კომენტარი

მიტჩელი ობამა-სააკაშვილის შეხვედრაზე

23 იანვარი, 2012 • 1215
მიტჩელი ობამა-სააკაშვილის შეხვედრაზე

ინტერვიუ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორთან, საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტ ლინკოლნ მიტჩელთან.

საქართველოს პრეზიდენტი დიდ ხანს ცდილობდა ოფიციალურ შეხვედრას აშშის პრეზიდენტთან. ახლა პირველი შემთხვევაა, როდესაც ბარაქ ობამამ თეთრ სახლში შეხვედრაზე მიიწვია მიხეილ სააკაშვილი. როგორ ფიქრობთ, ეს შეხვედრა ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობის 20 წლისთავს უკავშირდება, თუ უფრო 2012 წლის არჩევნებს?

ამ საკითხზე ორივე ქვეყანაში ბევრს მსჯელობენ. საქართველოს პრეზიდენტი ჩამოდის აშშ-ში… მიუხედავად ქვეყნებს შორის არსებული პოზიტიური ურთიერთობისა, ამ დრომდე ოფიციალური შეხვედრის ორგანიზება ვერ ხდებოდა. შეხვედრა გარკვეულწილად კავშირშია ორივე ქვეყანაში დაგეგმილ არჩევნებთან. სავარაუდოდ, სააკაშვილი იტყვის, რომ მან „მოახერხა“ ოფიციალური შეხვედრა ობამასთან…

თუმცა ეს არ ასახავს არსებულ რეალობას. მეორე მხრივ, ესაა ამერიკული საზოგადოების კრიტიკის პასუხი, რომ აშშ-ის პრეზიდენტი „რბილ“ პოლიტიკას ატარებს რუსეთის მიმართ. სააკაშვილის შეხვედრა ობამასთან ამ მოსაზრების საწინააღმდეგო მესიჯია. აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ცნობილი გახდება, თუ რა ითქმება ან არ ითქმება არჩევნების შესახებ. ვფიქრობ, ამერიკის საელჩომ საინტერესო განცხადება გააკეთა ამ კუთხით. ნათქვამი იყო, რომ აშშ-სთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან ურთიერთობა, ძალიან აფასებს საქართველოს ჩართულობას ავღანეთის სამხედრო ოპერაციებში, მაგრამ ამავე დროს მისთვის ფასეულია თავად საქართველოც. განცხადების ბოლოს ნახსენები იყო არჩევნები  – აშშ დაინტერესებულია და აღელვებს საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარების საკითხი. არ იყო ნათქვამი, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა.

ეს ძალიან ყურადსაღები განაცხადია. სააკაშვილი ალბათ შეხვედრის შემდგომ იტყვის –  შესანიშნავი შეხვედრა იყო, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ა.შ. აშშ-ის მთავრობის მესიჯი კი, სავარაუდოდ, იქნება: აშშ აფასებს ურთიერთობას საქართველოსთან, მისთვის მნიშვნელოვანია 2012-2013 წლის არჩევნები საქართველოში.

არ ვიცი, ეს მესიჯი რამდენად მკაფიოდ იქნება მიწოდებული სააკაშვილისთვის. სწორედ ეს მესიჯი უნდა გახდეს საჯარო, რაც ცოტა რთულია საქართველოში  იქ არსებული მედიაკლიმატის გამო… ვიმედოვნებ, ობამა მკაფიო და დამაჯერებელ მესიჯს გაუგზავნის სააკაშვილს.

ობამას გაპრეზიდენტების შემდეგ ამერიკას რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკა აქვს. ზოგიერთი ქართველი ექსპერტის აზრით, აშშ-მა ამით მიატოვა საქართველო, როგორც პარტნიორი ქვეყანა. სააკაშვილი-ობამას შეხვედრის შემდეგ ეს მოსაზრება შეიცვლება?

ვფიქრობ, ეს მოსაზრება – თითქოს აშშ-მა „მიატოვა“ საქართველო, გაზვიადებულია და უფრო შიდა პროპაგანდის ნაწილია. ობამას ადმინისტრაციამ ასეულობით მილიონი დოლარის დახმარება გამოუყო საქართველოს, ასევე აშშ-ს აქვს მკვეთრი პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან (სამაჩაბლო) დაკავშირებით, განიხილავს მას საქართველოს ნაწილად და ამით მუდმივად უკმაყოფილოა რუსეთი, რაც ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე აისახება. ყოველივე ამის შემდეგ იმის თქმა, რომ აშშ-მა მიატოვა საქართველო –  არასერიოზულია.

ცოტა ხნის წინ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 2008 წელს საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის გაუარესების ერთ-ერთი მთავარი მოტივი ამერიკული ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემები იყო. პუტინი სვამს კითხვას, რომ თუ ეს სისტემები განთავსდება საქართველოში, რუსეთმა უნდა დაუმიზნოს თუ არა თავისი სარაკეტო სისტემები საქართველოს? თქვენ როგორ გესმით პუტინის ამ განცხადების მნიშვნელობა?

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა რუსეთში _ ოპოზიციური დემონსტრაციები, პუტინს უწევს ახსნა-განმარტების გაკეთება რუსეთის ეკონომიკაში არსებულ პრობლემებზეც. ეს ერთგვარი წინასაარჩევნო განაცხადი და მცდელობაა, რუსეთის მოსახლეობის ყურადღება გადაიტანონ საგარეო საფრთხეებზე. ამ მხრივ საქართველო საკმაოდ კარგი სამიზნეა და ეს ცუდია საქართველოსთვის.

მეორე მხრივ, აშშ-ის ადმინისტრაცია პუტინის ამ მესიჯს თუ რუსეთის მსგავს რეაქციებს აკვირდება. შეიძლება ითქვას, რომ ობამას ადმინისტრაცია საკმაოდ კარგად აფასებს მსგავს მესიჯებს, ანუ რა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა ამა თუ იმ მოქმედების საპასუხოდ. არავის აქვს ილუზია, რომ რუსეთი ვერაფერს გააკეთებს, მას არ შეუძლია, სუსტია და ა.შ.

2012 წელი არჩევნების წელია რუსეთშიც და საქართველოშიც. ორივე ქვეყნის მთავრობას სჭირდება რეიტინგი. პუტინმა მეორე ომი ჩეჩნეთში არჩევნების წინ დაიწყო. რამდენად მოსალოდნელია, რომ მან მსგავსი სტრატეგია ისევ გამოიყენოს და ღია კონფლიქტი დაიწყოს საქართველოსთან?

არ ვიტყოდი, რომ ეს მოხდება, თუმცა ეს შესაძლებლობაც გასათვალისწინებელია. ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება რუსეთში. ასევე არ ვიცით, როგორი იქნება არჩევნები საქართველოში… ერთადერთი არჩევნები, რაც პროგნოზის საშუალებას იძლევა, არის არჩევნები აშშ-ში. ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტი გახდება ან ისევ ობამა, ან მისი კონკურენტი, თუმცა აშშ-ის საგარეო პოლიტიკა ამით არსებითად არ შეიცვლება.

რუსეთისთვის ყურადღების გადატანის აპრობირებული ვარიანტი კი საქართველოა. პუტინიც ცდილობს, ქვეყნის შიდა დაძაბულობა საქართველოზე ყურადღების გადატანით განმუხტოს. ეს საქართველოს საკმაოდ რთულ სიტუაციაში აყენებს და ეს მე მაღელვებს. არ ვიცი, როგორ აისახება ეს გამოწვევა აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე ამ რეგიონში, არც ის ვიცი, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ. სავარაუდოდ, აშშ-მა უნდა მოძებნოს გზა დაძაბულობის შემცირებისთვის, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ისევე როგორც 2008 წელს, ჩვენ ამჯერადაც შეზღუდული საშუალება გვექნება შესაძლო კონფლიქტში ჩართვისათვის. მართალია, პრეზიდენტი ბუში თავისი საპრეზიდენტო ვადის ბოლოს რეალურად არაფერს კარგავდა, თუ ჩაერთვებოდა ამ კონფლიქტში და დაეხმარებოდა საქართველოს, მაგრამ ბუში არ ჩაერთო კონფლიქტში.

ეს საკმაოდ დამაფიქრებელი და საშიში სიახლე იყო საქართველოსთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი