კომენტარი

გიორგი ბარამიძე: ჩვენ აჭარა გამოვგლიჯეთ რუსეთს

15 აგვისტო, 2012 •
გიორგი ბარამიძე: ჩვენ აჭარა გამოვგლიჯეთ რუსეთს

გიორგი ბარამიძე – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ჯერ ოფიციალურად არ დაუსახელებია ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. ბარამიძის თქმით, პარტიამ მასზე არჩევანი სავარაუდოდ იმიტომ შეაჩერა, რომ მას გუნდთან ერთად წვლილი აქვს შეტანილი აჭარის ვარდების რევოლუციაში.

 

„ჩვენ აჭარა გამოვგლიჯეთ რუსეთს“ – ასე აფასებს ქვეყნის იმდროინდელი პირველი პოლიციელი აბაშიძის რეჟიმის ცვლილებას. არის მეორე კრიტერიუმიც – ის ბათუმელია.

 

გია ბარამიძის ექვსი თვის განმავლობაში შს მინისტრად ყოფნის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული აფრასიძეების საქმეა: 2004 წლის 24 მარტი, დილის 7.30 საათი. მესტია, სოფელი ეცერი. სპეცოპერაცია რამდენიმე ასეული პოლიციელისა და 12 ვერტმფრენის შემადგენლობით.

 

„აფრასიძეების სახლებზე განხორციელებული შეტევის დროს სახლებში იმყოფებოდნენ შმაგი აფრასიძის ოთხი მცირეწლოვანი შვილი. 11 წლის გიორგიმ თავად დაინახა, როგორ დაჭრეს სასიკვდილოდ პოლიციელებმა მისი ბაბუა ევგენი აფრასიძე. საქმის მასალების ანალიზი აჩვენებს, რომ ადგილი ჰქონდა შს და უშიშროების სამინისტროების თანამშრომლების ქმედების ისეთ არაჯეროვან დაგეგმვას, რამაც სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილი პირების (ევგენი და ომეხ აფრასიძეების) სიკვდილი გამოიწვია და საფრთხე შეუქმნა აფრასიძეების ოჯახში მყოფ ცხრა პიროვნებას, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს”, – ეს არის ამონარიდი სახალხო დამცველის განცხადებიდან, რომელიც 2009 წელს აფრასიძეების საქმის შესწავლის შემდეგ გავრცელდა.

 

ინტერვიუ გია ბარამიძესთან ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბთან ჩავწერეთ. ერთ-ერთი შეკითხვა აფრასიძეების საქმესაც შეეხო.

გიორგი ბარამიძე
გიორგი ბარამიძე

 

ბატონი გია, სავარაუდოდ თქვენ იქნებით “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმში, რატომ შეჩერდა არჩევანი თქვენზე?

ჯერ ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის, თუმცა არ გამოვრიცხავ. საბოლოო გადაწყვეტილებას პარტია გამოაცხადებს.

 

ამბობთ, რომ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების „კარდაკარის“ ფარგლებში კითხვა ფორმულირებულია ასე: დაუჭერთ თუ არა მხარს გია ბარამიძეს? და არა, ვთქვათ – რომელ კანდიდატს დაუჭერთ მხარს: გია ბარამიძეს თუ რობერტ ჩხაიძეს (“ნაციონალური მოძრაობა” ბათუმში ქალაქის მერის, რობერტ ჩხაიძის კანდიდატურასაც განიხილავდა).

რობერტიც იყრის კენჭს, სავარაუდოდ უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის. ჩვენ სერიოზულად ვფიქრობთ ამის შესახებ, დასამალი არაფერი არ არის.

 

ამ ეტაპზე, რობერტ ჩხაიძესთან შედარებით, პარტიამ უპირატესობა თქვენ რატომ მოგანიჭათ? როგორია “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმები?

კრიტერიუმები, ალბათ, ის იყო, რომ მე ბათუმელი ვარ, ბათუმში დავიბადე, აქ დავამთავრე სკოლა, დედაჩემი აქაურია, სახლი და კარიც გვაქვს, აქ არიან ბებია, დეიდა, ნათესავები… გარდა ამისა, ბათუმელებს კარგად ახსოვთ, როცა აჭარა გათავისუფლდა, რა და როგორ მოხდა მაშინ. შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი. ისე გავუშვით ასლან აბაშიძე, რომ ბათუმში სრული წესრიგი იყო, არც ერთი ფანჯარა არ ჩამსხვრეულა და არც ერთი ადამიანი არ დაშავებულა. ბევრი ბათუმელი ამას აფასებს და სერიოზულ დამსახურებად უთვლის „ნაციონალურ მოძრაობას“. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, მე ამაში პატარა წვლილი მაქვს შეტანილი, მე ვამაყობ ამით და ვფიქრობ, რომ ჩემი შთამომავლობაც იამაყებს.

 

შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდს შეეხეთ. სპეცოპერაცია, რომელიც თქვენი მინისტრობის პერიოდში მახსენდება, იყო აფრასიძეების საქმე. თითქმის 8 წელია გასული, ხომ არ გადაგიფასებიათ მოვლენები? ამ გადასახედიდან რას ფიქრობთ, შეიძლებოდა თუ არა მსხვერპლის თავიდან აცილება?

ამის საფუძველი არ მაქვს, გუნდის ამოცანებიდან გამომდინარე, ჩემი, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, ამოცანა იყო, რომ ქვეყანა გაგვეწმინდა კრიმინალისგან, ბანდიტებისგან, რომლებიც სერიოზულ პრობლემას უქმნიდნენ ქვეყანას. ექვსი თვის განმავლობაში ბევრი რამ მოვასწარი, პრაქტიკულად ქურდი აღარ დარჩა საქართველოში, მე სანამ მინისტრი გახლდით, ძირითადი რაოდენობა ბანდიტებისა და ყაჩაღებისა დავიჭირეთ.

 

ხდებოდა თუ არა ეს ადამიანების უფლებების დარღვევის ხარჯზე?

სამწუხაროდ, ზოგიერთმა გაგვიწია წინააღმდეგობა და პოლიცია იძულებული გახდა, ძალა გამოეყენებინა. ეს ყველა ქვეყანაში ასე ხდება, როცა პოლიციელს ტყვიამფრქვევს ესვრი, პოლიციაც იყენებს ძალას. სამწუხაროდ, ამ კონკრეტული სპეცოპერაციის დროს (აფრასიძეების საქმე) სპეცდანიშნულების რაზმი იძულებული იყო, ცეცხლისთვის ცეცხლით ეპასუხა და ორი ადამიანი დაიღუპა. სამი იქნა მაშინ აყვანილი და ისინი გასამართლებულნი არიან მრავალი ადამიანის მოკვლისა და გატაცებისთვის. თუ გადაფასება მოხდება, მხოლოდ იმ კუთხით, რომ სვანეთში კრიმინალთან შეუგუებელი ბრძოლა რომ არ ყოფილიყო, სვანეთში ის აღმშენებლობა, რაც დღეს არის, არ იქნებოდა.

 

თქვენ კანდიდატურა მაჟორიტარ კანდიდატად განიხილებოდა ასევე დიდუბის რაიონში. პარტიამ დაბლოკა დიდუბის რაიონში გიორგი ბარამიძე, თუ რა მოხდა?

პარტია მუშაობის ყოველდღიურ რეჟიმშია, ვინ სად უნდა დასახელდეს. დიდუბე სავარაუდო იმიტომ იყო, რომ სამჯერ ვიყავი უკვე პარლამენტში არჩეული ამ რაიონიდან. თუ ბათუმი გადაწყდება საბოლოოდ, ეს იმიტომ, რომ აქაური ვარ და ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი. ეს მე განმასხვავებს ალბათ სხვა კანდიდატურებისაგან. ასლან აბაშიძის რეჟიმი დასრულდა ისე, რომ არ მომხდარა არც ერთი ვანდალიზმისა და ქურდობის ფაქტი.

 

მე მაშინაც რეპორტიორი ვიყავი და მახსოვს რეპორტაჟები, როგორ გამოჰქონდათ ასლან აბაშიძის რეზიდენციიდან კომპიუტერები, გაქრა ძვირადღირებული მანქანები… აბაშიძისა და სხვა მაღალჩინოსნების პირადი ნივთების ნაწილი თუ გაქრა, ნაწილს მემედ აბაშიძის ძეგლთან წვავდნენ რევოლუციის მონაწილეები. არ იღებთ ამ ფაქტებზე პასუხისმგებლობას?

არა, ეს ასე არ იყო. რომ არ გვქონოდა ვანდალიზმის ფაქტები, ასლან აბაშიძის ცოლის საფლავზე დავაყენეთ დაცვა, ეს იყო ერთ-ერთი ჩემი პირველი ბრძანება. ასევე ასლან აბაშიძის სახლიც დაცული იყო, რომ არ ყოფილიყო გადაწვა და შეურაცხყოფა. ერთადერთ უმნიშვნელო ინციდენტს ჰქონდა ადგილი მემედ აბაშიძის ძეგლთან, მას ვანდალიზმს ვერ ვუწოდებთ, სადღაც ფურცელი დაიწვება თუ სკამი. წარმოიდგინეთ, როცა ამხელა პროცესია, როცა რუსეთის ამხელა იმპერიას გამოგლეჯ საქართველოს ერთ-ერთ უძველეს კუთხეს, დაუბრუნებ თავის კუთვნილ ადგილს… ჰო, მე ვფიქრობ, ხალხი ამას დამსახურებულად გვითვლის.

 

ანუ აჭარის ვარდების რევოლუციას თქვენ ისე აფასებთ, რომ აჭარა გამოგლიჯეთ რუსეთის იმპერიას?

რა თქმა უნდა, თქვენ ასე არ ფიქრობთ? აბაშიძე თვითონ იყო ფაქტობრივად ოფიციალურად რუსეთის გენერალი და მართავდა რეგიონს და მიიღო აჭარაში კონსტიტუცია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და უფრო მეტიც, ააფეთქა ხიდები და იმედი ჰქონდა რუსების, რომლებიც წვრთნიდნენ მის სპეცრაზმს. რუსეთის იმპერია ყოველთვის იყო საქართველოს დაქუცმაცებით დაინტერესებული.

 

ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტებს უკვე დასახელებული ჰყავთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, რომელიმე მათგანს აღიქვამთ სერიოზულ კონკურენტად, თუ ეს თქვენთვის კონკურენტუნარიანი არჩევნები არ არის?

მე მთავარ მეტოქედ აღვიქვამ სიღარიბეს, უმუშევრობას. მთავარ მეტოქედ აღვიქვამ ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს, იმ გასაჭირს, რაც აქვთ ბათუმელებს.

 

იმ ფონზე, როცა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბათუმში ოპოზიციამ მოახერხა ათობით ათასი ადამიანის მობილიზება აქციაზე, მთავარ კონკურენტად ოპოზიციის კანდიდატებს მაინც არ მიიჩნევთ?

ყველას მოვეპყრობით პატივისცემით, იმიტომ, რომ ყველას თავისი ამომრჩეველი ჰყავს და საერთოდ ვისურვებდი, რომ როცა არჩევნები დასრულდება, ყველა ერთად ვიყოთ იმ საქმეებში, სადაც საქმის კეთება ერთად შეიძლება. ოპოზიციას თავისი ფუნქცია აქვს დემოკრატიულ ქვეყანაში, რომ იყოს მთავრობის კონსტრუქციული გამკრიტიკებელი, რომ მთავრობას არ ჩამოეძინოს.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩეველს 1000-ლარიან ვაუჩერს ჰპირდება, თქვენი ოპონონტები საარჩევნო პერიოდში ამ დაპირებას ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებენ. ამაზე რას იტყვით?

უნდა გავმიჯნოთ, ეს არის მთავრობის სოციალური პროგრამა.

 

ძნელია გამიჯვნა, რადგან კარდაკარის ფარგლებში, რომლითაც მე პირადად გამომკითხა თქვენი პარტიის დაქირავებულმა წარმომადგენელმა, კითხვარის ფურცელს აწერია პარტიის სლოგანი და ამ კითხვარის პირველი კითხვაა: იცით თუ არა 1000-ლარიანი ვაუჩერის შესახებ და რაში დახარჯავთ მას…

გამომდინარე იქიდან, რომ “ნაცმოძრაობა” არის სახელისუფლებო პარტია, ჩვენ მხარს ვუჭერთ ვანო მერაბიშვილის მთავრობის ახალ ინიციატივას. ვიცით, რომ ბევრ ოჯახს უჭირს პრობლემის მოგვარება, მათ ეს ვაუჩერი დაეხმარება. ჩვენ ყალბად არ ვპირდებით მოსახლეობას, რომ შევამცირებთ დენის ან გაზის გადასახადს, რადგან ეს არასწორი იქნება. ახსოვს ხალხს, რომ დენის გადასახადი ნაკლები იყო და დენი არ იყო. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სანამ საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ სამუშაო, ისინი მიიღებენ დახმარებას მთავრობიდან, რომ ნორმალურად იცხოვრონ, დაისვენონ და ჩაიცვან, ეს თანხა იქნება გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი