კომენტარი

„წარმატებული“ რეფორმები

26 აპრილი, 2012 •
„წარმატებული“ რეფორმები

ოპოზიციის მხრიდან ხშირად გაიგონებთ მოსაზრებას, თითქოს მიხეილ სააკაშვილს რეიტინგი ნულოვანია და მას მოსახლეობის მხარდაჭერა თითქმის აღარ გააჩნია. ოპოზიციის მხრიდან ეს არის საკითხისადმი არასწორი მიდგომა და თავის კიდევ ერთხელ მოტყუება. მიუხედავად ქვეყნის პირველი პირის ბოლოდრიონდელი განსაკუთრებული „ჩავარდნისა“, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მაინც მის ერთგულად რჩება, რისი უგულვებელყოფაც შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს ოპოზიციისთვის. საზოგადოების ამ ნაწილის პრეზიდენტისადმი ერთგულება  განმაპირობებელია ძირითადად ორი მიზეზით:

1. საქართველოში არ არსებობს მერიტოკრატია, სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებში სამსახურებისა თუ თანამდებობების შოვნა-შენარჩუნება ხელისუფლებაში მყოფ პირებთან სიახლოვე/მეგობრობა/ნათესაობაზე არის დამოკიდებული. საზოგადოების ამ სეგმენტმა იცის, თანამდებობა რისი წყალობითაც უჭირავს და ისიც იცის, რომ ასეულობით მაღალკვალიფიციური პროფესიონალი არსებობს ქვეყანაში, რომელიც მის ადგილს გაცილებით იმსახურებს, ამიტომაც ეშინია, რომ სისტემის ცვლილების შემთხვევაში, მას სამსახურის დათმობა მოუწევს. ამ ხალხის ერთგულება და მხარდაჭერა განპირობებულია ანგარებით, ისინი შეიძლება იდეოლოგიურად სულაც არ არიან ხელისუფლების მხარდამჭერები, მაგრამ ამას აკეთებენ პირადი კეთილდღეობის გამო.

2. საზოგადოებაში საკმაოდ არიან ისეთებიც, რომელებიც არავითარ პირად სარგებელს არ ღებულობენ ხელისუფლებისგან, პირიქით, ხშირად სოციალურად დაუცველი ფენას წარმოადგენენ, მაგრამ ხელისუფლების მხარდამჭერები არიან გულწრფელად. მათ კარგად ახსოვთ შევარდნაძის პერიოდი, მხედრიონის თარეში, პურის რიგები…ახლა კი აქვთ შუქი, გაზი, წყალი, და, რაც მთავარია, მათ იცავთ პატრული. ისინი ტელევიზორში ხედავენ აღმშენებლობას და მართალია, ეს აღმშენებლობა მათ არ შეხებიათ, მაგრამ აქვთ იმედი, რომ ქვეყანაში დაწყებული წინსვლის ტალღა ერთ დღეს მათაც მიწვდებათ. ოპოზიციამ სწორედ ამ ხალხის თვალის ახელაზე უნდა იზრუნოს და არა იმის მტკიცებაზე, რომ ეს ხალხი საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილს  წარმოადგენს.

ასევე მცდარია ოპოზიციის დიდი ნაწილის მუდმივი საუბრები იმაზე, რომ ქვეყანაში არაფერი არ კეთდება. აქ, ერთი მხრივ, ისინი საკმაოდ წამგებიან პოზიციაში იმყოფებიან ხელისუფლების გამართულ პროპაგანდის მანქანასთან და მეორე მხრივ, მოსახლეობა საკუთარი თვალით ხედავს, რომ რაღაც კითდება. ამიტომაც ოპოზიციამ ყურადღება იმაზე უნდა გაამახვილოს, რაც კეთდება, რა მიზნით კეთდება და არა იმაზე, რომ არაფერი არ კეთდება. თვალის ახელა არ იქნება რთული, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქვეყანაში რაც კეთდება, კეთდება არა ხალხისთვის, არამედ თავად რეჟიმისთვის და ხშირად საკმაოდ კარგად გათვლილ სტრატეგიას ეფუძნება, რომელიც ერთდროულს რამდენიმე კურდღელს კლავს ხოლმე.

თავად „ვარდების რევოლუციიდან“ რომ დავიწყოთ, რევოლუცია მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად, თუკი იგი ხალხის მიზნების განხორციელებას ისახავს მიზნად. ალბერტ კამიუ 1951 წელს გამოშვებულ ნაწარმოებში, „ მეამბოხე“, ხაზს უსვამს, რომ რევოლუცია არასდროს იქნება წარმატებული, თუკი ის ნარცისიზმით შეპყრობილი ლიდერის ამბიციების დასაკმაყოფილებლადაა წარმოებული და მიზნად არ ისახავს სამართლიანობისა და ღირსების აღდგენას. კამიუსთვის კი ყველაზე სახიფათო ის რევოლუციონერია, რომელიც დამხობილ ტირანზე უფრო სასტიკი აღმოჩნდება და მოპოვებული ძალაუფლების დემონსტრირებას ახდენს ძალადობით და არა მორალურ პრინციპებით. სააკაშვილს არ შეიძლება დავუკარგოთ წამყვანი როლი რევოლუციის განხორციელებაში, მაგრამ ამ რევოლუციის მიზეზი იყო პირადი ამბიციების დაკმაყოფილება  და არა მოსახლეობის კეთილდღეობა. შესაბამისად, კამიუს განმარტებებზე დაყრდნობით ნათელია, რომ „ვარდების რევოლუცია“ არ შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად.

რაც შეეხება თავად იმ წინსვლას, რაც უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში განხორციელდა, არ შეუძლება მათი ხელაღებით უაროფა, მაგრამ სოციალურ მეცნიერებებში არსებობს ტერმინი „ეგოისტური დახმარება“, რაც გულისხმობს ინდივიდის მიერ განხორციელებული ღვაწლის ანგარებიან ხასიათს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სუბიექტი მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებს კეთილშობილ საქმეს, თუ ეს საკუთარ ინტერესებში შედის და ამით თავად ნახულობს სარგებელს. ნაციონალური მოძრაობის მიერ განხორციელებული ნებისმიერი წარმატებული რეფორმის განხილვა შეიძლება „ეგოისტური დახმარების“ ფარგლებში.

ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყლით მომარაგება, ეს ის სამი საკითხია, რომელთა მოგვარებითაც ხელისუფლება ხშირად იწონებს თავს და მათი მხარდამჭერების პირველი არგუმენტიც სწორედ ეს არის დებატებში. მე კი გულუბრყვილობად მიმაჩნია იმაზე საუბარი, თითქოს ეს ხალხის კეთილდღეობისთვის გაკეთდა. 90-იან წლებში შევარდნაძის რეჟიმი ელექტროენერგიის მეზობელ ქვეყნებში გაცილებით იაფად ყიდდა, ვიდრე მასში დღეს საქართველოს მოსახლეობა იხდის. დღეს განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ  დაიხვეწა „ბიზნესის“ სისტემა, რაღა აზრი აქვს ელექტროენერგიის  უცხოურ ბაზარზე გატანას, თუკი მასში საკუთარი მოსახლეობა მეტ თანხას იხდის და ამისთვის მადლიერიც გრჩება. კომუნალურ გადასახადებსა და შემოსავლებს შორის არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არსებობს იმოდენა დისბალანსი, როგორც ეს საქართველოშია, თუმცა „წარმატებული“ რეფორმის ამ უარყოფითი მხარით რატომღაც ბევრი არ ინტერესდება.

ძალოვანი სტრუქტურები – ვერავინ უარყოფს, რომ ამ სისტემაში გატარებული რეფორმა უდავოდ წარმატებულია, მაგრამ ამაში გასაკვირიც არაფერია, ნებისმიერ რეჟიმს, რომელიც ავტორიტარულ გზას ადგას, ჭირდება ერთგული, ძლიერი და მაძღარი ძალოვანი სტრუქტურები, რომლებიც კრიზისულ სიტუაციაში მისი დასაყრდენი გახდება.

ტურისტული ინფრასტრუქტურა. თითქოს ამ მხრივაც საკმაოდ წარმატებული ნაბიჯები გადაიდგა, გალამაზდა ბათუმი თუ სიღნაღი, მაგრამ მაღალი დონის სასტუმროებისა თუ რესტორნების გახსნა ხდება ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის უკიდურესად გაუარესების ფონზე. შიმშილის ზღვარზე მყოფ მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს ამ ახლადაშენებულ ობიექტებში მხოლოდ მომსახურე პერსონალად მუშაობის შანსი გააჩნია. არადა წარმატებულად ეს რეფორმა მაშინ ჩაითვლება, თუ მისი ძირითადი მომხმარებელი საქართველოს მოსახლეობა იქნება. ტურისტთა გაცილებით დიდი რაოდენობის მოზიდვა შეუძლიათ– ნორვეგიას ფიორდების, ხოლო ფინეთს ულამაზესი ტბების საშუალებით, მაგრამ ისინი აქცენტს განათლების სისტემის აღორძინებაზე აკეთებენ და არა ერის მომსახურე პერსონალად ქცევაზე. განათლების რეფორმა კი ჩვენთან მეტნაკლებად წარმატებული ევროვნული გამოცდების ამარა გაიყინა.

ყველაფერი, რაც კეთდება ქვეყანაში, ემსახურება მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებს და არა მოსახლეობის. სამწუხაროდ, ამას ქართველი ხალხზე მეტად საზღვარგარეთ ამჩნევენ. ყველაზე მრავალტირაჟიან ნორვეგიულ გაზეთ Aftenposten-ში დაბეჭდილი სტატიაც ამის მეტყველია, სადაც ავტორი რაგნარ სკრე საქართველოში სხვა მრავალ „წარმატებულ“ რეფორმაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ხელისუფლების „მთავარი მიზანი უცხოური ინვესტიციების დაცვაა და არა საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოება“.

 

ვასო კუჭუხიძე
ვასო კუჭუხიძე

ავტორის შესახებ

ვასო კუჭუიძე არის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი

მასალების გადაბეჭდვის წესი