გარემოსდაცვითი კანონის დარღვევისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება ნებისმიერი პირი, თუ ის სახელმწიფოს სასარგებლოდ კომპენსაციას გადაიხდის. დამრღვევმა ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმება ოფიციალურად უნდა გააფორმოს – ბოლო პერიოდში გარემოსდაცვით კანონმდებლობაში შეტანილი ამ ცვლილების დადებით და უარყოფით მხარეებზე „ბათუმელებს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ხელმძღვანელი მანანა ქოჩლაძე ესაუბრა.

ქალბატონო მანანა, როგორია თქვენი მოსაზრება საკანონმდებლო ცვლილების თაობაზე, რომლის თანახმად, კანონის დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუკი ის სახელმწიფოს სასარგებლოდ კომპენსაციას გადაიხდის?
ეს კანონი შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ პირს, დადოს უვადო შეთანხმება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან, რომელიც მას, სახელმწიფოს სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებს. შეთანხმების ხელმომწერ პირს არ ეკისრება, ასევე, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება.
გარდა ამისა, შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდში კანონით იკრძალება პირის შემოწმება. ამით კონკრეტულ პირს ვპატიობთ დანაშაულს, ანუ მას შეუძლია აღარ იზრუნოს გარემოს დაცვაზე.
ამასთან, კანონი არ ადგენს არანაირ კრიტერიუმს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება გაფორმდეს შეთანხმება დაინტერესებულ პირთან და რა შემთხვევაში _ არა. მით უმეტეს, რომ კანონის მიხედვით, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო „არაა ვალდებული, დაასაბუთოს უარი“ შეთანხმების გაფორმებაზე. ამის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ შეთანხმება გაფორმდება გადაწყვეტილების მიღების სუბიექტური მიდგომით (კანონი ამისათვის აუცილებელ კრიტერიუმებს არ ადგენს). ეს კი წარმოშობს კორუფციულ რისკებს.
კონსტიტუციის მე-14 მუხლი გვეუბნება, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ანუ დაუშვებელია ერთსა და იმავე სამართალდარღვევის ჩადენისთვის შერჩევით დავაკისროთ პასუხისმგებლობა იმის შესაბამისად, თუ ვინ შეძლებს შეთანხმების გაფორმებას და კომპენსაციის გადახდას და ვინ – ვერა. ეს ცვლილება ყველა გარემოსდაცვითი პრინციპის უარყოფაა. ამბობენ, რომ მეწარმეს დაეკისრება შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც შეიძლება არ იყოს ფულადი ანაზღაურება. ამ კომპენსაციის ტიპის და მოცულობის განსაზღვრის მეთოდი კანონში არ არის. ამბობენ, რომ ამას პრემიერ-მინისტრის დებულება დაარეგულირებს, თუმცა დებულება კანონზე მაღლა ვერ დადგება. არსებობს მესამე პრობლემაც _ საზოგადოება ვერ გაასაჩივრებს ამ შეთანხმებას, რაც კონსტიტუციის 42-ე მუხლის უხეში დარღვევაა.
-იმ შემთხვევაში, თუ ზიანი მიადგა კონკრეტულ პირს ან ადამიანთა ჯგუფს, მათ კომპენსირებას კანონმდებლობა ითვალისწინებს?
_ შეთანხმების დადების დღიდან პირს, შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილ ქმედებაზე სახელმწიფოს და ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართ არ დაეკისრება სამოქალაქო და ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მათ შორის, რაიმე სახის ვალდებულება, მოსაკრებელი, ჯარიმა და ან ზიანის ანაზღაურება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეთანხმება გაუქმებულია. კანონის თანახმად, თუ ადამიანებს ან კონკრეტულ პირებს მიადგათ კონკრეტული ზარალი, მათ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს. სხვას არა აქვს უფლება, გაასაჩივროს ეს შეთანხმება. ანუ თუ თქვენ მოგადგათ კონკრეტული ზარალი, ვთქვათ, თქვენს ეზოში, შეგიძლიათ უჩივლოთ პირს და მოითხოვოთ კომპენსაცია. ხოლო შეთანხმების გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის ხელმოწერილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, რაც წარმოუდგენელია, რომ მოხდეს.
როგორ განისაზღვრება კომპენსაციის ოდენობა?
არც კანონი და არც პრემიერ-მინისტრის დებულება არ ადგენს კომპენსაციის განსაზღვრის წესს.
როგორი იქნება ამ შემთხვევაში მაკონტროლებელი ორგანოების როლი?
შეთანხმების დადების შემდეგ მაკონტროლებლებს არა აქვთ უფლება, შეთანხმების პერიოდში შეამოწმონ პირი.
რა შედეგი შეიძლება მივიღოთ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ?
ეს გამოიწვევს გარემოს შეუქცევად დეგრადაციას. ის გარემოზე შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების მქონე პროექტების განმახორციელებლებს საშუალებას აძლევს, არ დაიცვან გარემოსდაცვისა და მდგრადი განვითარების ფუძემდებლური პრინციპები, მათ შორის: რისკის შემცირების, მდგრადობის, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების, ნარჩენების მინიმიზაციისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების პრინციპები; შეზღუდავს საზოგადოების უფლებას გარემოსთან დაკავშირებული ინფორმაციის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე, მაგალითად, ჰესების მშენებლობა შეიძლება დაიწყო ყოველგვარი წინასწარი ნებართვების გარეშე, ან ტყის ჭრები გეგმების გარეშე.
რა შემთხვევაში შეიძლება მოქალაქემ ეს კანონი გამოიყენოს?
შეთანხმების დადება შეიძლება მოითხოვოს ნებისმიერმა იურიდიულმა და ფიზიკურმა პირმა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსგან. ამ უკანასკნელს შეუძლია უარი უთხრას პირს, არგუმენტაციის გარეშე, ან წარუდგინოს ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადაწყვეტილებისთვის. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე ფორმდება შეთანხმება პირსა და ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის.