კომენტარი

სტიქიიდან ფეხბურთამდე

19 მაისი, 2012
სტიქიიდან ფეხბურთამდე

ჭარბი ნალექის მოსვლით თბილისში გამოწვეულ წყალდიდობას 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი ბავშვის. როგორც ხშირად ხდება ხოლმე საქართველოში, შემთხვევა პოლიტიკურ ჭრილში განხილვის საგანი გახდა. ოპოზიციურად განწყობილი ნაწილი უბედურ შემთხვევას ხელისუფლების უნიათობას უკავშირებს, ხოლო ხელისუფლების მხარდამჭერები დიდაქტიკურად გვმოძღვრავენ, რომ არ შეიძლება ყველაფერში მთავრობის დადანაშაულება. 

მართალია, არ შეიძლება ბუნებრივი სტიქიის გამოწვევა ხელისუფლებას დააბრალო, მაგრამ, ამავდროულად,  სირაქლემას პოზიციაში ყოფნა მიმაჩნია უბედურების მხოლოდ ბუნებისთვის მიწერა და ისეთი კითხვების არდასმა, როგორებიცაა: რა კავშირია საქართველოში ბოლო დროს მომრავლებულ ბუნებრივ სტიქიებსა და ტყეების უმოწყალოდ გაჩეხვას შორის? რა შეიძლება ქვეყანაში გაკეთდეს სტიქიის თავიდან ასაცილებლად და არ კეთდება? არსებობს თუ არა საქართველოში სტიქიების პრევენციასთან დაკავშირებით რაიმე სახის სამსახური? და ა.შ.

პირველი კითხვები, რაც თბილისში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით გამიჩნდა, ძირითადად, ტექნიკურ ხასიათს შეიცავდა. კერძოდ, იყო თუ არა მერია მზად სტიქიისთან საბრძოლველად და საერთოდ, გააჩნია თუ არა ხელისუფლებას სტიქიებისგან გამოწვეული კრიზისულ მდგომარეობასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა? საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სამხედროების გამოყვანა მხოლოდ საკითხის ზედაპირული (საჩვენებელი) ნაწილია და სრულ სურათს ვერ იძლევა. 

დღევანდელი ტექნოლოგიური პროგრესის ხანაში შესაძლებელია სტიქიათა გარკვეული ნაწილის მოსალოდნელობის წინასწარი განსაზღვრა, რაც მათი პრევენციის კარგ საშუალებას იძლევა. ამ საკითხთან დაკავშირებით თავად პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ისინი ელოდნენ თოვლის დნობიდან გამოწვეულ სტიქიას, მაგრამ არა ამ მასშტაბებისას. საინტერესოა, თუკი მოლოდინი არსებობდა, რა ზომები იქნა მიღებული წყალდიდობით გამოწვეული უბედურების თავიდან ასაცილებლად? რას აკეთებდა მედია? იყო რაიმე სახის გაფრთხილება, რაც მოსახლეობას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აცნობებდა? სტიქიის დროს სამაშველო სამსახურების მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა არ არის საკმარისი ტრაგიკული შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. მოსახლეობის ევაკუაცია მას შემდეგ კი არ უნდა იწყებოდეს, როცა სტიქია პიკს მიაღწევს და პირველი მსხვერპლი სახეზეა, არამედ უნდა არსებობდეს კვლევაზე დაფუძნებული სამოქმედო გეგმა; მდებარეობიდან გამომდინარე, თბილისის რომელ უბანს ემუქრება პირველი საფრთხე წყალდიდობის დროს და უნდა მოხდეს ამ უბნიდან მოსახლეობის გაყვანა, ისევე როგორც გამაგრებითი სამუშაოების წინასწარ ჩატარება.

ასევე, საინტერესოა, თბილისში ვის განკარგულებაშია სანიაღვრე ქსელები, რომელთაც ზოგადად დიდი ფუნქცია აკისრია ქალაქში წყალთან დაკავშირებული სტიქიების დროს. ჩვენს შემთხვევაში კი სანიაღვრე კოლექტორები ნაგვის დამატებით ბუნკერებს წარმოადგენენ. ვინ არის პასუხისმგებელი მათ გაწმენდასა და გამართულ მუშაობაზე? წესით ეს მერიის კომპეტენციაში უნდა შედიოდეს, თუმცა გაკეთებულ განცხადებაში თბილისის მერი ამ საკითხებს არ შეხებია და როგორც ყოველთვის, პრობლემას სულ სხვაგან მოუძებნა ახსნა. კერძოდ, უკანონო მშენებლობებში, აქ კი მე კიდევ ერთი კითხვა მიჩნდება: ვინ არის პასუხილმგებელი ამ უკანონო მშენებლობების უფლებების გაცემაზე? ალბათ, კრემლი…

