არჩევნებამდე თვეზე ცოტა მეტი დრო რჩება, დამოუკიდებელი საქართველო კი პირველად დგას ხელისუფლების ცივილიზებული გზით შეცვლის შესაძლებლობის წინაშე. დიდია საზოგადოებრივი მოლოდინი, მაგრამ გაუმჭვირვალე პროცესები არსებული დაძაბულობას კიდევ უფრო ზრდის. წინასაარჩევნო კამპანიაც გახსნილია ოფიციალურად და მწვადების შეწვისა და დაყადაღებების ფონზე მიმდინარეობს. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც მობილიზებულია. დაპირებები მსგავსია, მათდამი ნდობის ინდექსი – სხვადასხვა. ოპოზიციის მხრიდან პრემიერობის კანდიდატი ცნობილია, ხელისუფლების მხრიდან კი …
ნაციონალური მოძრაობის პრემიერობის კანდიდატის ვინაობა რამდენიმე თვეა დებატების საკითხად არის ქცეული. ოფიციალურად მის გაცხადებას მმართველი გუნდი ჯიუტად არიდებს თავს, არაოფიციალურად კი ამ პოსტზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი მოიაზრება. მისი კანდიდატურის მიმართ საზოგადოებრივი აზრი განსხვავებულია. საუბედუროდ, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი პრეზიდენტის გაპრემიერებაში ცუდს ვერაფერს ხედავს და მიესალმება კიდეც მოვლენების ამგვარ განვითარებას. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ავტორიტარული ბუნების მიუხედავად, სააკაშვილი რუსულ მოდელს არ აირჩევს და უარს იტყვის პრემიერობაზე. შესაბამისად, მალე დასახელდება „მემკვიდრე“, ხოლო პრეზიდენტი მისთვის ძალიან არასასურველ „კოჭლ იხვად“ იქცევა.
არსებობს მესამე მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც პრეზიდენტი ყველანაირად ეცდება, მის ხელთ არსებული აბსოლუტური ძალაუფლება არ დათმოს. სააკაშვილს რომ ხელისუფლებიდან წასვლის არანაირი სურვილი არ გააჩნია, ამის ნათელი მაგალითი მისი ერთ–ერთი უკანასკნელი გამოსვლა იყო, სადაც პრეზიდენტმა ფეოდალური წყობის მმართველისთვის დამახასიათებელი რიტორიკით განაცხადა, რომ მეტი საქმე არ აქვს, მისი აშენებული ქვეყანა სხვას გადააბაროს დასანგრევად. მოგვიანებით ფოთში გამოსვლის დროს პრეზიდენტი უფრო შორს წავიდა და მითიური პოლიციელის პირით ალეგორიულად გვამცნო, რომ საქართველო ეს თვითონაა.
იმათ გასაგონად, ვისაც საქართველო ჯერ კიდევ დემოკრატიულ ქვეყნად მიაჩნია, პრეზიდენტის მიერ საკუთარი თავის სახელმწიფოსთან გათანაბრება და ერთპიროვნულად გადაწყვეტა იმისა, თუ ვის უნდა გადაბარდეს ქვეყანა, სრულ შეუსაბამისობაში მოდის დემოკრატიულ პრინციპებთან. მეოცე საუკუნის დიქტატორებიც კი თავს არიდებდნენ ქვეყანასთან თავის გათანაბრებას და ეს ძირითადად შუა საუკუნეების მონარქებისთვის იყო დამახასიათებელი. მე პირადად სააკაშვილის იგავმა პატროიტი პოლიციელის შესახებ გამახსენა ლუდოვიკო XIV-ს ცნობილი გამონათქვამი -„სახელმწიფო ეს მე ვარ“.
პრეზიდენტის ამბიციების ზრდა და მისი ავტორიტარიზმისკენ სწრაფვა საქართველოს საერთაშორისო იმიჯზეც კატასროფულ გავლენას ახდენს. დაახლოებით რვა წლის წინათ დემოკრატიის შუქურად შერაცხული ქვეყანა უკვე ჰიბრიდული რეჟიმის სტანდარტებშიც ვეღარ ჯდება და რამდენიც არ უნდა ატრიალონ ხელისუფლების მიერ მართულმა ტელევიზიებმა უცხოელი ლიდერების მიერ დიპლომატიური პროტოკოლის ფარგლებში გაკეთებული განცხადებები, უკვე ყველასათვის ცნობილია, დემოკრატიის რა ხარისხს მიაღწია საქართველომ ბოლო წლებში.
საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა იმ კითხვასაც სცემს პასუხს, თუ რა კურსი აირჩია ქვეყანამ, ევროპისკენ მიდის ის, ისრაელისკენ, თუ სინგაპურისკენ. ჩვენდა სამწუხაროდ, არსადაც არ მიდის, ისევ საბჭოთა კავშირის ნანგრევებზე დგას და დემოკრატიის ნიღბით ცდილობს ავტორიტარული მემკვიდრეობის შენიღბვას. ისევ საბჭოთა წარსულის ტრაგიკომედიურ მარაზმში ვცხოვრობთ. მოდერნიზაციის სახელით გატარებული რეფორმები და განვითარებული სახელმწიფო ინსტიტუტები კი ემსახურება არა სახელმწიფოს ინტერესებს და საზოგადოების კეთილდღეობას, არამედ მმართველი ელიტის ძალაუფლების შენარჩუნებას.
ხელისუფლების რამდენიმეწლიანი „დაუღალავი მუშაობისა“ და ქართული საზოგადოების ინდიფერენტულობის შედეგად მივიღეთ ე.წ. ელექტორული ავტორიტარიზმი, სადაც მულტიპარტიული არჩევნების ილუზიის შექმნით ახდენს მმართველი ელიტა ძალაუფლების ლეგიტიმაციას ქვეყნის შიგნით და გარეთ. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მომგებიანია საერთაშორისო ასპარეზზე. ლობისტური კომპანიების საშუალებით იოლად ხდება უცხოელი დიპლომატებისთვის თუ ინვესტორებისთვის თვალის ახვევა და ქვეყნის დემოკრატიულად გასაღება.
ქვეყნის შიგნით კი ქართული ელექტორული ავტორიტარიზმი ტექნოკრატიულ მოდერნიზმსა და კონსერვატიულ ღირებულებებს ემყარება. მართალია, პოლიტიკური რეპრესიები არსებობს, მაგრამ სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების სელექციური დაცვა და ამის გაპიარება რეჟიმის დიქტატს ნიღბავს. ნაკლები სისხლისა და ცენზურის გამო პოლიტოლოგები მას ავტორიტარიზმის „ვეგეტარიანულ“ მოდელს უწოდებენ. ნაკლები ძალადობის ილუზიის შექმნა კი საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, საკუთარ დემოკრატობაზეც კი ისაუბროს. ამ დროს კი პოლიტიკური ტერორი ტრადიციული ავტორიტარიზმისგან განსხვავებით ხდება არა ფიზიკური ლიკვიდაციით, არამედ სხვა თანამედროვე მეთოდებით, მაგალითად, ქონების დაყადაღებით, მოქალაქეობის ჩამორთმევით, სამსახურიდან გაშვებით და ა.შ.
ინტენსიური პროპაგანდით გონებაგათიშული და მწვადით, ჩასმული კბილებით, ოცლარიანი ვაუჩერით მოსყიდული მოსახლეობის ნაწილი კი დემოკრატიულად მიიჩნევს ქვეყანას, სადაც ჩვეულებრივი მოვლენაა არჩევნების გაყალბება, რაც საზოგადოების დიდ ნაწილს პოლიტიკური პროცესებიდან თიშავს და პასიური მაყურებლის როლში ამყოფებს. სადაც ტყუილი დაპირებები და ამომრჩეველთა დაშინება წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილია. სადაც საჯარო სამსახურში მომუშავე კადრები საარჩევნო ყუთებთან მისადენ ცხვრის ფარად არის ქცეული, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტი მმართველი პარტიის ყულაბას წარმოადგენს. სადაც ხელისუფლება სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს და უმცირესობებს განზრახ უპირისპირებს ერთმანეთს და ამით სამოქალაქო ერთობის ჩამოყალიბებას უშლის ხელს.
სწორედ „ვეგეტარიანული“ მოდელის არსებობის გამო დგას საქართველო ყველაზე ახლოს ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის დამახასიათებელი რეჟიმებთან, სადაც ირანულ ან ჩრ. კორეულ ავტორიტარიზმებთან შედარებით ნაკლები რეპრესიები და მეტი თავისუფლებაა, მაგრამ ძალაუფლების გადაცემის ძირითადად ორი გზა არსებობს, ბელადის გარდაცვალება ან რევოლუცია. ხელისუფლების შესანარჩუნებლად კი გამოყენებულია საკმაოდ კარგად გამართული პოლიციური აპარატი და პროპაგანდის მანქანა. ქვეყნის კონსტიტუცია არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს. მაგალითად, 2006 წელს ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმანმა გადააკეთა კონსტიტუცია, რათა ხელისუფლებაში დარჩენის ლეგიტიმაცია მოეხდინა. 2007 წელს კი უზბეკეთში ისლამ კარიმოვმა კონსტიტუციის მიერ დაწესებულ შეზღუდვას სრული იგნორირება გაუკეთა და კენჭი მესამე ვადით იყარა. საფარმურატ ნიაზოვის და ნურსულთან ნაზარბაევის მაგალითები უფრო ცნობილი და „შთამბეჭდავია“. ავტორიტარ მმართველებში ძალაუფლების შენარჩუნების მიზეზი კი ყველგან ერთია, მეტი საქმე არ აქვთ, თავიანთი აშენებული ქვეყნები სხვებს დაუტოვონ დასანგრევად.
ავტორის შესახებ ვასო კუჭუხიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი |