ნეტგაზეთი | სად იყავით 2012 წლამდე? – საკითხის ასე დაყენება, კომიკური და არაადეკვატურია – გრიგოლ გეგელია სად იყავით 2012 წლამდე? – საკითხის ასე დაყენება, კომიკური და არაადეკვატურია – გრიგოლ გეგელია – Netgazeti
RU | GE  

სად იყავით 2012 წლამდე? – საკითხის ასე დაყენება, კომიკური და არაადეკვატურია – გრიგოლ გეგელია

“სად იყავით 9 წელი? “2012 წლამდე რას აკეთებდით”, “აქამდე თქვენი აქტიურობა არ მახსოვს”? – ესაა შეკითხვები და რეპლიკები, რომლებსაც “ქართული ოცნების” წევრები, მხარდამჭერები და საზოგადოების სხვა წევრები “პარტიზანი მებააღეების”, ასევე საკრებულოს წევრ ალეკო ელისაშვილის მიმართ სვამენ თბილისში მწავნე საფარის შენარჩუნებასთან დაკავშირებით მათი აქტივობის გამო. რამდენად სწორია აქტივისტების ამ არგუმენტებით კრიტიკა? – ნეტგაზეთს ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის დოქტორანტი გრიგოლ გეგელია ესაუბრება.

სად იყავი 2012 წლამდე? მაშინ რატომ არ აპროტესტებდი? და ა.შ საკითხის ასე დაყენება რამდენად არის ადეკვატური?

საერთო ჯამში, საკითხის ასე დაყენება კომიკური და არაადეკვატურია. საქმე ისაა, რომ ეს ფორმულაცია სინდისს მიემართება, ის დროთა განმავლობაში ადამიანის თანმიმდევრულობას ამოწმებს, მაგრამ იოტისოდენადაც არ ცვლის – და ვერ შეცვლის- პროტესტის მნიშვნელობას. თუ ადამიანს აწმყოში ლეგიტიმური პროტესტი აქვს, მისი პროტესტის შინაარსი ლეგიტიმურია, განურჩევლად იმისა, სად იყო ის, როდის. სხვა საქმეა, გაიზიარებ თუ არა მის პროტესტს, იმისდა მიხედვით, თუ რა პოზიციები ჰქონდა იმავე ადამიანს ადრე იმავე საკითხებზე. რაც შეეხება კონკრეტულ ვითარებას, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აქტივისტი ნატა ფერაძე ადრეც იცავდა ყველა იმ პოზიციას, რასაც დღეს იცავს. ასევე, არაერთი სხვა მწვანე აქტივისტი, რომელიც ადრეც ზუსტად იმავე პოზიციებზე იმყოფებოდა, ადრე არასრულწლოვანი იყო. სამწუხაროა, რომ მავანთ ლეგიტიმური პროტესტის ამ ბანალური არგუმენტებით დაკნინების სურვილი აქვთ. ვფიქრობ, ამ პროცესში ისინი თავად იქცნენ კიდევ უფრო კარიკატურულ ფიგურებად, ვიდრე აქამდე იყვნენ.

ეს რა ტიპის მოვლენაა ზოგადად? თუ გახსოვთ, ადრე პოპულარული იყო სხვა ტიპის შეკითხვა: ამას [გარკვეულ საკითხს] თუ აპროტესტებს, იმას [მეორე საკითხს] რატომ არ აპროტესტებო… “სად იყავით აქამდეზე” ამტყდარი აჟიოტაჟი, თქვენი აზრით, ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის და მისი მხარდამჭერების მიერ დასმული შეკითხვაა მხოლოდ, თუ უფრო ზოგადი და ღრმა საზოგადოებრივი პრობლემაა სამოქალაქო აქტივიზმთან დაკავშირებით?

მოქალაქეობას დიდი დრო სჭირდება. საუბარია მოქალაქეობაზე არა როგორც ფორმალურ სტატუსზე, არამედ როგორც შეგნებულ პროცესზე, როგორც ცხოვრების წესზე, თავისი ჩართულობით, აქტივიზმით, პუბლიკაციებით. მატერიალური და დროის ფაქტორების გათვალისწინებით, სავსებით შეუძლებელია მოქალაქე იყოს იდეალური და იბრძოდეს ყველა საკითხზე. თუმცა, სოციალური მედიის წყალობით, მას შეუძლია მეტსა და მეტ საკითხზე მოისმონოს რამდენიმე არგუმენტი და თავისი აზრიც დააფიქსიროს, რამაც დემოკრატიული მოქალაქეობის ხარისხი უდავოდ გაზარდა. დანარჩენი კი ისევ მორალური და პოლიტიკური თანმიმდევრულობის საკითხია. ცხადია, ყველას სჯობს მოქალაქე, რომელიც რიგ პრინციპებსა და იდეალებს იცავს მუდმივად, განურჩევლად პარტიულ-პოლიტიკური ვითარებებისა. რაც უფრო მეტი ასეთი მოქალაქე ეყოლება საქართველოს, რომლებიც ხმასაც აიმაღლებენ, მით უკეთესია პოლიტიკური ინსტიტუტებისა და სახალხო დემოკრატიის ხარისხისათვის. სამწუხაროდ, ამ ტიპის მოქალაქეობა ჯერ კიდევ უმცირესობას წარმოადგენს. უფრო მეტად, ცხადია, გვხვდება პარტიულ-პოლიტიკურად ანგაჟირებული მოქალაქეები, რომლებიც არა პრინციპებს, არამედ თავიანთი პარტიის ქურუმებს იცავენ. ეს სამოქალაქო აქტივიზმის პრობლემაცაა და საერთოდ მოქალაქეობის პრობლემაც.

ხომ არ არსებობს საფრთხე, რომ ის სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ამა თუ საკითხზე თავიანთ კრიტიკულ აზრს გამოთქვამენ, მსგავსი ტიპის ბრალდებების გამო დაიღალონ, შეშინდნენ და გაჩერდნენ…

აქტივისტს გააჩნია. თუკი ის საკმარისად პრინციპული და ძლიერია, თუკი მას სწამს თავისი იდეალების სისწორის, მას ვერაფერი გააჩერებს. მით უმეტეს, აბსურდული და სამარცხვინო შეტევები. მთავარია, რა არის სწორი და მართალი საზოგადო სიკეთისა და ამ ქვეყნის მომავლისათვის. კრიტიკოსები, მათ შორის ბანალური კრიტიკოსები, ყველა საქმეს ჰყავს.

დაბოლოს, თუნდაც ამ პროცესიდან გამომდინარე რომ ვიმსჯელოთ, რამდენად კარგად აქვს ქართულ საზოგადოებას სამოქალაქო აქტივობის მნიშვნელობა და სიკეთეები გააზრებული?

ვფიქრობ, უკეთესობა არსებობს. დღეს უფრო მეტ ადამიანს ესმის უფრო კარგად ზოგადად თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქეობისა და ხმის ამოღების ფასი, ვიდრე ადრე. თუმცა სამოქალაქო აქტივიზმი ჯერ კიდევ არ ქცეულა მასობრივ მოვლენად, რასაც ბევრი ახსნა აქვს, რომელთა შორის უმთავრესია, ერთი მხრივ, სამოქალააქო ცნობიერება, სამოქალაქო ცხოვრების გამოცდილების ნაკლებობა, მეორე მხრივ კი, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, რომელიც შეუძლებელს ხდის უფრო მეტი მოქალაქის ჩართულობას, რომელთაგან ბევრს, ცხადია, ამის სურვილი აქვს, მაგრამ საშინელ სიდუხჭირესთან და იმედგაცრუებებთან ბრძოლის ფონზე ამას ვერ ახერხებს. თუმცა პროგრესი არის და უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ შემდეგ 5 წელში სამოქალაქო აქტივიზმი და საერთოდ დამოუკიდებელი მოქალაქეობა უფრო ძლიერ ენერგიად იქცევა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com