კომენტარი

მჯერა, რადგან აბსურდია

30 მარტი, 2012 • 1501
მჯერა, რადგან აბსურდია

 

                                                                           „ ისე არასდროს იტყუებიან, როგორც   არჩევნების წინ, ომის დროს და ნადირობის შემდეგ“

                      ოტო ფონ ბისმარკი


არჩევნების წინ რომ ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს განსაკუთრებული სიცხადით ახსენდება საკუთარი მოსახლეობა და ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები, ამაში ახალი არაფერია, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანიასაც გააჩნია საკუთარი თამაშის წესები, რომელთა დაცვაც პირდაპირ კავშირშია არჩევნების სამართლიანად ჩატარებასთან, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყურადღებას არა თავად არჩევნებზე, არამედ წინასაარჩევნო პიარზე გავამახვილებ, რომელიც  აქცენტს აკეთებს  ძირითადად ორ მთავარ ელემენტზე და სწორედ ამ ელემენტებს შორის  ბალანსი არის წარმატებული შედეგის გარანტი. პირველი არის არჩევნებში მონაწილე კანდიდატის ან პარტიის იმიჯი და მეორე – საარჩევნო პროგრამა.

თუკი საარჩევნო კამპანიის დროს არ ხდება ზემოთხსენებულ ორ ელემენტს შორის  თანაფარდობის დაცვა, ამომრჩევლისთვის ნათელი ხდება კანდიდატის ორმაგი სახე, რადგანაც მისი პიროვნება და მისი იდეები ერთამენთთან შესაბამისობაში მოდის. შესაბამისად, ამომრჩეველი ფავორიტის მიმართ ნდობას კარგავს და სხვა კანდიდატის ძებნას იწყებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, თუკი კანდიდატის საზოგადოებრივი იმიჯი არ შეესაბამება მის მიერ დასახულ პროგრამასა და მიცემულ დაპირებებს, ის დემოკრატიული არჩევნების პირობებში ყოველთვის განწირულია დამარცხებისთვის. აქედან გამომდინარე,  რაც უფრო დიდია ნაპრალი კანდიდატის საზოგადოებრივ იმიჯსა და მის მიერ მიცემულ დაპირებებს შორის, მით უფრო არადამაჯერებელია წინასაარჩევნო კამპანია და მცირეა გამარჯვების შანსი.

სწორედ ბალანსის დარღვევა გახლავთ მიზეზი იმისა, რომ სააკაშვილის მიერ არაოფიციალურად უკვე დაწყებულ წინასაარჩევნო კამპანიას აბსურდოკომედიური სახე მიეცა. საქმე იმაშია, რომ მისი საზოგადოებრივი იმიჯი და დაპირებები ვერ მოდის შესაბამისობაში. ერთ მხარეს არის გაკოტრებული პოლიტიკოსი, რომელიც გარბის, იპარება, იმალება, იმუქრება, ილანძღება და მეორე მხარეს არის დაპირებები: ქალაქის დაარსება, მონასტრის დაბრუნება, მოხუცთა ღიმილზე ზრუნვა, რომლებსაც კანდიდატის ნეგატიური იმიჯის გამო თითქმის აბსურდული ხასიათი აქვთ მიცემული. კანდიდატის პიროვნულ მხარესა  და მის მიერ გაკეთებულ დაპირებებს შორის არსებული უზარმაზარი ნაპრალი კი თავად წინასაარჩევნო კამპანიას აძლევს აბსურდულს სახეს და იწვევს როგორც პოლიტიკოსის დისკრედიტაციას, ასევე, მის მიერ გაჟღერებული დაპირებების უტოპიურობას. რომ არა სააკაშვილის ასე კატასტროფულად უარყოფითი რეიტინგი, შესაძლოა მისი დაპირებები ასე არარეალურად არ გამოჩენილიყო.

ისიც ცნობილია, რომ არსებობენ ოდიოზური პოლიტიკოსები, რომლებიც საზოგადოებაში  კეთილგანწყობით არ სარგებლობენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ  დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებში მათ გამარჯვების შანსი არ აქვთ. უბრალოდ პიარ–ტექნოლოგები ითვალისწინებენ პოლიტიკოსის ნეგატიურ იმიჯს საზოგადოებაში და სწორედ მასზე მორგებულ საკმაოდ მოკრძალებულ საარჩევნო პროგრამას  ქმნიან, რაც საბოლოო ჯამში წარმატების მეტ შანსს იძლევა, ვიდრე იმავე კანდიდატის მიერ დაპირებათა კოშკების აგება. მაგალითად, პრემიერად დანიშვნის შემდეგ, 1940 წელს ბრიტანულ საზოგადოებაში საკმაოდ უარყოფითი იმიჯის მქონე უინსტონ ჩერჩილს კეთილგანწყობის მოპოვება უტოპიური დაპირებების მიცემით არ უცდია, იგი ხალხს მხოლოდ სისხლს, ცრემლსა და გაჭირვებას დაჰპირდა. სწორად შერჩეულმა ვითარებამ და ჟესტმა, რომელიც გულწრფელობის ილუზიას ქმნიდა,  ჩერჩილს საზოგადოების მხარდაჭერა მოუტანა და ინგლისის ისტორიაში ურთულესი პერიოდის გადალახვაში დაეხმარა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, იგი სრულ ილუზიას მიეცა, მან ვერ გაითავისა, რომ ის მხარდაჭერა და თანადგომა, რაც ქართველმა ხალხმა 2003 წელს გამოუცხადა, მან ვერ შეინარჩუნა. რამდენადაც მისი საზოგადოებრივი იმიჯი უარესდება, იმდენად მატულობას რთულადშესასრულებელი დაპირებები, რაც მათ შორის ნაპრალს კიდევ უფრო ზრდის. „პიარის მეფედ“ წოდებული პრეზიდენტი, რატომღაც ან ვეღარ აანალიზებს, რომ აბსურდული დაპირებებით პოლიტიკურ სამარეს უთხრის საკუთარ თავს, ან უბრალოდ მას ქართული საზოგადოება იმდენად განუვითარებლად მიაჩნია, რომ  გასაოცარი დაპირებებით გეგმავს მათი კიდევ ერთხელ გაბითურებასა და ამით თვითგადარჩენას.

უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში კი ქვეყანაში ყველაფერი ხელისუფლების თვითგადარჩენაზეა აწყობილი, ამისთვის გამოყენებული მეთოდების ფართო დიაპაზონი კი სულ უფრო შლის საზღვრებს მტერსა და მოყვარეს, დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს, სიმართლესა და სიცრუეს შორის. ქვეყანა ცხოვრობს მხოლოდ პიარით, რომლის შედეგადაც შექმნილი სურათი იმდენად მოწყვეტილია რეალობას, რომ აბსურდისტანის შთაბეჭდილებას ქმნის. სხვას ვერაფერს დავარქმევ ქვეყანას, სადაც  აბსურდული მიზეზით  რეგიონებში ჩასული პრეზიდენტი აბსურდული მეთოდებით მოგროვილ ხალხს აბსურდულ დაპირებებს აძლევს. თითქოს მოდერნიზაციის გზით მიმავალი ქვეყანა სულ უფრო ბრუნდება საბჭოთა კავშირში. პრეზიდენტის სიამოვნებისთვის ავტობუსებით ჩაყვანილი ტაშისმკვრელი ხალხი სწორედ იმას მაგონებს, ლენინის სიამოვნებისთვის სპეციალურად რომ ბეჭდავდნენ გაზეთ „პრავდა“-ს ერთ განსხვავებულ ეგზემპლარს.

ქვეყნის პირველი პირის მიერ გახმოვანებული დაპირებები საზოგადოებაში უკვე სარკაზმისა და ქილიკის საფუძველი გახდა, რისი ერთერთი მაგალითიც ქართულ სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ვიდეორგოლია . მაგრამ ბევრისთვის პრეზიდენტის დაპირებები უკვე აღარ არის  სასაცილო, ის შეურაცხმყოფელი იქნებოდა ნებისმიერი თავმოყვარე განვითარებული საზოგადოებისთვის, რადგანაც ადგილი აქვს საკუთარი მოსახლეობის აბუჩად აგდებას. ეს განსაკუთრებით ჯვრის მონასტრის დაბრუნებაზე აგორებულ კამპანიას ეხება. ისრაელის სახელისუფლებო თუ სასულიერო პირებმა რამდენიმეჯერ უარყვეს მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, თუმცა საქართველოს ხელისუფლება მაინც ჯიუტად აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ჯგუფი წარმატებით აწარმოებს მოლაპარაკებებს ისრაელში.

ცალკე განხილვის საგანია აზერბაიჯანთან ერთად 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა ფეხბურთში. პირველ რიგში, აზერბაიჯანს იმავე წლისთვის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩატარებისთვის აქვს განაცხადი შეტანილი და მას შემდეგ, რაც მათმა ძლიერმა კონკურენტმა, იტალიამ ფინანსური კრიზისის გამო განაცხადი გამოიტანა, ბაქო საკუთარ შანსებს საკმაოდ დიდად აფასებს. აზერბაიჯანის სპორტის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით კი, პატარა ქვეყანა ერთდროულად ორი ამოდენა მასშტაბის ღონისძიების ჩატარებას ვერ შეძლებს. გარდა ამისა, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთერთმა მასპინძელმა უკრაინამ უკვე დახარჯა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 50 მილიარდი გრივნა, რაც დაახლოებით 6 მილიარდი ამერიკული დოლარის ეკვივალენტია და საქართველოს წლიურ ბიუჯეტს აჭარბებს. საინტერესოა, საიდან მოხდება ამ თანხის მოძიება, აღარაფერს ვამბობ ნახევარმილიონიანი ქალაქის დაარსებისთვის საჭირო თანხაზე.

 

ავტორის შესახებ

ვასო კუჭუხიძე არის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი

მასალების გადაბეჭდვის წესი