კომენტარი

კი თუ არა „დაბოლებას“?!

12 მარტი, 2012 •
კი თუ არა  „დაბოლებას“?!

“მე არასოდეს მქონია პრობლემა ნარკოტიკებთან, მე პრობლემა პოლიციასთან მქონდა”.

კიტ რიჩარდსი

 

ბოლო დროს საქართველოში მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზაციის თემა გასცდა სოციალური ქსელების საზღვრებს და სატელევიზიო „თოქ შოუებშიც“ დებატების თემად იქცა. არ ვიცი, რა დატვირთვა ექნება ამ საკითხს მოახლოვებული არჩევნების წინ საქართველოში, მაგრამ აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიაში მას ტრადიციულად დიდი ყურადღება ეთმობა ხოლმე. ზოგადად საკითხი მთელი მსოფლიოსთვის აქტუალურია. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ უცხოურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ნარკოტიკული პოლიტიკის გლობალური კომისიის მიერ გამოქვეყნებულ 24–გვერდიან დასკვნას, რომელშიც ავტორები მსოფლიოს ნარკოტიკების წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში დამარცხებულად მიიჩნევენ და სახელმწიფო მეთაურებს რეკომენდაციებს აძლევენ, რომ ყურადღება არა მკაცრ სანქციებს, არამედ ამ საკითხის მიმართ ჯანდაცვის სისტემის განვითარებასა და ადამიანთა უფლებების დაცვას დაუთმონ.

თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ  ნარკოტიკული პოლიტიკის გლობალური კომისია არ წარმოადგენს გაეროს დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურას, ის არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომლის დასკვნებიც არ არის სავალდებულო სახის და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ კომისია ძალიან ავტორიტეტული ადამიანებით არის დაკომპლექტებული, მაგალითად, კოფი ანანი, ხავიერ სოლანა, კარლოს ფუენტესი, მარიო ვარგას ლიოსა და სხვა, ნაკლებსავარაუდოა კომისიის სკანდალური მოსაზრება ვინმემ გაითვალისწინოს და მან რომელიმე ქვეყნის ანტინარკოტიკულ პოლიტიკაში რაიმე გარდამტეხი ცვლილება შეიტანოს. ამერიკაში,  მაგალითად, ორმოციოდე წლის წინ ნიქსონის მიერ გამოცხადებული ომი ნარკოტიკების წინააღმდეგ ჯერ კიდევ ბრძოლის ერთადერთ რეალურ საშუალებად მიიჩნევა.

მართალია, ნარკომანია არ წარმოადგენს ახალ სენს, მაგრამ გლობალიზაციამ პრობლემა ადრეულ საუკუნეებთან შედარებით გამძლე და დაუმარცხებელი გახადა. სამართალდამცავ სტრუქტურებს სულ უფრო უჭირთ მასთან გამკლავება. დღეს ნარკოტიკებთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდი არსებობს და საზოგადოების დამოკიდებულებაც მათი ეფექტურობის მიმართ სხვადასხვაგვარია: ერთნი ნებისმიერი ნარკოტიკული ნივთიერების აკძალვის მოთხოვნით გამოდიან და მიაჩნიათ, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვების ერთადერთი გარანტი მკაცრი სასჯელია, როგორც გამსაღებლის, ასევე მომხმარებლის მიმართ. დეკრიმინალიზაციის მომხრენი კი ნარკოტიკების ნაწილობრივ ლეგალიზაციას, ანუ მასზე დანაშაულის კლასიფიკაციის მოხსნას მოითხოვენ, გამოსავლად კი პატიმრობის ჯარიმით შეცვლა მიაჩნიათ. ისინი ნარკოტიკების მომხმარებლებს კრიმინალთა კატეგორიას არ მიაკუთვნებენ და ფიქრობენ, რომ ციხეში მოხვედრა ნარკომანის დანაშაულის  გზაზე დაყენებას უწყობს ხელს. მესამენი, ანუ ნარკოტიკების სრული ლეგალიზაციის მომხრენი კი, მოითხოვენ გარკვეული კატეგორიის ნარკოტიკებზე სახელმწიფო კონტროლის მოხსნას. იდეოლოგიური სიახლოვის გამო ბოლო ორი კატეგორიის მომხრეებს მაინც აერთიანებენ და ლეგალიზაციის მომხრეებად მიიჩნევენ.

საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, ოფიციალური მონაცამებით, დღეისათვის ქვეყანაში დაახლოებით 150 ათასი მომხმარებელი არსებობს.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა აზრით კი, ეს ციფრი 250 ათას ადამიანს აჭარბებს, რაც ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის კატასტროფის ტოლფასია. გარდა ამისა, საქართველოში აღინიშნება მომხმარებელთა რიცხვის ზრდა რეგიონებში, მათი გაახალგაზრდავება და ნარკომან ქალთა სწრაფი მატება.  შესაბამისად, იზრდება ლეგალიზაციის მომხრეთა რიცხვიც, თუმცა მათი მოსაზრებები იდეალისტურია და კრიტიკას ვერ უძლებს.

ლეგალიზაციის მომხრეთა აზრით, დემოკრატიული ფასეულობების მქონე ქვეყანაში ყველას აქვს უფლება გააკეთოს ის, რაც სურს, თუ ეს ქმედება ზიანს არ აყენებს სხვას, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ ნარკოტიკი მომხმარებელთან ერთად გარშემომყოფსაც არანაკლებად აზიანებს. მაგალითად, როგორც ცნობილია, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებას გააჩნია მომავალში ზემოქმედების ეფექტი, ე.წ. “Flashback,“ რომელმაც შეიძლება თვეების ან წლების შემდეგ „მოევლინოს“ მომხმარებელს. ეს კი შესაძლებელია მოხდეს მაშინ, როდესაც ის საკუთარ ან საზოგადოებრივ ტრანსპორტს მართავს, რის შედეგადაც სრულიად უდანაშაულო ადამიანთა დაღუპვის ალბათობა ძალიან დიდია. ხოლო თუკი საკითხს ფილოსოფიურად მივუდგებით, ჯონ სტიუარტ მილის აზრით: „ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანის უფლება შეიძლება იქნას შეზღუდული მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, არის სხვისთვის ზიანის მიყენების საფრთხე“. ზემოხსენებული მაგალითიდან გამომდინარე კი, საფრთხე საკმაოდ რეალურია.

გარდა ამისა, ნარკოტიკების ლეგალიზაციის შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებული ხდება, ქვეყანაში მყოფი ყველა მომხმარებელი უზრუნველყოს მაღალი ხარისხის ნარკოტიკით, ეს კი სახელმწიფოს ორ შემთხვევაში შუძლია. პირველი – თვითონ აწარმოოს ნარკოტიკები, რაც მეზობელ ქვეყნებთან საბაჟო პრობლემებს გამოიწვევს და საქართველოსთვის, გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე,  დამღუპველი იქნება, და მეორე- შეისყიდოს ის, რაც დიდი რაოდენობის შემთხვევაში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ანტინარკოტიკული პოლიტიკის გამტარებელი სახელმწიფოების მხრიდან ნდობის დაკარგვას გამოიწვევს. ისეთი საერთაშორისო პრესტიჟის სახელმწიფოც კი, როგორიც ჰოლანდიაა, გაეროს ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა, მინიმუმანდე დაყვანა ნარკოტიკების წარმოება და შეძენა, რამაც ავტომატურად შეამცირა ყიდვა-გაყიდვის, მოხმარებისათვის ნებადართული ადგილებისა და გასაყიდ დოზათა რაოდენობა. საერთაშორისო ზეწოლის გამო კი ჰოლანდია ჯერ კიდევ ვერ ბედავს ძლიერი ნარკოტიკების ლეგალიზაციას.

კიდევ ერთი პრობლემა ფასებია, რადგანაც ნარკოტიკების ლეგალიზაციის შემთხვევაში ფასს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. თუკი სახელმწიფო ფასებს მაღლა ასწევს, ამით ხელს შეუწყობს შავი ბაზრის გაძლიერებას, არადა ლეგალიზაციის მომხრეთა მთავარი არგუმენტი სწორედ ისაა, რომ იგი მოსპობს შავ ბაზარს და თანხა ბიუჯეტში წავა. ხოლო თუკი სახელმწიფო ფასებს დაბლა დასწევს და ხელმისაწვდომს გახდის, ამით ხელს შეუწყობს მომხმარებელთა რიცხვის გაზრდას.

ნარკოტიკების ლეგალიზაცია ასევე გამოიწვევს გათვალისწინებული კანონმდებლობის ფარგლებში რამდენიმე მუხლის ერთმანეთთან დაპირისპირებას. მაგალითად, 271-ე მუხლი: ნარკოტიკების მომხმარებლისთვის ბინის ან სადგომის დათმობა და 272-ე მუხლი: ნარკოტიკების მოხმარებაში დაყოლიება, საკმაოდ მკაცრად ისჯება. ალბათ დამეთანხმებით, ამ ორი მუხლის გაუქმება დაუშვებელია, ხოლო ლეგალიზაციის შემთხვევაში მათი არსებობა აბსურდულ სახეს იღებს, ნარკოტიკების მოხმარება არ იქნება დასჯადი, ხოლო მისი სხვის სახლში მოხმარებისთვის სახლის მფლობელი დაისჯება თავისუფლების აღკვეთით.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საერთო დანაშაულის 17 % ჩადენილია ე.წ. „კაიფის“ დროს. ლეგალიზაციის შემთხვევაში ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედებით ჩადენილი დანაშაულის რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება. დღეს მომხმარებელთა უმრავლესობა სამართალდამცავი სტრუქტურების შიშით „კაიფის“ დროს უფრო მოფარებულ ადგილას ამჯობინებს ყოფნას, რაც მათგან მომდინარე საფრთხეს ამცირებს. ლეგალიზაციის შემთხვევაში კი ისინი ქუჩაში გამოსვლის შიშს დაკარგავენ და გაიზრდება „კაიფის“ დროს ჩადენილი დანაშაულებების რიცხვიც.

ლეგალიზაცია მომხმარებელთა რაოდენობას არანაირად არ შეამცირებს, როგორც ამას მისი მომხრეები მიიჩნევენ, პირიქით, საგრძნობლად გაზრდის მას, რადგანაც იმ ადამიანებსაც უბიძგებს ნარკომანიისკენ, რომლებიც მანამდე კანონის შიშით იკავებდნენ თავს. ამის ნათელი მაგალითია რუსეთი და გერმანია. მოსკოვმა და ბერლინმა მეოცე საუკუნის ბოლოს მოახდინეს ანტინარკოტიკული პოლიტიკის შერბილება (და არა საერთოდ გაუქმება), რასაც 7 წელიწადში მომხმარებელთა რაოდენობის დაახლოებით 4–ჯერ გაზრდა მოჰყვა თან. ამავდროულად, ლეგალიზაციის პროცესისათვის აუცილებელია რამდენიმე ახალი ორგანიზაციის შექმნა, რომლებმაც უნდა ითანამშრომლონ როგორც ჯანდაცვის, ასევე სამართალდამცავ ორგანოებთან და აწარმოონ მომხმარებელთა აღრიცხვა, დაკვირვება და რეაბილიტაცია. ასეთი ორგანიზაციების შექმნა კი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს ამის სახსრები არ გააჩნია.

ნარკოტიკების ლეგალიზაციის მომხრეებს ხშირად მოჰყავთ ჰოლანდიის მაგალითი და აქცენტს ძირითადად მსუბუქი ტიპის ნარკოტიკებზე აკეთებენ (მარიხუანა, ჰაშიში), მაგრამ არ შეიძლება საქართველოს შედარება ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც ნარკოტიკების წარმოების, მოხმარებისა და ტრანსპორტირების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება გააჩნიათ და მეორე, როგორც მეცნიერულმა კვლევებმა დაამტკიცა, მსუბუქი ნარკოტიკების  ყოველი მეხუთე მომხმარებელი გადადის ძლიერ ნარკოტიკებზე. იზრდება მსუბუქი ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვიც. ამსტერდამში მარიხუანას ლეგალიზაციის შემდეგ მომხმარებელთა რიცხვი 15-დან 44%-მდე გაიზარდა, რამაც აიძულა ჰოლანდიის სხვა მუნიციპალიტეტები, წინ აღდგომოდნენ ამსტერდამის მაგალითს. შესაბამისად, ქვეყნის ტერიტორიის 73 %-ზე მარიხუანის თავისუფალი გაყიდვა აკრძალულია.

ნარკოტიკების ლეგალიზაცია იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ იგი მხოლოდ რეფერენდუმის ჩატარებით უნდა გადაწყდეს, როგორც ეს იტალიელებმა გააკეთეს 1993 წელს. მაგრამ მე, როგორც აკრძალვის პოლიტიკის ერთერთი მომხრე, მივიჩნევ, რომ თვით ლეგალიზაციის შემთხვევაშიც (თუკი ამას რეფერენდუმი გადაწყვეტს) უნდა ამოქმედდეს გარკვეული ტიპის შეზღუდვები. მაგალითად, ტრანსპორტის მართვის დროს, რადგანაც ერთი ადამიანის „თავისუფლებამ“ საფრთხე არ შეუქმნას მეორეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ვასო კუჭუხიძე
ვასო კუჭუხიძე

ავტორის შესახებ

ვასო კუჭუხიძე არის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი

მასალების გადაბეჭდვის წესი