კომენტარი

ლინკოლნ მიტჩელი: თუ ხმები გაყალბდა, ეს სამოქალაქო არეულობამდე მიგვიყვანს

30 სექტემბერი, 2012 •
ლინკოლნ მიტჩელი: თუ ხმები გაყალბდა, ეს სამოქალაქო არეულობამდე მიგვიყვანს

ბატონო მიტჩელ, როგორ ფიქრობთ, დასრულდება თუ არა არჩევნები 1 ოქტომბერს საქართველოში, თუ არის მოსალოდნელი, რომ 2 ოქტობრიდან პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლოს? 

 

ძალიან ძნელია წინასწარ თქვა. ჩემი აზრით, თუ ხმები იმდენად გაყალბდება, რომ ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ მათი ხმა „არ ისმის“, მათი ხმა არ დაითვალეს ზუსტად, ეს ნამდვილად  პრობლემას გამოიწვევს. მე რასაც ვხედავ, ის არის, რომ თუ ხმები გაყალბდა, ეს სამოქალაქო არეულობამდე მიგვიყვანს, რაც ყველას აშფოთებს. ერთადერთი, ვინც შეიძლება თავიდან აგვაცილოს სამოქალაქო გამოსვლები, აქციები და არეულობა, არის მთავრობა. მან უბრალოდ  ხმები სამართლიანად უნდა დათვალოს. ჩვენ არ ვიცით წინასწარ  პოტენციურად რას იზამს ივანიშვილი და  რას მოიმოქმედებს გაბრაზებული ქართველი ხალხი. 

 

როგორია თქვენი ხედვა, საერთაშორისო დამკვირვებლებს რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეთ არჩევნებზე? 

 

დამკვირვებლების როლი ზოგადად ძალზე დადებითად ფასდება, ამჟამად შეიმჩნევა დამკვირვებლებს შორის ისეთი ხედვა, რომ ეს არის კონკურენტული არჩევნების მარათონი, რომ ეს არის არჩევნები და სხვა არაფერი. ეს ერთი პრობლემაა. ამან შეიძლება ქართული ოცნების შანსებზე ცუდი ზეგავლენა მოახდინოს. მეორე პრობლემაა ის, რომ მართალია დამკვირვებლები თავიანთ საქმეს აკეთებენ, მაგრამ ამ საქმეში პოლიტიკის ნაწილიც არის. მესამეც: დამკვირვებლები აკვირდებიან. ისინი დაწერენ მოხსენებებს და ანგარიშებს სამშაბათ საღამოს  და ოთხშაბათ დილას, თქვენ  მათი მოსაზრებების გაცნობა შეგეძლებათ, მათ შორის ადგილობრივი დამკვირვებლებისაც. ინტერნეტში გავრცელდება და შეგიძლიათ წაიკითხოთ. მაგრამ ისინი პოლიტიკურ კურსს ვერ გაწერენ. ისინი არც მეგობრები არიან და არც ახლობლები, ისინი სადღაც შუაში დგანან. ამიტომ  მათმა შედგენილმა დოკუმენტებმა მათი მიუკერძოებლობა უნდა ასახოს. ეს უნდა იყოს ნაცრისფერი სივრცე. რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმა, დიპლომატებმა, ელჩებმა, პოლიტიკოსებმა, გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმა მხედველობაში უნდა მიიღონ მათი ანგარიშები. ამიტომ, ჩემის აზრით დამკვირვებლები ძალზე ფასეულ როლს ასრულებენ. თუმცა დამკვირვებლები არ იღებენ გადაწყვეტილებებს თავად.  ისინი არ აკეთებენ განცხადებებს, სადაც წერია, რომ არჩევნები ჩატარდა ცუდად. ეს არ მოხდება. ისინი დაწერენ: „თუმცა არჩევნებმა ჩაიარა მშვიდ გარემოში, დაფიქსირდა შემდეგი სახის პრობლემები“… და არეკლავენ პრობლემებს, რასაც ყველა დაინახავს. ქართულ ოცნებას შეეძლება ამის საფუძველზე დაასკვნას სად შეექმნა  პრობლემა არჩევნებზე. ხალხს კი შეუძლია ციტატები მოიყვანოს ამ ანგარიშებიდან თავიანთ დემონსტრაციებზე. 

 

ლინკოლნ მიტჩელი
ლინკოლნ მიტჩელი

როგორ ფიქრობთ, არჩევნების ნიადაგზე სამოქალაქო დაპირისპირებისა და მასშტაბური გამოსვლების თავიდან აცილების მიზნით, არის შესაძლებელი, რომ კონფლიქტის ზონებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაიძაბოს ურთიერთობა, გუშინ, სხვათაშორის, ერთი ქართველო პოლიციელი დააკავეს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმ ბრალდებით, რომ თითქოს ცეცხლი იქნა გახსნილი სასაზღვრო პუნქტის მისამართით? 

 

რთულია ამის თქმა, ერთდროულად ორი ფაქტია ჩვენს წინ და ორივე ერთდროულად სიმართლეს  წარმოადგენს.  პირველი ისაა, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის. ამ შემთხვევაში დეტალებს აღარ მოვიყვან,  ჩვენ ეს ყველაფერი სამხედრო ძალის დემონსტრირებით ვნახეთ და მის პოლიტიკაშიც ვხედავთ. ეს სიმართლეა და ეს სერიოზული პრობლემაა. ამ პრობლემის მოგვარება საქართველოს ნებისმიერმა მთავრობამ უნდა სცადოს. ამ პრობლემას საქართველოს მეგობრები სცნობენ და ვიმედოვნებ შეერთებული შტატები კვლავ ამ პოზიციაზე იქნება და განაგრძობს მის კურსს. მაგრამ მეორე სიმართლეც გვაქვს სახეზე: არსებული მთავრობა ცდილობდა საკუთარი პოლიტიკური მოტივებისთვის გამოეყენებინა რუსეთის პრობლემა და ამით გაემართლებინა ბევრი რამ. დეტალებს აღარ დავაზუსტებ, მაგრამ გავიხსენოთ მოდელირებული ქრონიკა, ყალბი თავდასხმა, ყველას რუსეთის ხელდასმულ აგენტად გამოცხადება, მათ შორის ივანიშვილისაც. ამ აგენტთა სია მოიცავს ნებსიმიერს, ვინც მთავრობას არ ეპრიანება. ეს უკვე იქცა ხუმრობის თემად იმ ევროპელ და ამერიკელ მეცნიერთა შორის, ვინც საქართველოს საკითხებზე მუშაობს და მე სწორედ საქართველოს საკითხებზე ვმუშაობ: „თუ საქართველომ რუსეთის აგენტად არ გამოგაცხადა, სერიოზული დონის მეცნიერად ვერ ჩაითვლები“. 

 

რუსეთის საფრთხის საკითხი უაღრესად ხელსაყრელია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის და რატომ არ გამოიყენებს?  მიმაჩნია, რომ რეალურად შესაძლებელია რუსეთის საკითხი სათავისოდ გამოიყენოს ხელისუფლებამ, ამგვარი საფრთხე არსებობს. საქართველოს მთავრობას უნდა ქვეყნის მმართველობის სათავეში დარჩენა და მათ შეიძლება თავდასხმა გამოიყენონს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. მეორეს მხრივ, რუსეთსაც საკუთარი მიზნები ამოძრავებს საქართველოს მიმართ.  ეს ძაბავს საქართველოს საშინაო პოლიტიკას. 

 

ამ არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით ამერიკის პოზიცია რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ? თუ არის იმის შესაძლებლობა, რომ აშშ-ს ხელისუფლება მკაცრ პოზიციას დაიკავებს თუ არჩევნები გაყალბდება? რამდენად არის მოსალოდნელი ასეთი ხისტი პოზიცია?

 

დიახ, ამის შესაძლებლობა ნამდვილად არის! გასული ორი კვირის განმავლობაში ხომ აშშ-ს მთავრობამ  გაცილებით მეტი რამ შეიტყო არსებული პრობლემების შესახებ!  ჩემი ხედვით, ინერციით ჯერ კიდევ გრძელდება სააკაშვილის მხარდაჭერა, მაგრამ თუ მთავრობა მკაფიო პოზიციაზე დადგება სააკაშვილთან მიმართებით, თუ არჩევნებზე ხმების დათვლა ისე არ წარიმართა, როგორც საჭიროა, ნათელია, რომ აშშ-ს მთავრობა, ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე მეტად გამოიჩენს  ხისტ პოზიციას.  ეს გვეიმედება. 

 

ჩვენ გვესმის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ივანიშვილისაგან: ნატოში ინტეგრაცია პრიორიტეტად მიიჩნევა და ამავე დროს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაც პრიორიტეტია. როგორ მიგაჩნიათ, ეს ორი საკითხი თავსებადია?

 

ეს საკითხები გამოწვევაა  ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, ვინც არ უნდა მოვიდეს მთავრობაში. ქართველ ხალხს უნდა ნატოში ინტეგრირება და ეს მთავარია. ნატო ღიაა საქართველოსათვის, ხოლო ხალხი ღიაა ნატოში გაწევრიანებისათვის. ეს თანმხვედრი,  ორმხრივი სურვილია, ეს რეალობაა, რომელსაც თვალს რუსეთიც უსწორებს. ამ სიტუაციაში  მოხერხებული პოლიტიკაა საჭირო. დაძაბულობა ორივე მხრივ თავიდან უნდა იყოს აცილებული. აღებულ კურსს ქვეყანაც სტაბილურად უნდა მიყვეს. ერთი მხრივ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიცია სწორია: რუსული ჯარი არ უნდა იდგეს საქართველოს ტერიტორიაზე, არ უნდა იყოს სეპარატისტული რეგიონები აღიარებული დამოუკიდებლად, სასწორზე არ უნდა  შევაგდოთ ქვეყნის სუვერენიტეტი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მუდმივად უნდა ხდებოდეს მდგომარეობის ესკალაცია, სამხედრო ენის გამოყენება. უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბებაა საჭირო ამ ქვეყანასთან. როცა ეს მოხდება, საქართველოს მეგობრებსაც გაუადვილდებათ რუსეთზე ზეწოლის მოხდენა, რომ მოლაპარაკებებზე წამოვიდეს საქართველოსთან. საქართველო იქნება აღქმული ქვეყნად, სადაც ხალხს ერთი სული არა აქვს როდის გააჩაღებს ომს. სტაბილური ტონი ყველაზე მეტად ესაჭიროება საქართველოს. ეს გაუადვილებს ამერიკას იმის გაკეთებას, რისი გაკეთებაც შეუძლია საქართველოსთვის.  როცა ამერიკა რუსეთს ეკითხება, თუ რატომ არ მოდის ის მოლაპარაკებებზე, რუსეთი აცხადებს, რომ აქ გიჟები მართავენ. მე კი არა მგონია, რომ ეს ასეა. ერთი ტონით დაბლა საუბარი ყველაფერს გაააიოლებს. ამ მთავრობას ჰქონდა შანსი, დემოკრატია დაემკვიდრებინა ქვეყანაში. როდესაც ასეთი შანსი გეძლევა და შენ მას ვერ იყენებ, მაშინ ხალხს უჩნდება შესაძლებლობა, გადაგირჩიოს. ხალხის უფლება, რომ ხმა მოგცეს, ან არ მოგცეს, არის ფუნდამენტური დემოკრატია. 

 

სააკაშვილისადმი დასავლეთის პოზიცია იყო დადებითი, ჩვენს ქვეყანას მისი ხელმძღვანელობით ახალგაზრდა დემოკრატიად განიხილავდნენ. როგორ ფიქრობთ, ციხის სკანდალის მერე ხომ არ მოხდება სააკაშვილის იმ დასავლეთელი მხარდამჭერების დისკრედიტაცია ქართულ საზოგადოებაში, ვინც მას დემოკრატ მმართველად მიიჩნევდა?

 

რასაც საქართველოში  ყოფნის დროს ვხედავ ის გახლავთ, რომ ძალიან ბევრი  ხალხი მივა არჩევნებზე და ხმას მისცემს. დემოკრატია ხომ იმის მიუხედავად გვჭირდება, თუ ვის ექნება მეტი ხმა. ხალხი დასავლეთს მაინც განიხილავს იმ დამხმარედ, ვინც დემოკრატიულობის მიღწევაში დაეხმარება. ხოლო ქართველ ხალხს რამდენად უნდა დემოკრატია, ამას ორშაბათს დავინახავთ. თუ იქნება ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა, თუ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის, ჩვენ გვექნება დიდი მტკიცებულება, რომ ქართველმა ხალხმა ხმა დემოკრატიას მისცა. ჩემი აზრით, ქართველმა ხალხმა არ უნდა დაკარგოს იმედი, რომ დემოკრატიას ააშენებენ, მათ იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ დასავლეთი მათ გვერდით იქნება დემოკრატიისკენ მათი სწრაფვისას.

 

როგორ ფიქრობთ, ციხის სკანდალის ანალოგიური რამ რომ შეერთებულ შტატებში მომხდარიყო, მხოლოდ მინისტრების გადაყენებით და ციხის რამდენიმე თანამშრომლის დაკავებით შემოიფარგლებოდა მთავრობა და საზოგადოება? რა რეაქცია შეიძლებოდა მოყოლოდა ამას თუკი, ეს იქნებოდა სისტემური წამება ციხეებში? 

 

ხალხი ამას არ მოითმენდა, ბევრი სასჯელაღსრულებითი დაწესებულება იმართება შტატის დონეზე, ასე რომ ეს კითხვა უმჯობესია დაისვას ასე: რა მოხდებოდა ამერიკის რომელიმე შტატში, რომ ეს მომხდარიყო? როგორც ამერიკის მოქალაქეს, არაერთგან მითხრეს, რომ ასეთი რამ ბევრგან ხდება. მაგალითად, ჩინეთში ან რუსეთში, მაგრამ ორივე ტოტალიტარული  რეჟიმებია. დემოკრატიულ ქვეყამაში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ამერიკაში ასობით ათასი ადამიანი კი არ გამოვიდოდა, არამედ გამძვინვარებული მასები და ისინი არ დაშოშმინდებოდნენ, შეიძლება ძალაც ეხმარათ მოქალაქეებს, ეს ის ხალხია, სადაც მძაფრი რეაქცია აქვთ ასეთ რამეზე, ისინი არ მოითმენდნენ და არ შეეგუებოდნენ წამებას. ამას მოჰყვებოდა თანამდებობებიდან მასობრივი გადადგომები, ჩვენ არა გვყავს სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჩვენთან შტატის გუბერნატორი გადადგებოდა, სისხლის სამართლებრივი დევნა აუცილებლად დაიწყებოდა ყველა პასუხისმგებელი პირის მიმართ და დაისჯებოდა ყველა. არჩევნების მოახლოების წინა ეტაპზე კი ასეთი სკანდალის შემდეგ ხელისუფალთათვის არჩევნების წაგება გარდაუვალი იქნებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი