კომენტარი

უნდა შეიცვალოს თუ არა კონსტიტუცია ერთი ადამიანის გამო

11 აპრილი, 2012 •
უნდა შეიცვალოს თუ არა კონსტიტუცია ერთი ადამიანის გამო

უნდა განხორციელდეს თუ არა საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ერთი ადამიანის – ბიძინა ივანიშვილის გამო იგეგმება.

თავად ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი ამ ცვლილებების წინააღმდეგია. მათი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობის წინაშე ხელისუფლება არ დადგებოდა, თუკი პრეზიდენტი სააკაშვილი ივანიშვილს მოქალაქეობას მისცემდა, რითაც ამ უკანასკნელს პოლიტიკურ პროცესებში სამართლებრივი გზით მონაწილეობის საშუალება ექნებოდა.

საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორები – ”ქრისტიან-დემოკრატები” და ამ საკითხში მათივე მხარდამჭერები – ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ცვლილებით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს უარი ეთქვა მოქალაქეობაზე, მას მაინც ექნება პოლიტიკურ პროცესებში სრულფასოვნად მონაწილეობის საშულება.   

პოლიტოლოგ გია ნოდიას გაუმართლებლად მიაჩნია საკონსტიტუციო ცვლილებები ერთი ადამიანის [ბიძინა ივანიშვილის] გამო განხორციელდეს: 

”თავისთავად უარყოფითი მგონია ის ამბავი, რომ ერთი ადამიანის გამო უნდა მოხდეს მსგავსი ცვლილებების კონსტიტუციაში გატარება. ამ ცვლილებების მოტივი კი არის ის, რომ ერთმა ადამიანმა შეძლოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ჩემი აზრით, უფრო ეფექტურია ამ ერთი ადამიანისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება იმ კანონიერი საშუალებებითა და გზებით, რომელიც უკვე არსებობს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” გია ნოდიამ.

განსხვავებულად ფიქრობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ალპეს” წარმომადგენელი მერაბ ბასილაია:

“მე ნაკლებად დავუკავშირებდი ამ შემთხვევაში ამ ცვლილებებს ივანიშვილს. ამ ცვლილებებით შეეძლება ისარგებლოს არა მარტო ივანიშვილმა, შეიძლება გამოჩნდეს არაერთი ათეული მსურველი ამ კანონის შედეგით სარგებლობისა”.

მერაბ ბასილაია ამბობს, რომ არ არის ამ საკონსტიტუციო ცვლილებების აქტიური მომხრე:

”თუმცა აქვე გეტყვით, რომ თავისთავად ის ამოცანა, რომ ბიძინა ივანიშვილს საშუალება ექნება, მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ სივრცეში, კარგია. მას ჯერ საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს და ვერ მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში. რამდენადაც მე ვიცი, ივანიშვილი აგრძელებს სასამართლო დავას. მე არ ვიცი, რა შედეგი დადგება, მაგრამ ის ფაქტობრივი მდგომარეობა, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება ივანიშვილს აძლევს თავისი პოლიტიკური რეალიზაციის საშუალებას, ეს მისასალმებელია. თუმცა მე არ მგონია, რომ ეს იყოს აქტუალური პრობლემა ქართული საზოგადოებრივი და თუნდაც პოლიტიკური სივრცისთვის”, – აცხადებს ბასილაია.

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი გაუმართლებლად მიიჩნევს კონსტიტუციის ხშირ ცვლას და შემოთავაზებული ინიციტივის ბუნდოვან ცნებებზე აკეთებს აქცენტს: 

“რა თქმა უნდა, კონსტიტუციის ხშირი ცვლა, მეტადრე მისი მორგება ერთ ადამიანზე, არ არის გამართლებული. რამდენადაც მე ვიცი, მათ ეს წინადადება უფრო განაზოგადეს და გაავრცელეს ყველა იმ მოქალაქეზე, რომელიც დაბადებულია საქართველოში და არის სხვა ქვეყნის მოქალაქე. მე არა მგონია, რომ ეს ფორმულირება გავიდეს იმიტომ, რომ ეს ძალიან ბუნდოვანი ცნებაა და გამოდის, რომ ყველა უცხოელს ექნება უფლება, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში”.

მისივე შეფსებით, ეს შეიძლება იყოს გამოსავალი იმ სიტუაციიდან, რომელიც შეიქმნა საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პერიოდში:

“მე ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, ძლიერი პოლიტიკური ფიგურის გამოჩენას ივანიშვილის სახით და თუ კი ვერ მოხერხდა მისთვის მოქალაქეობის მინიჭება, მაშინ ეს შეიძლება იყოს ერთგვარი გამოსავალი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის სასურველი, რომ კონსტიტუცია ხშირად იცვლებოდეს და შეიცავდეს გარკვეულ უხერხულობებს. მაგალითად, ეს ცვლილებები  უცხო ქვეყნის მოქალაქეს აძლევს პასიურ საარჩევნო უფლებას და არ აძლევს აქტიურ საარჩევნო უფლებას, ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა მსოფლიო პრაქტიკაში”, – აცხადებს ავთანდილ დემეტრაშვლი.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აძლევს ევროკავშირის მოქალაქეს, რომელიც დაიბადა საქართველოში და ცხოვრობდა 10 წელიწადი, უარყოფითად აფასებენ კამპანია “ეს შენ გეხებას” მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიაორგანიზაციები. მათი შეფასებით, ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება არსებულ საარჩევნო სისტემას და მთელ კანონმდებლობას. მათთვის  კონსტიტუციაში ასეთი ცვლილებები და მისი მორგება კონკრეტულ სიტუაციასა და კონკრეტულ პიროვნებაზე სრულიად მიუღებელია.

”ქრისტიან-დემოკრატების” მიერ წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვები 5 მაისამდეა დაგეგმილი, რის შემდეგაც ცვლილებები დამტკიცდება და შევა ძალაში.

ამავე თემაზე:

საკანონმდებლო ცვლილებები ივანიშვილის მოქალაქეობაზე უარის სანაცვლოდ

საკონსტიტუციო ცვლილებები ივანიშვილის მოქალაქეობაზე ხიდაშელისთვის მიუღებელია

“ეს შენ გეხება” საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი

მასალების გადაბეჭდვის წესი