კომენტარი

ლობოტომია ქართულად

25 იანვარი, 2012 • 13518
ლობოტომია ქართულად

ლობოტომია ნეიროქირურგიული ოპერაციაა, რომლის დროსაც ტვინის ძირითად ნაწილსა და თხემს შორის არსებული კავშირის გაწყვეტა ხდება გამტარი არხების გადაჭრით. ლობოტომიის ექსპერიმენტები მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან მიმდინარეობდა და პირველად სააშკარაოზე პორტუგალიელმა ნეიროქირურგმა ანტონიო ეგას მონისმა გამოიტანა რამდენიმეწლიანი ფარული მუშაობის შემდეგ. სწორედ ის ითვლება მეთოდის ფუძემდებლად.

თავიდან საკმაოდ არაჰუმანური ოპერაციის მიზნად სხეულის ტკივილის შეგრძნებიდან გათავისუფლება ითვლებოდა  და მონისი 1949 წელს ნობელის პრემიის ლაურეატიც კი გახდა მედიცინის დარგში, რამაც მსოფლიოში დიდი აღშფოთება გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ გარდა ოპერაციის საშინელი ტექნიკური ხასიათისა,  უკვე ყველასათვის ცნობილი იყო ლობოტომიის ახალი დატვირთვა, მას საკმაოდ ინტენსიურად ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში იყენებდნენ და მიზანი არა ავადმყოფის ტკივილებიდან გათავისუფლება, არამედ მისი „მორჯულება“ იყო.  ტვინის ნაწილებს შორის კავშირის ამგვარი გაწყვეტა იწვევდა ადამიანის ემოციურ და ინტელექტუალურ პარალიზებას. დამჯერი, უპრეტენზიო და მშვიდი პაციენტი კი ფსიქიატრიული საავადმყოფოებისთვის სწორედ რომ მისწრება იყო.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ლობოტომიის შედეგად გონებაგათიშული ადამიანი არა მარტო ფსიქიატრიული საავადმყოფოებისთვის გახდა  მიმზიდველი. მსოფლიო აღიარების შემდეგ ახალ მეთოდს ყურადღება „სხვებმაც“ მიაქციეს. განსაკუთრებით ავტორიტარული რეჟიმები დაინტერესდნენ. მაგრამ რამდენიმე მილიონი მოქალაქისთვის ნეიროქირურგიული ოპერაციის ჩატარება, თანაც მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, ყოველგვარ შესაძლებლობებს სცილდება, ამიტომაც სკალპელის ფუნქცია ავტორიტარულ ქვეყნებში მასმედიის საშუალებებმა იკისრეს.

როგორც ჩანს, ეს მეთოდი არც თანამედროვე საქართველოსთვის არის უცხო, ქართული მედიასაშუალებების დიდი ნაწილიც არანაკლები წარმატებით ახერხებს ხალხისთვის ტვინის გათიშვას, ვიდრე ამას სკალპელი შეძლებდა. ამ მხრივ განსაკუთრებით ქართული ტელევიზიები გამოირჩევიან. მუშაობა კი რამდენიმე მიმართულებით მიდის. პირველ რიგში, სახეზე გვაქვს ე.წ. „ბერლუსკონის ეფექტი“. სერიალებითა და გასართობი შოუებით ზედმეტად გაჯერებული ეთერის საშუალებით  ყურადღების გადატანა ხდება რეალობიდან.  ამის პარალელურად „ცხოვრება მშვენიერია“-ს ტიპის გადაცემები ქმნიან იმის ილუზიას, რომ ქვეყანაში ყველაფერი იდეალურადაა.

საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებში ჩართულობისგან მოწყვეტის გარდა ეს მეთოდი ხალხის თვითრწმენის შემცირებასაც ემსახურება. როდესაც ყოველდღიურად შუქდება სიუჟეტები იმის შესახებ, თითქოს როგორ ყვავის ქვეყანა, ეკონომიკურ აღმავლობაში მსოფლიოს წამყვანი ადგილი გვიჭირავს, როგორ ფანტასტიკურ დროს ატარებენ ქართველი დამსვენებლები ბათუმსა თუ გუდაურში, საზოგადოების ნაწილს უჩნდება არასრულფასოვნების შეგრძნება. ამის თქმა საზოგადოების იმ ნაწილზე შეიძლება, რომელიც ამ „აყვავებულ“ ქვეყანაში ვერაფრით ახერხებს სამსახურის შოვნას. ცალკე საკითხია ბავშვები, რომლებიც ტელევიზორში უყურებენ, რომ ათობით საწარმოო იხსნება, ათასობით სამუშაო ადგილი იქმნება და მშობლები უმუშევრები არიან. ამ დროს მათ უჩნდებათ შეგრძნება, რომ ეს მისი მშობლების უუნარობის ბრალია და მათი ნდობა თუ პატივისცემაც თავისდაუნებურად ეკარგება.

საზოგადოებისთვის არასრულფასოვნების ჩანერგვა სხვა მეთოდებითაც ხდება. ერთ–ერთი მათგანია საშინლად დაჩეხილ-დამონტაჟებული გამოკითხვების  ტიპი, სადაც რესპოდენტები ელემენტარულ შეკითხვებს ვერ სცემენ პასუხს. პირველ რიგში, პროფესიული დანაშაულია მხოლოდ იმ ადამიანების ჩვენება ასეთ გამოკითხვებში, რომლებიც კითხვებზე პასუხს ვერ სცემენ. ასეთი გამოკითხვის გარკვეული ნაწილი მაინც უნდა ეთმობოდეს იმ მონაცემებს, თუ რამდენი რესპოდენტი გამოიკითხა და გამოკითხულთა რა ნაწილმა ვერ გასცა კონკრეტულ კითხვებს პასუხი. აშკარაა, რომ მსგავსი ტიპის ამერიკული გადაცემებიდან კითხვების თარგმნას ტელევიზიები კარგად ახერხებენ, მაგრამ საინტერესო იქნება თავად ამ ჟურნალისტების გამოკითხვა მსგავსი სირთულის კითხვებით.

ვიღაც შეიძლება შემომედავოს, ასეთი ტიპის გამოკითხვები დემოკრატიულ ქვეყნებშიც ტარდება და აშშ-ის მაგალითს თავად ახსენებო, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, თუ რამხელა გამოხმაურება მოჰყვა ამერიკულ საზოგადოებაში ზემოთხსენებული კადრების გავრცელებას და დღეს ასეთი ტიპის გამოკითხვები მრავალი ნორმის დაცვის ფონზე მიმდინარეობს. ერთ–ერთ მათგანზე ზემოთაც მოგახსენეთ.

გამოკითხვების იმავე თემას რომ მივყვეთ, თუ ქვეყანაში ასეთი დაბალი განათლების დონეა, ვინ არის ამაში დამნაშავე? რა თქმა უნდა, არა „წარმატებული“ განათლების რეფორმა და არა შემეცნებითი გადაცემებით „გაჯერებული“ ტელეარხები, არამედ ზარმაცი და უვარგისი საზოგადოება. ჩემი აზრით, ტელეარხს, რომელიც დღეში 7-8 სერიალს უშვებს, მორალური უფლება არ გააჩნია, მოსახლეობის განათლების დაბალ დონეზე ისაუბროს.

ქართული ლობოტომიის ერთერთი თვალსაჩინო მაგალითი, ასევე, საინფორმაციო გადაცემების საშუალებით უსასრული პროპაგანდაა. ქართული brain washing-ის მამებს კარგად აქვთ გათავისებული ფრანგული ანდაზა, რომელიც გვასწალის, რომ ადამიანი კურდღელს გავს და მისი დაჭერაც შეიძლება ყურებით. ყურებით კი საქართველოში მოსახლეობის იმ ნაწილს იჭერენ, ვისაც ალტერნატიულ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდება. რეგიონების მოსახლეობის უმრავლესობა კი სრულიადაა მიჯაჭვული სამ ძირითად სატელევიზიო არხზე, რომლებიც, თავის მხრივ, მშვენივრად სარგებლობენ არსებული სიტუაციით და „ყურებით უჭირავთ“ საზოგადოების დიდი ნაწილი.

რამდენიმეწლიანი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ ქართულ საზოგადოებაზე ლობოტომიის გადამწყვეტი ოპერაცია 2009 წლის გაზაფხულზე გაკეთდა, როდესაც იმედის „მოდელირებულმა ქრონიკამ“ ქართველი ხალხის ტვინის ორ ნაწილს შორის კავშირი გადაჭრა და დაგვარწმუნა, თუ რა შეიძლება მოუვიდეს „აყვავებულ“ ქვეყანას, თუკი არ დავირაზმებით და ერთხმად ომახიანად არ შევძახებთ: „Four legs good, two legs bad“.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მსოფლიოში მასმედიის გავლენა საზოგადოებაზე იმდენად გაიზარდა, რომ ტომას კარლაილის მიერ შექმნილი ტერმინი „მეოთხე ხელისუფლება“ ზუსტად ასახავს მის მდგომარეობას. რამდენიმე ინტელექტუალი უფრო შორს წავიდა  და დემოკრატიაც კი „მასმედიის დიქტატურა“-დ შეაფასა. ეს მოსაზრება შეიძლება გარკვეულწილად სიმართლესაც შეესაბამებოდეს, მაგრამ არა საქართველოში, სადაც მედიის დიდი ნაწილი თავად მონაა, სხვისი დირექტივების შემსრულებელი და პროპაგანდის იარაღი.

აქ ისევ ლობოტომიის ქირურგიულ მეთოდს დავუბრუნდები და  ერთ საინტერესო ფაქტზე გავამახვილებ ყურადღებას. ტვინი ადამიანის ყველაზე კომპლექსური ორგანოა და მასზე ოპერაციის ჩატარებაც ერთ–ერთ ურთულესად ითვლება. შესაბამისად, ლობოტომიის ოპერაციების შემდეგ ექიმები ხშირად სასურველ შედეგებს ვერ იღებდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც შედეგი საპირისპირო იყო და ავადმყოფი აგრესიული ხდებოდა.  ლობოტომიის შემქმნელი ანტონიო ეგას მონისიც თავად  ამგვარი შემთხვევის მსხვერპლი გახდა, 1955 წელს  სწორედ იმ პაციენტმა შეიწირა, რომელზეც ლობოტომიამ „დადებითად“ ვერ იმოქმედა.

სწორედ მონისის აღსასრული მომაგონა საქართველოში 2011 წლის ოქტომბერში განვითარებულმა მოვლენებმა.  ხელისუფლება მის მიერვე შემუშავებული მეთოდის მსხვერპლი ხდება. კრიზისულ მდგომარეობაში ვერც ქართული მედიის მიერ ჩატარებულმა ოპერაციამ გაამართლა და უკუშედეგი მიიღო. თუკი დღემდე ქართული ტელევიზიების მიერ ჩატარებული ლობოტომიის „ოპერაციები“ წარმატებით მიმდინარეობდა, მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა და ის მეთოდები, რაც ადრე ხალხის ტვინებს ახშობდა, ახლა იმავე ხალხს აფხიზლებს და საბრძოლო განწყობას უქმნის. მეთოდი აღარ მუშაობს, სხვა რამის კეთება კი მათ უბრალოდ არ იციან. სწორედ ამით არის გამოწვეული მასმედიაში გამეფებული ისტერიაც.

პროპაგანდის ერთ–ერთი კანონია, როდესაც მასმედიის საშუალებების ზემოქმედება საზოგადოებაზე სუსტდება, მას ხელისუფლება „მძიმე არტილერიას“ ახმარს, ე.წ. opinion leader-ებს, რომელთა აზრიც მათი სიმბოლური კაპიტალის გამო მასებისთვის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. ეს ხალხი საზოგადოებისთვის დასაფასებელია საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობებიდან და მორალური ღირებულებებიდან გამომდინარე, იმისდა მიუხედავად, ბარიკადების რომელ მხარეს დგანან ისინი. მართალია, ასეთი ხალხის დიდი ნაწილი არადემოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის, მაგრამ ზოგიერთი პირადი ანგარებით ან სულაც თავისდაუნებურად ტირანიის გავლენის ქვეშ ექცევა. მათ სიმცირეს არც ფაშიტური იტალია, ნაცისტური გერმანია და კომუნისტური საბჭოთა კავშირი განიცდიდნენ. ამის მაგალითებად კნუტ ჰამსუნი და ლენი რიფენშტალიც საკმარისია. ამ მხრივ კი საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად უჭირს. მას არ ყავს ისეთი ხალხი ვინც ტელევიზიებს წაეშველება, რა თქმა უნდა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ რამდენიმე ტაკიმასხარა სელებრითს, ვაიისტორიკოსს, ნამინისტრალ ექსპერტსა და „ძალოვან სტრუქტურებზე ლოცვით დაღლილ“ მომღერალს. მაგრამ აქ ერთი მომენტი ავიწყდებათ, Opinion leaders–ს მინიმუმ საზოგადოების ნაწილი მაინც უნდა სცემდეს პატივს.

ვასო კუჭუხიძე
ვასო კუჭუხიძე

ავტორი

ვასო კუჭუხიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი