დათო ტურაშვილი: როგორც წესი, ახალგაზრდები გამოდიან, როდესაც მათთვის რაღაც აღმაშფოთებელი, ან მიუღებელი ამბავი ხდება და ამას აპროტესტებენ. თუმცა, ჩემი აზრით, სტუდენტი ყოველთვის უნდა იყოს პროტესტანტი, იმიტომ, რომ სტუდენტს არაფერი აქვს დასაკარგი. უფროსები თავს იმით იმართლებენ, რომ რაღაც აქვთ დასაკარგი, თუმცა სტუდენტებს არაფერი აქვთ დასაკარგი. მე აქტიური და პროტესტანტი ვიყავი სტუდენტობისას, ახლაც ვარ პროტესტანტი ყველაფრის მიმართ, რაც არ მომწონს და მაშინ რა ვიქნებოდი. სულ მიკვირს ხოლმე იმ სტუდენტების, რომლებიც რაღაცას ეგუებიან, როგორ შეიძლება ახალგაზრდა ადამიანი შეეგუოს უკანონობას და მით უმეტეს თავისუფლების შეზღუდვას, ამიტომ ბუნებრივია, ძალიან მიხარია, რომ ამ საშინელებებს, რაც აჩვენეს ტელევიზიით, პროტესტი მოჰყვა სტუდენტების მხრიდან. ყოველთვის მეგონა, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა. იმიტომ, რომ შესაძლოა ყველა დროში მოძებნონ ისეთ სტუდენტები, ვინც ნებისმიერი ხელისუფლების მომხრე იქნება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველთვის აღმოჩნდებიან ისეთი სტუდენტებიც, რომლებიც უსამართლობას ვერ შეეგუებიან და ასეც მოხდა.
ტენდენცია როგორია , ყველაფერს აპროტესტებენ სტუდენტები, თუ არის თემები, რაზეც უფრო მეტი მგრძნობელობა აქვთ?
– ასეთი რეცეპტები არ არსებობს, რას აპროტესტებენ და რას – არა. მე შემიძლია ჩემი გამოცდილებიდან ვთქვა, ჩვენ ყველაფერს ვაპროტესტებდით, რაც არ მოგვწონდა. მე ახლაც ასე ვარ. სტუდენტობისას მითუმეტეს, უფრო მტკივნეულად განიცდი ახალგაზრდა ადამიანი. არის რაღაც, რაზეც შეიძლება ასეთი აქტიური რეაქცია არ გქონდეს, მაგრამ ის, რაც მოხდა, რაც ნახეს საქართველოში….. ვინც არ აპროტესტებს, იმის მიკვირს უფრო. როგორ შეიძლება ეს არ გააპროტესტო ადამიანმა?!
რა ძალა აქვს ამ მოძრაობას და რისი შეცვლა შეუძლია?
ყველაზე დიდი ძალა არის სტუდენტური მოძრაობა, ყველა სხვა ძალასთან შედარებით. მე ვგულისხმობ პარტიულ მოძრაობებს და პარტიულ აქტიურობებს. ეს არის აბსოლუტურად უანგარო მოძრაობა. სტუდენტური მოძრაობა თავისუფალია პოლიტიკისგან და ეს ასეც უნდა იყოს. ის აპროტესტებს იმიტომ, რომ ვერ ეგუება უსამართლობას, უკანონობას და ა.შ. და არა იმიტომ, რომ უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, ამიტომ ძალიან დიდი ძალა და დიდი ენერგიაა.
შედეგი ყოველთვის მოაქვს სტუდენტურ მოძრაობას. მთელი კაცობრიობის ისტორია ასეა, ახალგაზრდულმა მოძრაობებმა შეცვალეს მსოფლიო. აი, ის ევროპული, რაც ასე მოგვწონს, ასეთი ტიპის მოძრაობებმა, ახალგაზრდულმა მოძრაობებმა შექმნეს და მოიტანეს შედეგად, ევროპაშიც და ამერიკაშიც. სამოციან წლებში ინგლისის ახალგაზრდულმა მოძრაობამ შექმნა თანამედროვე ევროპა. ჩვენი სტუდენტური მოძრაობაც ასეთი იყო. მერე სხვანაირად ყვებიან პარტიული და პოლიტიკური მოღვაწეები, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე დიდი ძალა სტუდენტობა იყო. 80-იან წლებში, ჩვენ როცა სტუდენტები ვიყავით, სტუდენტური მოძრაობა იყო დამოუკიდებლობის მოთხოვნით, ამაზე დიდი შედეგი რაღა უნდა იყოს. ქვეყანა გახდა დამოუკიდებელი.
ბოლო წლებში ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ საპროტესტო მუხტი გაქრა, სტუდენტები გახდნენ ინდიფერენტულები, გულგრილები ყველაფრის მიმართ….
ჰოდა, მეც ეს მესმოდა და სულ მიკვირდა ხოლმე. მე ვამბობდი, რომ ეს არის ტყუილი, უბრალოდ არ მჯერა. ეს ყველგან ხდება, ძალიან დიდ ენერგიას გაიღებ და მერე ამ ენერგიას სჭირდება დაგროვების პერიოდი. ყველას ვეუბნებოდი, ნუ გეშინიათ, ეს ხალხი აუცილებლად გამოვა ქუჩაში და გამოვიდა კიდეც.
ამ მოძრაობის შედეგად რაც უკვე მივიღეთ, ვიღაცების გადადგომა, ბუნებრივია სულაც არ არის საკმარისი. ამას უნდა მოჰყვეს სისტემის შეცვლა, მთავარია, რომ ეს სისტემა დაინგრეს. იმიტომ, რომ ეს იყო სისტემური, ეს ხომ არ იყო ცალკეული შემთხვევები. წლების მანძილზე სისტემა მუშაობდა ასე, და თავი რომ იმით დავიწყნაროთ, რომ გადადგა ადამიანი, ამით ბუნებრივია სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ. შედეგი მათზე იქნება დამოკიდებული. რამდენადაც აქტიურად იქნებიან, მით უფრო სწრაფად დაინგრევა ეს მახინჯი სისტემა. მით უფრო გაჩნდება რეალური შანსი, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვიცხოვროთ.
დასასრულს გისურვებთ თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრებას. სულ ამაზე ვოცნებობდი და ახლაც ამაზე ვოცნებობ.