ახალი ამბები

თელავში “სოციალისტური საქართველოს” ყრილობა ჩაიშალა, დაკავებულია 1 პირი [ვიდეო]

4 აგვისტო, 2016 • 2053
თელავში “სოციალისტური საქართველოს” ყრილობა ჩაიშალა, დაკავებულია 1 პირი [ვიდეო]

ტელეკომპანია “პირველის” ინფორმაციით, თელავში  სახალხო მოძრაობა “სოციალისტური საქართველოს” ყრილობა ჩაიშალა.  ყრილობის პარალელურად კონტრაქციას მართავდნენ “გირჩისა” და “ახალი საქართველოს” წევრები, რომლებმაც “სოციალისტური საქართველოს” წევრებს კვერცხები დაუშინეს. დაკავებულია ყრილობის მონაწილე ერთი პირი.

თელავში, “სოციალისტური საქართველოს” წევრები და კონტრაქციის მონაწილეები ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.  “პირველის” ცნობით, სოციალისტური საქართველოს” წევრები ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებდნენ.  შს სამინისტროში აცხადებენ ,რომ დაკავებულია ყრილობის მონაწილე ერთი პირი. გამოძიება 125-ე მუხლით [ცემა] მიმდინარეობს.

“რუსეთი ოკუპანტია, პუტინი მკვლელია,” – ეუბნებოდა კონტრაქციის მონაწილე ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი ყრილობის ერთ-ერთ მონაწილეს, რა დროსაც მან ქევხიშვილს სილა გააწნა. მისი თქმით, ფიზიკური შეურაცხყოფა იმიტომ მიაყენა, რომ ქევხიშვილმა შეიგინა.

“მე მოვედი მაისურით, რომელზეც საბჭოთა სიმბოლიკა არის გადახაზული. ეს პუტინის მონები სწორედ ამ მაისურით გაღიზიანდნენ. მითხრეს, რომ შენობაში არ შევსულიყავი. სიტყვიერი დაპირისპირება იყო და მოულოდნელად ფიზიკურად შემეხნენ. ქართველის ხელით პუტინმა და კომუნისტურმა პარტიამ შემომაწნა სილა,” – ამბობს ქევხიშვილი.

“საოკუპაციო პროპაგანდა არ შეიძლება იყო სსაჯარო სამართლის იურიდიული პირის შენობაში. ჩვენ ხუთი დღის ადრე გავაფრთხილეთ მერია, რომ კონტრაქციას ვგეგმავდით. აქ არცერთი პოლიციელი მოსულა. პოლიციელები მხოლოდ მას შემდეგ მოვიდნენ, რაც ადამიანს ფიზიკურად შეეხნენ,  – ამბობს ტორესა მოსი, “გირჩის” თელავის ოფისის ხელმძღვანელი.

“სოციალისტური საქართველოს” დამფუძნებელი ვალერი კვარაცხელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ოკუპაცია საქართველოს არასწორად მოქცევის ბრალია:

“საქართველოს რუსეთთან ახალი ტრაქტატის გაფორმება მოუწევს. ეს არის ნაცადი გზა, ისტორიული გზა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. რუსეთს ტერიტორიები ოკუპირებული იმიტომ აქვს, რომ ჩვენ არასწორად ვიქცევით, ძალიან არასწორად,”- ამბობს ვალერი კვარაცხელია.

გუშინ, 3 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შს სამინისტროს მიმართა, კახეთში კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენება არ დაუშვას. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ თუ ყრილობაზე გამოიყენებენ კომუნისტურ სიმბოლიკას, სამართალდამცავები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი