კომენტარი

`როცა განავალი ხვდება ვენტილატორში…`

10 აგვისტო, 2012 • 1432
`როცა განავალი ხვდება ვენტილატორში…`

ვიცი, ჩემს საფეთქლებში

გამოჭრილი პატარა ფანჯრებიდან

აღარასოდეს გამოიხედავ გარეთ.

არც იხმაურებ

და არც ცრემლებს ჩამოუშვებ

ტუჩებისკენ,

სასოწარკვეთილების უხილავი ძაფებით.

ვიცი, ჩემი ტვინის ხვეულებში

აღარასოდეს ჩაჯდები კომფორტულად,

რადგან შევძელი და დავინახე ჩემი თავი

ისეთივე განადგურებული,

როგორც სოფელი დაბომბვის შემდეგ.

ჩემს თვალებში გამოვიდა გადარჩენილი ბავშვი

და ისევ სადღაც მიიმალა.


4 წლის წინ…

 

ვზივარ გორის კულტურის სახლში, ბნელ დარბაზში. სადღაც არცთუ მოშორებით ბომბები ცვივა და აფეთქების ნათება აღწევს ჩვენამდე, დარბაზის უზარმაზარ, ადგილ-ადგილ ჩალეწილ ფანჯრებში. ჯარისკაცები კედლებზე ზურგმიყრდნობილნი სხედან. ახალი ბატალიონის ნაწილი შემოიყვანეს. 9 აგვისტო ხდება. დარბაზი თანდათან ივსება. ქალაქიც სავსეა. ძინავთ ყველგან, ბარდიურებზე, ძეგლთან, ხეებთან, შადრევანთან. აქ ავტობუსებით ჩამოგვიყვანეს. დავდიოდი ქალაქში მიყრილ ჯარისკაცებში, ვეძებდი ჩემს მეგობრებს. მაგრამ ვერავინ ვნახე. ჯარისკაცების სახეები სიბნელეში არ ჩანს. ისე, არც დღე ჩანს მათი სახეები. საიდანღაც ორი ჰიპებივთ გამოწყობილი ტურისტი გამოჩნდა, არ ვიცი, აქ საიდან გაჩნდნენ. ისე სწრაფად გაგვეცალნენ, რომ ვერ მოვასწარი გამოლაპარაკება.


მერე აქ წამოგვიყვანეს დასაძინებლად. დარაჯს ვკითხე, რა შენობაა და კულტურის სახლია–მეთქი. არ ვიცი, რა გველის ხვალ. დაუბომბავთ ფოთი, ჩემი ჩუმი და წყნარი ქალაქი. მოხუცი ველოსიპედიტების მშვიდი მიმოსვლა დაარღვია სუ 24-ის შიშინმა და აფეთქებებმა. დაუბომბავთ სენაკი, ზუგდიდი, გორი, კიდევ რაჭა. ერთი ჯარისკაცი ამბობდა: ძალიან უპატრონოდ ვართო. მართალია. ათას ჭორს და სიმართლეს ამბობენ. დავიძინებ ახლა. მაგრამ თანდათან ემატებიან ოცეულები, მძიმე “ბატინკების ხმით”, ჩემი დახუჭული თვალებით შემოსაზღვრულ სიფხიზლეში იჭრება მათი ჩუმი ლაპარაკი. ვერ ვიძინებ. გამოვდივარ გარეთ. დავხეტიალობ დერეფნებში. მერე აივანზე ვზივარ. ჩანს ვარსკვლავებით მოჭედილი ცა.


არ მინდა დავიჯერო, რომ კიდევ ერთი ომი დაიწყო. დარბაზში დავბრუნდი. მივაწექი ჩემს ზურგჩანთას. დარბაზის კედლებზე წარწერებია. მე “ს ო ფ ო” – ს ქვეშ მძინავს. იქვე სუხიშვილების დაგლეჯილი  პლაკატია გაკრული. თავი ავტომატის გაჭედილ მჭიდებზე მიდევს. არ ვიცი, რა იქნება ხვალ, სად წავალთ, ჩავერთვებით ბრძოლაში თუ არა. არ ვიცი, სად გაყვება ამ 120 ტყვიას ჩემი სიზმრები, ვის მიუტანს მათ, ან ვის დააძინებს ისეთი ღრმა ძილით, როცა უკვე შეუძლებელია გამოღვიძება. გათენდა. საათს დავხედე. 8-ის ნახევარია. სამი საათიც არ მეძინა. ეზო თანდათან ივსება რეზერვისტებით. ვიყურები გარეთ. ვამბობ: მშვენიერი დღე თენდება, ჩვენ კი აქ დაჟანგული “კალაშებით” ვყრივართ. ვიღაც ამბობს: “აქ რომ შემოგვყარეს ყველა, ერთი ბომბი უნდა და სულ გაგვწყვიტავენ.” დაბომბვას ელოდებიან წამი-წამზე, გარეთ არ გახვიდეთ, არ შეგნიშნონო და აქ შემოგვყარეს? მთელი ეზო სავსეა. უცბად გაისმა საზარელი ხმა: შიშინის, გრუხუნის. დავინახე, როგორ გაიფანტნენ ეზოში ჯარისკაცები. რა ხდება? დაგვარტყეს, ჩამოვარდა, დაგვბომბეს – ზრიალით-მსხვრევით წამოვიდნენ ფანჯრის მინები. გავრბივართ დარბაზის მეორე მხარეს. წამი-წამზე ველით, რომ ჭერი თავზე ჩამოგვექცევა, კიდევ დაგვარტყამენ. ისმის ყვირილი, ვიღაც კითხულობს, ხომ არ დაშავდა ვინმე? „პანიკის გარეშე! პანიკის გარეშე!


გორი იბომბება. არ ვიცი რა ვქნათ, ხელში მხოლოდ ავტომატები გვაქვს, სადღაც ისვრიან პულემიოტს. ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, მაგრამ დაბომბვა გრძელდება. ბაზა განადგურებულიაო. საცხოვრებელი სახლები იბომბება. გადავრბივართ ქუჩაზე, ხეების ქვეშ ვიმალებით. ზოგი სადარბაზოებში შერბის. მეთაურები არ ჩანან. არ ვიცით, რა ვქნათ. ვეძებთ ჩვენ-ჩვენს ბატალიონებს. დაბომბვა წყდება. ქუჩაში გამორბიან ბავშვებით, ჩანთებით. დამწვარი, დაცარიელებული სახლები, ჩამსხვრეული შუშებით. ყველაგან ხალხი გარბის, ჯარისკაცების ნაწილი დემორალიზებულია. მოდის ხმა, რომ ბრძანებაა –“რეზერვისტები უკან გაუშვითო”, ზოგი თავისით გარბის. მისი უდიდებულესობა “კალაშნიკოვები” გორის ქუჩებში ყრია.


იბარგებიან ქალაქიდან. ბრუნდებიან შეშლილი სახით ობოლი კაცები, “გაუშვით ოჯახი ქალაქიდან?” “ხო, გავუშვი”, ყველა სასოწარკვეთილია. ომი მძვინავარებს. ეზოში ვზივართ. გავყურებთ ქუჩას. ჩვენი მეთაური გამოჩნდა და გვითხრა, “დაბომბვისას პადიეზდებში დაიმალეთო”, ხალხს ამოვეფაროთ? პოზიციებზე გაგვიყვანონ. მაგრამ მათ არაფერი იციან. რაციებიც არ აქვთ, არ ვიცი, როგორ ახორციელებენ კავშირს.


შევდივარ სადარბაზოში, სადაც რამდენიმე ჯარისკაცი და დედა თავისი შვილებით შეყუჟულან, ისინი ელიან ოდნავ ჩაწყნარდეს ცა, რომ თბილისისკენ წამოვიდნენ. ბავშვს ალექსი ქვია, ჩემი სეხნიაა. ვეფერები, ის კი შეშინებულ თვალებს აყვრიალებს. მინდა ვუთხრა, პატარა, მალე ქვეყანა დაწყნარდება და ის ცხოვრება დაიწყება, შოკოლადისსურნელიან წიგნებში და ჟურნალებში რომ არის აღწერილი. მაგრამ ამგვარი ცხოვრება არათუ არ იწყება, ირგვლივ ყოველივე სულ უფრო შემზარავი ხდება.


ერთ-ორ საათში რაღაც პარკში შევგროვდით დარჩენილი რეზერვისტები, ასორმაცდაათ კაცამდე. ვიღაცამ, შტაბის უფროსი ვარო რომ თქვა, წაგვიკითხა სამდღიანი გეგმა, სადაც ნათქვამი იყო, რომ აღებული სოფლები უნდა დაგვეცვა, თითოეულ დავალებაზე განსაზღვრული იყო 1000-დან 2000 რეზერვისტამდე. სად იყო აქამდე? ახლა გვისახავენ ამოცანებს, როცა ცხვრის ფარასავით დაიფანტა ხალხი და რაც ვიყავით, იმისი 10%-ც არ დავრჩით? შტაბის უფროსი კი აგრძელებდა ჩვენი საბრძოლო სულის განმტკიცებაზე ზრუნვას. ამ დროს ჩვენთან გაჩერდა სამხედრო პოლიცია და იყო ბრძანება, რომ სასწრაფოდ გავეყვანეთ ქალაქიდან. სად მივდივართ? არ ვიცით. რას ვაკეთებთ? არ ვიცით. მას შემდეგ, რაც გორს რამოდენიმე წრე დავარტყით, გავემართეთ დასავლეთისკენ. ეს ყვითელი ავტობუსები თავისით იწვება მელიქიშვილის ქუჩაზე და აქ ერთი ჭურვი რომ ჩამოგვიგდონ შორიახლოს, მეყოლე ვარდივით, ავბრიალდებით, ნაცრად ვიქცევით. როგორც ჩანს, ცოცხალი სამიზნე ვართ და ვმანევრირებთ. ესეც ხომ საქმეა.


სადღაც ქარელთან გზაში ვჩერდებით. გზის პირას ტყის ზოლს ვაფარებთ თავს. ბათუმიდან წამოსული რამოდენიმე ბიჭი მოდის ჩვენთან – „სამედიცინო პუნქტში ვეხმარებითო ქარელში და ალბათ ხვალ ფორმას და იარაღსაც მოგვცემენო“. ვსხედვართ, ვუყურებთ გზას და ნათელ ცას ფოთლებს მიღმა. ცოტა ხანში ისევ გზას ვადგებით. მზე ჩადის. არ ვიცით, სად მივდივართ. ცხინვალის გადასახვევთან ვჩერდებით. გვეუბნებიან, რომ აჯობებს, თუ ქალაქში დავბრუნდებით. ვაბარებთ ავტომატებს და თბილისისკენ მომავალ მანქანას ველოდებით. თბილისში შემოსულები ვხედავთ განათებულ რესტორნებს. არ ვიცი, რა მოხდება ხვალ. ყველაფრისთვის მზად ვარ.

2012 წელი


ახლა აგვისტოში „წითელ ყაყაჩოებს“ იბნევენ გულზე და იხსენებენ ომში დაღუპულ ჯარისკაცებს. ხშირ–ხშირად ახსენებენ ტალიავინის დასკვნას. ხელისუფლების მომხრეები აგინებენ მათ, ვინც იძახის, რომ საქართველოს შეეძლო ომის თავიდან აცილება. იქნებ არც შეეძლო, რადგან პუტინი საკუთარ მოქალაქეებს არ უფრთხილდება და სულ არ კიდია სხვა ქვეყნის მოქალაქეები? (თუმცა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაც ფიქრობს, რომ არ არის საჭირო საკუთარ მოსახლეობაზე ზრუნვა, მათზე თავისუფალი ბაზარი იზრუნებს.)


„ექსპერტები პატრიოტიზმის დარგში“ ჩვეულ რიტორიკას ინარჩუნებენ. გმირულად დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, გმირულად ვჭამოთ რესტორანში, გმირულად დავდგეთ კონცერტზე, როცა 100 მეტრში ეკლესიიდან ჯარისკაცებს ასვენებენ და 100 კილომეტრში კი სასტიკად კლავენ, ასახიჩრებენ და აობლებენ. მერე ვაჩვენოთ მოდელირებული ომი ნამდვილი გმირებით და ნამდვილი ომი მოდელირებული გმირებით. ომი,  რომელიც  მართალია წავაგეთ, მაგრამ თანაც მოვიგეთო და „მთელ მსოფლიოს“ დავანახეთ, რა სასტიკიაო რუსეთი. თუმცა, მგონი, ეს უჩვენოდაც იცოდა ყველამ. გაეგო ჩეჩენი ბავშვებისგან ან ბესლანში დაღუპულთა ახლობლებისგან.


ახლა ის ვიკითხოთ, რამდენად შევძელით და ვანახეთ მსოფლიოს ჩვენი ქვეყნის გონიერება?


მაგალითად, ხომ შეგვეძლო ფულის ის ნაწილი, რაც თავდაცვაზე მიდის, თუნდაც „წარუმატებელი რეზერვის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა“ გაგვენაწილებინა და ქართველ სტუდენტებთან ერთად, აფხაზი და ოსი სტუდენტებისთვის შეგვეთავაზებინა სწავლის დაფინანსება საზღვარგარეთ, ხარისხიანი განათლება და თავის რეალიზაციის საშუალება საქართველოში. თუნდაც 10 სტუდენტის თანხმობაც კი მნიშვნელოვანი წარმატება იქნებოდა. ქართველთა სიძულვილის პროპაგანდისთვის, რასაც აფხაზეთსა და ოსეთში ეწევა რუსეთი, დაგვეპირისპირებინა მსგავსი საგანმანათლებლო და კულტურული პროექტები და არა პომპეზური აღლუმები.


იმის ნაცვლად, ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების რაოდენობით გვეამაყა, კარგი იქნებოდა, ქართველი სტუდენტები, მეცნიერები, არტისტები ყოფილიყვნენ სამეცნიერო კონფერენციებზე, ლიტერატურულ თუ თეატრალურ ფესტივალებზე უხვად წარმოდგენილნი. ეს იქნებოდა ჩვენი ქვეყნის გამარჯვება.


ლაზიკის უაზრო პროექტის ნაცვლად დაგვეწყო და აგვეშენებინა ეკო-დასახლებები, რომლებითაც მაგალითს მივცემდით, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდე ბუნებას, ნაცვლად ხეების უთავბოლო ჩეხვისა და მდინარეების ბეტონის კალაპოტში დამწყვედევისა.


ჩემი მოკრძალებული აზრით, მსგავსი ნაბიჯები ქმნის  გონიერი ერის იმიჯს. სწორედ ასეთი დამოკიდებულება მოგვიტანდა უფრო მეტ, რეალურ მხარდაჭერას, თუნდაც აგვისტოს ომის შემდეგ და სულ მცირედ მაინც დაგვაზღვევდა, რომ იქნებ ჩემმა შემდეგმა თაობამ მაინც აღარ უყუროს, როგორ მოგრიხინობს ტანკი კოხტა და მყუდრო სახლებს შორის.

 

ალექსი ჩიღვინაძე
ალექსი ჩიღვინაძე

ავტორის შესახებ

ალექსი ჩიღვინაძე, მწერალი

მასალების გადაბეჭდვის წესი