კიდევ რამდენიმე კითხვა, სანამ ნახევარმილიონიანი ახალი ქალაქის მშენებლობას დავიწყებთ, რომელიც, წინასწარი გათვლებით, ათეულობით მილიარდი ლარი დაჯდება, ხომ არ აჯობებს უკვე არსებული ქალაქების გარეუბნებში შექმნილი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე გვეზრუნა? იქნებ უკეთეს საცხოვრებელ პირობებში დაბინავებულ მოსახლეობაში სტიქია არ დასრულდეს ისეთი ტრაგიკული შედეგით, როგორც ეს ამჯერად მოხდა?! იქნებ უმჯობესი ყოფილიყო, რომელიმე ცნობილი მომღერლის ჩამოყვანას, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ნაწილისთვის შედარებით დაცული და უსაფრთხო საცხოვრებელი შეგვეძინა? მაგრამ ქვეყანაში, სადაც ადამიანის სიცოცხლე არაფრად ფასობს, არა მგონია, ამ კითხვებზე ვინმე პასუხისმგებელმა პირმა გასცეს პასუხი.

განვითარებულ ქვეყნებში ბუნებრივი სტიქიის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუ როგორ რეაგირებს ქვეყნის პირველი პირი, გაურბის რეალობას, თუ დიდი პასუხისმგებლობით მაგალითს აძლევს დათრგუნულ საზოგადოებას. მაგალითად, აშშ-ში წარმატებულ პრეზიდენტებსაც კი უდიდეს ჩრდილს აყენებს, თუკი ისინი შექმნილ კრიზისულ მდგომარეობას სამაგალითო ყურადღებით არ ეპყრობიან. სწორედ ამიტომაც 1965 წელს ლუიზიანაში მომხდარი ქარიშხლის ბეტსის შემდეგ ლინდონ ჯონსონმა დაუყოვნებლივ შეწყვიტა ოფიციალური ვიზიტი ევროპაში, ჩავიდა ლუიზიანაში და ადგილზე ხელმძღვანელობდა სამაშველო თუ გაწმენდით სამუშაოებს. 2011 წლის აგვისტოში, ქარიშხალ ირენის დროს, ბარაკ ობამამ შეწყვიტა შვებულება და დაუყოვნებლივ  ჩავიდა სტიქიის ეპიცენტრში. ჯორჯ ბუშს კი ამერიკელები დღემდე ვერ პატიობენ ქარიშხალ კატრინას დროს გამოჩენილ არასათანადო ყურადღებას. 

და აქ მე ისევ კითხვებს დავუბრუნდები, რამდენად მიზანშეწონილია იმ ქვეყნის პირველი პირისგან, რომელმაც წინა ღამეს ხუთი ადამიანის ტრაგიკულად დაღუპვით დასრულებული ბუნებრივი სტიქია გადაიტანა, სლოვენიაში ფეხბურთის მატჩის საყურებლად გაფრენა? მე პირადად ფარსად მიმაჩნია მწუხარების გამოხატვის ნებისმიერი მცდელობა, რომელიც რამდენიმე საათში გართობით სრულდება. არც იმ დონის სიმბოლური კაპიტალის მფლობელი პრეზიდენტი გააჩნია საქართველოს, რომ მისმა მატჩზე დასწრებამ სპორტმენების აღმაფრენა გამოიწვიოს, როგორც ეს ნელსონ მანდელას შემთხვევაში მოხდა რაგბის 1995 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. 

P.S. თუმცა განვითარებულ ქვეყნებში საზოგადოებასაც საკმაოდ დიდი მისია აკისრია სტიქიის შედეგად გამოწვეული მდგომარეობის წარმატებით გადალახვაში. მოხალისეებით შემდგარი ჯგუფები მონაწილეობას ღებულობენ როგორც გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებში, ასევე სხვადასხვა დონეზე ეხმარებიან დაზარალებულ მოსახლეობას. საინტერესეოა, ქართული საზოგადოება რა სიმაღლეზე დგას პოსტ-სტიქიულ რეალობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი