კომენტარი

ეუთოს დამკვირვებელი: უბნების გარეთ ბევრი შავსათვალიანი მამაკაცი იდგა

4 ოქტომბერი, 2012 • 1172
ეუთოს დამკვირვებელი: უბნების გარეთ ბევრი შავსათვალიანი მამაკაცი იდგა

რას იტყვით საარჩევნო პროცესზე? 


საქართველოში საარჩევნო პროცესს პირველად არ ვაკვირდები. 2008 წელსაც აქ ვიყავი, მაშინ საქართველო პრეზიდენტს ირჩევდა. თუმცა 2008-ში რეგიონში, მარნეულის რაიონში ვიყავი დამკვირვებლად, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. უბანზე, სადაც მე ვიმყოფებოდი მაშინ, პოლიციის თანამშრომლებიც იყვნენ. ეს ფაქტი ჩემს ანგარშშიც მოხვდა. წლევანდელ არჩევნებში, თბილისში სრულიად განსხვავებული სურათი დამხვდა. მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური ხარვეზი და დარღვევა დავაფიქსირე. მაგალითად, ერთ-ერთ უბანზე, ერთმა ამომრჩეველმა ვერ მისცა ხმა იმის გამო, რომ ამავე სახელისა და გვარის სხვა ამომრჩეველმა დაასწრო უბანზე მისვლა, რომელიც თბილისშიც კი არ ცხოვრობდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ კი არ გადაამოწმა მისამართი. ასეთი დარღვევები ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს.

 

რა იყო ყველაზე თვალშისაცემი თქვენთვის საარჩევნო პროცესის დროს?  


ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა უბნის გახსნის დროდან. უბნებთან რიგები იყო. იმ უბნებში, სადაც მე ვიყავი, თითქმის 70%-იანი აქტივობა იყო. თვალშისაცემი იყო ხანდაზმულ ამომრჩეველთა რაოდენობაც.

 

ასეთი მაღალი აქტივობა ჩემს ქვეყანაში მე არ მინახავს. როდესაც ჩეხეთში სენატს ვირჩევდით, მხოლოდ 12%-იანი აქტივობა დაფიქსირდა. საქართველოში არჩევნებისადმი დიდი ინტერესი მოქალაქეების მაღალ პოლიტიზებაზე მიუთითებს, რაც ცუდი სულაც არ არის.

 

კიდევ ერთი რამ მომხვდა თვალში – უბნების გარე პერიმეტრზე მყოფი ადამიანები. სადაც არ უნდა გაგეხედა, ყველა უბნის გარეთ შავსათვალიანი მამაკაცები იდგნენ. ზოგიერთი ავტომობილში იჯდა. თავიდან მეგონა, რაღაც „კარუსელს“ ჰქონდა ადგილი, მაგრამ ალბათ მოსულ ამომრჩევლებს აკვირდებოდნენ.

 

გარდა ამისა, უბნების გარეთ ქალების ჯგუფებიც იმყოფებოდნენ და მოსულ მხარდამჭერებს ინიშნავდნენ. ეს ძალიან უცნაურია.

 

ასეთი რამ სხვა ქვეყნებში არჩევნების დღეს გინახავთ?


კი, როგორ არა. სომხეთშიც დაახლოებით იგივე ხდებოდა, როცა არჩევნებს ვაკვირდებოდი, მაგრამ უნდა ითქვას, რომ თბილისში არჩევნებმა წელს დარღვევების გარეშე ჩაიარა.

 

თბილისისგან განსხვავებით, ზოგიერთ რეგიონში ადგილი ჰქონდა პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრას საარჩევნო უბანზე. ამაზე რას იტყვით? რატომ განსხვავდება ზოგიერთ რეგიონში საარჩევნო პროცესი და შედეგები თბილისისგან?


ხაშურში მომხდარ ფაქტზე მეც მომაწოდეს ინფორმაცია, თუმცა არ შემიძლია მასზე ვისაუბრო, იქ არ ვყოფილვარ. რაც შეეხება ცოტა განსხვავებულ შედეგებს თბილისსა და რეგიონებს შორის, ბევრგან ხდება ასე – იქ, სადაც ინფორმაციის ნაკლებობა და განათლების დონე შედარებით დაბალია. რეგიონებში დიდ ქალაქებთან შედარებით ნაკლები ინფორმაციული რესურსი არსებობს და ინფორმაციის გადამუშავების პრობლემაა იქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი