ჯერ ვერშემდგარი საქართველო
ნამდვილი დამოუკიდებლობა მხოლოდ სწორ ქმედებებში გამოიხატება
მაჰათმა განდი
ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიის საშუალებით ყოველდღიურად გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი წარმატებით ვითარდება საქართველო და რა სისწრაფით ვიმკვიდრებთ მისაბაძი ქვეყნის ადგილს მსოფლიოში, შეიძლება ჯერ კიდევ ჯეროდეს ქართული საზოგადოების ნაწილს მაინც, მაგრამ დასავლეთში ამას ვეღარავის დავაჯერებთ. ამის მიზეზად შეიძლება დასახელდეს ის, რომ ჩვენი ხელისუფლება საკუთარი რიტორიკის ერთ ნაწილს, სადაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველო შედგა როგორც სრულფასოვანი ქვეყანა, მისდა უნებურად, ანადგურებს როტორიკის მეორე ნაწილით, სადაც ის რუსეთისადმი ისტერიულ დამოკიდებულებას იჩენს.
საქმე იმაშია, რომ ახლადდამოუკიდებლობამოპოვებული ქვეყნის სრულფასოვან სახელმწიფოდ ჩამოყალიბება დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რამდენი ტურისტი ეწვია, ან რამდენი სასტუმრო აშენდა ქვეყანაში, არამედ იმაზე, თუ როგორ გადალახა მან პოსტ-კოლონიალური კრიზისი. რაც შეეხაბა ტურისტებს, მათი მიღების რაოდენობით საქართველო ახლოსაც ვერ მივა კარიბის ზღვის იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჯერ კიდევ ბანანის რესპუბლიკებად მოიხსენებიან. სწორედ პოსტკოლონიალური სინდრომის დაძლევის საშუალებით უნდა დაამტკიცოს სახელმწიფომ საერთაშორისო ასპარეზზე, რომ ის შემდგარი ქვეყანაა. ამისათვის კი, პირველ რიგში, ქვეყნის პოლიტიკურ ესტებლიშმენტს და შემდეგ ამ ქვეყნის საზოგადოებას უნდა ჰქონდეს კონსტრუქციული დამოკიდებულება ყოფილი დამპყრობლის მიმართ.
მაგალითად, 1985 წელს ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტის დროს ჩინეთის პრეზიდენმა ლი სიანიანმა პრემიერ მარგარეტ ტეტჩერთან საუბარში ხაზი გაუსვა ბრიტანული კოლონიალიზმის მნიშვნელობას ჩინეთის განვითარებისთვის და განაცხადა, „ბრიტანეთის ოკუპაციამ ჩინეთი მრავალსაუკუნოვანი ძილისგან გამოაღვიძა“. მე არ ვსაუბრობ, რომ საქართველომ რუსეთს მადლობა უნდა გადაუხადოს ორსაუკუნოვანი დაპყრობისათვის, როგორი ინტერპრეტაციაც შეიძლება ჩემს სიტყვებს რუსთავი 2-ის მიერ აღზრდილმა საზოგადოების ნაწილმა გაუკეთოს, უბრალოდ, იმისთვის, რომ შევდგეთ სრულფასოვან სახემწიფოდ, ქართულმა საზოგადოებამ უნდა ისწავლოს გამოწვევებზე კონსტრუქციულად რეაგირება და რეალობის პროგრესულად აღქმა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყოფილ კოლონისტსაც ეკისრება ამ მხრივ გარკვეული პასუხისმგებლობა, მისმა პოლიტიკურმა ელიტამ და საზოგადოებამაც უნდა გადალახოს ის კომპლექსი, რასაც ათწლეულების ან ასწლეულების განმავლობაში მათი გავლენის ქვეშ მყოფი ტერიტოერიების დაკარგვა იწვევს. ამ მხრივ რუსეთსაც საკმაოდ უჭირს, კრემლში ჯერ კიდევ ცოცხალია საბჭოთა კავშირის აღდგენის იდეა და პუტინის მიერ საბჭოთა კავშირის დაშლის „უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად“ მოხსენიებაც ამის ნათელი მაგალითია, მაგრამ თუკი რუსეთის კომპლექსებს კარგად აუღეს ალღო დასავლური ორიენტაციის ლიტვამ, ლატვიამ და აზერბაიჯანმა, რა გვიშლის ხელს ამ სინდრომის გადალახვაში ქართველებს?!
პასუხი ერთია, საკუთარი ხელისუფლება, რომელსაც ძალაუფლების შენარჩუნებისათვის ესაჭიროება მტრის ხატი. ხელისუფლების ამ კურსმა კი რუსეთთან ურთიერთობის უკიდურესად გამწვავებამდე და ომამდე მიგვიყვანა, თუმცა აღებულ გეზს მაინც არ უხვევენ. 2012 წელს საქართველოს პრეზიდენტის ვაშინგტონში ვიზიტის დროს მიცემულმა ინტერვიუებმა, ამერიკულ საზღვაო აკადემიაში წარმოთქმულმა სიტყვამ და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაკეთებულმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ წინ ვერ მივდივართ და კვლავ არშემდგარ სახელმწიფოდ ვრჩებით. გარდა ამისა, სააკაშვილის მიერ არაერთხელ გაკეთებული განცხადება, რომ ქართული მხარე რუსეთთან დიალოგისთვის მზად არის, ამგვარი გამოხტომების შემდეგ ყოველგვარ აზრს კარგავს და აჩვენებს მსოფლიოს, რომ პროვოკაციების მხრივ არც ჩვენ ჩამოვრჩებით რუსეთს. რთული სათქმელია, ომის გარდა კიდევ რას მოუტანს საქართველოს წესების გარეშე მებრძოლ რუსეთზე თამაშში აყოლა. ერთის თქმა კი შესაძლებელია, თბილისთან შედარებით, გაღიზიანებულ მოსკოვს საპასუხო დარტყმის მიყენების მეტი რესურსი გააჩნია ყოველთვის.
საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ფორუმებზე შანსს არ უშვებს ხელიდან რუსეთის ქმედებების დასაგმობად და დასავლეთისთვის „თვალის ასახელად“. თუმცა ბოლო დროს ამ ორი ქვეყნის ერთმანეთზე ზედმიწევნით დამსგავსებამ გამოწვია ის, რომ სულ უფრო იკლებს იმ დასავლელ პოლიტიკოსთა და ჟურნალისთა რიცხვი, რომლებსაც საქართველო „გოლიათთან მებრძოლ დავითად“ მიაჩნიათ. საპასუხოდ კი იზრდება იმ ხალხის რიცხვი დასავლეთში, რომლებიც თვლიან, რომ ვარდების რევოლუციამ მასზე დამყარებული იმდები ვერ გაამართლა და ახლა სააკაშვილი პროვოკაციული ქმედებებით ცდილობს ყურადღების მიპყრობას და იმიჯის შენარჩუნებას.
2011 წელს „ამერიკული პროგრესის ცენტრის“ მიერ გაკეთებულ მოხსენებაში ექსპერტებმა კავკასიურ საკითხებში კორი ვენტმა და სამუელ ჩერეპმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მიერ მუდმივმა აპელირებამ კონფლიქტების თემით საერთაშორისო ასპარეზზე, რაც ძირითადად არა კონკრეტული ნაბიჯებით, არამედ რუსეთის კრიტიკით შემოიფარგლება, შეიძლება გამოიწვიოს დასავლეთის გადაღლილობა საკითხის მიმართ, რაც ინდიფერენტულობაში გადაიზრდება და საბოლოო ჯამში ისევ საქართველოს საზიანოდ შემობრუნდება.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, აუცილებელია არსებული კურსის შეცვლა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი, მდგომარეობა ურთიერთობის ნორმალიზების საშუალებით უნდა გამოსწორდეს. ხომ უნდა შევიგნოთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ პროვოკაციული გამოხტომებით, ჩერქეზთა გენოციდის აღიარებითა და კურილიის კუნძულების ოკუპირებულად ცნობით ჩვენ დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. არ უნდა გვქონდეს ილუზია იმის შესახებ, რომ ურთიერთობის ნორმალიზების შემთხვევაში ყველაფერი მაშინვე მოგვარდება და დაკარგულს დავიბრუნებთ, მაგრამ რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდაზე ყოველთვის მეტი შანსი გვაქვს, ვიდრე ბრძოლის ველზე.
ურთიერთობის ნორმალიზების აუცილებლობა განპირობებულია იმითაც, რომ ვლადიმირ პუტინის რუსეთის პირველ პირად დაბრუნება მხოლოდ დროის საკითხია და ამას უკვე დასავლეთიც შეეგუა, ასეც რომ არ იყოს, აბსურდული იქნება იმაზე საუბარი, რომ რუსეთში პროქართულად განწყობილი პრეზიდენტი მოვა ხელისუფლებაში, ამიტომ უნდა გადავლახოთ პოსტკოლონიურ სინდრომი, რაც საქართველოსთვის ორმაგად მომგებიანი იქნება, ერთი მხრივ, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების ხარჯზე არსებული კონფლიქტების მოგვარების შანსი გაიზრდება, მეორე მხრივ კი, საერთაშორისო ასპარეზზე დავმკვიდრდებით როგორც სრულფასოვანი სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია კონსტრუქციული რეაგირება მოახდინოს გამოწვევებზე.
ქვეყანაში ამჟამად არსებული ვითარება არ მაძლევს პოზიტიური პროგნოზის გაკეთების საშუალებას. ბრეინვოშინგის საშუალებით ქართულ საზოგადოებაში იმდენად მოახერხეს რუსეთის დემონიზირება, რომ საზოგადოებრივ შეკვეთად იქცა რუსეთის წინააღმდეგ ისტერია. ის ფაქტი, რომ სწორედ იგივე ხალხი იჩენს რუსი მომიტინგეების მიმართ სოლიდარობას, რომელიც თბილისში მიმდინარე გამოსვლების სასტიკ დარბევას ამართლებდა და რუსეთის პატრიარქის საეჭვო წარსულით უფრო არიან დაინტერესებულნი, ვიდრე საკუთარი მაღალჩინოსნის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებით, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სრულფასოვან საზოგადოებად ჯერ კიდევ ვერ შევდექით, რაც აუცილებელია პოსტ-კოლონიალური სინდრომის გადასალახად და მსოფლიოში ღირსეული ადგილის დასაკავებლად.
![]() |
ავტორის შესახებ ვასო კუჭუხიძე არის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი |




