ნეტგაზეთი | მდინარეების „დამორჩილების“ წელი მდინარეების „დამორჩილების“ წელი – Netgazeti
RU | GE  

მდინარეების „დამორჩილების“ წელი

2011 წელი ისეთივე პრობლემური აღმოჩნდა გარემოსდაცვის სექტორისთვის, როგორც წინა წლები, კვლავაც წარმატებით გაგრძელდა არსებული გარემოსდაცვითი პრობლემების მიჩქმალვის, ეკონომიკური მოგების წინ წამოწევისა და მსოფლიოში აღიარებული გარემოსდაცვითი პრინციპების უგულვებელყოფის ტენდენცია.

მანანა ქოჩლაძე
მანანა ქოჩლაძე

2011 წელი ისეთივე პრობლემური აღმოჩნდა გარემოსდაცვის სექტორისთვის, როგორც წინა წლები, კვლავაც წარმატებით გაგრძელდა არსებული გარემოსდაცვითი პრობლემების მიჩქმალვის, ეკონომიკური მოგების წინ წამოწევისა და მსოფლიოში აღიარებული გარემოსდაცვითი პრინციპების უგულვებელყოფის ტენდენცია.

გაზაფხულზე საქართველოს მთავრობამ „წარმატებით“ განახორციელა სტრუქტურული ცვლილება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მთელი რიგი ფუნქცია-მოვალეობები სხვა სტრუქტურებს გადასცა. მთავარი მემკვიდრე კი მაინც ახლადჩამოყალიბებული საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროა, რომელმაც ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხში გარემოსდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების ფუნქციები გადაიბარა.

პრინციპში, სხვადასხვა ქვეყანაში გარემოსდაცვის სხვადასხვა მოდელი არსებობს და, შესაბამისად, საქართველოშიც ეს ცვლილება არ უნდა ყოფილიყო პრობლემური, მაგრამ არსებობს რამდენიმე „მაგრამ“, რის გამოც ქვეყანაში განხორციელებული გარემოსდაცვითი რეფორმა მკვეთრად უარყოფითად შეიძლება შეფასდეს.

ენერგეტიკის სამინისტრო წლების განმავლობაში გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელების ერთ-ერთი მთავარი ბარიერი იყო. გასულ წელს, ამ სამინისტროს ინიციატივით, მინისტრთა კაბინეტმა უარყო გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული რაჭის ეროვნული პარკისა და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის შექმნის კანონ-პროექტები; ფარავანისა და საღამოს ტბებზე რამსარის კონვენციით დაცული საიტებისა და დაცული ტერიტორიების შექმნის წინადადება.

ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დაქვემდებარებით გაიზარდა სამინისტროს შესაძლებლობები– როგორც გარემოსდაცვითი პროექტების შესაჩერებლად, ისე ბუნებრივი რესურსების არარაციონალური გამოყენების შესაძლებლობები.

შესაბამისად, გამოჩნდა გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსების გამოყენებას შორის დარღვეული ბალანსი იმ ინიციატივებში, რაც ახალმა სამინისტრომ ზაფხულის მიწურულს გაახმიანა. მათ შორისაა, დაცულ ტერიტორიებში, წითელ ნუსხაში არსებულ სახეობებზე ნადირობის დაშვება, ახალი სატყეო კანონმდებლობა, დაცული ტერიტორიების კანონმდებლობის ცვლილება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით. ამ რეფორმების გატარების აუცილებლობას ყოველთვის ორი მოტივი გასდევს ლაიტმოტივად: პირველია – არსებული კანონმდებლობა ვერ ასრულებს თავის მიზანს და მეორე– ახალი კანონმდებლობის მიღებით გაიზრდება კომერციული მოგება.

სწორედ კომერციული მოგებაა მთავარი ამ რეფორმებისა. ამიტომაც მიიღო საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი, რომლითაც ისპანის დაცულ ტერიტორიაზე თევზაობა დასაშვებია „დადგენილი წესით“. თუმცა წესის დადგენამდე ალბათ მოგვიწევს, ეს უნიკალური, გუმბათისებრი ჭაობი, რომელიც თეთრი ხავსით არის სრულად დაფარული, ჯერ გავწმინდოთ, თევზი მოვაშენოთ და მერე ვითევზაოთ, თუმცა, ხუმრობა იქით იყოს და წლების მანძილზე მთელი რიგი კანონების ცვლილებამ საკმაოდ დიდი პრობლემების წინაშე დაგვაყენა.

საქართველოში გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის პროცესი დიდი ხანია ფიქციაა, ამიტომაც 2011 წელი კვლავაც გამოირჩეოდა როგორც უპროექტო, ის გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე განხორციელებული პროექტებით, ან პროექტებით, რომელთა განხორციელებაც პრობლემებს უქმნის მოსახლეობასა და გარემოს. ამ უკანასკნელს ეკუთვნის მიმდინარე პროექტები, როგორებიცაა: ფარავან ჰესი, თბილისის შემოვლითი რკინიგზა, თუ ახლო მომავალში დაგეგმილი პროექტები – ხუდონ ჰესი, ნამახვან ჰესი, აჭარისწყალი, ჭოროხი ჰესები და ა.შ.

მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან, რომელიც ასახავს ქვეყანაში არსებულ ტენდენციებს. ყაზბეგის რაიონში, დარიალის ხეობაში, ორი ჰესი შენდება. სამუშაოები ჯერ კიდევ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემამდე დაიწყო და როგორც გარემოს დაცვის, ასევე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ხელი არ გაუნძრევია ამ უკანონობის აღსაკვეთად. მეტიც, გარემოსდაცვის სამინისტრომ დააჩქარა კიდეც დარიალის ჰესზე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემა და დაარღვია კანონი საზოგადოების მონაწილეობასთან დაკავშირებით. ამ ჰესების მშენებლობით იკარგება მდინარე თერგი, მისი ეკოსისტემა, სრულად იცვლება ხეობის ლანდშაფტი და ვრჩებით შეუქცევადი ანთროპოგენური ზემოქმედების პირისპირ.

გასაკვირია ის ბოლშევიკური შეუპოვრობა, რომლითაც ვებრძვით ბუნებას 21-ე საუკუნეში. მსოფლიოსთვის გარემოსდაცვა თვითგადარჩენის ერთადერთი საშუალებაა, საქართველო კი სტალინის დროს დაწუნებული პროექტების ტირაჟირებით და მდინარეების „დამორჩილებით“ არის დაკავებული.

ზემოთ აღწერილ ყველა შემთხვევას, იქნება ეს სამთავრობო სტრუქტურის ცვლილება, საკანონმდებლო ინიციატივები, სასმელი წყლის სისტემის პრივატიზაცია, თუ ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორებცაა ანაკლიისა და ლაზიკას, ხუდონ –ჰესის მშენებლობა, თუ ხეების გაჩეხვა ბათუმის ბულვარში, ერთი საერთო აქვს. ამ საერთო მახასიათებელს ჰქვია საზოგადოების იგნორირება გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სასამართლოში სარჩელის შეტანა, ერთი მხრივ, ვეღარ შველის გაპარტახებულ გარემოს, ხოლო, მეორე მხრივ, მოსამართლეთა დიდი მცდელობის შედეგად ეს პროცედურა აზრს კარგავს. უზენაესი სასამართლო კი საერთოდ არ იღებს სარჩელს, რადგან საკითხი (მაგალითად, გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა) თურმე არ არის უზენაესი სასამართლოს ინტერესის საგანი.

როდესაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოება არ არის ჩართული, ყოველთვის ჩნდება ეჭვი, რომ ვიღაცა თავის სასიკეთოდ ახდენს ამ გადაწყვეტილების ლობირებას. სამწუხაროდ, ამას ემატება ისიც, რომ თითქმის ყოველი პროექტის შემთხვევაში ჩნდება ე.წ. მაგიური სახელმწიფო ინტერესი, რომლის არსი, როგორც წესი, ბუნდოვანია. რა სახელმწიფო ინტერესია თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტში (ამ შემთხვევაში ერგბ-ს და ევროპის საინვესტიო ბანკის მიერ დამტკიცებულ სუბსიდირებულ კრედიტზე საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა, სწორედ მოთხოვნილი მაღალი გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების გამო), როდესაც პროექტი არ ზრდის რკინიგზის შემოსავალს. ან რა ინტერესი აქვს სახელმწიფოს 1 დოლარად გადასცეს მიწა ინვესტორს ხუდონის მშენებლობისთვის, როდესაც პროექტი ორიენტირებულია ექსპორტზე და ქვეყნის ბიუჯეტისთვის სარგებელი არ მოაქვს. ერთადერთი დადებითი მხარე არის ის, რომ საქართველოს აქვს უფლება, ხუდონ-ჰესის პროექტის პირველი ათი წლის განმავლობაში, ზამთრის თვეებში, ენერგოდეფიციტის დასაფარად შეიძინოს წინასწარ დადგენილი ოდენობით ელექტროენერგია, რომლის შესასყიდი ფასი არ უნდა იყოს 5.84 აშშ ცენტზე ნაკლები ერთ კილოვატ/საათზე (ფასის ზედა ზღვარი არ უნდა იყოს თბოლექტროსადგურების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე მეტი).

ერთი შეხედვით, სიტუაცია თითქოს გამოუვალია. მოქალაქეთა ნაწილი ხშირად უარს ამბობს, დააფიქსიროს თავისი აზრი იმ მოტივით, რომ ვერაფერს შეცვლის. თუმცა სწორედაც რომ მთელი საზოგადოების ვალია, იქნება ეს ხუდონი თუ ბათუმის ბულვარში მოჭრილი ხეები თუ სხვა… თავისი სოციო-ეკონომიკური უფლებების დასაცავად გამოიყენოს ყველა მეთოდი– იქნება ეს პეტიციები, დემონსტრაციები თუ საპროტესტო აქციები. მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია თუნდაც მცირე წარმატების მიღწევა. არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს შეუძლიათ საზოგადოების ინტერესის დაცვა მხოლოდ საზოგადოების აქტიურობის პირობებში. საინტერესოა, რომ დიდი ჰესების საწინააღმდეგო პეტიციას იმაზე ორჯერ ნაკლებმა ადამიანმა მოაწერა ხელი, ვიდრე – რეკომენდაცია გაუწია. არ ვიცი, რა მოქმედებს, შიშის ფაქტორი თუ გულგრილობა, თუ იმ ფაქტის დაჯერება, რომ ხელმოწერების შეგროვებას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ხაიშის თუ ნამახვანის მკვიდრთათვის, რომელთაც გადასახლება ემუქრებათ.

მინისტრ ხაჩიძის როლი კი გარემოსდაცვის სექტორში სრულიად ბუნდოვანია. მინისტრი აქტიურად უნდა იცავდეს ბუნებას, მხოლოდ ნარჩენების შეგროვება და ხეების დარგვა არ არის გარემოს დაცვა. გარემოს დაცვა კომპლექსური დარგია, რომელიც მოითხოვს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საკითხების ინტეგრირებას ეკოლოგიაში. და თუ გარემოსდაცვით სამინისტროს ფუქნცია არ გააჩნია ქვეყანაში, ეს ნაწილობრივ მინისტრის დამსახურებაცაა, რომელიც უფრო მეტად დაკავებულია სხვადასხვა საკითხის პიარით, ვიდრე გარემოსდაცვით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მანანა ქოჩლაძე, „მწვანე ალტენატივა“, გამოქვეყნდა გაზეთ "ბათუმელებში"