კომენტარი

გაზეთს ხურავს მკითხველი

8 ოქტომბერი, 2012 • 1299
გაზეთს ხურავს მკითხველი

შეტყობინების მიღებამდე ბევრ საინფორმაციო საშუალებაში უკვე მქონდა გაკეთებული კომენტარი და ვგმობდი გაზეთის რედაქციის უპასუხისმგებლო ქმედებას, როცა გამოაქვეყნა საპატიმროების თანამშრომელთა სია მათი საცხოვრებელი მისამართების მითითებით;

 

უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა თავისი პოზიცია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, რომლის საბჭოს თავმჯდომარეც ვარ ამჟამად მე: „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ მოქალაქეთა პერსონალური ინფორმაცია საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას და არ უნდა ხდებოდეს მისი დაუსაბუთებლად გასაჯაროება. მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის, მათ შორის საცხოვრებელი მისამართების, გამოქვეყნება არ წარმოადგენს ისეთი მნიშვნელობის ინფორმაციას, რომელიც ხელს შეუწყობს არსებული ვითარების მოგვარებას, უფრო მეტიც, შესაძლოა, წააქეზოს ძალადობა“ – ვწერდით განცხადებაში და მოვუწოდებდით ჩვენს კოლეგებს, როგორც ქარტიის ხელმომწერ, ისე არახელმომწერ ჟურნალისტებს, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ ადამიანის პერსონალური მონაცემების გამოქვეყნებას, რადგან წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ასეთი ინფორმაციის გამჟღავნებას ცალკეული ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის.

 

 

გაზეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა: ამ დღეებში რაც უფრო იზრდებოდა მოქალაქეთა პროტესტი, მით უფრო იზრდებოდა გაზეთის მხარდამჭერი ჯგუფების აგრესიულობის ხარისხიც;  იყო მოწოდებები, რომ გაზეთის წინააღმდეგ აღძრულიყო სისხლის სამართლის  საქმე;  ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტიც მოხდა – ზაზა ბურჭულაძეზე თავდასხმა მის საჯარო გამოსვლას დაუკავშირეს და თავად მწერალიც ამბობს, რომ სოციალური ქსელი მისი მისამართით მუქარებით გაივსო.  თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა დაპირისპირება, პროცესი შეუქცევადი გახდება.

 

 

კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემსავე აზრს: ის, რაც გააკეთა „ასავალ-დასავალმა“ ციხის თანამშრომელთა მონაცემების გამოქვეყნებით, უპასუხისმგებლობაა. საერთოდაც, მგონია, რომ რასაც აკეთებს „ასავალ-დასავალი“ – ეს არ არის ჟურნალისტიკა. ეს უფრო პატრიოტული შინაარსის პროპაგანდისტული ფურცელია, პატრიოტიზმი კი ისეთი მონეტაა, ყველა დროსა და ყველა საზოგადოებაში რომ ჭრის.   

 

 

მე არ მომწონს ასეთი მედია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს საზოგადოებაში არ არიან ადამიანები, ვისაც იგი არ მოსწონს. ბევრს მოსწონს და ეს არის სწორედ დემოკრატიის გამოწვევა. 

 

როდესაც სოციალურად შეჭირვებულ საზოგადოებას ცრუპატრიოტიზმითა და ქსენოფობიით მუხტავ, უპასუხისმგებლობაა;

 

ასევე უპასუხისმგებლობაა, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი საერთაშორისო ტრიბუნებიდანაც კი ასეთ გაზეთს „ღვარძლიანს“ უწოდებდა და, შესაბამისად, მისი რეიტინგის კლების უკუპროპორციულად ზრდიდა გაზეთის რეიტინგს;

 

უპასუხისმგებლობა იყო ოპოზიციის ლიდერის, ივანიშვილის განცხადება, რომ „ასავალ-დასავალი“ ლამის თავისუფალი სიტყვის მეციხოვნეა საქართველოში, რომლის ვალში უნდა იყოს მთელი საზოგადოება;

 

უპასუხისმგებლოდ იქცევა ის სასულიერო პირი, რომელიც ამართლებს გაზეთის იმ აქციას, რამაც, შესაძლოა, ძალადობა წაახალისოს;

 

უპასუხისმგებლობა იქნება ისიც, თუკი გაზეთის წინააღმდეგ დაიწყება სამართლებრივი დევნა, რითაც ჩვენ ვიტყვით უარს გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპზე.

 

განსწავლულ საზოგადოებაში – ევროპასა და შეერთებულ შტატებში გამოხატვის თავისუფლების შემაკავებლად მოიფიქრეს არა სამართლებრივი, რეპრესიული მექანიზმები, არამედ პროფესიული ეთიკა. „ასავალ-დასავალს“ არად მიაჩნია ჟურნალისტური ეთიკა – არც ზოგადად რედაქციას და არც მის ცალკეულ ჟურნალისტს. ეს მათ ბევრჯერ განაცხადეს და ტერმინი „ჟურნალისტური ეთიკა“ ასაგდებად გაიხადეს.

 

დარწმუნებული ვარ, პროტესტი გაზეთის მკეთებლებს უფრო მეტ ექსტაზში ჩააგდებს – უფრო მეტად „პატრიოტული“ გახდება გაზეთი და უფრო მეტად ქსენოფობიურიც. ამ მოსაზრების ავტორსაც არ დააკლებენ სალანძღავ სიტყვებს. ეს მოსალოდნელია.

 

მე ძალიან მიჭირს იმ სახელმწიფოსა და იმ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც „ასავალ-დასავალი“ ერთ-ერთი ყველაზე ტირაჟიანი გამოცემაა და სადაც ამ გაზეთის ღირებულებები ფასობს, მაგრამ ბევრად გამიჭირდება იმ გარემოში ცხოვრება, სადაც პროკურატურა და სასამართლო გაზეთის აკრძალვის ან რაიმე ფორმით დევნის გადაწყვეტილებას მიიღებს. იმედია, მაპატიებს მილოშ ფორმანი, მისი ერთ-ერთი ფილმის პერსონაჟის ფრაზის ასეთი თავისუფალი ინტერპრეტირება რომ მოვახდინე.

 

 

რა შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებას? მან უნდა აუხსნას გაზეთ „ასავალ-დასავალის“ თითოეულ მყიდველსა და თითოეულ მკითხველს, რატომ არის ეს გაზეთი სახიფათო ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისათვის. არ დაიზაროს და აუხსნას. კარგად მესმის, რომ ეს გრძელი პროცესია. ისეთივე, როგორც თავად დემოკრატია.

 

 

დემოკრატიულ საზოგადოებაში გაზეთს (მედიას) აფრთხილებს და ხურავს არა პროკურატურა და სასამართლო, არამედ მომხმარებელი. და თუ ხვალ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ 1000 კაცით ნაკლები იყიდის, ეს უკვე პირველი ნაბიჯი იქნება  სამოქალაქო საზოგადოების არჩეულ გზაზე.

 

იმედია, კატერინაც მაპატიებს, რომ მისთვის ფეისბუქში მისაწერი პასუხი ასეთი საჯარო გამომივიდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი