კომენტარი

თომას დე ვაალი: რუსეთი დუმს, მადლობა რომ არ გადაუხადოს საქართველოს მთავრობას

4 სექტემბერი, 2012 • 1320
თომას დე ვაალი: რუსეთი დუმს, მადლობა რომ არ გადაუხადოს საქართველოს მთავრობას

საქართველო-რუსეთის საზღვარზე, დაღესტანში, 29 აგვისტოს მომხდარი ინციდენტი რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტის დასაწყებად შეიძლება იყოს თუ არა რაიმე სახის წინაპირობა?

 

ასეთი სერიოზული ინციდენტი იწვევს შეშფოთებას და ტკივილს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ უფრო ფართო კონფლიქტის საშიშროებას. ამ ინციდენტზე რუსეთის რეაქცია არის დუმილი. ეს მიანიშნებს, რომ მოსკოვმა იცის, რაც მოხდა, მაგრამ მომხდარის გამო მადლობა რომ არ გადაუხადოს საქართველოს ხელისუფლებას, უბრალოდ, დუმს.

 

რუსული მედია ხშირად წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აშშ საომარ მოქმედებას დაიწყებს ირანის წინააღმდეგ, რუსეთი უმალ საქართველოში შემოიჭრება. ამ თეორიის არსებობა რამდენად ლოგიკურია?

 

მე, ვაშინგტონში ერთ რამეს ვხედავ – პრეზიდენტი ობამა ყველაფერს აკეთებს, რათა თავი აარიდოს კონფლიქტს ირანთან. გამოიყვანა რა, ერაყიდან და ავღანეთიდან საკუთარი შეიარაღებული ძალები, ობამას ახლა ყველაზე ნაკლებად ახალი კონფლიქტი უნდა ახლო აღმოსავლეთში. თუ კონფლიქტი მაინც დაიწყო, ეს, უპირველეს ყოვლისა, ისრაელის ინიციატივა იქნება, მაგრამ ისრაელს გაუჭირდება ცალმხრივად მოქმედება. და ვერ ვხედავ სცენარს, რომლის მიხედვითაც რუსეთი შეძლებს საქართველოში ჯარის შემოყვანას. 2008 წელს რუსეთს ჰქონდა საქართველოსთან ომის საბაბი – სიტუაცია სამხრეთ ოსეთში. ახლა არ არსებობს საბაბი, რუსეთმა მიაღწია ყოველივეს, რაც შესძლო სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში – მრავალი წლის განმავლობაში საკამათო რეგიონებში. 

 

საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ზაფხულში მითხრა, რომ მას რუსეთთან ახალი კონფლიქტის შესაძლებლობა ნაკლებსავარაუდოდ მიაჩნია. ბევრი სპეკულაციაა რუსეთის თემაზე მმართველი პარტიის მხრიდან – ეს, უბრალოდ, წინასაარჩევნო აგიტაციაა.

 

ქართველი სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ საქართველოში არჩევნებამდე კიდევ უფრო დაიძაბოს სიტუაცია. ამ დრომდე უკვე იყო – ცემა, დაკავება და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობთ, რა იქნება არჩევნებამდე?

 

სიტუაცია უკვე მწვავეა. მალე საქართველოში ჩამოვა ბევრი დამკვირვებელი და ჟურნალისტი. ვფიქრობ, ეს ცოტათი დაამშვიდებს სიტუაციას. მე უფრო იმითი ვარ შეწუხებული, რა მოხდება არჩევნების შემდეგ.

 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკარდო მილიორი ამბობს, რომ “საქართველოში ცოტა ლენინიზმია საარჩევნო კამპანიაში, რომლის მიზანია მტრების განადგურების მცდელობა და არა პროგრამების წარდგენა”. ეუთოს
მოხელეების რიტორიკა ყოველთვის არის დიპლომატიური. ამ შემთხვევაში რატომ დაიწყო მილიორიმ საუბარი ასე არადიპლომატიურ ენაზე?

 

ბატონი მილიორი უფრო გულწრფელად საუბრობდა, ვიდრე ჩვეულებრივად საუბრობენ ასეთი ოფიციალური პირები. მაგრამ მან გამოხატა იმ პირთა საერთო შეშფოთება, ვინც აკვირდება არჩევნებს საქართველოში. ეს არის პირველი ადამიანი, რომელმაც აღნიშნა, – საქართველო დღეს იმყოფება სიტუაციაში, როცა მოწინააღმდეგე მხარეებს არ სურთ შეთანხმება იმაზე, რომ „პოლიტიკური ტემპერატურა“ ქვეყანაში ძალიან მაღალია.

 

თქვენ გაქვთ წვდომა საქართველოსთან დაკავშირებულ ბევრ ანალიტიკურ მასალაზე. აქედან გამომდინარე, მაინტერესებს – არასამართლიანი არჩევნების პირობებში რამდენად მოსალოდნელია სახალხო გამოსვლები ქვეყანაში. რა შეიძლება მოიმოქმედოს ხელისუფლებამ წაგების ან მოგების შემთხვევაში? ხედავთ თუ არა სირიის რეციდივს საქართველოში?

 

ვფიქრობ, სიტუაცია ძალიან არაპროგნოზირებადია. შეიძლება კონფრონტაციის გარეშეც ჩაიაროს, თუ ხელისუფლება გაიმარჯვებს, მაგრამ ოპოზიცია მიიღებს ბევრ ადგილს პარლამენტში, ეს მათ მისცემს შესაძლებლობას, დიალოგი გააგრძელონ პარლამენტში.

 

რა შეიძლება მოიმოქმედოს ოპოზიციამ მოგების ან წაგების შემთხვევაში?

 

“ქართული ოცნება” მრავალფეროვანი კოალიციაა. ვფიქრობ, მის რიგებში არიან ის ადამიანები, ვინც მოინდომებენ იმუშაონ პარლამენტში ხელისუფლების გამარჯვების შემთხვევაში და ისეთებიც, რომლებიც მზად არიან, იბრძოლონ
ქუჩაში, წაგების შემთხვევაში. თუ საერთაშორისო დამკვირვებლები მეტ-ნაკლებად დადებითად შეაფასებენ არჩევნებს, “ქართული ოცნება” რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდება. 

 

სახელისუფლო მედიაში მუდმივად ტრიალებს ინფორმაცია, რომ ივანიშვილი კრემლის პროექტია. თქვენ რას ფიქრობთ ამ შეფასებაზე?

 

არ ვფიქრობ, რომ ივანიშვილი კრემლის პროექტია. ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, მგონი, საქართველოში უკვე მოისმენდით ჩანაწერებს “რუსთავი 2”-ზე. რა თქმა უნდა, მას გააჩნია ბიზნესკავშირი რუსეთთან, მაგრამ ეს სულ სხვა საქმეა. ის ძალიან თავდაჯერებულია, ექსცენტრულიც კი. არა მგონია, კრემლში გათვლა გააკეთონ ისეთ ადამიანებზე, როგორებიც არიან ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და თედო ჯაფარიძე. 

 

ივანიშვილის მედიასაშუალებებში აქცენტი კეთდება იმაზე, რომ სააკაშვილმა ყველა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი რუსეთს მიყიდა; ასევე, აგვისტოს ომში მის როლზე. თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე? 

 

საქართველოში არსებობს ერთი საიდუმლო, რომელიც ყველასთვის ცნობილია – რუსეთთან ურთიერთობა. რუსეთთან ბიზნესურთიერთობები არსებობს სხვადასხვა დონეზე, რუსეთი დიდი მოთამაშეა ქართულ ეკონომიკაში. განსხვავებული იდეოლოგიური შეხედულების, პოზიციის მქონე ადამიანებს – ივანიშვილს, მერაბიშვილს, ბენდუქიძეს, გააჩნიათ ბიზნესურთიერთობები რუსეთთან და სხვადასხვაგვარად ცდილობენ, მოიზიდონ რუსული ინვესტიცია საქართველოში. ეს გაგრძელდება, მიუხედავად არჩევნების შედეგებისა. სინამდვილეში, ეს კანონზომიერია – ეკონომიკა რომ განვითარდეს, რა თქმა უნდა, საქართველოს სჭირდება ინვესტიცია დიდი მეზობლისგან. გერმანია ან ამერიკა ასეთ ინვესტიციებს არ შემოიტანენ საქართველოში. „პოლიტკორექტულობის“ გამო ყველა ერთმანეთს აბრალებს, რომ თითქოს ისინი ყიდიან საქართველოს რუსეთზე. ეს პოლიტიკაა, მაგრამ ეს არ არის ეკონომიკა.

 

თქვენ ერთ-ერთ ბოლო ანგარიშში წერდით, რომ “საქართველოს არ ჰყავს სერიოზული ოპოზიცია”… და “საშიშია, საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ არ გადაიქცეს”. ახლა საქართველოში გამოჩნდა ოპოზიციური კოალიცია. ერთპარტიულობის საშიშროება კიდევ ჩანს?

 

ახლა საქართველოში არსებობს სერიოზული ოპოზიცია “ქართული ოცნების” სახით. ერთპარტიულობა ინგრევა და თუ მიხეილ სააკაშვილი განზე გადგება მომავალში, სავსებით შესაძლებელია, რღვევა “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიწყოს. მაგრამ არ შეიძლება ვთქვათ, რომ მომწიფდა ნორმალური პარტიული სისტემა. “ქართული ოცნებაც” და “ნაციონალური მოძრაობაც” უფრო მოძრაობებია, რომლებიც შექმნეს ძლიერმა ლიდერებმა – სააკაშვილმა და ივანიშვილმა, ვიდრე ორგანული პარტიები შექმნილი იმ ხალხის მიერ, ვინც იზიარებს საერთო იდეას ქვეყნის მომავალზე.

 

საქართველოში თითქმის ყველა არჩევნების წინ ისმის სროლა კონფლიქტის ზონებში. ამას რა ახსნას უძებნით?

 

სიმართლე გითხრათ, მე ვერ ვხედავ ასეთ ტენდენციას. 2008 წელს სიტუაცია არჩევნების შემდეგ დაიძაბა. სხვა საქმეა, როდესაც პოლიტიკოსები ყურადღებას აქცევენ კონფლიქტებს და ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ სიტუაცია უარესდება.

  თომას დე ვაალი – კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსი კავკასიის საკითხებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი