რაც შეეხება 1921 წლის საქართველოს შემდგომ პერიოდს საბჭოთა კავშირში, სტალინმა აქტიურად დაიწყო ქვეყნის მასშტაბით ავტონომიური რესპუბლიკების შექმნა. დღევანდელი გადმოსახედიდან რამდენად შეიძლება დავიწყოთ მსჯელობა ავტონომიების გაუქმების საკითხთან დაკავშირებით და თქვენი შეფასებით, რამდენად მართებულია ტერმინის “სამხრეთ ოსეთის” დამკვიდრება?
ავტონომიების შექმნა იყო აბსოლუტურად გამიზნული და წარმოადგენდა ერთგვარ ხანგრძლივი მოქმედების ნაღმს. სტალინმა კარგად იცოდა ქართველების ბუნება, რომ ისინი ასე წყნარად არ იქნებოდნენ. რომ ქართველი ერი არ შეეგუებოდა იმპერიის მარწუხებს. ავტონომიების შექმნის მთავარი მიზანი იყო შემდეგი, როგორც კი საქართველო ხმას ამოიღებდა დამოუკიდებლობის აღდგენაზე, ამოქმედდებოდა ნაღმი ე.წ ეთნოკონფლიქტების სახით. რა თქმა უნდა, გაუმართლებელი იყო ამის შექმნა. აჭარის მაგალითზე აჭარის ავტონომია შეიქმნა წმინდა რელიგიური ნიშნით, არანაირ ეთნიკურ ნიშანზე საუბარი არ შეიძლება.
რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთს, თვითონ ტერმინი “სამხრეთ ოსეთი” არის სრული აბსურდი. “სამხრეთ ოსეთი”, როგორც ასეთი, არ არსებობს. კი, ოსების დასახლებები იყო საქართველოში და ცხოვრობდნენ XIV-XV საუკუნეებშიც. ალანებთან მჭიდრო კავშირები ჰქონდა საქართველოს სამეფო კარს. მაგრამ ასეთი კომპაქტური დასახლებები ოსების ფართო ტერიტორიაზე მოხდა რუსეთის მიერ 1801 წლიდან. რაც შეეხება საბჭოთა ოკუპაციას, ოკუპაციის შემდეგ ეს სისტემატიურ ხასიათს იღებს. აქ, მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ლაპარაკი ცხინვალის რეგიონზე, ან ეს უნდა იყოს ნაწილი შიდა ქართლის. იმიტომ, რომ ისტორიულ–გეოგრაფიული თვალსაზრისით ე.წ სამხრეთ ოსეთი არის განუყოფელი ნაწილი შიდა ქართლისა. სამაჩაბლო ნაკლებად შეიძლება გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში. სამაჩაბლო არის ის ტერიტორია, რომელიც შედიოდა მაჩაბლების გამგებლობაში. ამიტომ ტერმინ სამაჩაბლოს გამოყენება ამ შემთხვევაში მიუღებელია.
რაც შეეხება აფხაზეთს, აქ უნიკალური შემთხვევაა. ავტოქტონი არის აფხაზი და ქართველიც. თვითონ აფხაზები ქართულ ადათებზე იზრდებოდნენ და ქართული ტრადიციების მიმდევრები იყვნენ. იგივე ანბანი. სანამ რუსებმა კირილიცას საფუძველზე არ შექმნეს ეს ანბანი, იყო ქართული. ჩვენ ერთი ძირის ხალხები ვართ, იბერიულ– კავკასიური.
პარალელი რომ გავავლოთ 1921 წელსა და 2008 წლის მოვლენებს შორის, რუსეთის დამოკიდებულება არ შეცვლილა. რა არის ამ სიტუაციიდან გამოსავალი და თუ არსებობს დიალოგის დეფიციტი მხარეებს შორის.
საერთოდ, როდესაც ვსაუბრობთ რუსეთის კავკასიურ პოლიტიკაზე, რუსეთის მიმართებაზე არარუსული სახელმწიფოებისადმი, რუსეთი ერთნაირ პოლიტიკას ატარებდა ცარიზმის დროს, ბოლშკევიკურ–კომუნისტური წყობის არსებობისა და პოსტ–კომუნისტურ პერიოდშიც. ეს პოლიტიკა არ შეცვლილა. უბრალოდ, ნაჭუჭს იცვლიდა რუსეთი, იყო ცარისტული, ბოლშევიკური, არის პოსტ–კომუნისტური. რეალურად არსი ამ პოლიტიკისა არასდროს არ შეცვლილა. ეს იყო დიდმპყრობელური პოლიტიკა საქართველოს წინააღმდეგ. როდესაც საუბარია კარგ და ცუდ რუსეთზე, ჩემთვის ეს აბსურდია. კარგი რუსეთი არის რუსეთისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთს იმდენად გაუჯდა ცნობიერებაში ეს იმპერიული პოლიტიკა, ამ ცნობირებიდან ესენი ვერ გამოვიდნენ. სანამ რუსეთი არ შეცვლის ამ ცნობიერებას, მათთან დიალოგი აბსურდია. სწორედ ამიტომ უალტერნატივოა დასავლეთისკენ მიმავალი კურსი. NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოსთვის ჰაერივით საჭიროა იმიტომ, რომ როგორმე მოვცილდეთ ამ იმპერიულ რუსულ ორბიტას.
ოკუპაციის მუზეუმი 2006 წელს დაარსდა. თქვენი შეფასებით, ბატონო ლევან, რა როლს ასრულებს ეს მუზეუმი ქართული საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით, რამდენად დიდია საზოგადოების ინტერესი ამ მუზეუმისადმი?
მისი შექმნა იყო ძალიან დიდი მნიშვნელობის, საოცრად დადებითი მოვლენა. ბუნებრივია, მე ვისურვებდი, ეს ადრე მომხდარიყო, მაგრამ მანამდე საქართველოს სათავეში ედგა სახელმწიფო გადატრიალების გზით მოსული რეჟიმი ედუარდ შევარდნაძის, რომელიც არ დაუშვებდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას.
სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გააცნობიეროს სრულფასოვნად ის, რა გამოიარა საქართველომ რუსული საოკუპაციო რეჟიმის წლებში, უნდა გაიაზროს ის, თუ რა შეცდომები იქნა მაშინ დაშვებული, რომ დღეს და სამომავლოდ იგივე შეცდომები არ იქნას დაშვებული.
ახლა გათვალისწინებულია მუზეუმის ძალიან ფართო საგანმანათლებლო საქმიანობა. სამწუხაროდ, გასულ წლებში ეს ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ეროვნულ მუზეუმში, რომლის დაქვემდებარებაშიც არის საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, მიმდინარეობდა სრული რეორგანიზაცია. საბოლოო ჯამში მივიღეთ მსოფლიო დონის სამეცნიერო– საგანმანათლებლო სამუზეუმო გაერთიანება, სადაც უკვე სრულფასოვნად არის შესაძლებელი ამ საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა.
უახლოეს ხანებში გაფართოვდება მუზეუმის ფორმატიც და შეიქმნება არა საბჭოთა ოკუპაციის, არამედ ოკუპაციის მუზეუმი, საბჭოთას გარეშე. ეს რეალურად იქნება რუსული ოკუპაციის მუზეუმი. ეს ფორმატი რას გულისხმობს – დაიწყება თხრობა 1783 წლიდან და დამთავრდება 1991 წლით, ასევე, ამას დაემატება 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ამსახველი ექსპოზიციაც.