კომენტარი

საუბარი არ შედგება

12 მარტი, 2012 •
საუბარი არ შედგება

არ ვიცი, შეიძლება ზედმეტად ვფრთხილობ, მაგრამ მეჩვენება, რომ მედიაკავშირმა „ობიექტივი’’, სხვა პოლიტიკურ თუ სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად, აზიზიეს მეჩეთის თავისთავად სერიოზული პრობლემა უკვე საშიშ სიბრტყეში გადაიტანა და ზოგიერთი ჩვენი ფიცხი წინაპარივით იქ, სადაც ხანგრძლივი პარტიზანული მოქმედებები იყო საჭირო, ნაადრევი გენერალური ბრძოლა მივიღეთ.

ბოდიშს ვუხდი მკითხველს, რომ პირადი პრობლემების წარმოჩენა მიხდება, მაგრამ კერძო საქმეები ისე გადაეხლართა საზოგადოს, რომ მათი განცალკევება ძალზე გაჭირდება. ვგულისხმობ ირმა ინაშვილის მიერ წარმართულ „ობიექტივის” 9 მარტის ღამის ეთერს, სადაც მისთვის სრულიად უცნობი და არასაჯარო პირი ლამის საქართველოს დაუძინებელ მტრად გამომაცხადა და ერთგვარი ჰონორით ჩემთან შეხვედრა „მოითხოვა’’ (კიდევ კარგი, თბილისში არ დამიბარა, თორემ სიმწრით ნაგროვები „სოროსის“ ასდოლარიანის მოშლა მომიწევდა).

 

უნდა მოვუბოდიშო ქალბატონ ირმას და შეხვედრაზე უარი განვაცხადო. ჩემი სტატუსი ოფიციალურ „ლიბერასტობამდე’’ ჯერ კიდევ არ ამაღლებულა, ხოლო შემორჩენილი ჰუმანურობიდან გამომდინარე, არ მინდა დავანგრიო პოპულარული ჟურნალისტის მიერ ასე ექსპრომტად შექმნილი ხატი, რომელმაც, უნდა ვაღიარო, ჩემში ერთგვარი ქვენაგრძნობებიც კი გააღვიძა.

 

თურმე რომელიღაც ამერიკული ორგანიზაციის გრანტის აქტიური მომხმარებელი, შესაბამისად, აშშ-ის აგენტი, მანქურთი და „ნაციონალების” მიერ შემოგზავნილი პროვოკატორი ვყოფილვარ. ამას „პრესკაფეში” ჩემ წინააღმდეგ წარმოთქმულ სხვა ბრალდებებს თუ დავუმატებთ (თურქეთის ჯაშუში და ჩემ მიერვე „აღიარებული” 10 ათასლირიანი დაფინანსება), ახალი ეპოქის ოდიოზური გმირის პროტოტიპი გამოვდივარ (ლამის აჭარელი ოსტაპ ბენდერი, შეგიძლიათ ოსმან ბენდერიც დამიძახოთ).

 

საუბარი არ შედგება იმიტომაც, რომ მე არ შევხვდები იმ ადამიანებს, რომლებიც გიორგი XII და მუჰამედის შთამომავლის ახლობლები არიან (დავით თარხან-მოურავმა “ობიექტივის” ეთერში თქვა, რომ ის სწორედ ამ ორი ადამიანის შთამომავალია). ეს, უბრალოდ, ჩემი პირადი უშიშროების საკითხია. მოგეხსენებათ, როგორც ლიბერალი და პოტენციური „ლიბერასტი” _ მეც საკმაოდ ფრთხილი და წინდახედული ადამიანი ვარ.

 

იყო მამიდან გიორგი XII, ე.ი. ქრისტიანი კაცის მემკვიდრე, ხოლო დედიდან მუჰამედის შთამომავალი (სეიდი), ძალზე სარისკოა. საქმე იმაშია, რომ გამოდის, ღრმადპატივცემული დავით თარხან-მოურავის დედა, ანუ მუჰამედის შთამომავალი, ცოლად  ქრისტიან კაცს გაჰყვა, რაც მუსლიმისთვის, განსაკუთრებით კი ასეთი მაღალი წრის წარმომადგენლისათვის, ნიშნავს საკუთარი თავის შარიათის, ანუ ისლამის გარეთ დაყენებას. ეს კი ძალზე სავალალოდ შეიძლება დამთავრდეს. არ გამოვრიცხავ, ისლამისტებშიც აღმოჩნდეს ვინმე ძალზე არასერიოზული აქტივისტი, დაიჯეროს ყველაფერი ეს და შახიდის ქამარი შეიბას. ნამდვილად არ მინდა, 31 მარტს მე ან რომელიმე ჩემი თანამოქალაქე ამ გაუგებრობას ემსხვერპლოს, მერე ვინღა ემსახუროს საქართველოს, თურქეთს, ამერიკას ან თუნდაც რუსეთს?

დაბოლოს, ოფიციალურად ვაცხადებ, _ არსად არ მითქვამს, რომ ვინმეს ვუშლი ანტითურქულ თუ სხვა ტიპის დემონსტრაციაზე გამოსვლას, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ბათუმელების ნაწილმა პარტნიორებად ექსტრემისტები აირჩიეთ, რაც შეიძლება სავალალოდ დასრულდეს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ვცდები და ისინი ნამდვილად ახალ დიდგორს უმზადებენ საქართველოს, მაგრამ იმედია, შეცდომის უფლებას მაინც დაგვიტოვებთ XXI საუკუნის საქართველოში, მით უმეტეს, რომ ხშირად მცდარი და დაწუნებული ნივთი თუ იდეა ამა თუ იმ კონსტრუქციის ქვაკუთხედად ქცეულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი