კომენტარი

„შავ მინებში პატრულები ბანაობენ…“

27 ივლისი, 2012 • 1590
„შავ მინებში პატრულები ბანაობენ…“

„ახალი საქართველო“, ქართული არქიტექტურა ვარდების რევოლუციის შემდეგ – ეწერა ალბომს. ყდაზე ახლად აშენებული პარლამენტის შენობა იყო გამოსახული. ხოლო უკანა ყდაზე კი მსხვილი ფონტით ჩერჩილის ციტატა: „ჯერ ჩვენ ვაყალიბებთ ჩვენს შენობებს და შემდეგ ჩვენი შენობები გვაყალიბებს ჩვენ.“


ნეტავ რა დაუჯდათ ამ გამოცემის დაბეჭდვა? ასე კარდაკარ რომ არიგებენ, ალბათ რამდენიმე ასეულათასიანი ტირაჟით მაინც ხომ გამოსცემდნენ.  ასეთი  ალბომების ფასი წიგნის მაღაზიაში დაახლოებით 50-დან 100 ლარამდე მერყეობს. შეიძლება უფრო ძვირიც კი ღირდეს. სულ მცირე, თითო ეგზემპლიარის თვითღირებულება 5-7 ლარი მაინც იქნებოდა…


ალბომი გადავშალე. ახალაშენებული ან რესტავრირებული შენობების გვერდით, უბრალოდ, ადამიანების სიტყვებია მოტანილი. იქვე რუსული და ინგლისური თარგმანი. მაგალითად, 10 წლის დავითი თითქოს პრეზიდენტის სიტყვებს იმეორებს: „ძალიან გამიხარდა პარლამენტის გადმოტანა ჩემს ქალაქში. ყველას იმედი გაუჩნდა, რომ ქუთაისი უფრო მაგარი ქალაქი გახდება. მე მჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.“ და სმაილიკი.


რატომღაც ის ქალი გამახსენდა, რომელიც პრეზიდენტთან შეხვედრისას თავის გასაჭირზე ჟურნალისტებს უყვებოდა, როცა მას ორი ახალგაზრდა მივარდა და სადღაც წაათრია, სარდაფში ჩაკეტა. იქვე მშვიდად იდგა პოლიციელიც.  შემდეგ ეს ახალგაზრდები დაიჭირეს,  ის პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. პრეზიდენტი კი იძულებული გახდა, იმ დაზარალებულ ქალბატონთან მისულიყო, გულში ჩაეკრა და ეთქვა, „რომ მასსა და გაჭირვებულებს შორის ვერავინ ჩადგება…“


პრეზიდენტმა და მთავრობის წევრებმა ბოლო დროს განსკუთრებულად მოუხშირეს იმ ფაქტის აღიარებას, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაჭირვებულია. რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ  ხალხზე მზრუნველის იმიჯის შექმნა, მომგებიანი პოზიციაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა კარს არჩევნებია მომდგარი. მაგრამ საერთოდ არ არის დამაჯერებელი… გეტყვით, ახლა რატომ მგონია ასე. იმიტომ, რომ თუნდაც ეს ალბომი, რომელიც ახლა შემომაჩეჩეს, კარგი სიმბოლოა იმისა, თუ როგორ მუშაობს ხელისუფლება. ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რაღაცებიც კი გვერდზე გადაუდიათ პიარ-ღონისძიების გამო. თუნდაც ის რომ ავიღოთ, რომ მთელი თბილისი პატარა წვიმის დროსაც კი იტბორება (მიხეილ სააკაშვილის აზრით, ალბათ ვენეციაზე უკეთესია).  რატომ? იმიტომ, რომ სანიაღვრე სისტემა არ ჩანს, ხოლო რაც არ ჩანს, იმის გაკეთება ნაკლებ მომგებიანია, ხომ უნდა დადგეს ამაყი პრეზიდენტი და ამოუდგეს გვერდში უფრო ამაყი მერი და კიდევ უფრო ამაყი ჩინოვნიკები და გახსნან მბზინავი, გამჭირვალე, მოოქროვილი რამე, მერე რა, თუ არავის ჭირდება.

 

ერთი ამერიკელი მეგობარი მყავს. თბილისი, მგონი, ჩემზე მეტად უყვარს. ისეთი ადგილები იცის, მე რომ საერთოდ გაგონილიც არ მქონდა. სახლის ყიდვასაც კი აპირებდა ადრე. ცოტა ხნის წინ იყო ჩამოსული. სანაპიროზე მივსერინობდით. კაზინო „შანგრი ლას“ მშენებლობა თითქმის დამთავრებულიყო. რომ დაინახა, ადგილზე გაქვავდა, რაღაც ისეთი სახე მიიღო, ბავშვები რომ იღებენ ვაჟას „შვლის ნუკრის ნაამბობის“ კითხვისას. “ეს რა არის? შენც ხედავ?” უბედურება ის იყო, რომ მეც ვხედავდი, თან მეც პირველად… ამ უშნო შენობის მერე შუშის ხიდთან მივედით. “ნუთუ ამის დამდმელებს საერთოდ არა აქვთ სტილის შეგრძნება?” რა უნდა მეთქვა? სიონთან ავუხვიეთ და ლესელიძიდან აღმართს შევუყევით. კლდისუბნის პატარა ეკლესიასთან სკამზე ჩამოვჯექით.


უცბად მეუბნება:


– მალევიჩის შავი კვადრატი უნდა ჩამოიტანოთო –  ვერ მივხვდი, რატომ გაახსენდა. –

უნდა გამოფინოთ, ოღონდ ისე, რომ აქ დადგეს და რამდენიმე ადგილას პროექცირდეს, რომ იქნებ გადაფაროს ეს პრეზიდენტის რეზიდენცია, ხიდი და თუნდაც ის ოქროსფერი ქანდაკებაო.


ვარდების რევოლუციის ერთ-ერთ სიმბოლოდ ხომ თავისუფლების მოედანზე აღმართული წმინდა გიორგის სვეტი იქცა, ზურაბ წერეთელის „შემოქმედება“, ადამიანისა, ვისაც პუტინის და სხვა სისხლისმსხმელი რუსი ჯალათის ქანდაკებებიც ეკუთვნის.  თქვენი გამკვირვებია, ამხანაგებო.


ამ ალბომში ალბათ ბაგრატის ტაძარსაც ერთ-ერთ საამაყო ადგილს მიუჩენდნენ, ვიცი  მათი ამბავი, განსაზღვრული ექნებოდათ თავიდანვე, რომ არა იუნესკოს სრულიად „უადგილო“ და უსამართლოდ უარყოფითი შეფასება…


ხელში ვატრიალებ ალბომს და ხმამაღლა ვკითხულობ: „ჯერ ჩვენ ვაყალიბებთ ჩვენს შენობებს და შემდეგ ჩვენი შენობები გვაყალიბებს ჩვენ.“ –  მუხიანში, ძველ რადიოქარხანას რომ გაცდები, შემაღლებულ ადგილას გამოჩნდება შენობა. შეიძლება ერთ მომენტში გეგონოს, რომ გეჩვენება, რადგან ეს შენობა პრეზიდენტის რეზიდენციას ისე ჩამოჰგავს, რომ არა შედარებით მცირე  ზომა, შეიძლება აგერიოს… სახლი ერთ-ერთ „ნაციონალს“ ეკუთვნისო, მითხრა მეგობარმა. როგორც ჩანს, საამაყო პრეზიდენტის არქიტექტურული გემოვნება გადამდებია… გავიწიოთ, ჩვენც არ გადაგვედოს.

ახალი საქართველო - ქართული არქიტექტურა ვარდების რევოლუციის შემდეგ
ახალი საქართველო – ქართული არქიტექტურა ვარდების რევოლუციის შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი