ლელა გაფრინდაშვილი: ჩვენ გვჭირდება საბჭოთა მენტალიტეტთან ბრძოლა

ბოლო დღეებში საქართველოში მოძრაობა “სოციალისტური საქართველო” გამოჩნდა, რომელიც საბჭოთა პროპაგანდის მიზნით რეგიონებში ყრილობებს მართავს. რას უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდში საბჭოთა-ტოტალიტარული იდეოლოგიის მიმდევრების გააქტიურება, ამ საკითხებზე ფილოსოფოს ლელა გაფრინდაშვილს ვესაუბრეთ:

ბოლო დროს უფრო და უფრო ხშირად ვხედავთ პოლიტიკურ ასპარეზზე პრორუსულ ძალებს. გუშინ თელავში მოძრაობა “სოციალისტური საქართველოს” ყრილობა ჩაიშალა, თუმცა მოძრაობის ლიდერებისგან გავიგეთ, რომ მათ ურჩევნიათ, “რუსეთის ჯარი იდგეს საქართველოში, ვიდრე ამერიკისა”. პრორუსული განწყობების ტირაჟირება სხვადასხვა ძალების მხრიდან ადრეც გვინახავს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის უნდა ველოდოთ თუ არა პრორუსული განწყობების მომძლავრებას?

ვინც სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებს დიდი ხანია აკვირდება, შეამჩნევდა, რომ ამ ტიპის ძალების გააქტიურება არჩევნებამდე ერთი-ორი თვით ადრე იწყება. ეს ხალხი არჩევნებამდე არსად არ ჩანს ხოლმე, — არც პროტესტია, არც რამე მოთხოვნები, არც გამოსვლები. აქედან გამომდინარე, ერთხელ და სამუდამოდ, იმ ადამიანებმა მაინც, ვისაც მეხსიერება გვაქვს, უნდა გამოვიტანოთ დასკვნა და ამ დასკვნის ტირაჟირება უნდა მოვახდინოთ. მსგავსი პროცესები დადგმულია იმისათვის, რომ ყურადღება გადავიდეს არა იმ საკითხებზე, რომლებიც არჩევნებთან, როგორც პოლიტიკურ პროცესთან, არის დაკავშირებული, არამედ რეალობისგან სრულიად მოწყვეტილ სიტუაციებზე.

NDI-ის მიერ ივლისში გამოქვეყნებული ბოლო კვლევის თანახმად, აზრს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე, გამოკითხულთა 29% იზიარებს. 53% ფიქრობს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით. როგორ გგონიათ, რამდენად სტაბილურია ეს მაჩვენებლები?

რაოდენობრივი კვლევები, სადაც ადამიანები მექანიკურად პასუხობენ რაღაცებზე, არ გვაძლევს სრულყოფილი დასკვნის საფუძველს. ამას სჭირდება სიღრმისეული კვლევა — რატომ ფიქრობენ ასე, პერსონალურად რა ბედის ადამიანები არიან, საიდან გამომდინარე ამბობენ ამას და ა.შ

ჩვენ გვყავს მეგობრები, ნათესავები, მეზობლები, დავდივართ რეგიონებში, ვიცნობთ ახალ-ახალ ადამიანებს და ვიცით, რა რეალობა გვაქვს საქართველოში, რა აწუხებთ მოქალაქეებს. ის, რასაც ჩვენ ამ დადგმულ რეალობაში ვხედავთ, აბსოლუტურად აცდენილია რეალურ პრობლემებს. აქ არის მძიმე სოციალური ეკონომიკური პრობლემები და ხალხს ამ თემებზე ფოკუსირება სჭირდება.

პარტიების პროგრამებში იშვიათად გამოკრთება საკითხები, რომლებიც ჩვენთვის და ჩვენი გარემოსთვის აქტუალურია. მათ პროგრამებში ისეთი საკითხებია, რომელიც უფრო მეტ ამომრჩეველს მიიზიდავს. არ ხდება საკითხების დაწურვა, მიახლოება იმასთან, რაც ხალხს ადარდებს და პოლიტიკოსებიც ამ ელექტორალურ თამაშებში ცხოვრობენ. ისინი ხმებს კრებენ არა პატარ-პატარა სოციალური ჯგუფებისაგან ან სოციალური ან ეკონომიკური პრობლემებით დამძიმებული ჯგუფებისაგან, მათ აინტერესებთ დიდი ჯგუფები.

ამიტომ ჩნდებიან არჩევნების წინ “თეთრ რაშზე ამხედრებული რაინდები”, რომელთაც უნდა გადაგვარჩინონ ის “საფრთხისგან – გარყვნილებისგან, რომელიც მოდის დასავლეთიდან”. აქტიურდება ისეთი თემები, როგორიც არის ერთნაირსქესიანთა ქორწინება, — წინა არჩევნებზე ლგბტ უფლებების საკითხი იყო აქტიური, ახლა ქორწინება გააქტიურდა და ჩვენი გადამრჩენელები ქულებს აგროვებენ იმათგან, ვისაც ნაკლები ინფორმაცია აქვს და ჰომოსექსუალობა გადამდები ჰგონიათ.

რა როლი აქვს მედიას ამ განწყობების ტირაჟირებაში?

მედია სცოდავს. ის ახდენს რეალობის მოდელირებას, ქმნის რეალობას და გვარწმუნებს, რომ ეს მოცემულობაა ნამდვილი. გვარწმუნებს, რომ საქართველოში მოქალაქეთა დიდი ნაწილი პრორუსულად არის განწყობილი, რომ ქართველები ვართ პრორუსები, რომ არა გვაქვს მეხსიერება, რომ ვართ ჩამორჩენილები და ა.შ.

რა თქმა უნდა, ქვეყანაში არიან პრორუსულად განწყობილი ადამიანები, ვისაც ემოციური ან ეკონომიკური ბმა აქვთ რუსეთთან, გარკვეული სარგებელი ჰქონდათ აქედან პოსტსაბჭოთა პერიოდში. ისინი  რეტროგრადი ძალები არიან და ურჩევნიათ, უკვე ნაცად ქართულ-რუსულ გარიგებებში შევიდნენ, აქვთ სანაცნობო-სამეგობრო, კლანური ერთობები.  მაგრამ მედიის მიერ შემოთავაზებულ რეალობას, არსებითი კავშირი არა აქვს იმ რეალობასთან, რომელშიც დღეს საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ მძიმე ეკონომიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური ზოგჯერ ფსიქიკური პრობლემებიც იმის გამო, რომ წრეზე ვტრიალებთ. ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ტელევიზორებში, ის, რასაც პოლიტიკური ისტებლიშმენტი რეალობად გვასაღებს, წრეზე ტრიალია. წრეზე ხანგრძლივად ტრიალი კი გულის რევასა და აგრესიას იწვევს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ წრეზე გვატრიალებენ.

ოდესმე უნდა მივიდეთ იმ დონემდე, რომ მედიას ექნება სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობა. მედიამ, ასევე პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა, უნდა იკვლიონ და ფოკუსი გააკეთოს იმ პრობლემებზე, რაც რეალობაშია. რეალობაში კი ძალიან მძიმე პრობლემებია, რომლებსაც პოლიტიკური მოგვარება სჭირდება.

2011 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა “თავისუფლების ქარტია”, რომლის თანახმადაც იკრძალება საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება და პროპაგანდა საჯარო ადგილებში. რამდენად მუშაობს “თავისუფლების ქარტია” ან რამდენად სწორი იყო ასეთი შინაარსის დოკუმენტის მიღება?

მგონია, რომ ესეც რაღაცნაირად კამპანიურ სახეს იღებს. ჩვენ გვჭირდება არა სიმბოლოებთან, არამედ საბჭოთა მენტალიტეტთან ბრძოლა. უნდა შევაფასოთ არა მხოლოდ ის კულტურა, რაც სსრკ-ში შეიქმნა, არამედ საბჭოთა კავშირი, როგორც პოლიტიკური სისტემა. უნდა დავინახოთ ბმები ჩვენს თანამედროვეობასთან. დავაკვირდეთ, სამოქალაქო-პოლიტიკურ პროცესებში ხომ არ ხდება ისეთ რამ, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ ისევ საბჭოთა კავშირში ვართ.

არც ხელისუფლებება, არც საზოგადოება მაინცდამაინც არ არის მონდომებული, რომ საბჭოთა წარსული შევაფასოთ. არამხოლოდ საბჭოთა, არამედ, ზოგადად, ურთიერთობა რუსეთთან — ამ ტირანულ სახელმწიფოსთან, ჩვენი კულტურისა და სახელმწიფოს დაუძინებელ მტერთან. სინამდვილეში საჭიროა, მოვიტანოთ მაგალითები ჩვენი ისტორიიდან, დავარწმუნოთ ეს ხალხი, რომ რუსეთი, იმ ისტორიის საფუძველზე, რაც ჩვენ გვაქვს, არასოდეს ყოფილა ჩვენი მეგობარი. დავარწმუნოთ, რომ რუსეთი არის იმპერია, რომელსაც აწყობს მხოლოდ ასიმილირებული, განადგურებული საქართველო.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესია ლუსტრაცია, რომლის შედეგადაც პოლიტიკაში ვერ მოდიან ადამიანები, რომლებიც დაკავშირებულები არიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან და უშიშროებასთან. ეს პროცესი ბალტიისპირეთში სსრკ-ის დაშლისთანავე დაიწყო და არის უმნიშვენლოვანესი პროცესია იმისათვის, რომ სახელმწიფოს მართვაში ვერ მოვიდნენ პოლიტიკოსები და ძალები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან და უშიშროებასთან ან წარსულში იყვნენ დაკავშირებულნი. ეს განახლება თუ არ მოხდა პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, ჩვენ წრეზე ვიტრიალებთ.

ზოგიერთი ექსპერტის დაკვირვებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, მკაცრი ნეოლიბერალური პოლიტიკით, რუსეთს აშკარად უპირისპირდებოდა. “ქართული ოცნება” კი თითქოს ნაკლებად რადიკალურია რუსეთთან დაპირისპირებაში. ეთანხმებით თუ არა ამ შეფასებას? შეიძლება თუ არა, რომ სწორედ აღნიშნული იყოს პრორუსული განწყობების მომძლავრების ხელის შემწყობი ფაქტორი?

მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ნაციონალური მოძრაობა უპირისპირდებოდა რუსეთს. რა თქმა უნდა, ტელევიზორში ეს ასე ხდებოდა, თუმცა ბიზნესში საკმაოდ სერიოზული რაოდენობით ინტეგრირდა რუსული ფული. ზოგადად, ეს იყო ტიპიური რუსული პოლიტიკა. არანაირი კავშირი მას დემოკრატიულ პოლიტიკასთან არ ჰქონდა. ამიტომ მე რადიკალურად ვემიჯნები მოსაზრებას, თითქოს ნაციონალური მოძრაობის დროს დემოკრატიის შემოთავაზებები გვქონდა. ამას ემატებოდა ნულოვანი ტოლერანტობა და ათასი სისასტიკე, რომელიც იმ ხელისუფლებამ ჩაიდინდა, აღარ ვიტყვი თვალთვალსა და ვიდეოარქივების დამზადებაზე.

“ქართული ოცნების” პერიოდში რუსული ბიზნესის ინტეგრირება ალბათ უფრო გაძლიერდა. მე რასაც ვაკვირდები, რუსული პროდუქცია ისევ ინტენსიურად შემოდის და ევროპული პროდუქცია ჩვენს ბაზარზე ისევ ცოტაა. საინტერესოა სამშენებლო ბიზნესიც, ვინ არიან მოთამაშეები, რა ფირმებია, ფული სად მიდის და ა.შ

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში შემავალი ჯგუფები, რომელთა სახელწოდებაშიც, პირობითად, “მემარცხენე ტერმინები” ჩანს (სოციალისტური საქართველო, კომუნისტები, ა.შ), ქვეყნის მომავალს ისევ და ისევ რუსეთთან აიდენტიფიცირებენ?  

ამის მიზეზი შეიძლება იყოს უკიდურესი გაუნათლებლობა და უცოდინრობა საქართველოს ისტორიის, როგორც შორეული, ასევე უახლესი ისტორიის უცოდინრობა. სხვა მიზეზით ამას ვერ ვხსნი, და დაკავშირება ისეთ ძალებთან, რომლებიც უპასუხისმგელბო აქციებით ცდილობენ ყურადღება გადართონ სხვა საკითხებზე და რატომღაც ჰგონიათ, რომ ანტიდასავლური განწყობებს გააძლიერებენ ამ ტიპის თეატრალიზებული გამოსვლებით.

თქვენ ახსენეთ “ანტიდასავლური განწყობების გაძლიერება”. რა როლს ასრულებს პრორუსული განწყობების გაღვივებაში მართლმადიდებელი ეკლესია?

ეკლესიასაც სერიოზული პრობლემა აქვს. იქ არის ხალხი (მინდა დავიჯერო, რომ ეს ხალხი ცოტაა, თუმცა ვინც შიდა ამბები კარგად იცის, ამბობს, რომ ეს არ არის მცირე ნაწილი), ვისაც არა აქვს მგრძნობელობა და განათლება იმ საკითხების მიმართ, რომლებიც ჩვენთვის და საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება, მათი ნაწილი ასევე დაკავშირებული იყოს რუსულ ძალებთან და გამიზნულად უწყობდნენ ხელს ანტიდასავლური განწყობების გაძლიერებას. ქადაგებები, რაც მე სოციალურ ქსელებში მომისმენია, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

ის გარემოება, რომ ამ სასულიერო პირთა ტექსტები ტყუპისცალივით ჰგავს ზოგჯერ ერთმანეთს, მაფიქრებინებს, რომ მათ დავალება აქვთ, ერთი ტექსტი უნდა თქვან, რომელშიც გააძლიერებენ ანტიდასავლურ განწყობებს. მაგრამ ეს არის სრულიად შეუძლებელი. უბრალოდ, მათ აქვთ ეს დავალება და ცდიან ბედს. გზა, რომელსაც საქართველო ადგას, ამ გზიდან გადახვევა შეუძლებელია.

ზოგადად, დიალოგი საზოგადოებასა და ეკლესიას, როგორც ინსტიტუციას შორის, უნდა იყოს ბევრად ინტენსიური. საზოგადოებამ მხოლოდ დისტანცირებულად არ უნდა აკრიტიკოს ეკლესია, — ახლოს მისვლა, დიალოგის ინტენსიფიკაცია არის აუცილებელი, რაც აიძულებს ყველა ინსტიტუციას, უფრო ღია იყოს. ამ ტიპის დიალოგის გარეშე ეს დემონიზაცია კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც არ არის საზოგადოებისთვისა და სახელმწიფოსთვის სასურველი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com