონებში ოპონენტის მოდუნებით გათამამებული ხელისუფლების წარმომადგენლები გაყალბების ძველი მეთოდების გამოყენებით შეძლებისდაგვარად იმატებდნენ ხმებს. სწორედ ამის შედეგად მიიღო „ოცნებამ“ იმაზე ნაკლები წარმომადგენელი პარლამენტში, ვიდრე მინიმალურ ზღვრად ასახელებდნენ მისი გამარჯვებით აჟიტირებული ლიდერები.

 

პარტიების მიერ მიღებულ სარგებელსა და მათ მიერ დაშვებულ შეცდომებს რომ მოვწყდეთ და ყურადღება იმაზე გავამახვილოთ, თუ რა მიიღო საქართველომ ამ არჩევნების შედეგად, პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ქვეყანამ თავიდან აიცილა სერიოზული არეულობა, როგორც ამას უცხოელ და ქართველ ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი ვარაუდობდა. გარდა ამისა, სახელმწიფომ საერთაშორისო ასპარეზზე შეინარჩუნა დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი. ასევე, პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში მოხდა ძალაუფლების არჩევნების გზით გადაცემის პრეცედენტი. დადებითია ისიც, რომ პარლამენტი აღარ იქნება ერთპარტიული.

 

მიუხედევად იმისა, რომ საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე პოლიტიკური პარტიის არსებობის მხარდამჭერი ვარ, ასევე დადებითად ვაფასებ “ქრისტიან-დემოკრატების” პარლამენტს გარეთ დარჩენას. ამჯერად ხელისუფლებისთვის მათი საშუალებით მრავალპარტიული პარლამენტის ილუზიის შექმნის აუცილებლობა არ არსებობდა და როგორც მოსალოდნელი იყო, ფსევდოოპოზიციურმა პარტიამ მინიმალური ზღვარიც კი ვერ გადალახა. გარდა ამისა, პოლიტიკურ ძალას, რომელიც პოპულიზმის საშუალებით ცდილობს საზოგადოებაში არსებული რელიგიური მგრძნობიარობის საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოყენებას, პროგრესული ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში არაფერი ესაქმება. 

 

ასეა თუ ისე, არჩევნები შედგა, გამარჯვებული გუნდი სახეზეა და სწორედ მას მოუწევს გაცემულ დაპირებების შესრულებაზე პასუხისმგებლობის აღება. ბევრს საუბრობენ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით სერიოზული ოპოზიციის არსებობაზეც, რაშიც მე პირადად ეჭვი მეპარება, ვინაიდან ქვეყანაში სამართლის აღდგენის შემდეგ პარტიის გამორჩეულ სახეთა დიდი ნაწილი პოლიტიკურ კარიერას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გააგრძელებს, რისი აუცილებლობაც არსებობს ობიექტური და არა რევანშისტული სასამართლოს პირობებში, რათა მმართველ ელიტაში გამეფებული დაუსჯელობის სინდრომი აღმოიფხვრას. 

 

შესაბამისად, საკმაოდ დასუსტებული „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერი ოპოზიციის როლს ვერ შეასრულებს. მისი ძლიერება ხომ არა მყარ იდეოლოგიას და მოსახლეობისთვის მიმზიდველ სამოქმედო გეგმას, არამედ ცნობად სახეებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს ეყრდნობა, ხოლო ამ უკანასკნელთა ხელიდან გამოცლის შემთხვევაში ის ძალიან დასუსტდება. ამ შემთხვევაში კი ხელისუფლებას ოპონირება ძლიერმა სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა გაუწიოს და ერთხელ და სამუდამოდ უნდა შემუშავდეს ხელისუფლების ხალხის მხრიდან კონტროლის ეფექტური მექანიზმები.

 

ხელისუფლების მხრიდან აღარ უნდა მოხდეს მოქალაქეების მანიპულირების ხარჯზე საკუთარი პოზიციების გამყარება და ინტერესების დაკმაყოფილება. მოსახლეობის  პოლიტიკაში ჩაბმის სტრატეგია არ უნდა ემყარებოდეს მტრის ხატის შექმნას და ამის საშუალებით ნაციონალიზმის – პატრიოტიზმის მუხტის გაღვივებას, როგორც ამას „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა. აუცილებელია, მოხდეს მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობის სისტემით დაინტერესება და ეს გახდეს პოლიტიკური ერთგულების განმსაზღვრელი ძირითადი ელემენტი.

 

ამისათვის კი აუცილებელია ინფორმაციული თავისუფლება. მოქალაქე საკუთარ თავზე უნდა გრძნობდეს კეთილდღეობას და არა საინფორმაციო საშუალებებით შთაგონების შედეგად. უნდა დასრულდეს ნაციონალური ლობოტომიის პროცესი, როდესაც მშიერ ადამიანს ტელევიზორი აჯერებდა, რომ მას არ შია და აყვავებულ ქვეყანაში ცხოვრობს.  ასეცე აუცილებელია ეკლესიის დეპოლიტიზირება და სასულიერო პირთა პოლიტიკური გავლენის შემცირება საზოგადოებაზე.

 

რაც შეეხება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, მნიშვნელოვანია ქვეყანამ დასავლეთის კურსს არ გადაუხვიოს, რადგანაც ღირებულებების თვალსაზრისით, სწორედ, ევროპა არის ის ცივილიზაცია, საითაც საქართველო უნდა ისწრაფვოდეს. თუმცა, დანიშნულების ადგილამდე მისვლა უნდა შევძლოთ არა მხოლოდ რიტორიკით, არამედ ევროპული ღირებულებების გაზიარება-გათავისებით. ასევე აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა. რაციონალური პოლიტიკის პირობებში ყოველთვის შესაძლებელია საერთო ინტერესების გამონახვა, რომელზე დაყრდნობითაც საწყის ეტაპზე ურთიერთობის ნორმალიზება, მოგვიანებით კი გაუმჯობესებული ურთიერთობის ხარჯზე ნაბიჯ-ნაბიჯ სასურველი შედეგის მიღწევა შეიძლება. გასაგებია, რომ რუსეთს ჩვენ მიმართ კეთილი ზრახვები არ გააჩნია და აბსურდია იმაზე ოცნება, რომ უცებ დაგვიბრუნებს წართმეულს, მაგრამ მოლაპარაკების მაგიდასთან ყოველთვის მეტი შანსი გვაქვს რუსეთთან, ვიდრე – ბრძოლის ველზე. 

 

P.S. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა და მხარდამჭერთა „პროგნოზები“, თითქოს ქვეყანა წარსულში დაბრუნდება და კანონიერ ქურდთა სისტემა აღდგება, იმდენად აბსურდულია, რომ ამ საკითხების სერიოზულად განხილვაზე დროის დაკარგვაც კი მიზანშეუწონლად მიმაჩნია.

მასალების გადაბეჭდვის წესი