კომენტარი

„იწვალე და აწვალე საქართველოსთან ერთად“

21 თებერვალი, 2012 •
„იწვალე და აწვალე საქართველოსთან ერთად“

ბავშვებმა შეუბრალებელი განაჩენი გამოუტანეს არსებულ წესრიგს.  ადგნენ, მიატოვეს  დამპალი ქალაქი და წავიდნენ თავიანთ აღმზრდელებთან, მუტანტ-ინტელექტუალებთან, რომელთაც დაიწყეს ექსპერიმენტი კლიმატთან და ბოლოს მმართველი ძალის მილიტარისტულ მანქანასაც აღუდგნენ წინ. ეს ძმები სტრუგაცკების ნოველის “საძაგელი გედების” მოკლე აღწერაა. თუმცა, ჩემი აზრით, ჩვენს განათლების სისტემას მსგავსი ფანტასტიკური რეფორმა სულაც არ აწყენდა.

რა თქმა უნდა, ამ საკითხში სულაც არ ვარ ექსპერტი. არც იმდენი ფული მაქვს, რომ ამან დამარწმუნოს იმაში, თითქოს უძაღლო ქვეყანაში კატის როლი ყველაზე მეტად მე შემეფერება და შევქმნა თეორია, თუ როგორ უნდა აღვზარდოთ ბავშვები. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არც განათლების მინისტრია ექსპერტი. ასე რომ, გამონაკლისს დავუშვებ. როგორც წესი, ისეთ თემებზე წერას ვერიდები, რომელიც საფუძვლიანად არ გამომიკვლევია. ეს ჩვევა მათემატიკური ანალიზის გამოცდაზე გამომიმუშავდა, სადაც რამდენი თეორემის დამტკიცებაც არ უნდა დაიზეპირო, პროფესორი პირველივე კითხვით გამოგიყვანს სააშკარაოზე.

თუმცა ისეც არ არის, რომ საერთოდ მოუმზადებელი ვიყო.  ამ თემაზე არც თუ ისე ცოტა სტატია და ნაშრომი წამიკითხავს. ყველაზე მეტად ბატონ ნილ საზერლენდს და მისი სამერჰილის სკოლის აღზრდის მეთოდებს ვეთანხმები. ეს უკანასკნელი კი ფუნდამენტურ საკითხებში ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ მოაზროვნეს ვილჰელმ რაიხთან იკვეთებოდა.

თუმცა მხოლოდ ის ფაქტი, რომ განათლების მინისტრი – კატაა (თუმცა ქვეყანა უძაღლობას არ უჩივლის), არ ქცეულა ამ სვეტის დაწერის მიზეზად. ის ერთმა პატარა წერილმა განაპირობა, რომელიც ჩემი მშობლების სახლის კართან დატოვეს. მისი ადრესატი მე არ ვიყავი. არც წამიკითხავს. თუმცა შინაარსი ვიცი. წერილში აღწერილი იყო 18 წლის ბიჭის დეპრესიული განწყობა, რომელსაც ეს ქალაქი და არსებული გარემო ისე მტრულად ექცევა, რომ მზად არის ამოხტეს საკუთარი თავიდან, როგორც მოჭიმულ ზამბარაზე წამოცმული ჯამბაზის თოჯინის თავი პატარა მოხატული ყუთიდან.

ჩემი აზრით, განათლების კონვეირული სისტემა ვერ უზრუნველჰყოფს იმას, რომ ბავშვს ის უნარ-ჩვევები გამოუმუშავოს, რომელიც  დაეხმარება, ცხოვრებისეულ სირთულეებს  მზად შეხვდეს. არადა, სკოლის არსი, ჩემი აზრით, ისაა, რომ თავისუფალი ინდივიდები ჩამოაყალიბოს, რომლითაც საკუთარი ცხოვრების პროექტში ეფექტური მენეჯმენტის განცხორციელება შეეძლებათ.

იანუშ კორჩაკი ამბობდა: „მხოლოდ სულელ ადამიანებს სურთ, რომ ყველა ერთმანეთს ჰგავდესო.” აინშტაინი კი შეშლილობას ასე განსაზღვრავდა: „ადამიანი, რომელიც ერთი და იგივე ქმედებას იმეორებს და განსხვავებული შედეგების მიღებას კი იმედოვნებსო.“ მოკლედ მარტივი დასკვნა ასეთია: შედეგები უცვლელი იქნება, თუ ჩვენი მიდგომები არ შეიცვლება.

მეექვსე თუ მეშვიდე კლასში ვიქნებოდი, როცა სკოლაში ყველა საკლასო ოთახი ერთ ფერად შეღებეს. საავადმყოფოს დაემსგავსა სკოლა. ჩემმა ქართულის მასწავლებელმა, რომლის დიდი დამსახურებაა ის, რომ მე დღეს თავისუფლად ვაზროვნებ, (ზედმეტად ხმამაღალი განცხადებაა თავისუფლად მოაზროვნისთვის, რომელიც ყოველთვის უშვებს იმას, რომ შეიძლება სულაც არ აზროვნებს თავისუფლად.) გვითხრა, რომ ჩვენ შეგვეძლო, თუ არ მოგვწონდა, შეგვეცვალა ყველაფერი — “თქვენც ადექით და კედლებზე დაწერეთ ყველა ის ფრაზა, რომელიც მოგწონთ.” რამდენიმე დღეში კედლებზე, ჭერზე, გაჩნდა ვაჟა-ფშაველას, თაგორის თუ შექსპირის ფრაზები. ცოტა ხანში ჩვენ კლასი ხელმეორედ გადაღებეს.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ აუცილებელია, მოსწავლეებს ჰქონდეთ თავისუფლად მოქცევის და არჩევანის გაკეთების საშუალება.

პრობლემები სკოლაში არა მხოლოდ სუსტ მოსწავლეებს უჩნდებათ, რომლებიც სწავლის ტემპს ჩამორჩებიან ხოლმე, არამედ ძლიერებსაც, რომელთაც უქრებათ ინტერესი მოსაწყენი გაკვეთილების შემდეგ. თუმცა მეტი პრობლემები ექმნებათ მოსწავლეებს, რომლებსაც სწავლისათვის ვერბალურთან ერთად სხვა ფორმითაც სჭირდებათ ინფორმაციის მიწოდება.

აქვე ერთ მაგალითსაც მოვიყვან. სამოცდაათიან წლებში ნიუ-იორკში ასეთი საგანმანთლებო პროექტის გაკეთება წამოიწყეს. პროექტს ერქვა “ქალაქი როგორც სკოლა” და მისი მიზანი იმ უფროსკლასელების დაინტერესება იყო, ვინც სკოლა მიატოვა, რადგან მათთვის ჩვეულებრივი აკადემიური სწავლების ფორმა შესაფერისი არ აღმოჩნდა. ასე რომ, საჭირო იყო მეთოდი, რომელიც მათ განათლების მიღების მნიშვნელობას აგრძნობინებდა.

ამ პროგრამაში მოსწავლე ირჩევდა იმ პროფესიას, რომელიც აინტერესებდა. ბავშვებს საშუალება ეძლეოდათ, დრო საქმის ნამდვილ ოსტატებთან გაეტარებინათ და მხოლოდ მაშინ მიბრუნებოდნენ სწავლას, თუ მის აუცილებლობაში დარწმუნდებოდნენ. ბავშვები ძირითად დროს ატარებდნენ ქალაქში, კონკრეტულ სამუშაო ადგილებზე. სკოლაში კი კვირაში ერთი-ორჯერ თუ მივიდოდნენ.

მასწავლებელი, რომელიც საშინაო დავალებების კარნახის გარდა არაფერს აკეთებდა, ჩაანაცვლა ადამიანმა, რომელიც მხარს უჭერს მოსწავლეს დამოუკიდებელ ძიებებში და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანაში ეხმარება.

ოთხმოციან წლებში ეს მოდელი  მთელ ამერიკაში გავრცელდა. შემდეგ კი ევროპაში. ჩამოყალიბდა მთელი ქსელი პროდუქტიული სკოლებისა, რომლებიც ურბანული გარემოს რესურსებს საგანმანათლებლო მიზნებისთვის იყენებდნენ. ახლა ამერიკაში დაახლოებით 300 ათასამდე ასეთი სამუშაო ადგილია შექმნილი.

რეალურად სკოლაში მთავარი პრობლემა – მოტივაციის უქონლობაა. ამერიკელი მხატვრის, ბრაიონ გაისინის იდეა იყო, რომ სკოლაში ბავშვებს ანაზღაურება უნდა დაუნიშნონ. რაც უფრო კარგად სწავლობ, მით კარგი ხელფასი გაქვს. ამით მათ მოტივაციასაც გავზრდით და სკოლის დამთავრების შემდეგაც ისინი აღარ იქნებიან დამოკიდებული ოჯახზე და გადაწყვეტილებასაც დამოუკიდებლად მიიღებენ.

კარგი იქნებოდა, თუ სახელმწიფო კატებს პიარ-კრუსუნის ნაცვლად რეალურად ეფიქრათ მსგავს პროექტებზე, ხოლო მეცენატები, ეკლესიების გუმბათების ოქროს ფენებით დაფარვის თუ საკუთარი უხეირო თეორიების შექმნის ნაცვლად, რეალურად დაინტერესებულყვნენ ბავშვების აღზრდის პრობლემებით.

თუ ასე გაგრძელდა, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ არცთუ შორეულ მომავალში ჩვენც ისე მოგვმართავენ, როგორც “საძაგელ გედებში” მიმართავენ პოპულარულ მწერალს ბავშვები: “არ იჯერებთ ხომ, რომ უკვე მოკვდით? თქვენი ხელით შექმენით ეს სამყარო. თქვენი ხელით გაითხარეთ საფლავი. სანგარში კანკალებდით და ტანკებს უვარდებოდით, ამის გამო ვინმე უკეთ გრძნობს თავს? მთავრობებს და არსებულ წესრიგს უპირისპირდებოდით, თითქოს ვერ ხვდებოდით, რომ სამოთხეც რომ გქონოდათ, საღორეს დაამსგავსებდით. წიხლს გირტყამდნენ სახეში,თქვენ კი ამტკიცებდით, რომ ადამიანი ბუნებით კეთილია. უარესიც, რომ ადამიანად ყოფნა საამაყოა. ნეტავ ვის უძახით ადამიანს? “

ალექსი ჩიღვინაძე
ალექსი ჩიღვინაძე

ავტორის შესახებ

ალექსი ჩიღვინაძე,

მწერალი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი