კომენტარი

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილების პოლიტიკური ფასი

2 დეკემბერი, 2016 • 13770
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილების პოლიტიკური ფასი

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტმა პირველი სესია 18 ნოემბერს გამართა. ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაზეც პარლამენტმა მსჯელობის გაგრძელება გადაწყვიტა, „საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ და მასში შესატანი ცვლილებები იყო. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა და საპარლამენტო ოპოზიციის მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

თუმცა, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ საზოგადოებრივი რეაქციის მოსინჯვას ისახავდა მიზნად. საპარლამენტო განცხადებებს მიღმა  თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში ეს საკითხი არ მოხვდა (28 ნოემბერი). უფრო მეტიც,  29 ნოემბერს ტელეკომპანია რუსთავი-2 თან ხანგრძილვ ინტერვიუში პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აჟიოტაჟი უსაფუძვლოა და „ტექნიკურ საკითხთან“ გვაქვს საქმე. კერძოდ, კობახიძის განცხადებით, წინა მოწვევის პარლამენტიდან ახალ შემადგენლობას 118 კანონპროექტი ერგო განსახილველად. აქედან პარლამენტმა 28 კანონპროექტი შეარჩია დღის წესრიგში შესატანად. სწორედ ასეთი ტექნიკური ხასიათის გადაწყვეტილებით ხსნის პარლამენტის თავმჯდომარე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კვლავ გააქტიურებას. უცნაურია ისიც, რომ აღნიშნული ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით 2013 წელს დაამტკიცა, მაგრამ კანონპროექტზე მსჯელობა მას შემდეგ არ განახლებულა.

29 ნოემბრის ინტერვიუში პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე დასძინა, რომ კანონპროექტის განხილვაში ყველა დაინტერესებული სუბიექტი ჩაერთვება და კანონის ლიბერალიზაციის საჭიროება უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციაა. სპიკერის  განცხადებით, ნათელი გახდა, რომ ცვლილებები ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ნამდვილად არის პარლამენტის დღის წესრიგში და მისი განხილვა ადრე თუ გვიან განახლდება.

„საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ – მიღების წინაპირობა

„საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ პარლამენტმა 2008 წლის ომის შემდეგ მიიღო. მხოლოდ 2008 წელს გახდა შესაძლებელი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების საკანონმდებლო სტატუსის წარმოშობა. ოკუპირებული ტერიტორიების ოფიციალურად არსებობა, თავისთავად, საკანონმდებლო ჩარჩოში აქცევს ოკუპანტის ქმედებებს და ამ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებს. 2008 წლის ომმა წარმოშვა ფაქტობრივი გარემოება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ოკუპირებულ ტერიტორიებად ცნობის შესახებ, რადგან რუსეთის ფედერაცია უკვე დაუფარავად ახორციელებდა ფაქტობრივ კონტროლს აღნიშნულ ტერიტორიებზე.

2008 წლის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს მოჰყვა რეინტეგრაციის სამინისტროს სტრატეგია “ჩართულობა თანამშრომლობის გზით“  და სამოქმედო გეგმა. ამ პაკეტს იმდროინდელი ხელისუფლება ერთიან პოლიტიკად განიხილავდა და კანონის სიმკაცრეს სტრატეგიის ე.წ. ჰუმანოცენტრული მიდგომით აბალანსებდა.

კანონის მოკლე მიმოხილვა 

2008 წელს მიღებული კანონის ძალით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობა  და განსაკუთრებული სამართლებირივი რეჟიმი. ეს რეჟიმი  გულისხმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილებისა და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, ასევე, უძრავ ქონებაზე გარიგების დადების შეზღუდვებს. მოქმედი კანონით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა ნებადართულია მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მხრიდან, ხოლო ცხინვალის რეგიონში – გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან.

კანონის თანახმად, აკრძალული მიმართულებებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა, მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალური ნებართვით არის შესაძლებელი და ისიც, განსაკუთრებულ შემთხვევებში. კანონი ზღუდავს საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლას, სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობას და ყველა იმ ქმედებას, რომელიც საჭიროებს ნებართვის მოპოვებას საქართველოს კანონმდებლობით. თუ  საქმიანობა ემსახურება საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს, კანონი გამონაკლის შემთხვევებს ითვალისწინებს.

შესაბამისად, პრაქტიკაში, გადაადგილება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიზღუდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და კანონის დამრღვევ უცხო ქვეყნის მოქალაქეს (ან მოქალაქეობის არმქონე პირს) სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაეკისრა. შეზღუდვა ასევე ეხება შავი ზღვის მხრიდან აფხაზეთში შესვლას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფოსთვის აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა საქართველოს მოქალაქედ მიიჩნევა, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა, და კანონი მათზე პრაქტიკულად არ ვრცელდებოდა.

2013 წლის ცვლილებები კანონში

2013 წლის დასაწყისში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ავტორობითა და მთავრობის ინიციატივით მომზადდა ცვლილებები “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში და მასთან ერთად  “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა“ და “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“.

აღნიშნული ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონით დადგენილ წესს დაარღვევს, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, 400 ლარით დაჯარიმდება. პირის მიერ პირველ ჯერზე წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სახდელით განისაზღვრება, ხოლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში დადგება, თუ ასეთი ქმედება პირმა ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგაც ჩაიდინა.

გარდა ამისა, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ კანონით აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის სპეციალურ თანხმობა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება გაცემულ იქნეს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლამდე, ისე შესვლის შემდეგ. კანონპროექტით, აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისთვის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება პირი, რომელიც საქართველოს მთავრობის სპეციალური თანხმობის გარეშე შევიდა/შევა აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუმცა, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შემდეგ საქართველოს მთავრობის სპეციალურ თანხმობას მიიღებს.

პარლამენტის მიერ 2013 წელს მომზადებული საექსპერტო დასკვნით, შემოთავაზებული ცვლილებები დასახვეწი იყო იურიდიული ტექნიკისა და რედაქციის თვალსაზრისით. ამავე დროს, ბუნდოვანებას ქმნიდა კანონის დარღვევის შემდგომ სპეციალური ნებართვის გაცემის/მოთხოვნის წესის შემოღება.

„კავკასიური სახლის“ ანალიტიკური პორტალის ცნობით, 2009 – 2015 წლებში აღნიშნული ბრალდებით საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკავებული იქნა 333 ადამიანი.  2012 წლის შემდეგ  საერთოდ არ ხდებოდა კანონის დამრღვევი მოქალაქეების პასუხისგებაში მიცემა. გარდა ამისა, ოფიციალურად არ მოიპოვება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ დაკავებული კანონის დარღვევის გამო და რა გარემოებებში მოხდა მათი დაკავება. ცნობად შეგვიძლია მივიღოთ ვენეციის კომისიის მოსაზრების ტექსტი, რომელიც ახსენებს მეზღვაურების დაკავებას, რომელთაც კანონი ფორსმაჟორულ ვითარებაში დაარღვიეს. აღსანიშნავია, რომ შერიგების სამინისტროს  სტატისტიკა და დაკავების გარემოებები, კანონში ცვლილებების ინიცირების დროს, განმარტებით ბარათში არგუმენტად არ წარმოუდგენია.

ვენეციის კომისიის მოსაზრება კანონზე და საერთაშორისო რეკომენდაციები

პირველი ცვლილებები კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ჯერ კიდევ 2009 წელს შევიდა. ა.მინაშვილისა და ჩ. თაქთაქიშვილის მიერ ინიცირებული ცვლილებები განპირობებული იყო ვენეციის კომისიის მოსაზრებით და მოსაზრებაში მითითებული რეკომენდაციებთან კანონის შესაბამისობაში  მოყვანით.

კერძოდ, 2009  წელს, ვენეციის კომისია მიიჩნევდა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობისა და გადაადგილების შეზღუდვის პირობებში აუცილებელი იყო გამონაკლისი შემთხვევების დაზუსტება ადგილზე ჰუმანიტარული საჭიროებების გათვალისწინებით. ასევე დაზუსტდა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული შეზღუდვების  ფორმულირება და მოყვანილი იქნა შესაბამისობაში საერთაშორისო კანონმდებლობასთან. ამის შემდეგ კანონი არაერთხელ შეიცვალა და ვენეციის კომისიის მიერ შესაბამისი მოსაზრებები მომზადდა.

2013 წელს ვენეციის კომისიამ კვლავ მოამზადა მოსაზრება რეინტეგრაციის სამინისტროს მიერ ფორმულირებულ ცვლილებებზე კანონში. კომისია მიესალმება კანონის ლიბერალიზაციის მცდელობას და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ჩანაცვლებას ფულადი ჯარიმით. თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ეს ცვლილებები ვიწრო ხასიათისაა და აუცილებელია შემდგომი ნაბიჯების გადადგმა კანონის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით.

2013 წელს სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების ანგარიშში ევროკომისია რეკომენდაციას უწევდა საქართველოს, „გადაეხედა“  ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონისთვის. თუმცა კომისია მხოლოდ ამ ფორმულირებით შემოიფარგლა და  კონკრეტულ ცვლილებებზე არ მიუთითებდა.

2013 წელს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ფარგლებში, საქართველოში არჩევნებზე დასაკვირვებლად ჩამოსვლას რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი კალაშნიკოვი ცდილობდა. ყველა ცნობა არსებობდა იმის შესახებ, რომ კალაშნიკოვს დარღვეული ჰქონდა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რადგან ნამყოფი იყო სოხუმში რუსეთის ფედერაციის მხრიდან. კანონის დარღვევის გამო კალაშნიკოვს არ მიეცა საქართველოში ჩამოსვლის საშუალება. საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის პროტესტის შედეგად, საქართველოს 2 წლის განმავლობაში აეკრძალა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით ღონისძიებების საკუთარ ტერიტორიაზე გამართვა.

2016 წელს საქართველოში ჩატარებულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე იგივე საკითხი წარმოიშვა, რადგან რუსეთის დელეგაციის წევრებს დარღვეული ჰქონდათ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. თუმცა, საბოლოოდ, საქართველოს ხელისუფლებამ არანაირი ზომა არ მიიღო და რუსეთის დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისში გამართულ ღონისძიებაზე.

გრიგორი კარასინი, რომელიც ჟენევის დისკუსიების მონაწილეა, პირდაპირ ითხოვდა კანონის მთლიანად გაუქმებას, რადგან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში გამართულ ეუთოს ასამბლეაზე აპირებდნენ დასწრებას, გართულებებისგან დაცულები ყოფილიყვნენ.

“კანონის გადახედვას ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ. რა თქმა უნდა, ყველამ პატივი უნდა სცეს იმ კანონს, რომელიც არსებობს და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითვალისწინებთ ეუთოს სურვილს და პრინციპებს, რომ ღონისძიებაში, რომელიც ტარდება საქართველოში ეუთოს ეგიდით და არა საქართველოს ინიციატივით, ეუთოს ეგიდით ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღოს ეუთოს წევრმა ყველა ქვეყანამ,” – ასეთი იყო საქართველოს პოზიცია ეუთოს ღონისძიების წინ, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა გააჟღერა.

საქართველოსა და  ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2014 და 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიღმა, ვაჭრობის, მოგზაურობისა და ინვესტიციების წახალისების მიზნით, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას, მათ შორის, კანონმდებლობის გადახედვას, („ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი).

2014 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ყოფილმა წარმომადგენელმა ნოდარ ტანგიაშვილმა www.eugeorgia.info-თან წლის ბოლოს შეაფასა: “თუ, მაგალითად, საქართველოს ხელისუფლება დაინახავს, რომ მის სურვილს, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შედეგებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოსახლეობამაც ისარგებლოს, შესაძლოა, გარკვეული დაბრკოლება  შეუქმნას კანონმა “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”, მაშინ, ბუნებრივია, გვაქვს უფლება, რომ მასში ცვლილებები შევიტანოთ. ეს კანონი არის გადახედვის ერთ-ერთი  შესაძლო კანდიდატი. არსებობს მთელი რიგი კანონებისა, რომლებშიც იმის მიხედვით, თუ რა საჭიროება დადგება ქვეყნის წინაშე, შესაძლოა, ცვლილების შეტანა გახდეს საჭირო”. თუმცა ტანგიაშვილმა იქვე დასძინა, რომ ვაჭრობისა და ინვესტიციების კუთხით კანონში ცვლილებების ინიცირება არ მომხდარა.

სამინისტროს წარმომადენლის ინფორმაციით, გამარტივდა აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის წარმოებისათვის ნებართვის გაცემის პროცედურა. ნებართვის მისაღებად მთავრობის აქტის გამოცემა აღარ არის საჭირო. ამჟამად საკუთარი ბრძანებით ნებართვის გაცემა კონკრეტულ ეკონომიკურ საქმიანობაზე პასუხისმგებელი სამინისტროს მინისტრსაც შეუძლია, შერიგების სამინისტროსთან  კონსულტაციის შემდეგ.

იმავე ინტერვიუში შერიგების სახელმწიფო აპარატის წარმომადგენელი ზუგდიდთან, რუხში მრავალფუნქციური სავაჭრო  კომპლექსის მშენებლობას ინვესტიციების კუთხით გაკეთებულ ინიციატივად მიიჩნევდა და, როგორც ჩანს,  ასეთი ინიციატივებისთვის კანონის მოქმედი რედაქცია დაბრკოლებებს არ წარმოშობს.

გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ ცვლილებები კანონში, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე იქნა შეტანილი და მიზნად ისახავდა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებას, 2016 წელს სამი მოსმენით მიიღო საქართველოს პარლამენტმა. კერძოდ, ცვლილება შეეხო ოკუპირებული ტერიტორიებიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლას თავშესაფრის ძიების მიზნით.  რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე აცხადებს: „იყო მითითება, რომ ჰუმანიტარულ საფუძველზე ვიზის გაცემის პროცედურები შეეცვალათ და, ზოგადად, თავშესაფრის მიცემის პროცედურები გამარტივებულიყო, მაგრამ ამ კანონზე არასოდეს უთქვამს ევროკავშირს, რომ შეცვალეთ, შეარბილეთ ან მსგავსი რამ. ეს, ალბათ, უფრო ქართული მხარის ინტერპრეტაციაა.“

საპარლამენტო პარტიების პოზიციები

„ქართული ოცნების“ მიერ კანონის შეცვლის უმთავრესი არგუმენტი საერთაშორისო ირგანიზაციების კრიტიკა და საერთაშორისო მიდგომებთან მისი წინააღმდეგობაა.  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარე, ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ „მთავარია, ევროპელი ლიდერები და ევროპული სტრუქტურები არ აკრიტიკებდნენ საქართველოს და სანქციას არ ადებდნენ კანონში ცვლილებების მიუღებლობის გამო“.

ჯერ კიდევ 2015 წელს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკუანი მიიჩნევდა, რომ  კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ ხელს უშლიდა უბრალო კონტაქტებს ადამიანებს შორის და ეს ნორმა შესაცვლელი იყო.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ჯერ კიდევ 2013 წელს არ დაუჭირა მხარი კანონში შესატან ცვლილებებს და ყველა ხერხით ეცადა მერვე მოწვევის პარლამენტში ამ საკითხზე კენჭისყრის გაჭიანურებას. ნაციონალური მოძრაობა მწვავე განცხადებებით შეხვდა 2016 წლის ნოემბერში კანონში ცვლილებების შესახებ მსჯელობის გაგრძელების გადაწყვეტილებას. გიგა ბოკერიას მოსაზრებით, აღნიშნულ კანონს აქვს სერიოზული დატვირთვა იმ მრავალწლიანი დაპირისპირების ფარგლებში, რომელიც საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან აქვს. ამასთანაცვე, ენმ-ის პოზიციით, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის ცვლილება ქვეყნის ინტერესებისთვის საქართველოს ფუნდამენტური სამართლებრივი პოზიციების დათმობაა.

აღნიშვნის ღირსია, „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის წევრის, ემზარ კვიციანის განცხადება. კვიციანს მიაჩნია, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი გასაუქმებელია: „ეს კანონი მიიღეს იმის გამო, რომ რუსეთის მოქალაქე ქართველები არ შევიდნენ აფხაზეთში, არ იყიდონ მიწები, არ იყიდონ სახლები და არ გააქართულონ იქაურობა. ამის საწინააღმდეგოდ მიაღებინეს რუსებმა სააკაშვილს ეს კანონი. ეს კანონი არის გასაუქმებელი“, – აღნიშნა კვიციანმა.

თუმცა ემზარ კვიციანს მხედველობაში საერთოდ არ მიუღია აფხაზეთის ტერიტორიაზე დღეს მოქმედი, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მიღებული წესი, რომელიც აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების შეძენას საერთოდ კრძალავს.

კვიციანის პოზიციას კანონის გაუქმების შესახებ იზიარებს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის, აშშ-ის და კანადის განყოფილების უფროსი არტურ გაგულია. მისი თქმით, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი უნდა გაუქმდეს, ვინაიდან ის თავად საქართველოს აყენებს ზიანს, რადგან აფერხებს საქართველო – რუსეთის დიალოგს, ასევე „ართულებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ისედაც მძიმე ურთიერთობებს“.

რას მოგვიტანს ცვლილებები კანონში?

მიუხედავად მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა, დაუსაბუთებელი რჩება ახალი მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პირველივე დღეებში 2013 წელს ინიცირებულ ცვლილებებზე მსჯელობის განახლება.

პასუხგაუცემელი რჩება ბევრი კითხვა, მათ შორის, უცნობია, როგორ შეუწყობს ხელს სამშვიდობო პოლიტიკას და ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას აღნიშნული ცვლილებები. ისევე, როგორც დაუსაბუთებელია არგუმენტი, თითქოს მოქმედი კანონი ამცირებს რუსი ტურისტების რაოდენობას საქართველოში და ამით ისევ საქართველოს ეკონომიკა ზარალდება.

Google საძიებო სისტემაში მრავლად მოიპოვება ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთში შესვლის წესების თაობაზე. რამდენიმე ბლოგი, რომელიც აფხაზეთში გამგზავრების წესებს ეხება, აფიქსირებს ავტორების გამოცდილებას და განმარტავს, რომ ფსოუს სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან აფხაზეთის მიმართულებით შესვლა, როგორც წესი, პასპორტში შესაბამისი ბეჭდით არ ფიქსირდება. უცხოელების გამოცდილებით, რუსი მესაზღვრეების ბეჭედს ე.წ. საიმიგრაციო ბარათზე აფიქსირებენ, რომელიც პასპორტში არ არის ჩაკრული. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაცემული ვიზაც არ ხვდება პასპორტში. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, ნებისმიერი კანონიერი სასაზღვრო-გამშვები პუნქტით შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტში აფხაზეთში უკანონოდ ჩასვლის კვალის დაფიქსირება სადავო საკითხია.

ჰიპოთეტიური ალბათობა იმისა, რომ რუსი ტურისტი სწორედ ოკუპირებული ტერიტორიების გავლით მოისურვებს საქართველოს სხვა რეგიონებში მოგზაურობას, რა თქმა უნდა, არსებობს. თუმცა ეს დაშვება ზედმეტად ჰიპოთეტიურია. თუ კვლავ დაუზუსტებელ სტატისტიკას მოვიხმობთ, 2009-2015 წლებში  კანონის დამრღვევი 300-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნა დაკავებული. რთულია იმის მტკიცება,  რომ ერთ კანონს ასეთი მძლავრი გავლენა აქვს ტურისტების რაოდენობაზე, რადგან კანონს მიღმა 2008 წლის ომს მრავალმხრივი შედეგები ჰქონდა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, კანონის სიმკაცრე პრაქტიკაში უფრო მეტად საჯარო პირებსა და პოლიტიკოსებს ეხება, ვიდრე ტურისტებს. საჯარო პირების ოფიციალური ვიზიტებით ჩასვლა სოხუმში მუდმივად შუქდება მედიით და, შესაბამისად, მათ მიმართ კანონის გავრცელებას პასპორტში შესაბამისი ბეჭდის დაფიქსირება არ სჭირდება.

ცალკე საკითხია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის საზღვარგარეთ გადაადგილების საკითხი, რის დამაბრკოლებელ მიზეზადაც ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლები ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს მიიჩნევენ. აღსანიშნავია, რომ კანონის ტექსტი ახსენებს „უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს“.  იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სახელმწიფო ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას საქართველოს მოქალაქეებად განიხილავს, შესაბამისად, კანონის სამიზნე ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვა არ არის. უფრო მეტიც, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის გადაადგილების პრობლემები განპირობებულია ამ ტერიტორიული ერთეულების საერთაშორისო არაღიარებით და სამართლებრივ ჩარჩოებს მიღმა ყოფნით. ზოგადად, საზიანოა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის განხილვა ქართულ-აფხაზური და ქართული-ოსური ურთიერთობების პრიზმაში, რადგან კანონი მიმართულია ოკუპანტი ძალის წინააღმდეგ და არა იმ მოსახლეობის, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების მხარდამჭერები ხშირად ახსენებენ იმ ეკონომიკური განვითარების პოტენციალს, რომელიც თითქოს ფიზიკური პირების მიერ კანონის დარღვევის სასჯელის შემსუბუქებას მოჰყვება. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ცვლილებები საერთოდ არ ცვლის ეკონომიკური საქმიანობის წარმოების წესს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კანონპროექტის განმარტებითი ბარათიც არაფერს გვეუბნება ამ ცვლილებების გავლენაზე სამშვიდობო პროცესსა თუ ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

საინტერესოა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე დიდი ხანია უკვე ირღვევა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ამ კანონით დაწესებული შეზღუდვები ეკონომიკურ საქმიანობაზე. კერძოდ, რუსეთის შემდეგ აფხაზეთის პირველი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია. 2008 წლის შემდეგ რუსეთი გარკვეული პერიოდის მანძილზე ცდილობდა თურქული ბიზნესის შევიწროებას აფხაზეთში. თუმცა 2011 წლიდან თურქული ბიზნესის აქტიურობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მხოლოდ იზრდება (უფრო დეტალურად ამ თემაზე, იხილეთ www.abkhazworld.com-სა და www.jamestown.org-ის სტატიები). ოკუპირებულ ტერიტორიებზე თურქული კომპანიების მიერ მომგებიანი სავაჭრო ურთიერთობების წარმოებაზე საქართველოს ხელისუფლებას არასოდეს მოუხდენია რეაგირება.

ნათელია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებები „კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ დადებითად აისახება იმ საჯარო პირების, რუსი თანამდებობის პირების და პოლიტიკოსების საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის გამარტივებაზე, რომლებიც არაერთი ვიზიტით არიან ნამყოფი სოხუმში და ცხინვალში და დარღვეული აქვთ საქართველოს კანონმდებლობა. შესაძლოა, სწორედ მათზე გავრცელდეს კანონის დარღვევის შემდეგ სპეციალური ნებართვის გაცემის წესის შემოღება.

ცალსახაა, რომ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს ხელისუფლებისთვის რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის საპასუხო ერთადერთი სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმია. წარმოდგენილი ანალიზის საფუძველზე შემოთავაზებული ცვლილებები არ შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც მხოლოდ საზღვრის უკანონო გადმოკვეთის სასჯელის შერბილებად. არამედ ეს ნაბიჯი მეტწილად საქართველოს სახელმწიფოს  ანტისაოკუპაციო პოლიტიკის შერბილებაზე მიუთითებს.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაცია ყოველდღიურად აძლიერებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო-პოლიტიკურ გავლენას და განაგრძობს მავთულხლართების გავლებას საოკუპაციო ზოლის გასწვრივ, საეჭვოა, კანონში ინიცირებულმა ცვლილებებმა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის კუთხით, რაიმე დადებითი შედეგები გამოიღოს.

აღნიშნული ცვლილების მიღმა “ქართული ოცნების” ახლად დამტკიცებულ მთავრობას ჯერ კიდევ წარმოსადგენი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ჩართულობის 2016 წლის აპრილში დაანონსებული განახლებული ხედვა. სწორედ ამიტომ, ქვეყნისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ასეთ საკითხზე, სტრატეგიული ხედვის არარსებობის პირობებში, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.


 

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) პოლიტიკის დოკუმენტი

ავტორი

ანა წურწუმია-ზურაბაშვილი

მარი ქურის სახელობის სადოქტორო მკვლევარი

Dublin City University

მასალების გადაბეჭდვის წესი