ახალი ამბები

ზალკალიანი: ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გადახედვას არ ვაპირებთ

17 მარტი, 2016 • 1720
ზალკალიანი: ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გადახედვას არ ვაპირებთ

საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილე, დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის” გადახედვას არ აპირებენ, თუმცა ითვალისწინებენ ეუთოს სურვილს იმის შესახებ, რომ საქართველოში ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილება მიიღოს ეუთოს ყველა წევრმა ქვეყანამ.

“კანონის გადახედვას ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ. რა თქმა უნდა, ყველამ პატივი უნდა სცეს იმ კანონს, რომელიც არსებობს და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითვალისწინებთ ეუთოს სურვილს და პრინციპებს, რომ ღონისძიებაში, რომელიც ტარდება საქართველოში ეუთოს ეგიდით და არა საქართველოს ინიციატივით, ეუთოს ეგიდით ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღოს ეუთოს წევრმა ყველა ქვეყანამ,” – განაცხადა დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან საუბრისას.

გრიგორი კარასინმა გუშინ ურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი გაუქმდეს, რადგან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში გამართულ ეუთოს ასამბლეას დაესწრებიან, გართულებებისგან დაცულები იყვნენ.

„ჩვენი პარლამენტარები ფიქრობენ, რომ დაესწრონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას, რომელიც საქართველოშია დაგეგმილი. წინ კიდევ გვაქვს დრო. მაგრამ ისევ მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები უნდა იყვნენ გარანტირებულად დაცულები ნებისმიერი გართულებებისაგან, რომელიც უკავშირდება ე.წ. კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ამის გამო უკვე დაზარალდა რამდენიმე ტურისტი. ჩვენ გვჭირდება მყარი გარანტიები და უფრო უკეთესი იქნება, თუ ამ კანონს საერთოდ გააუქმებენ,”-  განაცხადა გრიგორი კარასინმა (რუსთავი 2-ის თარგმანი).

დავით ზალკალიანი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ასამბლეის სხდომა ტარდება ეუთოს და არა საქართველოს ეგიდით.

“საქართველო ამ შემთხვევაში არის მხოლოდ მასპინძელი და ეს ღონისძიება იმართება ეუთოს ეგიდით. მინდა ყველამ ძალიან კარგად გაითვალისწინოს ეს ფაქტი, რომ ეს ღონისძიება ტარდება ეუთოს ეგიდით, ჩვენ ვართ მხოლოდ ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც ეს ღონისძიება ტარდება. უაღრესად მნიშვნელოვანია ეს ღონისძიება, რადგანაც 56 ქვეყნის საპარლმენტო დელეგაციები ეწვევიან საქართველოს და ეუთოს სურვილია, რომ ეს ღონისძება შედგეს სრული ფორმატით. ანუ მასში მონაწილეობა მიიღოს ეუთოს წევრმა ყველა ქვეყანამ. ჩვენ, რა თქმა უნდა, როგორც ეუთოს წევრი ქვეყანა, რომელიც ვიზიარებთ იმ პრინციპებს და წესდებას, რომელზეც დაფუძნებული არის ეს ორგანიზაცია, პატივს ვცემთ ამ ორგანიზაციას, სწორედ ეს არის ამოსავალი წერტილი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებაზე და მასში ეუთოს წევრი ქვეყნების მონაწილეობაზე,”- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი