კომენტარი

რას ყიდიან პოლიტიკოსები

26 სექტემბერი, 2012 •
რას ყიდიან პოლიტიკოსები

ნიკო თევდორაშვილი საარჩევნო პროცესს განიხილავს როგორც ბაზრისა და მომხმარებლის ურთიერთობას

„ბაზარი, სადაც პოლიტიკოსები საარჩევნო დაპირებებს და კეთილდღეობას ყიდიან, ამომრჩეველი კი შესაძენ პროდუქტს იმის მიხედვით იძენს, თუ რა სჭირდება მას, მაგრამ ყიდვის პროცესში დიდ როლს თამაშობს ისიც, თუ მარკეტინგულად რამდენად სწორად არის ეს დაპირებები შეფუთული. 

 

 

თუკი მომხმარებელი ბაზარში მიდის და ყიდულობს უვარგის კვერცხს, ეს უფრო მყიდველის პრობლემაა, ვიდრე გამყიდველის, რადგან მისი ვალდებულებაა იცოდეს, როგორ შეარჩიოს სწორად ხარისხიანი პროდუქტი, სად შეარჩიოს და რა ნიშნებს მიაქციოს ყურადღება. იგივე პროცესი მიდის პოლიტიკურ სივრცეშიც.   

 

 

თუმცა დღეს არსებულ პოლიტიკურ ბაზარზე ამომრჩეველს დიდი არჩევანი არ აქვს, რადგან პოლიტიკური ბაზარი ერთფეროვან საქონელს გვთავაზობს.

 

სლოგანები და სიკეთეები, რასაც სხვადასხვა პოლიტიკური ძალები არიგებენ, ერთნაირია.

როგორ იქცევა ამომრჩეველი ასეთ შემთხვევაში? ალბათ ისევე, როგორც ბაზარში. თუკი ე.წ „ბრენდიც“ და ნაკლებად ცნობილი მწარმოებლები ერთსა და იმავე საქონელს, ერთსა და იმავე ფასში შესთავაზებენ, მყიდველი, ანუ ამ შემთხვევაში ამომრჩეველი, აუცილებლად აირჩევს ცნობილი ბრენდის წარმოებულ პროდუქციას, ვიდრე ნაკლებად ავტორიტეტულის. მინუსი იმ პარტიების, რომლებიც „ბრენდის“ სახელის ქვეშ არ მოიაზრებიან, არის ის, რომ მათ ის დაპირებები აირჩიეს, რაც ძლიერმა მოთამაშეებმა და სხვა, რაიმე განსხვავებული არ შესთავაზეს ამომრჩეველს. ეს არის მარკეტინგული შეცდომა, რომელიც ნაკლებად ცნობილ და სუსტ პოლიტიკურ ძალებს დააზარალებს, მაგრამ მეორე მხრივ, ისინი  არჩევანის გარეშე დატოვეს, რადგან ლიდერებმა აირჩიეს გზა, რომლითაც ამომრჩევლის საბაზრო მოთხოვნას უპასუხეს. ეს მოთხოვნა სოციალურ გაჭირვებაზე ორიენტირებაა. 

 

 

ზოგიერთი ამომრჩეველი მიიჩნევს, რომ დეპუტატმა მისი ქალაქის თუ უბნის  პრობლემა უნდა მოაგვაროს. მაგალითად, მოაგვაროს განათების, ინტერნეტის პრობლემები და უზრუნველყოს ინფრასტრუქტურის  მოწესრიგება.  ეს არასწორი დაკვეთაა ამომრჩევლის მხრიდან, რადგან ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დეპუტატის კომპეტენცია არ არის.

 

 

როცა ამომრჩეველი დეპუტატობის კანდიდატს ამ მოთხოვნებს უყენებს, ეს არის კანდიდატის სისუსტე, რადგან მან ვერ მიიტანა ამომრჩევლამდე ის ინფორმაცია, თუ რა პასუხისმგებლობები და ვალდებულებები აქვს მას და რისი გადაწყვეტა შეუძლია პარლამენტის წევრს. 

 

 

ამომრჩეველს აქვს თავისი სოციალური მოთხოვნები: ჯანმრთელობის, შვილის განათლების, კვების პრობლემა, ამიტომ, ვინ როგორ დააჯერებს, რომ ამ პრობლემას მოუგვარებს, ეს არის სწორი მარკეტინგული და პიარ-კამპანიის შედეგი. „მე შენ მოგიყვან ინტერნეტის კაბელს უბანში“ – ეს არის პრინციპი დეპუტატის მხრიდან, რომ ნაკლებად დაიხარჯოს  და მიიღოს მეტი. ბიზნესის წესიც ესაა, რომ დახარჯო ნაკლები და მიიღო მეტი. ამიტომ, თუ ამომრჩეველს სჯერა კანდიდატის ამგვარი დაპირების, ეს არის ამომრჩევლის პრობლემა და არა – კანდიდატის, ანუ დაპირებების გამყიდველის.  

 

 

ამომრჩევლის პოლიტიკური ზრდა კონკურენციამ უნდა უზრუნველყოს. დღევანდელი პოლიტიკური ბაზრის კონკურენცია, ძალოვან სპორტს რომ შევადაროთ, ჰგავს მსოფლიო ჩემპიონისა და ოლიმპიური ჩემპიონის მდგომარეობას. მსოფლიო ჩემპიონი ვალდებულია, ყოველ წელს ფორმაში იყოს, რომ გამარჯვება მოიპოვოს, ოლიმპიელისთვის კი მთავარია, ოთხ წელიწადში ერთხელ მოიპოვოს ჯილდო, მანამდე კი წაგებაც შეუძლია. დღეს ჩვენ პოლიტიკურ ბაზარზე ორი ძალოსანი გვყავს, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მსოფლიო ჩემპიონის რანგში შეგვიძლია განვიხილოთ, რადგან ის ვალდებულია, ყოველ წელს პოლიტიკურ ფორმაში იყოს და „ქართული ოცნება“, რომელიც ოლიმპიელის როლს უფრო თამაშობს. ვფიქრობ, ორივე მხარეს კარგად აქვს გათვლილი სლოგანები და დაპირებები, მაგრამ ამომრჩეველი არჩევანს იმის მიხედვით გააკეთებს, რომელიც უფრო ახლოს დგას ხალხთან და უფრო მეტად შეუძლია ადამიანების დარწმუნება.  

 

 

დანარჩენ ოპოზიციას პოლიტიკურ ბაზარზე მოთამაშეებად არ განვიხილავ, ისინი ფინანსურად არიან სუსტები და მეორეც – მათში ამომრჩეველი ცვლილებების განმახორციელებელს ვერ ხედავს.   

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი