კომენტარი

ქვეყანა ახლა იმისია, ვინც ირჯება

9 აპრილი, 2012 •
ქვეყანა ახლა იმისია, ვინც ირჯება

კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო, უთქვამთ. ზოგჯერ, ლიტერატურული ნაწარმოები პირველი ფრაზით შემორჩება მეხსიერებას, ხოლო ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონიის დასაწყისი ბევრმა ისე იცის, რომ სიმფონია ბოლომდე არც ახსოვს. სწორედ  ასე,  დასამახსოვრებლად  იწყება იტალიის კონსტიტუციაც : „იტალია არის შრომაზე დაფუძნებული დემოკრატიული სახელმწიფო –  L Italia e uno democratico fondato sul lavoro; კონსტიტუციის უკეთეს დასაწყისს მოქალაქე, ქალი თუ კაცი, ვერ ინატრებს.

ვიდრე მიზეზს მოგახსენებდეთ, თუ რამ გამახსენა იტალიის კონსტიტუცია, ერთ ფაქტს შეგახსენებთ: საქართველოში ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეშია რატიფიცირებული(1994წ.) საერთაშორისო კონვენცია ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ – CEDAW;  ამ კონვენციით დაკისრებული პირობების შესრულება სახელმწიფოს მოვალეობაა, ხოლო საზოგადოება მისგან მინიჭებულ უფლებებს ჯერ არასაკმარისად იცნობს. 

კიდევ ერთი ფაქტიც და წერილის არსებით ნაწილზე გადავალთ: ა/წ 22 მარტს “თბილისი მარიოტში” ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და აზიის განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებული კონფერენცია ჩატარდა „ქალის შრომითი უფლებები – კონვენციის აღსრულება საქართველოში“ (პატივცემულო მკითხველო, ნუ იჩქარებ, ხელს ნუ აიქნევ, გააჭირეს საქმე ამ ფემინისტებმაო და ჩაიკითხე წერილი!).

…რამ გაგვახსენა დღეს შრომა?! კონფრენციის მიზანი ქალის შრომით უფლებებთან დაკავშირებული საკითხების წინ წამოწევა და რეკომენდაციების შემუშავება იყო ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტში წარსადგენად – სახელმწიფომ ანგარიში სასწრაფოდ უნდა წარადგინოს, უკვე დააგვიანდა კიდეც, არადა, კონვენცია გასული საუკუნიდანაა  რატიფიცირებული.   

ქალის შრომითი უფლებები საქართველოში

ცნობილი ფორმულაა, რომ შრომა აკეთილშობილებს ადამიანს და კეთილშობილი ადამიანი რომ სახელმწიფოს გააკეთილშობილებს, ამას დიდი მიხვედრა არ უნდა,  მაგრამ ჩნდება კითხვა: სჭირდება სახელმწიფოს შრომა თუ არა?!  ამა თუ იმ სახელმწიფოს შესაფასებლად საუკეთესო კრიტერიუმი შრომის კანონია – როგორი შრომის კულტურა აქვს ქვეყანას და უფრო უტრირებულად, საჭიროა თუ არა ადამიანი მისთვის?! კონფერენციის ადგილობრივი და საერთაშორისო მონაწილეების აზრით, საქართველოში შვიდი წლის წინანდელთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა;  თუ შვიდი წლის წინ კერძო სექტორში შრომის პირობები უკეთესი იყო, დღეს სახელმწიფო სექტორი შრომის უფლებებს უფრო იცავს, ვიდრე -კერძო.  მაგრამ, „უკეთესი“ საუკეთესოს და ხშირად, კარგსაც კი არ ნიშნავს – მხოლოდ, ნაკლებზე უკეთესია. მაგალითად, სადეკრეტო  შვებულებას სახელმწიფო სექტორი ქალს უნაზღაურებს და უხდის 600 ლარს. ფორმალურადაც კი ეს თანხა გაყოფილი თვეების რაოდენობაზე ორი ადამიანისთვის (დედა-შვილი) საკმარისთან მიახლოებულიც  ვერ არის. თუმცა, კერძო სამსახურების ნაწილი სადეკრეტოს საჭიროებას საერთოდ  „არ იმჩნევს“ და ამ ფონზე 600 ლარიც უკვე ანგარიშში ჩასაგდებია – სახელმწიფოს ვალდებულებაა და პასუხისმგებლობაა მოქალაქეზე. აქვე შეგახსენებთ, რომ დეკრეტული შვებულება ქალის პრივილეგია არ არის, ეს მისი უფლებაა.

საანგარიშო მოხსენებისთვის რეკომენდაციების რიგში აღინიშნა, რომ სასურველია სახელმწიფომ მედიატორის ფუნქცია  იკისროს დამსაქმებელ კერძო სექტორსა და მოქალაქეებს შორის (მკითხველო, ჩვენ ქალებზე ვსაუბრობთ, მაგრამ გენდერი რომ მხოლოდ ქალთა საკითხები არ არის, ამის შეხსენება, იმედია, არ გჭირდებათ). კერძო სექტორში ქალის უფლებების დამცველი ორგანო თუ იარსებებს, სასამართლოც განიტვირთებოდა მთელი რიგი სადავო პროცესებისგან, რომელსაც ვერ უმკლავდება სათანადო დოკუმენტაციის არარსებობის გამო და დავაც უფრო ეფექტურად გადაწყდებოდა. 

კონფერენციამ  სხვადასხვა მოწყლვადი ჯგუფებისთვის სპეციალური პროგრამების  შექმნა საჭიროდ მიიჩნია, რადგან არათუ ერთი საერთაშორისო, არამედ შიდა სახელმწიფო სტანდარტიც კი ვერ მოერგება  საზოგადოების ყველა სოციალურ ფენას, ის კი მრავალფეროვანია: იძულებით გადაადგილებულები, მარტოხელა დედები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის, მიგრირებულები, ემიგრირებულები,  ტრანსგენდერულები, მძიმე პირობებში დასაქმებულები და სხვა. კონფერენციაზე, როგორც მიღწეული წარმატება. აღინიშნა პარლამენტის მიერ მიღებული ჩასწორება ორგანულ კანონში პარტიების წახალისების შესახებ თუ მათ რიცხვში ქალები შემადგენლობის 20 პროცენტი იქნება. თუმცა კონფერენციამ სარეკომენდაციო წინადადება ქალი მეწარმის წახალისების შესახებ უთანასწორო მოთხოვნად ჩათვალა და ხაზგასმით ითქვა, რომ ქალების პრივილეგიებს არ ითხოვენ, მხოლოდ მათ უფლებებზე, არჩევანსა და ხელმისაწვდომობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

 

ლატენტური დისკრიმინაცია    

და მაინც, ქალის შრომითი უფლებების დარღვევა რას ნიშნავს, ასეთი რამ საქართველოში ხდება? ვინ დაუჩაგრავთ ქალობის გამო ?! ვერ შეედავები: საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, გენდერულად ნეიტრალურია – არც სახელმწიფო და არც კერძო სექტორში სქესის გამო დისკრიმინაცია „არ მოსულა“. ქიმიის მასწავლებელი ქალი განაკვეთურ სამუშაოში იმდენს იღებს, რასაც ქიმიის მასწავლებელი კაცი; ერთსა და იმავე თანამდებობაზე ბანკის თანამშრომელი კაცისა და ქალის ხელფასიც ერთნაირია… ასეა ყველგან – ერთსა და იმავე სამსახურში ერთსა და იმავე ხელფასს იღებენ კაცებიცა და ქალებიც. მაგრამ, ხშირად, კაცებს ან მაღალი თანამდებობები უკავიათ, ან ზოგიერთი ტიპის სამუშაოს არ ასრულებენ. მაგალითად, აფთიაქებისა და საავადმყოფოების პერსონალის უმეტესობა ქალია, ასევე, ქალები არიან სკოლებში, საბავშვო ბაღებში, სოციალური მუშაკებიც ქალები არიან – ისინი იღებენ იმავე ანაზღაურებას, რასაც კაცებიც  აიღებდნენ ამავე  საქმეში. მაშ, სადღაა დისკრიმინაცია? კითხვას კითხვითვე ვუპასუხებთ: თუ სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის ქვედა და შუა ფენა ქალებითაა დასაქმებული, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური საქმეების სამინისტროს თანამშრომლების 90 პროცენტი მამრობითი სქესის რატომაა?! არადა, ერთი შეხედვით  გენდერული ბალანსი ამ სფეროებში არსებობს, დე ფაქტო კი დისბალანსია- ერთსა და იმავე სამუშაოზე თანაბარი ანაზღაურება აქვთ, მაგრამ, ზოგადად, ქალები ნაკლებს გამოიმუშავებენ, რადგან თანამდებობებზე არ არიან, მომგებიან სფეროში ნაკლებად საქმიანობენ. 

ასაკის მიხედვით ქალთა შრომითი უფლებების დისკრიმინაციას  ბოლო ხანებში, ირიბიც აღარ ეთქმის, ის დაუფარავი და ღიაა, თუნდაც, კერძო სექტორში;  

თუ ეკონომიკური განვითარების მთავარი რესურსი ადამიანია, მაშინ დემოკრატიულ სახელმწიფოში, როგორც ვერტიკალური, ასევე ჰორიზონტალური სეგრეგაცია გენდერულად გაწონასწორებული უნდა იყოს. სამწუხაროდ, ასე არ არის, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში არსებულ სტრუქტურულ დისკრიმინაციას ვერაფერი ფარავს; შვილები რომ, ძირითადად, დედის სამსახურებს უქმნიან პრობლემას, ესეც დაუფარავი პრობლემაა – შესაბამისად, სამუშაო ადგილებზე არჩევენ მამაკაცების მიღებას, ისინი დამსაქმებლისთვის „პრობლემებს“ არ ქმნიან;

ქალის კვალიფიკაცია ბევრად უფრო მეტი უნდა იყოს მამაკაცისაზე, რომ  მან „თანაბარ“ კონკურენციაში გაიმარჯვოს; დამსაქმებლები არჩევენ ქალებს, რომლებსაც შვილები არ ჰყავთ;

დემოკრატიულ, თუნდაც, განვითარებად სახელმწიფოში ქალებსა და მამაკაცებს სოციალური და ეკონომიკური თანასწორობა უნდა ჰქონდეთ – გენდერი ხომ მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ადამიანებმა ჰარმონიულად იცხოვრონ. 

კონფერენციის მონაწილეებმა რეკომენდაციების ნუსხა საერთო კონცეფციით შეკრეს: უნდა გაიზარდოს ქალთა კონკურენტუნარიანობა, შეიქმნას რეგიონალური პარტნიორობის ინსტიტუციური სისტემა; გლობალური ეკონომიკური ზრდა შრომის თავისუფალ ბაზარს მოითხოვს. და მეთვრამეტე საუკუნეში სამუელ ჯონსონის ნათქვამი: „ბუნებამ იმდენი ძალა მისცა ქალს, რომ კანონმა, ბრძნულად, მხოლოდ მცირეოდენი მიანიჭა“ – უნდა შესწორდეს: „ბუნებამ იმდენი ძალა მისცა ქალს, რომ კანონმა, ბრძნულად, იმდენივე მიანიჭა მას, რამდენიც – კაცს“. 

რას ამბობს CEDAW?!  

მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას დასაქმების სფეროში ქალის დისკრიმინაციის სალიკვიდაციოდ, რათა მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყოფილ იქნას თანაბარი უფლებები, სახელდობრ: 

შრომის უფლება, როგორც ყოველი ადამიანისთვის განუყოფელი;

სამუშაოზე დაქირავების დროს ერთნაირი შესაძლებლობების უფლება, შერჩევის თანაბარი კრიტერიუმების გამოყენების ჩათვლით;

პროფესიის ან სამუშაოს თავისუფალი არჩევის, თანამდებობრივი დაწინაურებისა და დასაქმების გარანტიის, აგრეთვე, ყველა სამსახურებრივი შეღავათითა და პირობით სარგებლობის, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების უფლება; 

თანაბარი ანაზღაურების, მათ შორის, შეღავათების მიღების, შესრულებული სამუშაოს ხარისხის შეფასებისადმი თანაბარი მიდგომის უფლება;

ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხო პრობების, მათ შორის შთამომავლობის და განგრძობის ფუნქციის დაცვის უფლება;

გათხოვებისა თუ დედობის მიზეზით ქალის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად და მისთვის შრომის ეფექტური გარანტიების შესაქმნელად, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ზომებს… 

საქართველომ ხელი კონვენცია CEDAW-ს 1994 წელს მოაწერა. 2011 წლის ნოემბერში უნდა წარედგინა ანგარიში, აპირებს უახლოეს მომავალში წარადგინოს. უნდა მიიღოს ახალი  მითითებები. 

2006 წელს კი კომიტეტმა მოუწოდა მონაწილე სახელმწიფოს: გადადგას უფრო ინტენსიური ნაბიჯები დასაქმების ყველა პროგრამაში გენდერული საკითხების გათვალისწინების მიზნით და გაზარდოს ქალებისთვის ახალ ტექნოლოგიათა ხელმისაწვდომობა. კომიტეტის რეკომენდაციით საჭიროა მეტი ძალისხმევა გენდერის საფუძველზე თანამდებობრივი დიფერენციაციის (როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ დონეზე) აღმოსაფხვრელად…  კომიტეტი ითხოვს მონაწილე სახელმწიფოსგან ქალებზე ახალი შრომის კოდექსის ზეგავლენის ანალიზს, კოდექსში საჭირო ცვლილებების შეტანას და თავის შემდგომ მოხსენებაში აღნიშნული ანალიზისა და გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაციის ასახვას.  

P.S. ილია ჭავჭავაძე მეოცე საუკუნეს გულისხმობდა, როცა წერდა, რომ შრომისა ახსნა – ეგ არის ტვირთი ძლევამოსილის ამ საუკუნისო – ახლა ოცდამეერთე  საუკუნეა და ჯერი სახელმწიფოზეა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი